სუფსაში ოჯახს „სახელმწიფო ინტერესების“ სახელით პირად საკუთრებას ართმევენ

„ქრონიკა+“ მოგითხრობთ, თუ როგორ ძალადობს სახელმწიფო კერძო საკუთრებაზე. ამ შემთხვევაში საუბარია სოფელ სუფსაში მცხოვრებ ჭანტურიების ოჯახზე, სადაც სამი ქალბატონი ცხოვრობს.
ისინი საოჯახო სანერგე მეურნეობას მისდევენ და ესაა ამ მშრომელი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო.

ქალბატონები აქამდე მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს იდილია მას შემდეგ დასრულდა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მეოთხე ლოტზე ავტობანის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული მშენებლობა გადის ჭანტურიების საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, ამიტომ მშენებლობა მათ საკუთრებას შეეხო, რის გამოც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საკარმიდამო 4805 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მოითხოვა მხოლოდ 592 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, რომელიც მას ავტობანისთვის სჭირდება.
ამაზე, რა თქმა უნდა, ოჯახმა კატეგორიული უარი განაცხადა, რადგანაც ჩქაროსნული ორმხრივი მიმართულების ავტობანი საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს გადის და იქ ცხოვრება გაუსაძლისი იქნება: ხმაურის, მტვრის, ვიბრაციისა და გამონაბოლქვის გამო, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობას _ ისედაც, ოჯახის სამივე წევრს სხვადასხვა სახის დაავადება აწუხებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ავტობანი 4,5 მეტრ სიმაღლეზე აიწევს საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან შედარებით, რაც უკვე იწვევს საკარმიდამო მიწაზე წყლის დადგომას სუსტი წვიმის დროსაც კი. უკვე 5-ჯერ დაიტბორა მიწა, რის შესახებაც ოჯახმა ადგილობრივ მშენებლებს აცნობა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს.
„ქრონიკა+“ ამ ცოტა ხნის წინათ სწორედ წვიმის დროს იმყოფებოდა ჭანტურიებთან და საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მდგომარეობაში აყენებს მიწის ნაკვეთს მცირე ნალექიც კი! გადავიღეთ ფოტო და ვიდეომასალა და გაზეთში ინფორმაციაც გამოვაქყვეყნეთ.
ამ ყველაფერს კარგად ხედავენ მშენებელი კომპანიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც არანაირ რეაგირებას არ ახდენენ და პირიქით, ოჯახს ფსიქოლოგიურად ავიწროებენ.
აღნიშნულ პირობებში, ზემოთ მითითებულ გაუსაძლის მდგომარეობაზეც რომ არაფერი ვთქვათ, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კარგავს მის დანიშნულებას, რომ მოსავლისთვის უვარგისი ხდება, რაც ოჯახის საარსებოდ ერთადერთი წყაროა.
დაზარალებულების მცდელობა, ჩაატარონ ექსპერტიზა, ამ დრომდე უშედეგოა, რამეთუ საავტომობილო გზების დეპარტამენტი კოორდინატებს არ გასცემს, თუ კონკრეტულად სად გაივლის მაგისტრალი.
თუმცა ოჯახს ხელში ჩაუვარდა ტექნიკური ნახაზი, საიდანაც ირკვევა, რომ ავტობანიდან სახლი 18 მეტრის დაშორებით მდებარეობს, მაგრამ მშენებელ კომპანიას კიბის უჯრედი (2 მეტრი) ნახაზში არ შეუტანია.
როგორ შეიძლება, 4,5 მეტრ სიმაღლიდან 16 მეტრში ცხოვრება, ამის განსაზღვრა თქვენთვის მოგვინდია. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ჯერ კიდევ არ გაკეთებულა ავტობანი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამუშაოების გამო სახლის კედლები და აივანი დაბზარულია. როცა უკვე ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთზე, ანუ სახლიდან 16 მეტრში მიწის გაბურღვის სამუშაოები დაიწყება, ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხის ქვეშ დადგება ოჯახი! ვის არ მიმართა ოჯახმა დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ ჭანტურიების ინტერესების დაცვას არავინ ცდილობს.
რაც შეეხება ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 592 კვ.მ.-ს სახელმწიფო ძალადობრივად ართმევს ოჯახს.
ამ ნაკვეთის ჩამორთმევით ჭანტურიების იქ ცხოვრებას ყველანაირად ეკარგება აზრი, საფრთხეებზეც რომ არაფერი ვთქვათ. ამ ოჯახის მიმართ სახელმწიფოს აგდებული დამოკიდებულების გამოხატულებაა ისიც, რომ აღებაში არ შეიყვანეს სასიმინდე, რომლის ერთი ბოძი ასაღებ 592 კვ.მ.-ზე მდებარეობს. ანუ ჭანტურიების ნალია სამ ფეხზე, ზედ ავტობანის საზღვარზე უნდა დარჩეს, ან ისედაც დაზარალებულმა ოჯახმა მისი გადატანის ხარჯიც გაიღოს!
ამასთან, ოჯახს სთავაზობენ პირუტყვის სადგომის გადატანას სხვა ადგილზე, თუმცა არავინ ფიქრობს იმ კომპენსაციასა და ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც ახალ ადგილზე მის გასაკეთებლად, მინიმუმ, 2000 ძირი ნერგის აღებით ოჯახს მიადგება.
როგორც ადგილზე ჩასულებმა ჩვენი თვალით ვნახეთ, რამდენჯერმე დატბორვის შედეგად, რაც მშენებლობის გამო მოხდა, განადგურებულია ნერგების დიდი ნაწილი და დანარჩენსაც იგივე საფრთხე ემუქრება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახი, რომელიც ადამიანური და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება, უდიდესი რისკის ქვეშ დგას, საერთოდ შემოსავლის გარეშე და ულუკმაპუროდ დარჩეს. შემოსავლის ერთადერთი წყარო _ ნერგები ან განადგურებულია, ან განადგურების პირას.
აქვე მეტად საინტერესოა ერთი დეტალიც: ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ერთი ოჯახი გაასახლეს და სრული კომპენსაცია მისცეს.
ესაა მარტივი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის უმწეო ოჯახი აბუჩად აგდებული და დაჩაგრული ჩვენს ქვეყანაში. ამის მერე ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოჯახის წევრები იტყვიან, რომ ცოცხალი თავით არ შემოუშვებენ მშენებლებს მათ ტერიტორიაზე. სხვა რა გზას უტოვებს მათ სახელმწიფო?
ეს ხომ კლასიკური ნიმუშია უთანასწორობისა და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე ზემოდან დახედვის _ „სახელმწიფო მნიშვნელობის სამუშაოს~ ეგიდით სახელმწიფო ექსპროპრიაციის (ნაკვეთის ჩამორთმევა) კანონს იყენებს, როცა დაცული სულაც არაა უბრალო ადამიანების საკუთრების უფლება.
ეს მშრომელი ოჯახი, გგონიათ, ქვეყნის წინსვლისა და განვითარების წინააღმდეგია? არა! ჭანტურიები ითხოვენ, სრულად აასახლონ, რადგან 592 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და ავტობანის სახლის გვერდით გავლის გამო მათი იქ დარჩენა უკიდურესად სახიფათოა.
მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას: მხოლოდ წინასაარჩევნოდ ნუ გაგახსენდებათ თქვენი ამომრჩეველი _ ყურად იღეთ ჭანტურიების გასაჭირი და ნუ მიატოვებთ მათ განსაცდელში!

მათე გურული