ქართველი მსაჯის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმე

ლანჩხუთელი მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალებამ გურიაში წლის ყველა თემა გადაფარა. ახალგაზრდა კაცის მოულოდნელი გარდაცვალება ჯერ კვლავ ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს და შესაძლოა, საერთოდაც, ვერ გავიგოთ, _ რამ მიიყვანა 33 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე, რისიც ოჯახს არ სჯერა და აცხადებს, რომ ილო მოკლულია!

ჯერ კიდევ არ არის ექსპერტიზის საბოლოო პასუხი და, სავარაუდოდ, მას ერთ თვემდე დრო დასჭირდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ცნობილია, რომ გარდაცვლილს გარეგნულად ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.
და თუ საბოლოო დასკვნაც ასეთი იქნება, ისმის კითხვა, _ რატომ მოიკლა თავი? 5 ათასი ლარის გამო, რაც დასახელდა? ნაკლებ სარწმუნოა, მით უფრო, მისი მხოლოდ ის ავტომობილი ღირს გაცილებით მეტი, ვიდრე დასახელებული ციფრია.
როგორც ვთქვით, გამოძიების ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც ილო ტუღუშის გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე საუბრობს. დედა და მეუღლე შემთხვევამდე ერთი დღით ადრე შემდგარ შეხვედრას იხსნებენ. მათი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსაჯს სახლში მიაკითხეს, სადაც დაძაბული საუბარი შედგა და ფიგურირებდა თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.
„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე ლაპარაკობდნენ. დაძაბული საუბარი იყო, ფეხბურთის საქმეში არიან ისინი, დამნაშავეები ეძებეთ ლანჩხუთსა და ბათუმში. მე არ ვიცი, რა მოხდა, ჩემს ქმარს ეძებდნენ. თანამდებობა უნდოდათ, ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და ჩემს ქმარს სთხოვდნენ. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი, ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, ის თავს არ მოიკლავდა. დამემუქრნენ, _ მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ვტოვებ ძმაკაცებს, ისინი მოუვლიან შენს ქმარსო. მანქანაც გატეხილიაო, ასე მითხრეს, რამ დააზიანა? მეკითხებოდნენ, მისი მანქანით მოძრაობსო? და კი-მეთქი“, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.
ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს: „მომიკლეს შვილი და რაზე მომიკლეს, არ ვიცი. არ გაახმაუროო, გვითხრეს. იკითხეს, აქ იყვნენ მოსულები. ორი მანქანა იყო, _ ფული მივეცით, „გურიას“ უნდა მოეგოო. ჩამირიენ შვილი შით და არ ვიცი, ვის გადასცეს აი ფული. რომ წააგო „გურიამ“, ფულს ითხოვდა აი ხალხი. მე მივფრინავო, ერთმა მითხრა, მაგრამ ვტოვებო ხალხსო ისეთსო, მოუვლიან შენს შვილსო. მოაუარენ წუხელ ჩემს შვილს“, _ აცხადებს დედა.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გარდაცვლილის ნათესავი ამბობს, რომ ილო ტუღუშს მსაჯებისთვის ეს 5 ათასი ლარი უნდა გადაეცა, მაგრამ რადგან შედეგი არ დაჯდა, მას გაცილებით მეტი მოსთხოვესო _ სავარაუდოდ, „შემკვეთმა“ „გურიის“ მოგებაზე ფსონი დადო და რაც წააგო, ყველაფერს ილოს სთხოვდაო.
სხვათა შორის, თითქმის ამ ვერსიას ავითარებს ოჯახიც, თუმცა სახელდება რაღაც თანამდებობები, თუმცა ძნელი სათქმელია, რა თანამდებობები შეიძლებოდა მსაჯს გაეკეთებინა, ან ამ თანამდებობის ვერგაკეთება არ უნდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი.
უკვე მეორედ დაკითხეს „გურიის“ დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე, ვინც ჩოჩხათში იმ პირებს ახლდა, ვისაც ოჯახი ზეწოლაში ადანაშაულებს.
„დიახ, მე გახლდით ჩოჩხათში, თუმცა ფული მე არ მომითხოვია, მოსთხოვა მან, ვინც ასესხა. ოჯახს ჩემ მიმართ ბრალდება ვერ ექნება“, _ განაცხადა ნუგზარ ჩხაიძემ გამომძიებლებთან შესვლამდე და იქვე განმარტა, რომ ყველაფრის შესახებ დეტალურად საკუთარ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში ისაუბრა:
„ა.წ. 06 დეკემბერს სფფ-ის არბიტრის, ილო ტუღუშის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან გაურკვეველი და არასწორი ინფორმაციების გავრცელება მოყვა, მე ს/კ ლანჩხუთის „გურიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე, საჭიროდ მივიჩნევ, საზოგადოებას მივაწოდო ჩემთვის ნაცნობი და გულწრფელი ინფორმაცია:
პირველ რიგში, კლუბის სახელით მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ჩვენი უმცროსი მეგობრის, ილოს გარდაცვალების გამო, მივუსამძიმრო ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს, ყველას, ვინც ამ შესანიშნავ და საყვარელ პიროვნებას იცნობდა.
