დეგრადირებული მენტალიტეტი

რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადაგვხვდა თავს, საქართველოში, ალბათ, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არ მომხდარა. დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული იმდენი ტრაგიკული, თუ არატრაგიკული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მიეწყო ერთმანეთს, საზოგადოებამ ერთი დღითაც ვერ მოადუნა ყურადღება.

ანტიტერორისტული ოპერაცია; ხანძარი ბათუმში, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა; ტრაგედია თბილისის ცენტრში და ორი მოზარდის მკვლელობა; მეორე დღესვე კიდევ ერთი მოზარდის მკვლელობა სოფელ ოფშკვითში; ფეხბურთის მსაჯის საიდუმლოებით მოცული თვითმკვლელობა. ამ უბედურებების ფონზე მთლიანად მეორე პლანზე გადავიდა და თითქმის ჩაიკარგა ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენები, როგორიცაა პატრიარქის თანამოსაყდრის გამოცხადება, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ახალი სახალხო დამცველის არჩევა; ბოლო დღეებში კი საზოგადოების ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დიდი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრშია.
ბუნებრივია, ყველა ეს მოვლენა საზოგადოების განწყობაზე, ემოციაზე, შეხედულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დაწყებული იმით, რომ ადამიანებს უჩნდებათ ახალი მოლოდინები, ასევე ახალი შიშები. ყველა ის ტრაგიკული მოვლენა, რაც ბოლო ორ კვირაში მოხდა, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს დაუცველობისა და საკუთარი უსუსურობის შეგრძნებას.
ჯერი იყო და ეს პირველი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში. მთელი საქართველო გაოგნებული უყურებდა ოცსაათიან შტურმს პირდაპირი ეთერით. ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა პირველად გაიაზრეს, რომ ტერორიზმი და ტერორისტები შეიძლება ძალიან ახლოს, ჩვენს გვერდით კორპუსში იყვნენ ჩასაფრებულნი. ყველამ დავინახეთ, რომ შუა ქალაქში შეიძლება არსებობდეს ჩვეულებრივი ბინა, ჩვეულებრივ კორპუსში, რომელიც შეიძლება დაძეძგილი იყოს იარაღით და შაჰიდის ქამრებით.
დავინახეთ, რომ საქართველოში თავისუფლად შეიძლება შემოვიდეს და იარაღით სავსე ბინაში, რამდენიმე თვე, თავის თანამზრახველებთან ერთად, თავისუფლად იცხოვროს ისლამური ხალიფატის ერთ-ერთმა ლიდერმა. იმავდროულად, ის იყოს მთელი მსოფლიოს მიერ ძებნილი ტერორისტი, რომელმაც ერთი წლის წინათ სტამბულის აეროპორტი ააფეთქა, 43 ადამიანი მოკლა და 200-ზე მეტი დაჭრა.
ბუნებრივია, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ტერორიზმი და ტერორისტები ჩვენზე მეტად სხვა ქვეყნებს ერჩიან, მაგრამ ჩვენი, ქართული პრობლემა, ამ შემთხვევაში, სხვაა. ამდენი ხანი გავიდა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ გადმოლახეს მთელი მსოფლიოს მიერ ძებნილმა ტერორისტებმა საქართველოს საზღვარი. სუს-ის ხელმძღვანელის ერთწინანადადებიანმა წამოკნავლებამ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ჩატაევი მწვანე საზღვრით შემოსულიყო საქართველოში, რატომღაც, ვერავინ დაამშვიდა.
წინა სტატიებში, როცა ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, მოკლული ტერორისტი ჩატაევი იყო თუ არა, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ თუ დადასტურდა ჩატაევის მონაწილეობა, ეს იქნებოდა უდიდესი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ჩატაევს საიდანაც არ უნდა გადმოელახა საქართველოს საზღვარი, ტყე-ტყე შემოვიდოდა ის, თუ ციდან ჩამოვარდებოდა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მაინც მაგარ შარშია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზღვარი დაუცველია. საზღვრის დაცვის სამსახური მოშლილია, ვისაც უნდა, როდესაც უნდა, მაშინ შემოვა საქართველოში, მაგალითად, მწვანე საზღვრით და რასაც უნდა, იმას დაგეგმავს და განახორციელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თან ეს ცალფეხა, ცალხელა, ყავარჯნებიანი ადამიანი თუ ასე თავისუფლად და დაუბრკოლებლად გადმოდის საზღვრის დაუცველ მონაკვეთებზე, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ტერორისტების მთელ ბატალიონსაც შეუძლია შემოსვლა უპრობლემოდ.
