ოლეგ მელნიკოვს ჩვენება გიორგი ბადაშვილმა მუქარით დააწერინა?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისთვის უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და, ზოგადად, პატიმრებს ყველა პრეზიდენტი იწყალებს, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ბრალდების მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას გირგვლიანის საქმეზე დაკავებული შს თანამშრომლების შეწყალების პირობა წინასწარ ჰქონდა მიცემული.

საქმის მასალებში ამ ფაქტის დამადასტურებლად არც ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება არ ფიგურირებს.
გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებიდან ერთ-ერთი, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, ოლეგ მელნიკოვი, რომელც იმ ავბედით ღამეს შარდენზე იმყოფებოდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა. მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს დააკავეს ქ. კიევში, ათი თვის შემდეგ საქართველოში მისი ექსტრადირება განხორციელდა. მას ბრალი ედებოდა სსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამის გარდა, 2013 წელს ოლეგ მელნიკოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზეც წაუყენეს ბრალი.
მეცხრე საპყრობილის მსჯავრდებული ოლეგ მელნიკოვი 2014 წლის 16 ივლისს მატროსოვის ციხეში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ნიკა პაპაშვილმა დაკითხა პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მონაწილეობით.

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ოლეგ მელნიკოვის ჩვენება.

მოწმემ აჩვენა შემდეგი: ვინაიდან არ ვიცი ქართული ენა, მსურს, რომ ჩემს დაკითხვას დაესწროს თარჯიმანი ბელა გოშაძე, ასევე ჩემი ადვოკატი ვარლამ ბალხამიშვილი. კიდევ ერთხელ განმემარტა ჩემი, როგორც მოწმის უფლებები და მოვალეობები, ასევე გაფრთხილებული ვარ ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მთლიანად ვეთანხმები გამოძიებისთვის ჩემ მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებს. დამატებით მოგახსენებთ შემდეგს:
როგორც წინა ჩვენებაში აღვნიშნე, შარდენსა და ოქროყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და გია ალანია მივიყვანე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. გზაში დათა და გია საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ალანიას ნაცვლად სხვა პირი უნდა დაეკავებინათ. დათა, მისივე თქმით, ავიდა გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან, საიდანაც დაბრუნებულმა თქვა, რომ ალანია უნდა წასულიყო „სროკზე“. ეს ფაქტი მოხდა მათ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დათამ მითხრა, რომ წავსულიყავით შავნაბადის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. გზაში ალანიას ეუბნებოდა, რომ უშუალოდ სურდა მიშასგან პირობის მიღება მათ შეწყალებაზე, რათა ადეიშვილის სიტყვებში დარწმუნებულიყო. როდესაც შესასვლელთან მივედით, სადაც განთავსებული იყო საკონტროლო გამშვები პუნქტი, ჩვენ გველოდებოდა ავტომანქანა, რომლის მარკა და ნომერი დროის გასვლის გამო არ მახსოვს. დათა ახალაია ამ მანქანაში გადაჯდა და იგი რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიყვანეს, საიდანაც დაბრუნდა, დაახლოებით, ერთ საათში. ამ დროის განმავლობაში სოსო თოფურიძე და გია ალანია მანქანაში ველოდებოდით. დათა ახალაია ისევ მანქანით გამოიყვანეს ტერიტორიიდან. როდესაც ჩვენს მანქანაში ჩაჯდა, მითხრა, რომ სამსახურში წავსულიყავით. გზაში დათა ახალაია ამბობდა, რომ სანდრო გირგვლიანის ამბავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელთანაც გადაწყდა: ვინაიდან გირგვლიანის საქმეზე საზოგადოების მხრიდან დიდი ზეწოლა იყო, აუცილებლობა მოითხოვდა გერონტი ალანიას პასუხისგებაში მიცემას, რომელსაც დანარჩენებთან ერთად შეიწყალებდა მოკლე ვადაში და რომ პრეზიდენტმა მას პირობა მისცა. სწორედ აღნიშნული დაპირების გამო ბიჭებს არაფერზე უნდა ენერვიულათ. დათას საუბრიდან მივხვდი, რომ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის შესახებ უკვე ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მან იცოდა დანაშაულის ჩადენის გარკვეული დეტალებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი შეწყალების გარანტიას იძლეოდა. გზაში გიას ეუბნებოდა, რომ ამაზე დიდ გარანტიას ვერავინ მისცემდა მათ და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო მოგვარებული. საქმესთან დაკავშირებით თუ რამეს გავიხსენებ, დამატებით გაცნობებთ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოში ექსტრადირებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებდა. მით უფრო, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილს არ შეხვედრია, მასთან შეწყალების თემაზე დაპირება არ მიუღია და, შესაბამისად, არც არაფერი ჰქონდა სათქმელი. საქართველოში ექსტრადირების შემდეგ მისი ადვოკატი იყო კობა კობახიძე.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოლეგ მელნიკოვი „მატროსოვის“ ციხეში რამდენჯერმე მოინახულა მთავარი პროკურორის ამჟამინდელმა მოადგილე გიორგი ბადაშვილმა და სწორედ მან განახორციელა მელნიკოვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სასურველი ჩვენების მისაღებად. ბადაშვილის პირველ შეხვედრას ოლეგ მელნიკოვთან, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ესწრებოდა მელნიკოვის ადვოკატი კობა კობახიძე; მეორე შეხვედრამ ადვოკატის გარეშე ჩაიარა და საბოლოოდ, კობა კობახიძე მელნიკოვის დაცვის საქმეს ჩამოაშორეს. ოლეგ მელნიკოვისგან სასურველი ჩვენების მიღების შემდეგ გიორგი ბადაშვილი დააწინაურეს და იგი მთავარი პროკურორი გახდა.

