ჯეიხუნ ნარზალოვი, _ ადამიანი, რომელიც ქართული ინტერესების სადარაჯოზე დგას


მას ყველა გულანთებული ქართველი პატრიოტის სახელით იცნობს. ის იღებს ფილმებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, ატარებს საჯარო ლექციებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მსგავსი ტიპის არაფორმალურ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ და ყოველთვის სამართლიანობის სადარაჯოზე დგას. არასდროს ენანება დრო წიგნების წასაკითხად და მეგობრების სანახავად, რასაც ძირითადი საქმიანობის შემდეგ აკეთებს ხოლმე.
ამ წამსაც ყველაზე მეტად დედა ენატრება, ადამიანი, რომელმაც მთელი სამყარო გადადო მისთვის და რომლისთვისაც სტატიის გმირს არასდროს არაფერი ენანება.
ყოველთვის ფიქრობს პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და მომავალ გეგმებზე.
ოცნებობს, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს და საავტორო გადაცემის წამყვანი გახდეს. საქართველოსთვის არაფერს დაიშურებს და სწორედ ამიტომ, ქვეყნის ყველა ტკივილი მასაც სტკივა.

გაიცანით, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი _ ჯეიხუნ ნარზალოვი. ადამიანი, რომელიც უყვართ, პატივს სცემენ, რომლის ნახვაც უხარიათ და ვის სიტყვებზეც ცრემლი ადგებათ თვალებზე:

_ მომიყევი შენზე…
_ მე ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, 30 წლის, ჯეიხუნ ნარზალოვი. საზოგადოება მიცნობს, როგორც ჯეიხუნ მუჰამედალის. დავიბადე საქართველოში, რუსთავში, 5 წლის მერე კი საკმაოდ რთულ პირობებში, მარნეულში გავიზარდე. ჩემი ფესვები საქართველოშია, ანუ მამის მხარეც საქართველოშია დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ახლა პირველი არხის 18:00 და 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებებს სინქრონულად აზერბაიჯანულად ვთარგმნი და პარალელურად, სამოქალაქო აქტივობებით ვარ დაკავებული _ ეთნიკური აზერბაიჯანელების სამშობლოს, საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ ვიღებ ვიდეორგოლებს და სხვადასხვა თემაზე ტრენიგ-სემინარებს ვატარებ. ისე, ჩემი ოცნებაა, რომელიმე ტელევიზიაში ჟურნალისტად დავიწყო მუშაობა და ჩემი საავტორო გადაცემა მოვამზადო.
_ რატომ დაინტერესდი ჟურნალისტობით, ვიდეო-რგოლების გადაღებით, აქტიურად ტრენინგების ჩატარებით _ რა იყო ინსპირაცია, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?
_ მე ყოველთვის მოვლენების ცენტრში ყოფნა და საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა მიზიდავდა, ბავშვობიდანვე მიყვარდა ადამიანების დახმარება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჟურნალისტი ვყოფილვიყავი. ეს პროფესია ხომ ადამიანების სამსახურსა და მუდამ მოვლენების ცენტრში ყოფნას გულისხმობს. რაც შეეხება ვიდეორგოლების გადღებას, მე ყოველთვის ორი რამ მაწუხებს: საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა და ის, რომ აქ მცხოვრები საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები, საკმარისად ვერ ახერხებენ ინტეგრაციას და მათთვის ღირებულისა და მნიშვნელოვანის შესახებ ქართველი მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია, რაც ხშირ შემთხვევაში მათზე გარკვეულ სტერეოტიპებს ქმნის.
ვიდეორგოლები, ძირითადად, განათლებული და პატრიოტი ეთნიკურად აზერბაიჯანელების შესახებაა, ამის ჩვენებით კი მინდა, საზოგადოებას რეალობა ვაჩვენო და ვაგრძნობინო, რომ საქართველოს სიძლიერე და მშვენიერება მის მრავალფეროვნებაშია. ასევე, ვაგრძნობინო, რომ ჩვენც საქართველოს შვილები ვართ. მინდა, თითოეულმა აზერბაიჯანელმა თავი სრულუფლებიან მოქალაქედ იგრძნოს და არა მეორეხარისხოვნად.