მე პირადად მასთან, როგორც არბიტრთან, ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად მქონდა საუბრები და კონსულტაციები, ვითვალისწინებდი მის რჩევებსა და დარიგებებს, ჩვენი საუბრები ყოველთვის კონსტრუქციული და ობიექტური იყო, არასდროს ჩვენი შეხედულებები წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, სწორედ ასეთი მეგობრული ურთიერთობის გამო თელავში ჩატარებული მატჩისას, მსაჯის არაობიექტურობის გამო, როდესაც გავიგეთ 3 დეკემბერს ლანჩხუთში „თელავთან“ მატჩის მომსახურე არბიტრების შემადგენლობა, ბუნებრივია, მე მას დაურეკე და ვკითხე, როგორი იყო მისი შეხედულება აღნიშნულ სამსაჯო ბრიგადასთან დაკავშირებით, რაზედაც მან ტელეფონშივე მიპასუხა, რომ ძალიან კარგი შემადგენლობაა, პატიოსანი ბიჭები არიან, სანერვიულო არაფერი გაქვთ, ყველას კარგად ვიცნობ და მე, როგორც ლანჩხუთელს, შემიძლია მათ ვთხოვო, რომ ჩემი ლანჩხუთის „გურია“ არ დამიჩაგროთო. თან შემეკითხა, სად ვიყავი ფიზიკურად? მე ვუთხარი, რომ ვარ ლანჩხუთში და მთხოვა, რომ შევხვედროდით ერთმანეთს, რაზედაც მე, რა თქმა უნდა, თანხმობა მივეცი და შევთანხმდით, რომ მის ზარს დაველოდებოდი. ეს ყველაფერი ხდებოდა 1-ლ დეკემბერს, სადღაც, 13-დან 15 საათამდე.
შემდეგ მე და კლუბის ფინანსური დირექტორი გრიგოლეთის ბაზაზე წავედით ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან შესახვედრად, სადაც მათთვის უნდა გაგვეცნო გადამწყვეტი მატჩისთვის კლუბის დირექციის მიერ შემუშავებული ფეხბურთელების წამახალისებელი პრემიის ბრძანება.
საღამოს, ალბათ, 20 საათისთვის, დამირეკა და მკითხა, სად ვიმყოფებოდი და ვუპასუხე, რომ ვარ გრიგოლეთის ბაზაზე. მითხრა, მანდ მოვალო და სადღაც 1 საათის ინტერვალში მოვიდა. ჩავსხედით ჩემს მანქანაში და ვილაპარაკეთ ისევ მსაჯთა შემადგენლობაზე, სადაც მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ ბიჭების პატიოსნებასა და კვალიფიკაციას. ამის შემდეგ მითხრა, რომ პირადი თხოვნა მაქვს და მინდა, ფინანსური დახმარება, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არაფრის საშუალება არ მქონდა. ამის შემდეგ მითხრა, რომ გიორგი იმნაიშვილისთვის მეთხოვა, რომელიც იმ მომენტში ბაზაზე იმყოფებოდა, მე ვუთხარი, _ მაგას შენც იცნობ, ისეთი ბიჭია, არ გაგაწბილებს და ჯობია, შენ უთხრა-თქვა (გიორგი იმნაიშვილის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ).
გადმოვიდა მანქანიდან და იმ ოთახში შევიდა, სადაც გიორგი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთის მერე გამოვიდა და მითხრა, რომ ჯიგარი ბიჭი ყოფილაო. დამემშვიდობა და თავისი მანქანით წავიდა. როგორც შემდეგ გავიგე, მას უთხოვია გიორგისთვის სწორედ ის თანხა, რაზედაც ამჟამად არის საუბარი, რაც გიორგის მეორე დღეს მისთვის უსესხებია. ფიზიკურად ილო მე მეორე დღესაც ვნახე, 3 დეკემბერს, თამაშის დღესაც, ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა და საუბარი იმის დამატებით, რომ მან მეორე დღეს, როცა გიორგის ფული მიუცია ბათუმში, ჩემთან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისდამი პატივისცემა და მადლიერება.
