რა გავიქნიოთ?

საახალწლოდ ბევრ ქვეყანაში უსარგებლო ნივთებს ყრიან. ეგ არ ვიცი და აქ, ჩვენთან, ხანდახან, ტელევიზიით ისეთ ამბავს გაიგებ, ლამისაა, ადგე და გაჰქნიო ტელევიზორი. გაჰქნევ, მაგრამ ამით ვერც იმ მწარე რეალობას შეცვლი, რომელსაც ერთი არხი აჩვენებს და ვერც იმ დანარჩენი არხის გავლენას შეამცირებ, რომლებიც რეალობას აყალბებენ და გაჩეჩებენ.

აგერ, „რუსთავი 2“-მა გვაჩვენა, როგორ დაასისხლიანა 6 წლის ბავშვი პედაგოგმა, თურმე, ნუ იტყვით და შემთხვევით. სკოლის დირექტორსაც სწამს, რომ ბავშვმა დაზიანებები შემთხვევით მიიღო და პედაგოგი _ კარგი პედაგოგია. არადა, გაჩვენებენ ბავშვს, რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებულს და ბავშვი აშკარად ფოცხვერთან ნამყოფს ჰგავს. აიღებ ტელევიზორს და გადააგდებ, მაგრამ რა, აღარ სცემენ მასწავლებლები ბავშვებს? უბრალოდ, შენ ვეღარ მოისმენ. ნერვს არ აიშლი და გულს არ გაიხეთქავ.
გადააგდებ ტელევიზორს, მაგრამ რა, პრემიერ-მინისტრი აღარ გადააგდებს თავის „უცნობ“ ძმაკაცს? რა, „უცნობი“ იგი აღარ მისწერს ესემეს-უსტარს ან კვირიკაშვილს, ან წულუკიანს? ისე, მართლა ვერ გავიგე ამ ისტორიაში, ვინ სპასპეტია და ვინ თინათინობს. მთელი ამ ისტორიის არსი კი ისაა, რომ დამშეული საზოგადოება დგას და უყურებს, როგორ იყოფენ და ვერ იყოფენ ქონებას კარგად ნაცნობი ძმაბიჭები. უყურებს და მხოლოდ იმით ტკბება, რომ ერთი მეორეს ამხელს, მას კი დამშეულს მესიჯებს უმხელს _ რა მისწერა, რა მოსწერეს. დამშეულ ცხვრებს მეცხვარეები გუდით კატას უკიდებენ. რა საჭიროა კატა, ან გუდა, როცა ესემესიც საკმარისია მასების თავშესაქცევად? ეს იმ სისხლიანი ცხრა წლის დროს იყვნენ მადაზე, ასფალტი ვჭამოთო რომ გაიძახდნენ, თორემ ახლა მშიერი მუცელი აღარავის ახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ხმას არავინ იღებს. ან ესაა, ან კიდევ ის, რომ ჩვენს საზოგადოებას კაი პირის გემო აქვს, ასფალტს სწუნობდნენ, თორემ აგერ ახლა პირს მშვენივრად იტკბარუნებენ საახალწლო განათებით.