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ადვოკატ კობა კობახიძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო კობა, ჩემი წყაროს ინფორმაციით, თქვენ ოლეგ მელნიკოვს იცავდით და შემდეგ საქმეს ჩამოშორდით.
_ კი ბატონო, მაგას რა წყარო უნდა, საჯარო ინფორმაციაა, ღია საჯარო პროცესი იყო.
_ მიდასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ „მატროსოვის“ ციხეში თქვენთან ერთად იმყოფებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი?
_ როცა მელნიკოვს ვიცავდი, მთავარი პროკურორი იყო ოთარ ფარცხალაძე, ბადაშვილი გახლდათ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.
_ თქვენთან ერთად თუ იყო ბადაშვილი შესული ოლეგ მელნიკოვთან?
_ ბადაშვილს უფლება ჰქონდა, შესულიყო და დაეკითხა კიდეც იგი.
_ დაკითხა?
_ დაკითხვით არა, მაგრამ გამოკითხა.
_ რა თემებზე?
_ მას აინტერესებდა ინფორმაცია გირგვლიანის საქმეში დათა ახალაიას, ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის როლის შესახებ.
_ თქვა თუ არა ამ გამოკითხვის დროს მელნიკოვმა, რომ დათა ახალაიასთან ერთად იყო მისული ჯერ მთავარ პროკურატურაში და შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში? ამხილა სააკაშვილი რაიმე უკანონობაში?
_ ასეთი რამ არ ყოფილა. მე თავად პრეზიდენტს არ შევხვედრივარო.
_ ბატონო კობა, თქვა თუ არა მელნიკოვმა, რომ დათა ახალაიამ გამოიტანა სააკაშვილის რეზიდენციიდან დაპირება გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალების შესახებ?
_ ჩემი თანდასწრებით ეგეთი რამ არ უთქვამს.
_ თქვენი თანდასწრებით რას ნიშნავს, ბადაშვილი მელნიკოვს თქვენ გარეშეც შეხვდა?
_ ერთხელ ვიყავით მისი მანქანით მისული ციხეში, მაგრამ აღარ გადავედი, გიორგის ვუთხარი, _ უკვე ხომ გაგაცანი, ოფიციალურად არ ჰკითხავ და მარტო წადი, თუ გინდა-მეთქი. დამიჯერა და მარტო წავიდა.
_ რომ გამოვიდა, რა გითხრათ?
_ ისევ იმ ჭკუაზეა, არ იძლევა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციასო.
_ რატომ უნდა მიეცა ასეთი ინფორმაცია?
_ იმიტომ, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლებდნენ.
_ ბატონო კობა, ცალკე თუ შეხვედრიხართ მელნიკოვს ციხეში?
_ რა თქმა უნდა, შევხვდი, როცა მისმა ახლობელმა ამიყვანა ადვოკატად, რათა გავსაუბრებოდი და მისგან სიმართლე მცოდნოდა, რის მიხედვითაც შევარჩევდი დაცვის ტაქტიკასა და სტრატეგიას.