5 დეკემბერს კლუბის ოფისში ვიმყოფებოდი, ალბათ, დღის 3-4 საათი იქნებოდა, გიორგიმ დამირეკა და მითხრა, რომ ილო უნდა ჩამოსულიყო, არ მპასუხობს და იქნებ, შენ გადაურეკოო. მე რადგანაც ვიცოდი მისი დახმარების შესახებ, ვკითხე, ალბათ, ამიტომ ურეკავ-მეთქი? და ვუთხარი, რომ მე გადავურეკავდი და პასუხს შევატყობინებდი. დავურეკე ილოს, მიპასუხა, რომ ვიღაცას ელოდებოდა და აუცილებლად ბათუმში ჩავიდოდა. მე ვთხოვე, რომ მას პირადად დაერეკა გიორგისთვის, რაზეც მიპასუხა, რომ უკვე ველაპარაკე და მელოდებაო.
საღამოს 6 საათი იქნებოდა, რომ გიორგის დავურეკე და ვკითხე, _ თუ ჩამოვიდა-მეთქი? _ არ ჩამოსულა და არც ტელეფონს პასუხობსო. მეც დავიწყე რეკვა ილოს ტელეფონზე, არც მე მიპასუხა…
ამის შემდეგ დავურეკე ილოს მეგობარს და ვკითხე, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი მასთან? მითხრა, _ არა, ჩვენც ვეძებთო. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, სოფელში ჩავსულიყავით.
ჩავედი ჩოჩხათში, გიორგის ჩამოსვლამდე ჩოჩხათის ცენტრში ვიდექი, სადაც პოლიციის საპატრულო მანქანა იდგა. შემდეგ მე მივედი პირველად ჭიშკართან, დავიძახე, შორიდან გამომეძახა, ვფიქრობ, დედამისი იყო, ვკითხე, _ ილო ხომ არაა სახლში-მეთქი? მითხრეს, _ არააო. შემეკითხა, ვინ ხარო, დავუძახე, _ ილოს მეგობარი ვარ, ნუგზარ ჩხაიძე. მან მითხრა, რომ ჩვენც ვეძებთ, შვილო და ვერ ვპოულობთო. მოვბრუნდი უკან და დაველოდე სოფლის ცენტრში მათ ჩამოსვლას. ჩამოვიდნენ, მანქანა ჭიშკართან დატოვეს და ჩემი მანქანით ავედით ილოს კოლეგასთან, რომელიც სახლში არ აღმოჩნდა. ჩამოვედით და დავიძახეთ ილოს ოჯახში. ჭიშკართან ჩამოვიდნენ მამა, დედა და მეუღლე. ვკითხეთ, სად შეიძლებოდა ილოს ნახვა? დედამ სიტყვა-სიტყვით გვიპასუხა, რომ დილას რომ ადგა, ძალიან შეწუხებული და უხასიათოდ იყოო. ამ დროს მეუღლემ იკითხა, _ რა ხდება, რატომ ეძებთო? ფეხბურთის ფულთან დაკავშირებით ხომ არაო?
მე გამიკვირდა მისი ტონიც და კითხვის შინაარსიც. რა ფეხბურთის ფული, მეგობრიდან ნასესხები ჰქონია და ამიტომ უნდა მისი ნახვა-მეთქი. შემეკითხა, შენ ვინ ხარო? ვუთხარი, რომ ნუგზარ ჩხაიძე ვარ და შენ როგორ ვერ მიცანი-მეთქი. ამ დროს ჩვენ სამიდან ერთ-ერთმა, ირაკლი ბახტაძემ, უთხრა, მე ირაკლი ვარ, ილოს მეგობარი, გიორგი იმნაიშვილმაც უთხრა მისი პიროვნების შესახებ.
ერთი სიტყვით, იქ ისეთი საუბარი წარიმართა, რომ შემიძლია ხატის წინაშე ჩემი ექვსი შვილიშვილი დავიფიცო, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, არავითარი ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა, ასეთი რამ რომ ყოფილიყო, დაახლოებით, 150 მეტრში მყოფი პოლიციის ეკიპაჟი უთუოდ გაიგონებდა და მოვიდოდა.
აქვე აღვნიშნავ, რომ მესმის ოჯახის გამწარებული მდგომარეობა, თანავუგრძნობ მათ, მაგრამ როგორც სატელევიზიო სიუჟეტებში ვნახე, მუქარაში და ზეწოლაში ისინი თუ იმას გულისხმობენ, რაც ერთ-ერთმა ქალბატონმა გიორგისა და მის მეგობარს უთხრა, რომ რატომ ასესხეთ მერე ფულიო, ეს, ჩემი აზრით, ზეწოლა და მუქარა კი არა, მათი ოჯახის წევრისადმი გამოხატული თანაგრძნობაა და მეტი არაფერი.