ეს მხოლოდ ზოგზოგიერთმა ატეხა ერთი ამბავი საახალწლო განათებაზე. უფრო სწორად, ვაკე-ვერის განათებაზე დახარჯულ მილიონებზე. მართალი გითხრათ, მე სრულებითაც არ ვფიქრობ, რომ ახალ წელს ქალაქი არ უნდა ნათდებოდეს. არა იმიტომ, რომ ეს გაჩახჩახება ან განწყობას მიქმნის, ან უმაგლამპოჩკებოდ ჩემთვის ახალი წელი არ დგება. არა, უბრალოდ, ვიცი, ბევრს უხარია და თუკი ფული იხარჯება აქეთ მღვდლების ფუფუნებაში და იქით უანაფორო საზმაუს, კერძოდ ია-ვასოს განცხრომაში, ბარემ, ვიღაცის გახარებას მოხმარდეს ფული. განათებული თბილისი მე არც იმ სისხლიანი „ნაცების“ დროს მაღიზიანებდა და არც ახლა მაღიზიანებს და სულაც არ ვფიქრობ, რომ რაკი „ნაცები“ ხელისუფლებაში აღარ არიან, ეგნატე ნინოშვილივით ლამპის შუქზე უნდა შევხვდეთ ახალ წელს, მაგრამ მე სხვა რამ მაღიზიანებს. ის ხალხი, ვინც „ნაცების“ დროს, ლამის, იმ „ლამფუჩკებზე“ ეკიდებოდა, ფულს რაში ხარჯავთო, და საერთოდ გაჰკიოდა, ასფალტი ვჭამოთოოო? ახლა რა დედიმისის ჭამეს ასეთი, ხმაჩაკმენდილები რომ სხედან? არც დახარჯული მილიონები აღელვებთ და არც ის, ეს ყველაფერი რომ ყოველგვარი ტენდერის გარეშე კეთდება? ესაა, თორემ, მე თუ მკითხავთ არსებითი სულაც არაა, ასე განათებული თბილისი მოგწონს თუ არა. მე თუ მკითხავთ, მათ, ვინც კალაძე აირჩია მერად, საერთოდ კრინტიც არ უნდა დაძრან. როცა ხმას კალაძეს აძლევდნენ, ეს განათებაც მაშინ აირჩიეს! კალაძეს არასოდეს დაუმალავს თავის გემოვნება და ხედავდით, რა გემოვნებაც ჰქონდა _ ვისთვის მოსაწონი და ვისთვის დასაწუნი. ჰოდა, ეს განათებაც მისი გემოვნების პროდუქტია. მე თუ მკითხავთ, სულაც არაა ურიგო მის კვალობაზე. რასაც ვერ ვიტყვით მის მიერ თავისუფლების მოედანზე დადგმულ ლურჯ ნაძვის ხეზე, რომ ვერ გაიგებ, მერია თუ მაგდანა, ლურჯა რომ დაგვიყენა ზედ თავისუფლებაზე. ლურჯ ნაძვის ხემდე რუსთაველი ლურჯად შეგვიღებეს, ახლა ლურჯი ნაძვის ხე წამოგვიჭიმეს, ცოტაც და ყველას ლურჯად გადაგვღებავენ და მსოფლიოს ახალი რასა შეემატება. აღარაფერს ვამბობ მის უცნაურ ჰობიზე. ძველზეც და ახალზეც. ჯერ იყო და შინ ნაძვის ხეს დოლარებით რთავდა, ახლა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე მორთო საარჩევნო სლოგანებით. ბიძინისეული „გაგებით მოკიდება“ პირდაპირ გაიგო და ნაძვის ხეზე სლოგანი დაგვიკიდა. რა გვითხრა რეალურად? ეგ თქვენი სიცოცხლით სავსე ქალაქი სულ ცალ ნაძვის ხეზე მკიდიაო.
დავუბრუნდეთ ტელევიზორს, რომლის გადაგდებით ვერც იმ მწარე რეალობას შევცვლით, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და ვერც იმ გაყალბებულ რეალობას ავირიდებთ თავიდან, რომელსაც თავზე გვახვევენ. ჩართავ ტელევიზორს და ყველა გიმტკიცებს, რომ ვარსკვლავია. უყურებ მათ „კაშკაშს“ და ფიქრობ, ამ ქვეყანაში ზღვაში ქვიშის დათვლა უფრო იოლია, ვიდრე „ვარსკვლავების“. ვიღაც ხან სად ხან სად პარკეტივით აგებს ვარსკვლავებს და ვიღაც, ბევრი ვიღაც თან _ ტელევიზიით არიგებს ამ ბირკებს _ ვარსკვლავების ბირკებს. ვიღაც ამ ბირკით თავს იწონებს, ვიღაც იჯერებს და თითის წვერებზე დგება, რომ ზემოდან გადმოგხედოს. იჯერებს, რომ მართლა ვარსკვლავია, მართლა ანათებს და უმისოდ წყვდიადი გამეფდება. არადა, უყურებ და ვერც ცნობ. არადა, ჯიქურ გიმტკიცებენ, რომ ეს ვიღაც ვარსკვლავია! არადა, ცის კამარას კი არა, საკუთარ „პადიეზდსაც“ ვერ ანათებენ და თუ სენსორმა დააღალატა, ცხვირპირს იმტვრევენ. იმ „პადიეზდს“, რომელ „პადიეზდშიც“ მათ უმეტესობა არც იცნობს. ჩაატაროს „იმედმა“ ექსპერიმენტი, მიადგნენ მათ მიერ ვარსკვლავებად შერაცხულ ხალხს და გამოკითხონ მათი მეზობლები, არ აინტერესებთ მათი ნათების ხარისხი?
