„საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ინფორმირებული არ არის“

ორგანიზაციამ „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ანგარიშის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა თემაზე: „საჯარო ინტერესი თბილისის ურბანულ პოლიტიკაში“. მიწვევის მიუხედავად, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მისულან. როგორც ჩანს, ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების პრობლემები მათთვის კვლავ მეორეხარისხოვანია.

„ქრონიკა+“ ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ დამფუძნებელს, პროექტის მენეჯერ ანანო ცინცაბაძეს ესაუბრება:
_ შვიდი თვის განმავლობაში მუნიციპალური ორგანოების მუშაობის პრაქტიკა ვიკვლიეთ. პირველი ქალაქგეგმარებასა და განაშენიანებაზე გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ასპექტია; მეორე, _ ამ ნაბიჯების დასაბუთებულობის ასპექტი; და მესამე, _ საჯარო ინტერესის გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე. ანუ რამდენად იყო გათვალისწინებული საჯარო ინტერესი და თუ იყო, ეს საბოლოო შედეგზე როგორ გავლენს ახდენდა?
კვლევის შედეგად საკმაოდ მძიმე აღმოჩენებია იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში არ არის ინფორმირებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მუნიციპალიტეტი, მერია და საკრებულო გეგმავს;
მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომ გადაწყვეტილების დიდი ნაწილი დაუსაბუთებელია და კანონის მოთხოვნებს აცდენილია. ეს განსაკუთრებით ზონალურ ცვლილებებსა და კოეფიციენტების მატებას ეხება. როგორც წესი, გადაწყვეტილება მხოლოდ შედეგს მოიცავს და არ არის მითითება ფაქტორებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დადებოდა. ანუ აღნიშნული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია;
მესამე აღმოჩენაა, რომ საზოგადოებრივი, ანუ საჯარო ინტერესი მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული არ არის. აქაც მუნიციპალური გადაწყვეტილება პრიორიტეტს კერძო ინტერესს ანიჭებს და საჯარო ინტერესზე მსჯელობა პროცესიდან საერთოდ გამოტოვებულია.
ამ აღმოჩენების გათვალისწინებით, ჩვენ კონკრეტული და უფრო ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები გვაქვს. ეს ბოლო რეკომენდაციები, პირველ რიგში, იმას ეხება, რომ მუნიციპალიტეტმა საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრაქტიკულად უნდა ჩართოს. ამ პროცესში იდენტიფიცირება უნდა გაუკეთოს იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დააზარალოს. აუცილებლად მოიწვიოს სხდომები, მათ აზრი ჰკითხოს და მათი პოზიციები გაითვალისწინოს.
მეორე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ კანონმა უნდა შეზღუდოს და დააკონკრეტოს ის პირობები, რაშიც შეიძლება ზონალური ცვლილებებისა და კოეფიციენტების მატების განხორციელება. ასეთი პირობები, მხოლოდ და მხოლოდ, საგამონაკლისო წესს დაუკავშიროს. დღეს ამაზე ძალიან ფართო ჩანაწერი გვაქვს და ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ, ნებისმიერ შემთხვევაში წესად აქციონ ეს ზონალური ცვლილებები.
ჩვენი მოთხოვნაა, კანონმა ეს პირობები იმდენად შეზღუდოს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ კოეფიციენტების მატება, ან ზონის შეცვლა.
მესამე რეკომენდაციაა, რომ გადაწყვეტილებები კანონთან შესაბამისად დაასაბუთონ. ყველა ამ ნაბიჯს მოჰყვებოდეს შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც აღწერს პროცესს, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, _ რა ფაქტორებს ეფუძნება, როგორ აწონეს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კონფლიქტი, რა დააპირისპირეს და უპირატესად რა მიიჩნიეს. ეს ყველაფერი ნარატიულად იყოს გადმოცემული;
მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კანონში კონკრეტულად იდენტიფიცირებული საჯარო ინტერესი, როგორიცაა ქალაქის ეკოლოგია, განაშენიანება, სამეზობლო თემების ინტერესები, კულტურული მემკვიდრეობა, _ ეს ფაქტორები მუნიციპალურმა ორგანოებმა გადაწყვეტილებების მიღების დროს მსჯელობაში შემოიყვანონ, მათი მნიშვნელობა გაითვალისწინონ და თუ ეს კერძო ინტერესს აღემატება, უნდა დადგეს კერძო ინტერესის შეწყვეტის საკითხი და პრიორიტეტი საჯარო ინტერესს მიენიჭოს.
