მოძრაობა და მოძრაობაა ქვეყნის გადამრჩენი, მაგრამ ამ მოძრაობას სურვილი, შესაძლებლობა, ნება სჭირდება…

დილის 8 საათია. მთელი 19 რიცხვი ძილბურანში გავატარე. შუადღეს რომ დავიძინე, მის მერე მეძინა. ნახევარი საათია, რაც გამეღვიძა. რაღაც უხასიათობამ შემომიტია, სევდა არ არის, უფრო ნიჰილიზმსა და მის შემოტევას ჰგავს, თუმცა მარტივად ვაქარვებ. როგორც იტყვიან, ყველაფერს აქვს დასასრული და ამ უსამართლობასაც ოდესმე ექნება, რა თქმა უნდა, უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ასე რომ, დაველოდოთ, მეგობრებო, დაველოდოთ, ოღონდ, თან ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი ვაკეთოთ ბოროტზე გასამარჯვებლად. ჭირსა შიგან გამაგრებით ყველაფერი კარგად იქნება.
ორი დღეა, სიახლეებს არ გავცნობივარ ძილის გამოისობით. 8-საათიანს შევავლებ თვალს, რა ხდება ქვეყანაზე ახალი და კარგი, გავიგოთ და გავეცნოთ ჩვენი ბედკრული ერის კიდევ ერთ დღეს. დღის წესრიგიც გაწერილია ციხეში. რა დღის წესრიგი უნდა გქონდეს ადამიანს 4 კედელში, თუმცა მაინც იგეგმება ყოველი დღე, ასე თუ ისე. პარასკევია, სამუშაო დღე და ადვოკატები უნდა შემოვიდნენ, წესით. სიახლეები გავიგო, რა ამბავია გარეთ, რა და როგორ ხდება და წყდება, რა დგას დღის წესრიგში და როგორი სიტუაციაა საზოგადოებაში, პროკურატურაში, სასამართლოსა და ა. შ.
ნიუსებიდან რასაც მოვუსმინე, არაფერი ახალი და მით უმეტეს, სასიკეთო არ ხდება. ეჰ, ჩემო ქვეყანავ, რა დღეში ხარ?! ყველა ინსტიტუცია მოშლილია, ყველგან კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის. სწორედ ზემოთ ხსენებულის დინებას მიჰყვება საზოგადოებაც და თანდათან ხავსიც ეკიდება. მოძრაობა და მოძრაობაა ქვეყნის გადამრჩენი, მაგრამ ამ მოძრაობას სურვილი, შესაძლებლობა, ნება სჭირდება და მესვეურთ არც ერთი აქვთ, არც _ მეორე და არც _ მესამე, თუმცა აქვთ ნება, სურვილი და შესაძლებლობა, ბიუჯეტი გამოხრან და გამოაცარიელონ, ხალხი მშიერი დატოვონ, ქონებები გაიმრავლონ და ა. შ. ბევრი რომ არ განვაგრძო, ის, რაც დღეს ხდება, ყველა ჩვენგანს ეხება და ყველა ჩვენგანის ჯიბის ხარჯზე ხდება. მკითხველმა რომ ირგვლივ მიმოიხედოს, მარტივად მიხვდება, რისი ნება აქვთ მესვეურთ და რისი _ არა. სულელი ან დაბრმავებული უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო, რაც ცხადი და მარტივი აღსაქმელია, რაც ხელის გულზე დევს :)))
ამინდიც კი გაგიჟებული და არაადეკვატურია. ხალხის შემხედვარე, რადიკალურად იცვლება კლიმატი, მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისია. წესით, მზე და სითბო უნდა იყოს, მაგრამ ისე ცივა, ჯერ კიდევ, თბილი სვიტერი და შარვალი მაცვია, გარეთაც მოღუშული ნაცრისფერი ცაა, განწყობის შესაბამისი. თითქოს ამინდიც გრძნობს, რომ ქარიშხლისწინა სიმშვიდე და სიწყნარეა და დიდი გარდატეხისთვის ემზადება საზოგადოებაც და ამინდიც :)) მოკლედ, რომანტიზება მოვახდინე ამ ცვლილებების, ჩემდაუნებურად. რაც არი, ეგ არი.