_ რა სირთულეები შეგხვდა გზად ცხოვრებაში?
_ ცხოვრებაში ყველაზე დიდ სირთულედ სიღარიბე შემხვდა და ძალიან ბევრი რამ წამართვა. რომ არა სიღარიბე, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა პროფესიული კუთხით ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი წასული. მაგრამ ამას თავისი დადებითი მხარეებიც ახლავს. მაგალითად, სირთულეებმა მასწავლა, როგორი მებრძოლი, გამბედავი და მომთმენი, ასევე, ხელგაშლილი უნდა ვიყო. ვფიქრობ, ეს თვისებები ყველა ადამიანს უნდა ახასიათებდეს.
_ რას გაძლევს ის, რომ დღეს ახლებურად, ან შენებურად (პატარა ფილმებითა თუ ლექციებით) აჩვენებ ხოლმე საზოგადოებას შენი თვალით დანახულ სინამდვილეს?
_ დიდ სიამოვნებას და რწმენას მაძლევს. სიამოვნებას იმიტომ, რომ მინდა, ამ პატარა ოჯახში (საქართველოში) ყველა ერთ მუჭად შეკრული იყოს და ერთმანეთს იცნობდეს. რაც შეეხება რწმენას, მინდა, საკუთარ თავშიც ეჭვი არ შემეპაროს, რომ ჩემი სამშობლოს კეთილდღეობაში წვლილის შეტანაში არ მოვიკოჭლებდე. მთელი გულით მინდა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკურობის, რჯულისა და კულტურის მატარებელმა ერთმანეთი შეიყვაროს და ერთმანეთს პატივი სცეს. სხვანაირად ერთიანი საქართველოს აშენება შეუძლებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, სიმდიდრისა და სილამაზის მთავარი არსი მრავალფეროვნებაა.
_ რაიმე პრობლემები თუ გექმნება ეთნიკურად ქართველებთან, ან თუ შეგქმნია შენი ეთნიკური წარმომავლობის გამო?
_ ამჟამად ეთნიკურად ქართველებთან არანაირი პრობლემა არ მექმნება, მაგრამ იყო დრო, როდესაც მექმნებოდა. სამწუხაროდ, ეს რეალობა ახლაც არსებობს საზოგადოებაში სხვა ეთნიკური წარმომადგენლების მიმართ. ძირითადად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მეორეხარისხოვანია და რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ქართველების სამშობლოა. ხშირად მსმენია ზოგისგან, _ ქართული თუ არ იცი და ჩემს კულტურას არ სცემ პატივს, მაშინ წადი შენს სამშობლოში (აზერბაიჯანს გულისხმობენ). პირადად მე აზერბაიჯანთან მხოლოდ ეთნიკური ბმა მაქვს და სახვა არაფერი. ჩემი ფესვები აქ, საქართველოშია. დღეს თუ დისკრიმინირებულად ვგრძნობ თავს, ეს იმიტომაა, რომ ჩემი ეთნიკური განსხვავებულობის გამო საჭირო ადგილს ვერ ვიკავებ ჩემს სამშობლოში. ეთნიკური უმცირესობების უფლებები და მათი თანაბრობა მხოლოდ ფურცელზეა და ცარიელი სიტყვებით შემოიფარგლება. ჯერ არ გამიგია, რომელიმე აზერბაიჯანელი საქართველოში სერიოზულ თანამდებობას იკავებდეს. ყველაზე მაღალი თანამდებობა კი მოადგილეობაა. ეგეც ნიჭიერების, ან განათლებულობის საფუძველზე კი არა, არჩევნებში რომელიმე სახელისუფლებო პარტიის დამსახურებით. ეს ტენდენცია უნდა დასრულდეს და ადამიანები თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით უნდა დასაქმდნენ!
ეს არის ჩემთვის ჩემი ეთნიკურობის გამო შექმნილი პრობლემები.
_ როგორია მნახველების მხრიდან დაინტერესება შენს ფილმებზე?
_ ზოგადად, ძალიან კარგი, ყოველთვის დადებითი შეფასებები მოდის და მე ეს ძალას მმატებს.
_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?