_ რა იწვევს ამ პრობლემებს, რას უკავშირებთ?
_ უპირველესად, ჩვენ კანონმდებლობა ვიკვლიეთ და, როგორც გითხარით, მასში რეალურად მოცემული გვაქვს მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების პირობები, საბაზისო მექანიზმები იმისთვის, რომ საზოგადოება ჩართული იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (ასევე გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული). ის, რომ კანონი ყოველ ჯერზე ირღვევა, ეს პოლიტიკური ნების ბრალია და პრობლემებს სწორედ ამას ვუკავშირებთ.
კვლევის მიხედვით, კანონი იმიტომ ირღვევა, რომ უპირველესი პრიორიტეტი კერძო ინტერესს მიენიჭოს, ამ შემთხვევაში დეველოპერების ინტერესს ვგულისხმობ. ამდენად, ამას ჩვენი საკანონმდებლო მოცემულობები ვერ შველის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნება საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გაძლიერდეს.
რაც შეეხება ზონალურ ცვლილებებს, ორი აზრი არ არის, რომ საგამონაკლისოდ გათვალისწინებული ზონალური ცვლილებების წესად ქცევაც იმ მიზნით ხორციელდება, რომ დეველოპერებმა უფრო მეტად ისარგებლონ და ასეთ გადაწყვეტილებებზე უფრო მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი.
მართალია, კანონი რაღაც საბაზისო მოთხოვნებს აქაც აყენებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნები არასაკმარისია. ამიტომ აქ კანონთანაც პრობლემა გვაქვს. უნდა გამკაცრდეს ეს მოთხოვნები და იმგვარად დადგეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეეძლოთ ყოველ ჯერზე ზონალური ცვლილებებისა და კოეფიციენტების მატების განხორციელება. მაგრამ პოლიტიკური ნების გარეშე აქაც ვერ გადავრჩებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური ნება იყოს და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საჯარო ინტერესზე იმსჯელონ. დააბალანსონ კერძო, საჯარო ინტერესები და მხოლოდ ასეთი დაბალანსების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება. ანუ დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტილებით საჯარო ინტერესს ზიანი არ ადგება.
ერთი სიტყვით, თუ გიპასუხებთ, პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორია და ჩვენ იმაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, დეველოპერის ინტერესი რამდენად დაემთხვევა საჯარო ინტერესს. როგორც წესი, ორი მნიშვნელოვანი ინტერესი ერთმანეთთან კონფლიქტშია და ჩვენ დამოკიდებული უნდა ვიყოთ ობიექტურ და სამართლიან სახელმწიფოზე, რომელიც საჯარო ინტერესის მნიშვნელობას სწორად შეაფასებს და ამის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.
_ ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების პროცესში კიდევ რა კონკრეტულ პრობლემებს გამოყოფთ?
_ ეს არის ეკოლოგიური პრობლემები, ქაოსური განაშენიანება და კულტურული მემკვიდრეობის მასობრივი ხელყოფა. ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამას მეოთხე პრობლემას ქუდად დავამატებდი, რომელიც სამივეს ეხება, _ სრულიად უგულებელყოფილია სამეზობლო თემების ინტერესი.
მაგალითისთვის: თუ თქვენი საცხოვრისის ირგვლივ კონკრეტული საჯარო სივრცეა, რომლითაც თქვენ ყოველდღე სარგებლობთ (პარკი იქნება თუ სკვერი), იქ განაშენიანებისას მნიშვნელოვანია, რომ მისი მომხმარებლის, ანუ თქვენი ინტერესიც გათვალისწინებული იყოს, _ ამ პარკში კორპუსი ისე არ ჩაიდგას, რომ თქვენი პოზიცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსად ფიგურირებდეს.