მთელი დღე უქმად გაილია. ადვოკატები არ ჩანდნენ, ალბათ, მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდათ და ვერ მოახერხეს შემოსვლა. ტელევიზორს ჩავუჯექი, იქნებ, რაიმე ფილმი ვიპოვო, რომ დრო მოვკლა. დროის მოკვლას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორც ამას წინათ მოგახსენეთ, დროა, რომ გაგიჟებს და ძალებს გაცლის. თუკი სათანადოდ არ იქნები მომზადებული, მიუხედავად ჩვენი არხების მწირი ჩამონათვალისა, მაინც ვარჩევ, იქნებ, შემთხვევით რაიმე ნორმალური შემხვდეს. ვფიქრობ, რადიოც ხომ არ ვიყიდო-მეთქი, მაგრამ არ მგონია, ამდენი ხანი გასტანოს ჩემმა აქ ყოფნამ, რომ ასე შევიარაღდე და „სროკისთვის“ მოვემზადო. ღმერთმა დამიფაროს, ეგ მოხდეს. ღამის 1-ლი საათია, ბიჭების უმეტესობას სძინავს, გაღმა აქა-იქ შუქი ანთია, მშვიდად და ტკბილად იძინეთ, ძმებო, ჩვენი თავისუფლებაც მალე მოვა!
უმუზოდ, უხალისოდ და უპონტოდ ვარ, მოღამული და მოჟამული არაფრის ხალისი არ მაქვს, წერითაც მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ დრო გავიდეს. 3 დღეა, გადაბმულად ვკითხულობ. კითხვითაც დავიღალე. წამოვწვები, იქნებ, ცოტა გული გადავაყოლო და შევიქციო ხასიათი, ვერც ვიძინებ. ძიას გემრიელად სძინავს, დაისვენოს, ძილში ხომ მალე გადის დღეები, საათები და გულისგამაწვრილებელი წუთები. 45 დღე დარჩა ძიას და თავის ოჯახს დაუბრუნდება. ეყო, რაც იწამა და იწვალა. მეც დამპირდა და თავის თავსაც, რომ აღარასოდეს დაბრუნდება აქ, უფლის მადლით ეს ასეც იქნება.
ციხემ, ყველა სიკეთესთან ერთად, მონატრების განცდა გამახსენა! მენატრება ყველა ადამიანი, ვისაც ვიცნობ, მენატრება ჩემი საქართველო! ყველა ხედი! ყველა ადგილი, ყველა მთა, ბარი, ხევი, ქუჩა, ყველაფერი, სადაც ვყოფილვარ!
ფიქრებით ისევ კლანებთან და მათ უზნეობებთან ვარ, პიროვნულად არავის არაფერს ვერჩი, მაგრამ ყველა მედროვე, ვიგინდარა, ნაძირალა ჩემი პირადი მტერია, ვინც ხალხისთვის განკუთვნილ ფულს ურცხვად იპარავს! ვერ ვურიგდებოდი ამათ ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების დროს და მით უმეტეს, ვერ შევურიგდები ვერც მომავალში, არადა, ამ მადლიან ქვეყანას უკვე ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ 5-მა მილიონმა ქართველმა მშვიდად იშრომოს, ბედნიერად იცხოვროს! ცოდვა გამხელილი სჯობს და რაც არ უნდა მსოფლიო შეთქმულებების თეორიებში ვეძებოთ მიზეზები, თავი და თავი მიზეზი ჩვენშია, ჩვენს დაფანტულობაში, დაქსაქსულობაში, ერთიანი აზრის არქონაში, უპრინციპობაში! ბევრს არ ვითხოვთ, ბევრს კი არა, საერთოდ აღარაფერს ვითხოვთ და ისინიც ჩვენი შომით და ხმებით ნებით მოსული მატყუარები, უბრალოდ, სხედან და ჯიბეებს ისქელებენ. მეტიც: ჩვენს უარესად გათიშვას და დაქსაქსვას ცდილობენ, რასაც ბევრი ჩემი ვაიკოლეგა „ქისოსანი“ სიამოვნებით და ხარბად უწყობს ხელს, სამწუხაროდ! ბევრი შრომა მოგვიწევს, მაგრამ ხალხს საკუთარი თავის რწმენა, ბედნიერი ხვალინდელი დღის იმედი და სურვილი უნდა გავუღვივოთ! მსოფლიო იცვლება! სამყაროში მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, მერწმუნეთ, თუ ჩვენ ასე ყვინთაობას განვაგრძობთ, მალე როგორ ერის ხსენება მხოლოდ ისტორიის ძველ წიგნებში იქნება! ორი-სამი თაობის მერე კი ესეც გაქრება! ყოველი ჩვენი მტერი და დამპყრობელი საქართველოსა და ქართველში რაღაცის დამფასებელი მაინც იყო, მაგრამ ეს მტერი არაფერს ქათულს არ აფასებს! მეტიც: ყველაფერი ქართული უმიზეზოდ ეზიზღება! მარტივი მიზეზის გამო ის ტომით და მოდგმით ქართველია! ალბათ, ესეც ჩვენი ერის ბედია, მსოფლიო გენიებთან ერთად მსოფლიოში გამორჩეული ნაძირალებიც აქ, ამ მიწაზე უნდა იშვან! ჩვენ ხომ პარადოქსების ქვეყანა ვართ! უზომო და უნორმო გვიყვარს ყველაფერი _ სიკეთეც და ბოროტებაც! მარტივად ასე იხსნება ეს ამბავი. არ ვიცით, რის გამო და რატომ, მაგრამ ფაქტი ნამდვილი და ჭეშმარიტია, რომ ტომით ქართველთა ამ ვიწრო ჯგუფს ყველაფერი, რაც საქართველოსთან, მის სახელმწიფოებრიობასთან და იდენტობასთან ასოცირდება, უზომოდ ეჯავრება და ეზიზღება! ამიტომ უმძიმესი ბრძოლები გველის შინაურ გადამთიელებთან! ამიტომ არის ეს მტერი ყველა მტერზე საშიში! მან თითქმის ყველა ჩვენი სისუსტე და ძლიერი მხარე იცის! მაგრამ ის კი ვერ გათვალა, რომ თუ მე, ერთი რიგითი ქართველი ბიჭი, მით უმეტეს, ციხეში მყოფი (და ციხეში სწორედ იმ გათვლით ჩამსვა, რომ გამანეიტრალა, თავისი ჭკუით) ვხვდები, ვაანალიზებ იმას, რომ ჩვენს თავს ეს ბოროტება ხდება, 5000 ქაართველი მაინც ხომ იქნება გარეთ, სულ მცირე, ამ ყველაფერს რომ ხედავს, აღიქვამს და აანალიზებს?! მოვა მალე ის დრო, როცა ეს ყველაფერი ამოქმედდება და საქართველოს „ქართველი“ მტერი სამუდამოდ ამოიძირკვება… გათენდა. დაიწყო ახალი კვირა ახალი იმედებით… ასპარეზი ბუნების გაღვიძების სცენას შევატოვოთ და წამოვწვები, ცოტას წავიკითხავ…
დილით გამეღვიძა, საკმაო ხანი მეძინა, მარის წერილი მოვიდა, გაზეთი და წიგნებიც მოვიდა, „დაჩკა“, ახლაც ემოციებში ვარ და იმედია, საღამომდე დავცხრები ცოტა. გაზეთში გუჯას ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილი გამოქვეყნდა. ჩემი, როგორც მწერლის მოღვაწეობა და დებიუტი ჩემი უახლოესი მეგობრის ხსოვნით დაიწყო, სამაგიეროდ, საქართველოს მტრების ნეკროლოგით დასრულდება! გუჯა, მენატრები და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეგხვდებით! უამრავი ადამიანის მოკითხვა, სითბო, სიყვარული და გვერდით დგომა ვნახე. მადლობა უბრალო, უცნობო ადამიანებო, ძალიან მიყვარხართ, არავის დავიწყებია ჩემი სიკეთე და თავგანწირვა, რაც მახარებს და სულს მიფორიაქებს.

