„ერთი სრტყელი _ ერთი გზა“ _ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი

გასული თვის ბოლოს თბილისის რამდენიმე ქუჩის ტროტუარი ცისფრად შეღებეს. ეს იმ მნიშვნელოვანი ფორუმის გამო მოხდა, „აბრეშუმის გზა“ რომ ეწოდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ორი წლის წინათ _ 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ა. წ. მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან 2000-ზე მეტმა დელეგატმა და იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ იმართება და ის ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის გაგრძელებაა. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ამ ფორუმს პარტნიორობას უწევს „საპარტნიორო ფონდი“.
ფორუმის მონაწილეები ქვეყნისთვის ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. აღნიშნულ თემების განვითარებით კი იმდენად მნიშვნელოვანი წინსვლა ელის ჩვენს ქვეყანას, რომ შესაძლოა, წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწიოს.
სესიაში მონაწილე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ, აღნიშნა, რომ სწორედ ფორუმის ფარგლებში გაფორმდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები საქართველოს „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ის შორის და დაფუძნდა ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. გარდა აღნიშნულისა, საგანელიძემ განაცხადა, რომ ფორმდება ხელშეკრულება ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანია CNCEC-სთან.
ფორუმი რამდენიმე პანელისგან შედგებოდა, რომელთაგან ერთ-ერთზე „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ სიტყვით გამოვიდნენ როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ისე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგი, საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, „ნენსკრა ჰესის“ გენერალური დირექტორი ტაეკვონ სიო, „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბიურგერი და „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომელთაც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.
ცალსახად ცხადია, რომ მსგავსი ტიპის ფორუმები, რომლებიც ქვეყნის იმიჯის სწორად და მიმზიდველად წარმოჩენას უწყობს ხელს, ძალიან კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია, საბოლოოდ, შედეგები მივიღოთ და არა ქაღალდზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე „ქრონიკა+“ პროფესორ გელა ტყეშელაშვილს ესაუბრა:
_ ფორუმი, რა თქმა უნდა, მომგებიანია. აბრეშუმის ეს გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ჩვენი ქვეყნისთვის ცალსახად დიდი მომავლის მქონეა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჩვენ ვიღებთ, თითქმის, 1 მილიარდამდე კუბმეტრ გაზს უფასოდ ბაქო-ერზრუმის გაზსადენებიდან. თუ ნორმალურად ამუშავდება სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურა და, რა თქმა უნდა, რკინიგზაც დაემატება, მაშინ ხომ უფრო დიდი იქნება მოგება, პორტებიც დაიტვირთება და ეს ყველაფერი დიდი მომავლის მქონეა.
ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ისეთია, რომ სახელმწიფო ლოჯისტიკური ჰაბის გაკეთებისთვის იღვწის. თუკი იმას, რაც გეგმასა და პერსპექტივაშია ჩადებული, სახელმწიფო ძალებით მთავრობა ერთიანად განახორციელებს, უახლოეს 10 წელიწადში საქართველო, დაახლოებით, 20 მილიარდამდე სუფთა მოგებას მიიღებს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილია ენერგეტიკა. აზერბაიჯანიდან სწორედ ჩვენი გავლით მიდის ელენერგია თურქეთში, სომხეთში. უნდა გამოვიყენოთ ყველა სახეობა, ეს იქნება მისაბმელი ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, საავტომობილოც კი, საზღვაო და ენერგოგადამცემი ხაზებიც. ამ კუთხით განვითარების პერსპექტივა ძალიან დიდია.
რაც შეეხება ციფრულ კავშირს, იგი ჩამოყალიბებულია აბრეშუმის გზაზე მდებარე სახელმწიფოების მიერ, ეს კი იმიტომ გააკეთეს, ძველი აბრეშუმის გზის აღდგენა რომ განხორციელდეს, რაც რუსეთის, ერთგვარი, ალტერნატივაა და ამიტომ, იგი დიდ წინააღმდეგობას უწევს. იყოს ეს ალტერნატიული გზა და თუ ჩვენ ამ შესაძლებლობით ვისარგებლებთ, ისეთი სიტუაცია გვექნება, როგორიც დავით აღმაშენებლის დროს გვქონდა, როცა კავკასია საჭირო გახდა, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სივრცე.