უყურებ ათასგვარ ტელეშოუს, კონკურსს, უსმენ მუდამ და ყველათი აღფრთოვანებულ ჟიურის, ყველას რომ ქებით ძირს აგდებინებენ, ყველა რომ თურმე განუმეორებელია, შეუდარებელია, უნიჭიერესია და თურმე მხოლოდ იმიტომ ვარდებიან, რომ ეს კონკურსია. ამ საყოველთაო ხოტბით ანიორწყლებენ იმ მართლაც ნიჭიერ კონკურსანტებს, რომლებიც ალაგ-ალაგ მშვიდობაში მართლაც არიან. გიჩნდება კითხვა, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ან ყველას ვარსკვლავად გამოცხადება, ან ყველასთვის „ნიჭიერი ხარ, განუმეორებელი ხარ“ ძახილი? ფიქრობს ვინმე იმაზე, რომ ამ ახალგაზრდებს ელემენტარულად ღუპავენ? მათ შოუსთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი და ეს ახალგაზრდები ამ ყველაფერს იჯერებენ, უვარდებათ თავში, უჩნდებათ ამბიცია, მერე გამოდიან გარეთ, ცხოვრებაში და ეჯახებიან სინამდვილეს, სადაც იმ ჟიურის წევრების მიერ ჩაძახილი ექოდ აღარ ესმით და იბოღმებიან საზოგადოებაზე, რომელსაც მათი არ ესმის. ძნელია დაიჯერო, რომ მართლა ქების ღირსი კი არ იყავი, ეს, უბრალოდ, შოუსთვის სჭირდებოდა ვიღაცას. შოუსთვის სჭირდებოდა ვიღაცას, რომ შენთვის ეძახა ვარსკვლავი, ნიჭიერი, მაგრამ შენს მეზობელს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, რომელი ჟიურის წევრი რას გაბოლებს და არ გაღიარებს არც ვარსკვლავად და არც ბულბულად. მოგადგება და ავტოგრაფს კი არა, ისევ ლიფტისთვის ლარის დადებას, ანდაც, სულაც, 2 კბილ ნიორს მოგთხოვს, როგორც მაგ შოუმდე გთხოვდა.