კიდევ ერთი ძალიან დიდი თავისტკივილი ისაა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, საიდან აღმოჩნდა ბინაში ამდენი იარაღი?! თუ ეს იარაღი ჩატაევმა საქართველოში მოაგროვა, ვაი!!! და თუ ეს იარაღი მასსავით უცხოეთიდან შემოვიდა, უი!!! გომელაურის კიდევ ერთი წამოკნავლება, რომ ჩატაევმა ეს იარაღი სადღაც ტყეში, სამალავიდან ამოიღო, ძალიან არადამაჯერებელია. როცა სუს-ის უფროსი ამ უხარისხო ზღაპარს ყვებოდა, იმდენად დაბნეულად გამოიყურებოდა, რომ სახეზე ეწერა: „რა ვქნათ, მეტი უკეთესი ზღაპარი ვერ მოვიგონეთო“…
ასეთი დილეტანტიზმისა და არაპროფესიონალიზმის გამო მატულობს საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომი. ამ სპეცოპერაციის შემდეგ ადამიანების განწყობები ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სახელმწიფო ვერ გვიცავს და ამას თავად ღიად გვეუბნება. დაუცველობის განცდა ბუნებრივად გადადის შიშში.
დაუცველობისა და უსუსურობის განცდა გააღრმავა და გაამძაფრა საზოგადოებაში ბათუმის ტრაგედიამ. რა თქმა უნდა, სასტუმროები სხვა ქვეყნებშიც იწვის, მაგრამ აქაც კვლავ დაუძლეველ ბარიერად დგას ჩვენი, სპეციფიკური, ქართული პრობლემა: ამდენი ხანი გავიდა და ვერავინ გავიგეთ, რატომ დაიუღუპნენ ადამიანები ფეშენებელურ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ერთ სართულზე გაჩენილი დაკვამლიანების გამო? ვერ დავადგინეთ, ჰქონდა თუ არა სასტუმროს გამართული ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო სისტემები?!! თუ არ ჰქონდა, რატომ და ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?!! დაუცველობის განცდას, ამ შემთხვევაში, დაუსჯელობის სინდრომიც ემატება, რომელიც უკვე ქართული მენტალიტეტის შემადგენელი ნაწილია.
რაც შეეხება მენტალიტეტს, გასულ კვირას, სწორედ, ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა, გაუკუღმართებულმა და სადღაც წარსულში ჩარჩენილმა „გაგებამ“ დაგვანგრია კიდევ ერთხელ და ყველა ერთად.
მთელი კვირაა, სრულიად ერი ეძებს ორი არასრულწლოვანი მოსწავლის მკვლელობის მიზეზებს. ყველაფერი გადავქექეთ და გადავაბრუნეთ, _ იქით მანდატურის სამსახურს ვეცით, აქეთ მასწავლებლების გამოკითხვა დავიწყეთ. ორი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პლასტმასის სათამაშო პისტოლეტი როგორ მოხვდა სკოლაშიო? თითქოს, ეს პლასტმასის პისტოლეტი იყოს ის ობობის ქსელი, რომელშიც მთელი საზოგადოებაა გახლართული. რა შუაშია მანდატური, რომლის უფლებები ისეთი შეზღუდულია, რომ თითის აწევით თუ არ ელაპარაკა მოსწავლეს, სამსახურს ვერ ეღირსება?! ან, კიდევ, რას მოგვცემს სკოლის კართან დაყენებული დეტექტორები, როცა ყველა ეს ტრაგედია სკოლის გარეთ ხდება?!