მნიშვნელოვანია ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობაც, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩინეთი არის ძალიან სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, ჩინური ნაწარმის გასვლა ევროპის ბაზარზე საქართველოს ტერიტორიის გავლით დიდ მნიშვნელობას მოგვანიჭებს.
დაბოლოს, საინვესტიციო პოტენციალზეც მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ინვესტიციებზე წვდომის საშუალება გაზარდოს, ამიტომ აქვთ რამდენიმე პროექტი, იგივე „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ ჩვენ ხელს გვიშლის ერთი რამ: გავიხსენოთ, თუნდაც, ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს, ძალიან არ შევამციროთ გადასახადები. თუკი აქაც მსოფლიოს დავანახებთ, რომ შეთანხმებული მოქმედებაა და კეთილი ნებაც გვაქვს, ინვესტიციების მზიდვას ეს ძალიან შეუწყობს ხელს.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ნებისმიერი კონფერენცია, როგორ და რა თემაზეც უნდა ჩატარდეს, რაც უფრო მეტი იქნება, ქვეყნისთვის უკეთესია. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყანაში კარგი გარემოს შექმნას, გახსნილობას, ინვესტიციების შემოდინებას. იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ჩამოდიან და ეცნობიან ქვეყანას, ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისითაც, საუკეთესოა. ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზე მსჯელობაც ღირებული და აუცილებელია.

ვახტანგ ჭარაია _ თსუ-ს ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
_ მსგავსი ფორუმების ოგანიზება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოვიზიდოთ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორი, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოდა, ანუ, მთლიანობაში, ფორუმი კი იყო ქართულ-ჩინური, მაგრამ მაინც ფართომასშტაბიანი, სადაც შეხვედრები გახლდათ როგორც ბიზნესთან, ისე მთავრობასა და ბიზნესს შორის, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთანაც. მსგავსი ფორუმის ორგანიზება საქართველოსთვის იმას ნიშნავს, რომ უცხოელ ინვესტორებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენს შემთხვევაში კი ეს ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს და მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში, რაც პოზიტიური შედეგის მომტანია.
საქართველოს პოტენციალის გათვალისწინებით, ჩინელებს შესაძლებლობა აქვთ, გარკვეული საქონლის წარმოება დაიწყონ და თუ შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ევროკავშირის ქვეყნებში განუბაჟებლად შეიტანენ.
იმ დროს, როცა ჩინეთს პირდაპირი თუ არაპირდაპირი პრობლემები აქვს ევროპაში შესაღწევად, საქართველო მას სთავაზობს, აქ დაიწყოს წარმოება და შეღავათებით გაიტანოს ევროპაში.
შეიძლება, რომელიმე ინვესტორმა, ან ქვეყნის წარმომადგენელმა, ბიზნესმენებმა ეს არ იცოდნენ და მსგავსი ტიპის ფორუმებით მაქსიმალურად ხარისხიან ინფორმაციას მიიღებენ არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ სხვა ბიზნესმენებისგან, რომლებიც ქვეყანაში არიან, ამიტომ მსგავსი პროექტების განხორციელება საკმაოდ საინტერესოა და საქართველო-ევროკავშირისა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ფორმატშიც უნდა ხდებოდეს.
აქვე, მნიშვნელოვანია ქართულ-ჩინური ურთიერთობების გარკვეული პოტენციური საფრთხეები, რომლებზეც ღიად არავინ საუბრობს.
ქართულ-ჩინური ურთიერთობები, ამ ეტაპზე, არავითარ რისკებს არ შეიცავს, მაგრამ პერსპექტივაში, როდესაც ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონეა, რიგით მე-2 ეკონომიკაა მსოფლიოში, რომელიც, დაახლოებით, 10-15 წელიწადში ამერიკის მაჩვენებელსაც გაუსწრებს მშპ-ს მიხედვით და როცა ჩინეთის შესაძლებლობები მსოფლიო მასშტაბით იზრდება, ჩვენ ვცდილობთ მათთან დაახლობას მაშინ, როცა, პარალელურად, გვინდა ევროკავშირთან და ამერიკასთან კარგი ურთიერთობები. არის პოტენციური საფრთხე იმისა, რომ დროთა განმავლობაში წარმოიქმნას გარკვეული დისბალანსი ჩვენს ხედვაში, როდესაც ჩვენ ჩინელი ინვესტორებისა და, მეორე მხრივ, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების ინტერესების გაზიარება, ან მათი მხარდაჭერა მოგვიწევს, შეიძლება, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდეთ.
