ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესი – პირადი ინტერესებისთვის

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებით, დასტურდება საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებდნენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ეგზავნებათ ოფიციალური წერილები მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2018 წლის 31 დეკემბრამდე. საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურები ავტორიზაციის პროცესს გამოიყენებდნენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და დაიწყებდნენ საბავშვო ბაგა-ბაღების დირექციისა და თანამშრომლების მასობრივ განთავისუფლებას, დასტურდება.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში (სპმთპ) შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ეგზავნებათ ოფიციალური წერილები, მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისა და აქედან გამომდინარე, „შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ“.
გამაფრთხილებელ წერილებში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და შრომის კოდექსის 38-ე, 37-ე მუხლები.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ (01/10/2017), მუნიციპალიტეტებში დაიწყო მთელი რიგი პროცესები, რაც დაკავშირებულია სკოლამდელი დაწესებულებების სამართლებრივი ფორმის ცვლილებასთან (ააიპ-ით დაფუძნებასთან).
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს დაგეგმილი აქვთ საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლების შეცვლა მათთვის სასურველი კადრებით. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია, შემუშავდეს სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის დოკუმენტი, რაც ჯერ არ დამტკიცებულა და გაურკვეველია, რით ხელმძღვანელობენ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის დაუშვებელია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება დასაქმებულთა უფლებების დარღვევის მიზნით. ეს კანონი ითვალისწინებს საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესებას. სკოლამდელი დაწესებულებების რეორგანიზაცია და ეტაპობრივი ავტორიზაცია გულისხმობს, არა სამუშაო ძალების შემცირებას ავტომატურად, არამედ, პირიქით, აუცილებელი ხდება სამუშაო ძალის დამატება და ახალი თანამდებობების შექმნა თითოეულ დაწესებულებაში.
მივმართავთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მკაცრი კონტროლი დააწესონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე და არ დაუშვან დასაქმებულთა უფლებების დარღვევა.
მოვუწოდებთ, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებების განხორციელებისგან და შრომითი ხელშეკრულებების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე კანონსაწინააღმდეგო წერილები არ გააგზავნონ.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აკვირდება მიმდინარე პროცესებს და დარღვევის ყველა კონკრეტულ ფაქტზე მწვავე რეაქცია ექნება, კანონით გათვალისწინებული ყველა მეთოდისა და პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით“, _ ნათქვამია განცხადებაში.

„ქრონიკა+“ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელს _ მზია ფაილოძეს ესაუბრება:

_ ამ საკითხთან დაკავშირებით პროფკავშირების განცხადება არსებულ რეალობას შეესაბამება. პროფკავშირები ის ორგანიზაციაა, რომელმაც ყველა მშრომელისა და დასაქმებული პერსონალის უფლებები უნდა დაიცვას. როგორც ჩანს, მათ იმ თანამშრომლებმა მიმართეს, რომლებმაც საფრთხე იგრძნეს, რომ ხვალ-ზეგ ისინიც უსამსახუროდ დარჩებიან.
დარგში რეორგანიზაცია ნამდვილად მიმდინარეობს. ამ დარგის ახალი კანონის მიხედვით (რომელიც სექტემბრიდან ძალაში შევიდა), თითოეული სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაცია უნდა მოხდეს. აუცილებლად უნდა გაიარონ სტანდარტიზაციაც, სადაც შესაბამისი ფიზიკური გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დღევანდელი ევროპული სტანდარტების დონეს შეესაბამებოდეს; რადგან ჩვენ ეს კანონი ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე მივიღეთ.
მოკლედ, ეს გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული, ხელმისაწვდომი, ადვილად გამოსაყენებელი, ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე თითოეული ბავშვისთვის და ხელს უნდა უწყობდეს პროცესში მათ ჩართულობას.
_ ეს პროცესი რა შედეგებს გამოიწვევს?
_ ძირითადად, რაიონულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ეს გარემო ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. ამიტომ ევროსტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი (ალბათ, 90% მაინც), თვითმმართველობას დაქვემდებარებული ბაღი ავტორიზაციას ვერ გაივლის, რადგან ამ პირობებს ვერანაირად დააკმაყოფილებს. სოფლებში, თემებში არის ბაღები, სადაც ერთი-ორი ჯგუფია და აქ ასაკობრივი ზღვარიც კი ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის. ყველა ასაკის ბავშვი ამ ჯგუფებშია თავმოყრილი.
სწორედ ეს ასაკობრივი ზღვარი, ყველა სხვა სტანდარტი, თუნდაც ბაღების ტუალეტები, ტექნიკური ავეჯი, შენობები, შიდა თუ გარე სივრცე წაყენებული მოთხოვნებიდან ბევრს ვერაფერს დააკმაყოფილებს. ამიტომ ეს სტანდარტიზაცია და ავტორიზაცია შეიძლებოდა ჯერ ქალაქებში დაწყებულიყო. რადგან ვადა 2018 წლის დეკემბრამდეა, სოფლებში ამ ყველაფერს ვერ მოასწრებენ. მოგეხსენებათ, სოფელს იმ სიდიდის ბიუჯეტი არ აქვს, რომ საბავშვო ბაღები ამ სტანდარტებით დააკმაყოფილოს.
ზოგიერთი ბაღი განთავსებულია ყოფილი სკოლის შენობაში, ზოგი ცალკე მდგომია, მაგრამ აბსოლუტურად ყველანაირი სტანდარტისგან ამოვარდნილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაიონების ბიუჯეტებს დაზოგავენ და, ცხადია, ბაღის თანამშრომლებსაც სახლში წასვლა მოუწევთ.
პროფკავშირების პოზიციაში ისიც დევს, რომ ძველი თანამშრომლების დათხოვნა და თავიანთი ხალხის მოყვანა სურთო, მაგრამ ამავე სტანდარტებით აუცილებელია, კვალიფიციური კადრი კონკურსის სახით შეირჩეს. ამასთან, რაიონებში საბავშვო ბაღები აიპ-ებად ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ამგვარად სტანდარტის გავლის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს.
სწორედ შრომის კანონმდებლობის 38-ე და 37-ე მუხლებით, 2007 წელს მთელი რიგი რეფორმა-რეორგანიზაცია განხორციელდა თბილისის საბავშვო ბაღებში და ამის საფუძველზე ბევრი სკოლამდელი დაწესებულებიდან კვალიფიციური კადრი დაითხოვეს. ალბათ, ახლაც ანალოგიური მოვლენები განვითარდება.
ეს სამომავლოდ ძალიან ცუდი პერსპექტივა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ რაიონებსა და სოფლებში მშობლებს კიდევ ამ საბავშვო ბაღებითაც ამაგრებენ. ამის უქონლობას თბილისში დამატებითი მიგრაცია მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების სისტემა ვეღარ იტევს უამრავ ბავშვს, რადგან თითქმის ნახევარზე მეტი რაიონებიდან ჩამოსულები არიან, რადგან იქ ეს ბაღი ფიზიკურად არ არის.
_ გამოსავალი?
_ ჩემი სურვილია და ხელისუფლებამაც ამაზე უნდა იზრუნოს, რომ რაიონებში, საბავშვო ბაღებში ნორმალური გარემო იყოს, რათა მშობლებს, უპირველესად, სამსახური ჰქონდეთ და მეორეც, ბავშვები ბაღში მიიყვანონ. ამით სკოლაში მისვლამდე პატარებს ელემენტარული პირობები შევუქმნათ, გაიარონ ის საფეხური, რაც სკოლამდელ დაწესებულებაში თითოეულმა აღსაზრდელმა უნდა გაიაროს.
მთლიანობაში, სისტემა დასახვეწია. 25 წელია, ერთ ადგილს ვტკეპნით და ამ წრეს თავს ვერ ვაღწევთ. ქართული, ტრადიციული მიმართულებები უნდა იყოს შეტანილი ამ სფეროში. მესმის, რომ ევროსტანდარტებს მივყვებით, მაგრამ ყველაფერს სიტყვა-სიტყვით ვერ გადმოვიტანთ და ჩვენი ტრადიციული, ნაციონალური მიღწევებიც არ უნდა დავივიწყოთ.
ამიტომ ვფიქრობ, რაღაცები ამ კანონშიც შესასწორებელია. ალბათ, დროთა განმავლობაში დაიხვეწება და ხელისუფლება ამ პრობლემაზე გონივრულად იმსჯელებს. მთავრობამ ამ საკითხში კვალიფიციური ხალხი უნდა ჩართოს. უფრო მეტს შესძენენ ამ სისტემას, ვიდრე ისინი, ვისაც ევროსტანდარტები კი გადმოაქვს, მაგრამ ბევრ ადგილობრივ სპეციფიკას ვერ ითვალისწინებს.

გელა მამულაშვილი