არადა, ამაზე მსჯელობა საერთოდ არ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რადგან ეს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი გამოტოვებულია, ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ამას ადგება. ეს რეალობა ქალაქის იერსახესა და მცხოვრებლების ყოველდღიურ ყოფაზე პირდაპირ აისახება.
ჩვენ ვცხოვრობთ ეკოლოგიურად ძალიან მძიმე გარემოში, სადაც არ გვაქვს საჯარო სივრცეები, გნებავთ, სარეკრეაციო და გნებავთ, უფრო პოლიტიკური მიზნებისთვისაც. ისტორიული მეხსიერებისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა ყოველდღიურად ასევე ხელყოფილია. ამას იწვევს სწორედ ის ზონალური და კოეფიციენტის ცვლილებები, რომელიც ასეთ მასობრივ პრაქტიკად არის გადაქცეული. ეს ქალაქს პირდაპირი შედეგის სახით ეტყობა.
_ დედაქალაქის რომელ უბნებში უფრო იგრძნობა ეს პრობლემური რეალობა?
_ ვერ გამოვყოფთ, რადგან ეს პრობლემურია როგორც ცენტრისთვის, ასევე პერიფერიული უბნებისთვისაც. ბუნებრივია, რომ დეველოპერების ინტერესები უფრო ცენტრის გარშემო ტრიალებს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თბილისის ისტორიულ ნაწილში ასეთი კომერციული ინტერესი იკვეთება, რაც თბილისის ისტორიულ ნაწილს მძიმედ ეტყობა.
ეს არ ნიშნავს, რომ პერიფერიული უბნები უფრო ნაკლებად ზიანდება ასეთი პოლიტიკის შედეგად. თუ კულტურული მემკვიდრეობა არ ზიანდება, საჯარო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები იქაც პრობლემაა, ასევე სამეზობლო თემების ინტერესის გამოტოვება. კვლევაში მოყვანილი გვაქვს ვარკეთილის პარკის შემთხვევა, გლდანის პარკის, საბურთალოს შემთხვევები, რომელიც მაინცდამაინც თბილისის ისტორიულ ნაწილს არ უკავშირდება, მაგრამ ანალოგიურად განიცდის ქალაქის ხარვეზიანი პოლიტიკის შედეგებს.
განსაკუთრებით მძიმე თბილისის ისტორიული ნაწილის მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ იქ სამეზობლო თემების ინტერესი დგას, ასევე მთლიანად საზოგადოების ინტერესია, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაცული იყოს, რაც ძალიან მძიმედ ილახება.
_ თქვენს შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ესწრებოდნენ და მათი პოზიცია როგორია?
_ მოსაწვევები გავგზავნეთ მერიაში, საკრებულოში. მეტიც: მერიისგან წერილობითი დადასტურება მივიღეთ, რომ ისინი ამ შეხვედრაზე მოვიდოდნენ. სამწუხაროდ, დისკუსიაზე არავინ გამოცხადდა. მოწვევა ცალკე არქიტექტურის სამსახურს გავუგზავნეთ, მერიის აპარატს, ცალკე საკრებულოს ურბანულ კომისიას და, ზოგადად, საკრებულოს. საკრებულოსგან წერილობითი დასტური არ გვქონია, მაგრამ მოსაწვევი მიიღეს. მერიისგან დასტურიც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზენტაციაზე არავინ გამოჩენილა. არანაირი განმარტებაც არ ყოფილა.