შსს-მ გამოსავალს მიაგნო და თბილისის სკოლების წინ საპატრულო ეკიპაჟები დააყენა. არ უშველის, ბატონებო, ეგ ეკიპაჟები საქმეს. ძალიან მალე გაირკვევა, რომ ქალაქის სხვა წერტილებში საპატრულო ეკიპაჟები აღარ ჰყოფნით და სკოლებთან ტყუილად მდგომებსაც მაშინვე სხვაგან გადაისვრიან. ან ეგეც რომ არ იყოს, როგორ წარმოგიდგენიათ, _ თავქარიანმა, აგრესიით აღვსილმა და მენტალურად არასწორად აღზრდილმა ბავშვებმა ჩხუბი და გარჩევები სკოლის წინ მდგომი პატრულის დასანახად მოაწყონ. არა, პრობლემის მოგვარების გზები სხვაგან უნდა ვეძებოთ და არა შსს-ს „პაკაზუხურ“ ინიციატივებში.
ბავშვების მკვლელობამ მთელი ერი შეძრა. საზოგადოება, როგორც არასდროს, ისე ჩაუღრმავდა პრობლემის არსს და მიზეზის ძებნა დაიწყო. ამ ძებნა-ძებნაში მართლა ბევრი რამ მოვძებნეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვებში რაღაც საოცარი აგრესიაა. დავიწყეთ ფიქრი, საიდან ჩნდება აგრესია ჩვენს შვილებში? გაგვახსენდა, რომ გვყავს ბევრი ფსიქოლოგი და სასწრაფოდ მოვითხოვეთ მათი ჩართვა ამ პრობლემის მოგვარებაში. აღმოვაჩინეთ და რაც მთავარია, ხმამაღლა ვთქვით, რომ ასეთი უუფლებო მანდატური ტრაგედიას ვერ აგვაცილებს. თუმცა სიმართლე ვთქვათ, ჯერ ისიც არ ვიცით, რომელი უფლებები უნდა გავუზარდოთ, რომ აღარ განმეორდეს ხორავას ქუჩის ტრაგედია? ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, მხოლოდ შევჯანჯღარდით, ავფორიაქდით და რაღაც რომ ახლავე გადასაკეთებელია, ეს დავინახეთ.
შეიძლება დამეთანხმოთ, შეიძლება _ არა, მაგრამ, ჩემი აზრით, პრობლემის სათავე არც მხოლოდ ბავშვებში არსებული აგრესიაა და მით უმეტეს, არც მანდატურის უფლებები. პრობლემა ჩვენს მენტალიტეტშია. დიახ, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ მენტალიტეტში, რომლითაც იზრდებიან ჩვენი შვილები. დიახ, მე სწორედ იმ მოძველბიჭო, „მოშავო“ და მოქურდულო მენტალიტეტზე ვსაუბრობ, რომელიც, ჯერ კიდევ, ასეთი ძლიერია ჩვენში.
მივიხედ-მოვიხედოთ და დავინახავთ, რამდენი ჩვენი ნაცნობი მამა ზრდის თავის შვილს ძველბიჭური ცნობიერებით; რამდენი მშობელი უნერგავს თავის შვილს, რომ პოლიცია ცუდია, პოლიციასთან თანამშრომლობა ჩამშვებობაა, _ კაი ბიჭი ეგრე არ იქცევა, კაი ბიჭი ძმაკაცებთან ერთად აგვარებს პრობლემებს და ა. შ.; ის, რომ მკვლელობის ინციდენტში მონაწილე თუ შემსწრე მოზარდების უმრავლესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, სწორედ ამ „ძველბიჭური“ მენტალიტეტისა და არასწორი აღზრდის ბრალია.
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი ჩვენი შვილების მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე გვაწევს ჩვენ, მათ მშობლებს. როცა ბავშვი ხედავს, რომ ძველბიჭობა მისი მშობლების ცხოვრების წესია, ბუნებრივია, მასაც დიდი არჩევანი აღარ აქვს.
მეორე მთავარი პასუხისმგებელი ახალგაზრდებში მახინჯი მენტალიტეტისა ოჯახს გარეთ არსებული გარემოა, ანუ საზოგადოება, _ მოძველბიჭო და შესაბამისად, მოკაიბიჭო საზოგადოება, სადაც „შავობა“, ჯერ კიდევ, კარგ ტონად მიიჩნევა.