08.06.17
გამარჯობა, კეთილო ადამიანებო! როგორ ხართ? დღეს პროცესი იყო და მის მერე მეძინა. მთელი უბანი ჩამოსული იყო: ცალკე თბილისელები, ცალკე ქუთაისელები, ძალიან გამეხარდა თბილისელების ნახვა, ქუთაისმა „ვაბშე“ დაგლიჯა, ჩემი ბიჭები მაგრად მომნატრებიან! პროცესს რაც შეეხება, ბრალდების მოწმეების დაკითხვა დაიწყეს, ფარჩაკი მოწმეები ჰყავდათ, იბოდიალეს. კუკური, რომელიც ობოლაძის მარჯვენა ხელი იყო, 2012 წელს როცა გვარბევდნენ და დაგვსდევდნენ, ვის, ვის და კალაძეს უნდა ვკითხო, როგორ მოხდა კაცი, რომელიც შენი გვერდით დგომის დროს დაგვსდევდა და გვიჭერდა, დღეს უკვე დაწინაურებულია და სამინისტროში მუშაობს? ასევე დაკითხეს ერთი გამომძიებელი ქალი და ექსპერტი. მოკლედ, მაგ არასწორებს რომ უსმინო, ლამის, მეც დამაჯერონ, ერთი ქვაბი სუბუტექსის აბებით დავდიოდი აქეთ-იქით. ადვოკატებმა მაგრად ილაპარაკეს. ჩემიანები მოვიკითხე, ბიჭებს მოვეფერე და კი მორჩა პროცესი. მაგრად დავნაღვლიანდი, როცა ჩემი ბავშვობის მეგობრები ვნახე, მე რომ ვერ ვმასპინძლობდი!
ისევ უკან მომიყვანეს და საინფორმაციოებს გადავავლე თვალი. ყველგან დიდი ცვლილებებია. უხ, ნეტა, ერთი საათით ჩამაჯინა ახლა ელისოსთან და მეტი არ მინდა არაფერი, ეგრევე გავიგებდი ყველაფერს, სად რა ხდება. ჩემი ბიჭები… მაინც მაგათზე მეფიქრება, არეული ვწერ, გუგა, გაგა, ვანო, „რიჟა“, „ბეღურა“, ესე, ბოჭორა, გოგოები ყველა, აუ, რა ვიცი, ვინ აღარ! „დაჟე“, ხალხი დარბაზში ვერ შემოვიდა, იმდენი იყო თანამშრომლები, მეგობრები<3. ისევ ვუბრუნდები წინა ინტერესის საკითხებს, ისმის მარადიული კითხვა, _ რა ხდება? ნეტა, ის ისე მოხდება, რაც მე მგონია? ამასობაში, ჩავრჩი აქ. მარიამის მესამე წერილი მომივიდა უკვე, დაიტანჯა ბავშვი, ოხ, თქვენი არასწორი!!! წერილი კიდევ დავწერე. მოკლედ, მწერალი გავხდი ამ ღადაობა-ღადაობაში.
მარგველას მოვუსმინოთ, აბა, ერთი, რა ჭკუაზეა და იქნებ, რამე დასკვნა გავაკეთოთ. იმედია, ზაფხული ვერ გააჩერებს ამ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. რაც მეტი მოძრაობაა, მით მეტი ხეირი ჩვენ, პატიმრებს! ინტერესი მკლავს, რა მოხდება, როგორ მოხდება, არა მარტო ჩემ შემთხვევაში, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში. სერიოზული ბრძოლები გველის, უსერიოზულესი! ბრძოლა გამარჯვებამდეა! ღმერთს ვეხვეწები, ორგანიზმმა გაუძლოს! გპირდები, უფალო, როცა ყველაფერი დასრულდება, შემსრულებლებზე შურს არ ვიძიებ, ოღონდ, სიმართლე უნდა თქვან, არ ვარ პატარა კაცი, ბოღმას გავეკიდო, ამ წუთს ემოციებით სავსე ვარ, ბრძოლისთვის, ომისთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ! ღმერთო, მომეცი საშუალება, რწმენას, სიკეთეს, ხალხს და ქვეყანას ვემსახურო. ოდესმე თუ თაოსნობა მეღირსა, მერწმუნეთ, ვერავინ გაბედავს, ვინმეს ცემას, დაჭერას, უსამართლობას, ჩადებას და მაიმუნობას. უფალო, დამეხმარე, რომ სხვებს დავეხმარო! ჩემი ბიჭები როგორ მიყვარს, ნეტა იცნოდნენ, როგორ გამახარეს! იხარეთ, ძმებო! არა, სასწაული ადვოკატები მყავს, რა ეომციებში ვარ<3.