უყურებ ამ შოუებს, გესმის ვის აქებენ, ვის ასხამენ ხოტბას „ბოჩკით“, არადა, იცნობ მათზე ათჯერ და ასჯერ ნიჭიერებს, ტელევიზიის ყურადღების ღირსი რომ არც ხდებიან. ვინმე იტყვის, არ იღებენ თვითონ მონაწილეობას და ვისი რა ბრალიაო? ამ ლაყე გოგლიმოგლში არც მიიღებენ მონაწილეობას და თავს არ გაილაყებენ…. იგივე ხდება სხვა ტელეშოუებშიც, სადაც ერთი და იგივე ადამიანები, გადაცვეთილი სახეები გაუთავებლად ლაპარაკობენ საზოგადოების სახელით. ლაპარაკობენ მორალზე, გვმოძღვრავენ, გვარიგებენ ჭკუას. მათ მოწვევას იმით ამართლებენ რომ ისინი ცნობადი სახეები არიან და თან ამ არგუმენტით ისე იმართლებენ თავს ტელევიზიები, გეგონება, თავად არ გახადეს ეს სახეები ცნობადი გაუთავებლად ტელევიზორში გამოყვანით. გეგონება, ვინმე თავისი ღრმა და შინაარსიანი მოღვაწეობით გახდა ცნობადი და მათ მერე მიაკითხეს აზრის საკითხავად. რეალურად, თავად ჩეკენ ამ ცნობად სახეებს. თავად არიან ის კრუზები, რომლებიც ამ „ცნობადებით“ გვამარაგებენ. რეალურად რა ხდება? თავად ჩეკენ ბენტერა ფეისებს და გვახვევენ თავს. ისეთ გარემოს ქმნიან, რომ მათთან თავმოყვარე ადამიანი არც დაჯდება, ან თუ ვინმე მაინც გარისკავს, შემდეგ თავბედს იწყევლის. იკვრება მოჯადოებული წრე _ ვრჩებით მათ მიერ გაპიარებული „ფეისების“ ამარა და ხალხი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, აღარც ეკარება ეკრანს. და ეს ყველაფერი სწორედ ტელევიზიების დამსახურებით ხდება, დიახ, სწორედაც ეს იყო მათი მიზანი _ შეექმნათ იმგვარი რეალობა, სადაც აღარც იქნებოდა საჭირო შავი სიების არსებობა, რადგან მათთვის არასასურველი პირები თავადაც აღარ ისურვებდნენ მისვლას, სულაც რომ ვინმე შეხვეწნოდა.
და ეს ყველაფერი რისთვის ხდება? გეტყვიან, _ საზოგადოების გასართობად. სწორედ ამ სიტყვაში „გართობაშია“ ძაღლის თავი დამარხული, რადგან გართობა ორგვარია. ერთია გამართო _ დაღლილი შრომისგან, სწავლისგან და სრულიად სხვაა _ გამართო, ანუ ყურადღება რაღაც სხვაზე, არაარსებითზე გადამატანინო და რაც რეალურად ყურადღებას იმსახურებს, ის გამომაპარო, ის მიმავიწყო. ანუ როგორც ახლა იტყვიან, _ მნიშვნელოვანი ამბავი გადაფარო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთელი ეს ხმაურიანი ტელეშოუები, არაარსებითი და საზოგადოებისთვის მართლაც საჭირბოროტო საკითხების განხილვას, არამედ ამ საკითხებიდან ყურადღების სადღაც სხვაგან, ჯანდაბაში გადატანას, ან თავად ამ საკითხების გაფარჩაკებას, გაკიჩებას და გაბიაბრუებას. ამ ყველაფრის მერე რაღა გასაკვირია, რომ საერთოდ გაიქნიო მართლაც ტელევიზორი, ანდა ისე დაიტოვო, როგორც ბევრს გვაქვს დატოვებული, ძველი გათბობის ბატარეასავით, ერთგვარ ავეჯად, რომელსაც აღარც რთავ.
მაგრამ არც ესაა გამოსავალი, როგორც უკვე ვთქვი. ჯერ ერთი, ამით მხოლოდ თავს მოიტყუებ, ვერც იმ მწარე რეალობას შეცვლი, რომელსაც კურიერი გაცნობს და ვერც იმ ყალბი რეალობის გავლენას აიცილებ, რომელსაც იმედი თუ სხვა არხები გახვევენ თავს. და ესეც რომ არა, სად გაექცევი სოცქსელებში ან ლინკებს, ან ამ ტელეგადაცემებზე თუ სიუჟეტებზე აურაცხელ გამოხმაურებას, რომლებიც მაინც ჩაგითრევენ თავის მორევში, სულაც რომ არ გინდოდეს?
ხანდახან მგონია, რომ ჯანი როდარი, აქ, ჩვენთან იყო მივლინებით და აქ დაწერა „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“.

რეზო შატაკიშვილი