დააკვირდით, რამდენი ცნობილი ადამიანის ცხოვრების წესია „ბლატაობა“ და კისერზე დაჭიმული ძარღვებით საუბარი. ჩართეთ ტელევიზორი და დათვალეთ, რამდენი რესპონდენტი არ ერიდება ეთერში ძველბიჭობას. შეხედეთ, როგორ გვესაუბრება და საქმეს გვირჩევს ეთერიდან პარლამენტის ზოგიერთი წევრი, ზოგიერთი პოლიტიკოსი, შემოქმედებითი ადამიანი, სპორტსმენი და ა. შ.
ნახეთ, როგორი ცხოვრების წესის პროპაგანდაა ყველგან. თუ დასავლეთში მთელი ინდუსტრია იმაზე მუშაობს, რომ გმირი და „კაი ტიპი“ იყოს ის, ვინც ებრძვის დანაშაულს, უსამართლობასა და კრიმინალს, ჩვენთან პირიქითაა. „კაი ტიპი“ არის ის, ვინც ძველბიჭობს, „ბლატაობს“ საქმეებს არჩევს და რაც მთავარია, არ თანამშრომლობს პოლიციასთან, იმიტომ რომ ისინი არიან ცუდები.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არა ეს მენტალიტეტი, შეურაცხყოფილი ახალგაზრდები ხომ არ მიმართავდნენ დახმარებისთვის სხვა ძველ ბიჭებს?.. მიმართავდნენ პოლიციას, ან მშობლებს. კონფლიქტიც სხვაგვარად ამოიწურებოდა და ორი სიცოცხლეც არ შეწყდებოდა 16 წლის ასაკში.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ „ბლატაობა“ და ძველბიჭობა ჩვენს საზოგადობაში დაშვებულია, ნორმაა, ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ამას ყველაფერს შევეჩვიეთ და აღარც ვაქცევთ ყურადღებას, არადა, ძირითადად, ტრაგედია სწორედ აქედან იღებს სათავეს.
ის ბავშვებიც კი, რომლებსაც ჯანმრთელი აზროვნების მშობლები ზრდიან, ასეთი დეგრადირებული საზოგადო მენტალიტეტის პირობებში მაინც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან. ძლიერი ფსიქიკისა და პრინციპების უნდა აღმოჩნდეს ახალგაზრდა ბიჭი, რომ გარემომ ვერ მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ. არადა, თუკი ამ პრობლემას ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ამ კრიმინალურ და „ქურდულ“ მენტალიტეტს დღეს საერთოდ აღარ აქვს დასაყრდენი და საფუძველი.
გასული საუკუნის 80-90-იან წლებში კიდევ რაღაც ლოგიკას ექვემდებარებოდა ის, რომ ახალგაზრდებს იზიდავდა ეს სამყარო. ძალიან დიდი იყო საცდური. განათლებული, პატიოსანი და კანონმორჩილი ადამიანი, ძირითადად, ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ ცხოვრობდა, რამდენიმე წლის გახუნებული პიჯაკი ეცვა და ტროლეიბუსით გადაადგილდებოდა, „კანონიერ ქურდი“ კი სამსართულიან აუზიან ვილაში ცხოვრობდა და უცხოური მანქანით დადიოდა. ახალგაზრდა ადამიანს მოტივაცია არ გააჩნდა, განათლებული და პატიოსანი ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ წარსულს ჩაბარდა?!! დღეს ხომ წარმატებული და შეძლებული ადამიანი არის ის, ვინც სხვაზე უკეთ იცის თავისი საქმე?.. „ქურდობა“ და კრიმინალური ავტორიტეტობა დღეს აღარაა კარგი ცხოვრების მოტივატორი. ციხის გარდა იქ აღარაფერი ყრია. აბა, რატომ ვცხოვრობთ მთელი ერი ისევ ამ დეგრადირებული მენტალიტეტით?!!
მედიცინაში დიაგნოზი ნომერ პირველ საქმედ მიიჩნევა. სწორი დიაგნოზი მკურნალობის 50%-ია.

დემნა ვეშაპიძე