_ ცალკე თუ გითხრათ, რომ ახალაიასგან გაიგო სააკაშვილის პირობის შესახებ?
_ არა.
_ რატომ დაგითხოვათ ადვოკატობიდან?
_ მე სასამართლო პროცესებზე ვაქტიურობდი, მას ეს არ უნდოდა, მას უნდოდა განთავისუფლება.
_ ჩემი წყარო ამბობს, რომ თქვენ და ბადაშვილი ოლეგ მელნიკოვს შეხვდით დაწესებულების დირექტორის კაბინეტში.
_ ციხიდან ბევრი არასწორი ინფორმაცია გამოდის. ჩვენ, უბრალოდ, ჯერ შევედით უფროსის კაბინეტში და შემდეგ მიგვიყვანეს იქ, სადაც ყველა პატიმარს კითხავენ.
_ ოფიციალურად დარეგისტრირდით საშვთა ბიუროში?
_ აღარ მახსოვს.
_ შეიძლებოდა, არ დარეგისტრირებულიყავით?
_ ბადაშვილი მაშინ მთავარ პროკურატურაში გამოძიების კუთხით მესამე პირი იყო და მოკრძალებით მიიღეს.
_ როცა მელნიკოვი განთავისუფლდა და გიორგი ბადაშვილი დააწინაურეს, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებთ?
_ ვერ გეტყვით, ერთიც ფაქტია და _ მეორეც. მთავარია, გავარკვიოთ, როდის მისცა მელნიკოვმა სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება და როდის გახდა ბადაშვილი მთავარი პროკურორი.
_ მელნიკოვის საქმეზე გქონდათ თუ არა, ურთიერთობა სხვა მაღალჩინოსნებთან?
_ არა.
_ თუ საჭირო გახდა, მისცემთ ჩვენებას სააპელაციო სასამართლოში?
_ ვნახოთ, ჩვენებიდან თავის შეკავება ჩემი კანონიერი უფლებაა და თანაც რატომ? იქნებ, გაამართლოს სააკაშვილი მოსამართლემ. მით უმეტეს, მათ მიმართ ნიკა გვარამიას სამართლებრივი დამუქრების მერე.
_ როგორ, როცა მელნიკოვი ხელს ადებს დათა ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს?
_ ჯერ ერთი, თუ მარტო მელნიკოვი აჩვენებს, ეს ერთი მტკიცებულებაა და იგი განთქმად ჩაითვლება. როგორც მახსოვს, ისინი შეიწყალეს რამდენიმე წლის შემდეგ და არა იმავდროულად, ამიტომ ამგვარი შეწყალება მტკიცებულებად არ ჩაითვლება და შესაბამისად, სახეზე არაა მტკიცებულებათა ერთობლიობა; მეორეც _ მელნიკოვის ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა და იგი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. სხვათა შორის, ირიბი მტკიცებულების უკანონობა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემი სარჩელის საფუძველზე აღიარა.
_ გჯერათ, რომ სააკაშვილს გაამართლებენ?
_ პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტებიდან გამომდინარე, _ არა.

ელისო კილაძე