როგორც წესი, ეს პრობლემა გვაქვს არა მარტო საჯარო დისკუსიების დროს, არამედ მედიაშიც. როდესაც ქალაქის ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე სალაპარაკოდ მივდივართ, თავად ჟურნალისტები გულისტკივილს გამოხატავენ, რომ მუნიციპალური ორგანოებიდან თითქმის არასდროს მოდიან. სულ ორი შემთხვევა მახსენდება, როცა ისინი მედიაში სალაპარაკოდ მოვიდნენ, _ ძალიან მწვავე პრობლემა იდგა, რომლის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი იყო. სხვა დროს ადმინისტრაციული ორგანოები ამ თემებზე საპასუხოდ სისტემატურად არ მოდიან.
_ აქედან გამომდინარე, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ დედაქალაქის ახალი ხელისუფლება მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს?
_ ეს შეგვიძლია დავაფუძნოთ იმ განცხადებებს, რასაც ქალაქის ახალი მერი ბოლო პერიოდში აკეთებს. მაგალითად, მან გამოაცხადა, რომ ზონალურ საბჭოს აუქმებს. განაშენიანებასთან მიმართებით ეს ერთ-ერთი პირველი და ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მიმაჩნია, პრობლემების იდენტიფიცირების გარეშე ასეთი განცხადება იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერიას უკვე ზედაპირული დამოკიდებულება აქვს იმ სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა.
თავისთავად, ზონალური საბჭო ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების ავტორი იყო, მაგრამ მათი ეს გადაწყვეტილებები, როგორც ადმინისტრაციული აქტები, არ ფორმდებოდა. საბჭოს გადაწყვეტილებებს სავალდებულო ფორმა არ ჰქონდა. ასეთ ძალას მათ არქიტექტურის სამსახური აძლევდა. ის ფაქტი, რომ არქიტექტურის სამსახურში მნიშვნელოვან და საჭირო სისტემურ ცვლილებებზე ქალაქის მერი არ საუბრობს, ასევე არ აკეთებს პრობლემების იდენტიფიცირებას, თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს განცხადებაც (ზონალურ საბჭოზე) ყბადაღებულ პიარს ემსახურებოდა და არა რეალურ სისტემურ ცვლილებებს. ამიტომ, მაინცდამაინც, დიდი იმედები და მოლოდინები არ გვაქვს.
_ პრობლემები როგორ უნდა შემცირდეს?
_ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი სამართლებრივი მიმართულებაა, როდესაც ვცდილობთ, პოლიტიკური ფორუმები და სამართლებრივი მექანიზმები პრობლემების იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენოთ და სამართლებრივად ვიბრძოლოთ. ეს დროში გაწელილი მექანიზმებია, გნებავთ, ადმინისტრაციული და გნებავთ, სასამართლო პროცედურები. ამ სპეციფიკურ საქმეებზე დრო ცუდად მოქმედებს. რაც უფრო დიდხანს იწელება დროში სამართლებრივი მექანიზმი, თუ განაშენიანებაზეა საუბარი, შეიძლება ეს მშენებლობა დასრულდეს და ჩვენ სამართლებრივ წარმოებებში ამდენი დრო და ენერგია ტყუილად დაგვეხარჯოს.
მეორე მექნიზმი, რითაც ვიბრძვით, თვითონ პარლამენტში ან საკრებულოში კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. არაერთი ხარვეზიანი კანონის გამოსწორებას ვლობირებთ და მედია ამ სფეროში ჩვენი პარტნიორია. ვცდილობთ, რომ პრობლემის აქტუალობა საზოგადოებას სწორედ მედიის საშუალებით შევატყობინოთ.
და მესამე: ეს არის აქტიური ღონისძიებები, როდესაც ამა თუ იმ თემის გვერდში დგომით ვაპროტესტებთ კონკრეტულ განაშენიენებას და მძიმე პოლიტიკის სხვა შედეგს ქალაქზე. აქაც ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივი აზრი გააქტიურდეს და ადამიანებმა ქალაქის პოლიტიკაში ცვლილებები მოითხოვონ. აი, ეს სამი მექანიზმი გვაქვს ხელში. ვერ გეტყვით, რომ აქედან, ჯერჯერობით, რომელიმე 100%-ით ეფექტიანი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, უკეთესი მექანიზმი არ არსებობს.

გელა მამულაშვილი