მოკლედ, მოვისმინეთ მარგველას გამოსვლა, მარტივად რომ ვთქვათ, რა დასკვნაც მე გამოვიტანე, მაგრა ტრ***ში ვართო, ყველაფერს ვერ ვამბობო, აქვე ტექნიკურად მოგვიმესიჯა. იმედია, გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს! პარლამენტარებს ვისაც უნდა ეხებოდეს ძალოვანების კონტროლი, არც კონტროლს ცდილობენ და პირიქით, ჯერ ფაქტი არ მომხდარა, რომ ეგრევე პოლიციელების ბრმა და უაზრო გამართლებას იწყებენ! ხო, დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი დღეს ქუთაისის სასამართლომ გამოუშვა, ვითომ ერთი დღისთვის ის არ კმაროდა, რეპერებმა გამოხატეს პროტესტი და გაძაღლებულ პოლიციას კლიპი მიუძღვნეს, ეს ფარჩაკები კი ასე „ნაგლად“ ადგნენ და ბიჭებს მდ მაჩაუდეს, 260-ის მე-6 ნაწილი, ზუსტად ჩემი სტატია წაუყენეს! დღეს უკვე პოლიციურ-დიქტატორული რეჟიმის სახელმწიფოში ვცხოვრობთ! ღამის 2-ის ნახევარია, 10 რიცხვი დაიწყო, ვერ ვიძინებ, ან როგორ გინდა, დაიძინო, როცა ხედავ, რისთვისაც იბრძოდი, შრომობდი, რისკავდი, ყველაფერი გვერდით გაწიეს და ახლა უკვე რეპრესიები დაიწყეს. მაგრამ არ დავთმობთ, ბევრნი ვართ და ერთად დგომით ამ სიმახინჯესაც გავტეხთ და მოვერევით! ყველაფერს აქვს ზღვარი, არამზადობასაც, უმადურობისა და მაიმუნობის მეტი რა მინახავს და გვინახავს, მაგრამ ეს უკვე ყველა ზღვარს გასცდა, ამას მხოლოდ ნარჩევი რეგვენთა კასტა მოახერხებდა მხოლოდ, მისი საუკეთესო მომხრეები, ე. წ. ინტელექტუალური ელიტა, და ნარჩევი, კარგი ახალგაზრდობა ციხეებში შეეყარა, ეს პირველად ვნახე, ამ უმადურობისთვის ნაძირალები პასუხს აგებენ, ეს გარდაუვალია!
დღეს პარასკევია, შაბათ-კვირა _ ორი მკვდარი დღე მოდის, ხვალ უნდა ვიძინო მთელი დღე, ზეგ ბანაობის დღეა და კიდევ, ასე თუ ისე, კვირა დღე ცოტა ხალისიანია, ორშაბათი ახალი ამბების დღეა, თან დარეკვა მიწევს, სიახლეებს გავიგებ, მაგრად მაინტერესებს, რა ქაოსია ყველა ფრონტზე ქვეყანაში. დღეს ფინალის 4 თამაშია და იმედია, ჩემპიონები დღესვე გავხდებით, წარმატებები „გოლდენს“.
საოცარი სეტყვა იყო, 10 წუთი ციხის ჭერს ზანზარი გაჰქონდა! მეგონა ხორუმს ვიღაცა 100 ხმაში მიქსავდა, ახლა მშვიდი ამინდია, მზემ გამოანათა და მიწა შრება, ოხშივარი ასდის, ცალკე ფრინველების ჟივილ-ხივილი არღვევს ციხის მყუდროებას, აქა-იქ ბიჭები ეხმიანებიან ერთმანეთს, ტელევიზორშიც ახალი არაფერი ისმის, ერთი და იგივე თემების გადამღერებაა! ღრმა კრიზისში ვართ უკვე ყველა თემაში და ეს აშკარაა, ამას ვინც ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან იდიოტი, ან სულგაყიდული.