როგორც მახსენდება, იქ ასეთი საუბარიც იყო, როცა გიორგიმ უთხრა, _ ქალბატონო, მე ასეთი კაცი არა ვარ, რომ ასეთ საქმეზე პიროვნება შევავიწროვო, ხვალ ჩემს საქმეზე წასასვლელი ვარ, მან ძალიან კარგად იცის, ვის შეიძლება ეს ფული დაუტოვოს, აგერაა ირაკლი, თქვენი ახლობელი ყოფილა, ილოს გადაეცით _ მე თუ არა, ეს ხალხი ნახოსო. დავემშვიდობეთ, მე პირადად ბოდიში მოვუხადე შეწუხებისათვის, წამოვედი გულიანის მხრიდან ლანჩხუთში, ხოლო ისინი წავიდნენ ბათუმში.
მეორე დღეს ვიგებ ამ საშინელ ამბავს.
ჩემთვის ყველაფერ ამ გაუგებრობაში მოხვედრა არ არის პრობლემა და ტრაგედია, ჩემთვის ტრაგედია და გულსატკენი არის ილოს დაკარგვა“, _ წერს ნუგზარ ჩხაიძე.
შაბათს მას ზუგდიდში, თითქმის, 10 საათის მანძილზე კითხავდნენ. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა: „ხელი მოვაწერე გაუთქმელობის პირობას. იყო დამატებითი კითხვები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ“. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ე. წ. გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით კითხვები, ჩხაიძემ უპასუხა, რომ არა. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის მიერ დასახელებულ ორ პიროვნებას, არსებული ინფორმაციით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
როგორც ზემოთ ვთქვით, ოჯახს თვითმკვლელობის არ სჯერა, ხოლო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, მუქარისა და ზეწოლის მუხლითაც მიმდინარეობს.
გუშინ გავრცელდა საფეხბურთო კლუბ „გურიისა“ და ლანჩხუთის მერიის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ბახტაძე ძალიან დიდი ხნის წინ თამაშობდა „გურიაში“, ხოლო გიორგი იმნაიშვილს კლუბთან ამჟამად არაფერი აკავშირებდა. კლუბი ასევე განმარტავს, რომ „გურია“ არ მონაწილეობდა ჩაწყობილ თამაშებში, რისი დასტურიც წლევანდელი „წარმატება“ _ ლიგიდან გავარდნაა.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ნაციონალი“ კახა ასკურავა შს სამინისტროს მიმართავს, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში იქნეს გამოძიებული მსაჯის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე. ის ასევე ლანჩხუთის „გურიის“ თემასაც ეხება და დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც იმის დადგენას შეეცდება, რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები:
„ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გახლდათ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველ რიგში, ვიზიარებ მისი ოჯახის ამ უდიდეს ტრაგედიას და მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს. როგორც მისი მეუღლე და დედა აცხადებენ, ამ ტრაგედიას წინ უძღოდა კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, გარდაცვლილთან მივიდნენ კონკრეტული პიროვნებები და იყო საუბარი თანხაზე. ამავდროულად, რაც ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს, იყო მცდელობა, რომ ოჯახს არ ეთქვა საჯაროდ წინა დღეებში მოხდარი ფაქტის შესახებ, რაც ძალიან დიდ ეჭვს აჩენს და კითხვის ნიშნებს ბადებს, რატომ იყვნენ ამ ფაქტის მიჩქმალვით დაინტერესებული კონკრეტული პირები?! როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შს სამინისტროს მოვუწოდებ: გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად გონივრულ ვადებში და არ იქნეს მისი შეგნებულად შეფერხების მცდელობა. ასევე, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოიძიონ, რათა ისედაც გამწარებულ ოჯახსა და ლანჩხუთის საზოგადოებას, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. დაბოლოს, ლანჩხუთის „გურიის“ არასწორი მენეჯმეტისა და იმ მილონების ხარჯვაზე ისედაც არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც 2013 წლიდან დღემდე დიხარჯა და შედეგად ერთ დროს მსოფლიოში ცნობილი და ბოლოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდის გარდაცვალება მივიღეთ და ამ კატასტროფული შედეგის მიღება, არც მეტი და არც ნაკლები, მილიონები დაჯდა. მე, როგორ საკრებულოს წევრი, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ისედაც ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას, მაგრამ ამ ტრაგედიამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კავშირში იყოს ლანჩხუთის „გურიის“ ბოლო თამაშთან, სადაც გუნდი კიდევ ერთი საფეხურით ჩამოქვეითთა, უფრო მეტად დამარწმუნა ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაში, სადაც შევეცდებით დავადგინოთ, რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები?!“ _ აცხადებს კახა ასკურავა.

მათე გურული