ბეჩავი თვითმმართველობა

მომინდომეს დემოკრატია, ანალიზი, დამოუკიდებლობა მოქალაქეთა ჩართულობა, და გამჭვირვალობა.
უკაცრავად, რა გინდათ? თვითმმართველობა დამოუკიდებელი იყოს და სუს-ი არ აკონტროლებდეს?
მაშ, რაღად გვინდა სუს-ი?
ან თვითმმართველობის გაუქმება მოითხოვეთ, ან, _ სუს-ის!

თურმე, შეშფოთებულან! რა არის შესაშფოთებელი? აგერ, ჟამთა აღმწერელი წერს დავით მეფის დროს: „ლოგინსა შინა ქმარი ცოლს რასა ეტყოდა, მეფემან იცოდაო“ და რაა ახლა, აღარ გინდათ, რომ სოსომ ეს გაიგოს და იცოდეს? არ გადამრიოთ, ერთი, რაა…
რეალურად, სუს-ის კანონიერი გზით დაახლოება კი არ ასუსტებს მუნიციპალიტეტს, არამედ აძლიერებს. გგონიათ, ვხუმრობ?!
აბა, სისუსტე რა მოსატანია მას მერე, რაც ქვეყანაში სუს-ის უფროსის მოადგილე სოსოა და სუს-ის უფროსი კი იმ ბრძენი კაცის დაცვის უფროსი?!
ჰოდა, როგორც ჩვენ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ვფიქრობთ: „ერთადერთი, რაც ბოროტების ტრიუმფისთვის აუცილებელია, კარგმა ადამიანებმა არაფერი უნდა აკეთონ“, _ ედმუნდ ბერკი. ჰოდა, მორჩა კინო, კარგი ადამიანები გავჩუმდით და ცუდმა ადამიანებმა, კიდევ, ამბები დაატრიალეს.
ცვლილება, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, ერთი შეხედვით, ტექნიკურია და ის მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებით არის გამოწვეული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კანონის ეს ჩანაწერი, შესაძლოა, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
საქმე ეხება ჩანაწერს, რომლითაც თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების დელეგირება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებასაც შეეძლება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის დაქვემდებარებაშიც შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც _ შევა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. სწორედ აქედან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის ცვლილება და მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების მადელეგირებელ და, დელეგირების შემთხვევაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოდ, სამინისტროებთან ერთად, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაც ჩაიწერება.
მარტივად რომ ვთქვათ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკუთარი უფლებამოსილების ნაწილს, დელეგირების უფლებით, მუნიციპალიტეტებს გადასცემს და დარგობრივ ზედამხედველობასაც გასწევს. ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობები, მაგალითად, სტიქიების დროს ქმნიდნენ საგანგებო შტაბს, რომელიც კოორდინაციას უწევდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ეს უფლებამოსილება, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, დელეგირებული სწორედ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსგან ჰქონდათ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ამგვარი ჩანაწერის გაჩენა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო სარისკო ხდება.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება, საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში; მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება, გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება; „ჩანერგილ“ მოსამსახურეს უფლება ექნება, მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და ვალდებული იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე, გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს“, _ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება „თვითმმართველობის კოდექსში“ გაჩენილ ჩანაწერს ფინანსურად და უფლებამოსილებებით სუსტი და ამის გამო ისედაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე მიბმული ადგილობრივი თვითმმართველობების მეტად გასაკონტროლებლად, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რისკი მაღალია და ამ რისკებზე დაფიქრება ღირს, მით უფრო, რომ ამ სარისკო ცვლილებებამდე ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭების პირობა საჯაროდ არაერთხელ დაუდევს.
დეცეტრალიზაციის მოთხოვნით მოსული ხელისუფლება პირდაპირ თვითმმართველობების ოკუპაციას ახდენს. არადა, ჯერ კიდევ 100 წლის წინათ ილია ამბობდა, რომ თვითმმართველობა იყო ერთადერთი საშველი სახელმწიფოს ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში.
მაგრამ ახლა ილიაც, აკაკიც, ვაჟაც და გალაკტიონიც ერთ ბრძენი კაცშია გაიგივებული, ბატონ ბიძინაზე მოგახსენებთ.
არადა, არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბოლო სამი წელიწადია, ისე არ იგეგმება, რომ ეპარქიის მეუფემ არ განიხილოს და გადახედოს. და იმ მეუფეში ასობით მრევლი რომ მოიაზრება, ეს ვითომ არაფერია.
მეუფეები კი პირდაპირ სოსოსთან რომ ასოცირდებოდნენ, ესეც ცხადია და თუ სოსო და სუს-ი ყველგან იყო, რაღა აკლდა ამ ყველაფერს?!
მთავარი დოკუმენტი აკლდა.
მალე თვითმმართველობა პირდაპირ კანონით დაექვემდებარება კანონიერად სახელმწიფო უსაფრთხოებას და დავრჩებით დაცულნი და უსაფრთხოდ.
ასე რომ, უსაფრთხო დეცენტრალიზაცია გარანტირებული გვაქვს!
და როდესაც საგანგებო სიტუაცია იქნება საჭირო, ნებისმიერ ჩვენს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციას არათუ დეპუტატები და მერის მიერ შექმნილი კომისია მოაგვარებს, არამედ ვინმე სხვა უცხო ხელი და ზებუნებრივი ძალა.
ჩვენ ხომ რისკის მოყვარული ხალხი ვართ, და ვინც რისკავს, ის იგებს კიდეც, გარისკული ოცნების გაურისკავი დასასრულის თარიღი კი ჯერ უცნობია.
მთავარი ქვედა რგოლი თუ იშლება, მაშინ ნუღარც საკრებულოს დეპუტატებს ავირჩევთ, ნუღარც მერს, პირდაპირ როგორც მძიმე და უკუნ 90-იანებში იყო, დავანიშნინოთ მერიც და საკრებულოც ვინმე დიადს და არის, ასრულდა ოცნება.
ძლიერი თვითმმართველობა გაბეჩავებული ხალხისთვის უკვე იშვა!

მაკა მოსიაშვილი