მთელი საღამოა წვიმს. კიდევ სტიქია და უბედურება აღარ უნდა ისედაც გაწამებულ ქავეყანას, მაინც დაიტბორა რამდენიმე რაიონი და მსხვერპლიც გამოიწვია, რაც საშინელებაა ((((: უნდა არსებობდეს სამოქალაქო თავდაცვის საშუალებები, სპეციალური სამსახურებიც და ლიტერატურაც, რაც მოსახლეობაში დარიგდება და ხალხს ეცოდინება, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სტიქიის დროს! ევროპელები მიდი-მოდიან აქა-იქ. კარგი ისაა, რომ საქართველოს აქტუალობა არ დაუკარგავს და დასავლეთის ყურადღებას ხანდახან მაინც იმსახურებს.
მოკლედ, აქ უამრავი საფიქრალი და საჯავრებელია, რომელიც პატიმარს აწუხებს, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოა და უსამართლოდ ზის. აქ ყველას ემოცია გასაგები და ახსნადია ყველა ჯანსაღი და შინაგანი წესიერების მქონე ადამიანისთვის. აქ ძმა ძმითაა, კაცი _ კაცით, წესიერი _ წესიერით, ამიტომ აუცილებელია, აქ, განსაკუთრებით, ადამიანობისა და სიკეთის საქმით პროპაგანდა! ღმერთი შეგვაძლებინებს იმას, რომ ბოროტებას ხელიდან გამოვგლიჯოთ ყველა არეული, ან გზააბნეული ადამიანი!
ამასობაში თენდება და „არასწორი“ ჩიტები ღრეობას და წიოკს ატეხავენ, დაიწყება ახალი იმედის დღე, მორიგე ოფიცრები ეზოში გადი-გამოდიან, საუბრობენ, წინ კორპუსსა და კორპუსს შორის დიდი მდელოა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ვეებერთელა გაზონია, აი, მაგალითად, ჩემი კორპუსიდან გაღმა კორპუსამდე იმხელა გაზონია, სტანდარტული საფეხბურთო მოედანი მოეწყობოდა, ამ გაზონს „რაბოჩები“ უვლიან, სპეციალური საკრეჭი მანქანაც კი აქვთ აქ ციხეში, როცა მოედნების კატასტროფული შემცირების ტენდენციაა და სპორტი კრახისკენ მიექანება! ეს გაზონი ჩემთვისაც კი იმდენად გასაგიჟებელია, ლამის ოცნებად მექცა ფეხშიშველი იქ გარბენ-გამორბენა! პარადოქსია, მოკლედ, მაგრამ, ფაქტია, თუნდაც, ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე, ბავშვები ბეტონსა და ხრეშზე ვარჯიშობენ, ხოლო ციხის ეზოში მშვენიერი გაზონია უბრალო დეკორაციისთვის და მას 10 „რაბოჩი“ უვლის! იდიოტიზმის მწვერვალზე ვართ, ფაქტობრივად, ვერაფერს იტყვი! როგორია, როცა ამ უაზრობას დაკეტილი ხედავ და არაფრის შეცვლის საშუალება არ გაქვს?! მარტივად შეიძლება, გული გაგისკდეს ადამიანს! ამიტომ საქართველოს იმუნიტეტის არ იყოს, რომელმაც ყველა მტერი მოინელა, აქ ემოციები უნდა დაამუხრუჭო და მხოლოდ ემოციის გარეშე იმოძრაო, უბრალოდ აქ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდე, მთლად რობოტად არ უნდა იქცე, მძიმე და სასტიკია აქაურობა, თურმე, ამ მხრივ, მაგრამ აქაურობა ყველამ ერთად უნდა გაავაადამიანუროთ, ეს არის ჩვენი, ყველას ამოცანა, თორემ კაცის გაბოროტებას და დაღუპვას რა უნდა? 5 წუთიც საკმარისი იქნება. კაცში ბოროტების გაქრობასა და უზნეობის მოკვეთას უნდა დიდი შრომა, წვალება და დრო! აქვე, სიმართლე ითქვას, ამ კორპუსში არ ჩანს და არ არის ბოროტება, მეტიც, _ მისი ნასახიც კი არსად ჩანს და, ალბათ, არც გვაკადრებენ და არც ჩვენ ვიკადრებთ ახლომახლო სიბინძურეს! ატყდა „არასწორების“ გნიასი, გალობა, განთიადიც შემოგვეპარა კი არა, გათენდა და ნათელმა ბნელი დათრგუნა და გააძევა! დროებით, მეგობრებო, მშვიდობა და სიკეთე თქვენ <3.

დავით ხარშილაძე