_ ეთნიკურად ქართველები უფრო მიფასებენ. ისედაც, ჩემი სამიზნე აუდიტორიაც ქართული საზოგადოებაა.
_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ თუ ვინმეს ვჭირდები და შემიძლია მისი დახმარება, ამ დახმარებას რომ ვუწევ, მაშინ ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ, რადგან ვიღაცა ხარობს და ამაში ჩემი წვლილია.
_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?
_ დედაჩემისთვის. ის ჩემთვის ყველაფერია! მან ჩემთვის თავი გაწირა. მე უფლის წყალობით და დედის მეშვეობით მივაღწიე ყველაფერს. ახლა ჩემი ჯერია, რომ ყველაფერი ავუნაზღაურო. დედისთვის არაფერი მენანება, რაც შემიძლია.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?
_ ნებისმიერ საქმეში რწმენა და გამბედაობაა მნიშვნელოვანი. რაც უნდა გენიოსი იყო, თუ შენი ძალის არ გჯერა და გამბედაობა არ გაქვს, არაფერი გამოგივა.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის გულწრფელობა და თვითკრიტიკულობა ღირებული თვისებებია. გულწრფელი თუ არ ხარ, არ იქნები კარგი ადამიანი. თვითკრიტიკა თუ არ გაქვს, მხოლოდ შენი თავი გეყვარება, საკუთარ შეცდომებს ვერ დაინახავ, ეს კი ეგოისტობამდე მიგიყვანს. თვიკრიტიკული ადამიანი შეცდომასაც ცოტას უშვებს.
_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
_ ყველაზე მეტად ქედმაღლობა მაღიზიანებს! ყველაფერი შემიძლია ვაპატიო ადამიანს, გარდა ქედმაღლობისა.
_ მაქსიმალისტი ხარ?
_ ნამდვილად. ყოველთვის მინდა, ჩემი გაკეთებული საქმე უმაღლეს დონეზე იყოს შესრულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ასე არ ხდება.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ ახალ შანსს. დღეს თუ რამე შეცდომა დავუშვი, ხვალინდელი დღე ამ შეცდომების გამოსწორების დიდი შანსი და ახალი იდეების წყაროა.
_ რაზე ოცნებობ?
_ ვოცნებობ, რომ ჩემი სახლი მქონდეს, რადგან ბავშობიდან საკუთარი სახლის გემო არ გამისინჯავს.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ სადაც ვმუშაობ, იქ ჯერ პრობლემებს ვერ ვხედავ, თუმცა საქართველოში რომ ბევრი პრობლემაა, ეს ყველამ იცის. ჩემთვის საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მისი ტერიტორიები უცხო ხელშია და ჩემი სამშობლო დაჭრილი არწივივითაა.
ამ პრობლემის მოგვარება კი ძლიერი პოლიტიკისა და ერთიანობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ძლიერი პოლიტიკისთვის ახალი, ძლიერი და განათლებული თაობაა საჭირო. როდესაც სამშობლოს შვილების ნაწილი რუსეთისკენ იშვერს ხელს, ნაწილი კი სხვა ქვეყნისკენ, ამ შემთხვევაში ერთიანობისა და ძლიერი პოლიტიკის ჩამოყალიბება რთულია.
_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?
_ დედაჩემთან და მეგობრებთან ერთად რომ ვარ, აი, ეს დრო ჩემთვის დასვენებაა.
_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
_ დედა. ხშირად ვერ ვხედავ და სულ მარტოა…
_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?
_ როგორც ნორმალური ადამიანი, თავისუფალი არ ვარ. საერთოდ, ამ სამყაროში თავისუფალი არაფერია! მზე, მთვარე, ოკეანეები, დედამიწა და თვითონ ადამიანები თითქოს თავისუფლები არიან, არადა, ყველაფერს რაღაც საზღვარი აქვს. მზე თავის ღერძს რომ გასცდება, ან ოკეანე თავის საზღვრებს რომ გადალახავს, კატასტროფა ხდება. ადამიანიც ასევეა, როცა ნორმას სცდება, აუცილებლად რაღაც ცუდი ხდება. ასევე ნათქვამია, _ შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება, ასე რომ…
_ რას ნიშნავს თავისუფლების ცნება შენთვის?