ამერიკაც და ევროპაც დღეს ჩინეთს ბევრ შეზღუდვას უწესებს თავიანთ ბაზარზე შესვლისთვის, უამრავი პირდაპირი და არაპირდაპირი ბარიერი არსებობს და მომავალში თუ ჩინეთს უნდა, რომ უფრო მსხვილი მოთამაშე იყოს მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენ კი მათთან დაახლოება გვინდა, გასათვალისწინებელია დასავლური ინტერესებიც. ჩინეთთან დაახლოება სჭიროა, მაგრამ გადაჭარბებულად არ უნდა ვიყოთ მიდრეკილი და უნდა გავთვალოთ, რა არის მისაღები ჩვენთვის და რა _ არა, რომ მერე ინტერესთა სფეროებს შორის არ მოგვიწიოს დგომა. ჩვენი დიპლომატიის ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის იმდენი შესაძლებლობა, რომ სახეირო რაღაც გამოეტანა.
საქართველოში ბევრი ისეთი ინვესტიციაა, სადაც უცხოელები ჩამოჰყავთ დასაქმებულებად, იმათ მეტს უხდიან და ადგილობრივებს _ ნაკლებს. თუ ასეთი ტიპის შესაძლებლობებს თავიდანვე მივცემთ ჩინელებს, დამიჯერეთ, ისინი დიდი სიამოვნებით წამოვლენ სამუშაოდ საქართველოში და მინიმალურ ეფექტს დაუტოვებენ ჩვენს ქვეყანას, არადა, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური სარგებელი საქართველოს დავუტოვოთ.
რაც შეეხება თემას „ერთი სარტყელი _ ერთი გზა“, ჩინეთს საკუთარი ქვეყნიდან სხვადასხვა ქვეყანაში გასასვლელად 20-ზე მეტი გზა აქვს, აქედან ერთ-ერთი ჩვენს ქვეყანაზეა გამავალი. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს სარკინიგზო რესურსი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და შევთავაზოთ ჩინელებს თუ ევროპელებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ რკინიგზისთვის საკმარისი ტვირთი არ არის და პერსპექტივაშიც არ ჩანს. გარდა ამისა, ჩვენს რეგიონში თვითონ მდგომარეობაც დაულაგებელია იმ კუთხით, რომ საქართველოს თავისი ტარიფები აქვს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთს, თურქეთს _ თავიანთი. ეს დაულაგებელი სტრუქტურაა და არც ერთ გადამზიდავს არ უნდა, რომ ამდენ ქვეყანასთან ჰქონდეს ტარიფებზე მოლაპარაკება. მას ურჩევნია, ერთ კომპანიასთან ითანამშრომლოს, იცოდეს, რა ფიქსირებული ტარიფია, თავისმა ტვირთმა რომ დროში გაწერილად, სტაბილურად გაიაროს გზა.
ყველა მსხვილ მოთამაშეს უკვე დალაგებული აქვს ეს გზები, მათ შორის, სარკინგზოც, რომელიც, ძირითადად, რუსეთზე გადის, სადაც არ ხდება ხოლმე ჩინელებისთვის ტვირთების მასობრივად შეფერხებულად გადატანა. ამ ყველაფერს რომ თავი დაანებონ და საქართველოში წამოვიდნენ, სადაც ამდენი პრობლემაა, საკმაოდ რთულად წარმოსადგენია. ამდენად, რომ ვთქვათ, აბრეშუმის გზა ერთადერთი გზაა მათთვის ჩინეთიდან ევროპისკენ გასავლელად, ეს ასე არ არის, ჩინეთს უამრავი ალტერნატივა აქვს და მათ შორის, ერთ-ერთი ვართ ჩვენ.

საბოლოოდ, მთელი პოტენციური საფრთხეებისა თუ გაფორმებული ხელშეკრულებების მიღმა რეალუარად განხორციელებული საქმეები უნდა იდგეს. ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და იმედია, მიღებული მოგება და შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკის მკვეთრად განვითარების საშუალებას მოგვცემს.

ნინო ტაბაღუა