_ ჩემთვის თავისუფლება ისაა, რომ ადამიანი ცუდი საქმისგან შორს იყოს. შინაგანი მოთხოვნილებების დამორჩილება ეს ნამდვილი თავისუფლებაა!!!
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ ვფიქრობ, რომ ცხოვრების რთულ და აღმავალ ეტაპზე ვარ. რთული იმიტომ, რომ აღმავალზე მყოფ ადამიანს სიმაღლიდან ჩამოვარდნის დიდი საფრთხეც ემუქრება, ასე რომ, სიფრთხილე და თადარიგია საჭირო უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?
_ კი. ვფიქრობ, რომ მართლაც ჟურნალისტობისთვის ვარ დაბადებული.
_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ?
_ რა თქმა უნდა, ადამიანებს სხვადასხვა მისია აკისრიათ. პირადად ჩემი მისია, ალბათ, ისაა, რომ ადამიანებს შორის სიყვარულის ხიდი ავაშენო.
_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი? რას გამოასწორებდი დღევანდელ საქართველოში?
_ ვიბრძვი იმისთვის, რომ არა სხვაზე დამოკიდებული, არამედ მხოლოდ ჩემი ნიჭის იმედზე ვიყო. ჩემი ნება რომ იყოს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში განათლების სისტემას მივხედავდი და დონეს ავამაღლებდი, რადგან დღეს, ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, განათლება ჩვენი მთავარი ტკივილია!
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ქვეყანაში განათლებასა და უსახლკაროების მდგომარეობას შევცვლიდი. როდესაც ვხედავ, ადამიანი ქუჩაშია და თავშესაფარი არ გააჩნია, ძალიან მტკივა გული და განვიცდი…
_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ რა თქმა უნდა, მაქვს. მთავარია, ჩემში საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლის უნარი არ დავკარგო. თუ იბრძვი, ადრე თუ გვიან, გაიმარჯვებ. ყოველი ბნელი ღამის ბოლო ნათელი დღეა…
_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?
_ მაქვს. ჩემს სარწმუნოებას არასდროს ვუღალატებ, რადგან მე გონებით ავირჩიე ეს გზა და არა ვიღაცის მითითებით. დანარჩენ ყველაფერში გამონაკლისები არსებობს…
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?
_ ახლა ვინც ვარ, ის რომ არ ვყოფილიყავი, არასდროს არავინ ვიქნებოდი, შეუძლებელია.
_ და მაინც, ვინ არის ჯეიხუნ ნარზალოვი?
_ ჯეიხუნ ნარზალოვი არის უბარლო მსახური…
_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?
_ ჩემი სამომავლო გეგმა ისაა, რომ ვაპირებ, საკუთარი გადაცემა მქონდეს და ცნობილი წამყვანი, ჟურნალისტი ვიყო.
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ფიქრობ, თუ როგორ მოვიქცე, რომ არავინ იყოს ჩემზე ნაწყენი, თვით უფალიც კი.
_ ვისი იმედი გაქვს?
_ ცისა და მიწის, ასევე სამყაროს შემქმნელი ღმერთის.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ ჩემთვის ყველაზე დიდი სიმშვიდე ლოცვას მოაქვს. როცა უფლის წინ ვარ მარტო, ეს ყველაზე დიდი სიმშვიდეა. ადამიანების ხსნა მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობაშია. შეიძლება, ეს შაბლონი იყოს, მაგრამ სინამდვილეა.
_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?
_ საქართველოში დავიბადებოდი. მშობლიურს არაფერი სჯობს. რაც შეეხება ეპოქას, ალბათ, უფრო წინ, მომავალ საუკუნეებში დავიბადებოდი.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ ყოველი ბნელი ღამის ბოლო ნათელი დღეა…
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ მინდა, რომ საზოგადოებაში ყველამ ერთი რამ დაიმახსოვროს: ამ სამყაროში ყველანი დროებითი ვართ. რაც შეიძლება მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და კარგ საქმეებში შევეჯიბროთ. ცუდ ქმედებას ცუდი ქმედებით ნუ ვუპასუხებთ. თუ ვინმე ცუდ საქციელს არ ეშვება, შენ რატომ უნდა შეეშვა შენს კარგ საქმეებს?!

ნინო ტაბაღუა