ნამდვილი საბროკერო კომპანიები, თუ კრახისთვის განწირული მოგების ახალი ტალღა?

გასული წლიდან ბაზარზე აქტიურად გამოჩნდნენ საბროკერო კომპანიები, რომლებიც მსურველებს საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე გასვლასა და თავიანთი ცოდნის შესაბამისად, ყოველთვიურად, 10-დან 30%-მდე მოგებას სთავაზობენ. პრინციპი კი მინიმალური კაპიტალით, ბირჟაზე ვალუტით, ან აქციებით ვაჭრობა გახლავთ. მსგავს კომპანიებში უკვე არაერთი ქართველი გაწევრიანდა, რომლებიც თავიანთი კაპიტალით ბირჟაზე გავიდნენ და ვაჭრობენ, თუმცა ყველაზე დიდი საფრთხე ამ ყველაფერში არის ის, რომ ქვეყნის მთავარი ბანკი ამ კომპანიების საქმიანობას არ არეგულირებს.

გასული თვის ბოლოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამაფრთხილებელი განცხადება დაიდო იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ამ სავაჭრო სისტემაში არიან ჩაბმულები. განცახდების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს ისეთ კომპანიებთან ურთიერთობისას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ: „აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას სთავაზობენ ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას.
ასეთი კომპანიები, შეიძლება მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს „საფინანსო“, „საბროკერო“, „საინვესტიციო“ და ა. შ., რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საფინანსო სექტორის ლიცენზირებული წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული. საქართველოს კანონმდებლობით, ე. წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე, არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ.
ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება“, _ აფრთხილებს მოსახლეობას ეროვნული ბანკი.
ზოგიერთი ამ განცხადებას „ხელების დაბანისა“ და პრობლემიდან გარიდების საშუალებას უწოდებს, მაგრამ აქ მთავარი კითხვაა, ეს დაწესებულებები ნამდვილად სანდო საბროკერო კომპანიებს წარმოადგენენ, თუ მორიგი ფინანსური ხაფანგია, რომელსაც ასე მიჩვეულია ქართველი მოსახლეობა, მით უფრო საფინანსო კომპანია „საქართველოსა“ და ქსელურ მარკეტინგად შეფუთული Qnet-ის შემდეგ.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ფინანსური პირამიდის ტიპის კომპანიების კვლევა ჩაატარა, სადაც ისეთი მახასიათებლებიცაა აღნიშნული, რომლებიც საბროკეროებს ახასიათებთ, თუმცა ეს აპრიორი არაა იმისა, რომ საბროკეროები რაიმე ფინანსურ მახეს წარმოადგენენ.
საბროკერო კომპანიები, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, გასულ წელს გამოჩნდნენ აქტიურად, აცხადებენ, რომ მათ ცნობილი ბრიტანული ბანკები უმაგრებთ ზურგს, ჰყავთ თავიანთი ანალიტიკოსები, რომლებიც ბირჟაზე ვაჭრობის პროგნოზირებაში ეხმარებიან და მომხმარებლებსაც, პირველ რიგში, სასწავლო ტრენინგ კურსებს სთავაზობენ, რომლის გავლის შემდეგაც დემო ანგარიშებით (ანუ სასწავლო ანგარიშებით) ვაჭრობის სპეციფიკაში არკვევენ, შემდეგ კი ნამდვილ სავაჭრო სისტემაზე გადაჰყავთ.

გიორგი კეპულაძე _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი:
_ შეუძლებელია, საერთაშორისო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობისას ვინმემ 20-30%-იანი სტაბილური მოგება ნახოს. რაც შეეხება ბანკების მიერ მათთვის ზურგის გამაგრებას, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში, ეს კომპანიები საკუთარ საქმიანობას ასე ფუთავენ, რომ კავშირები აქვთ უცხოურ კომპანიებთან, საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობენ, შესაძლოა, რამდენიმე მომხმარებელს რაღაც დივიდენდი გადაუხადონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, რეალურად, შეუძლებელია, რომ თუნდაც საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობით ამხელა მოგება ნახონ როგორც მომხმარებლებმა, ისე ნებისმიერმა კომპანიამ. ამიტომ უნდა იყვნენ მომხმარებლები ფრთხილად. თუ კომპანია ამბობს, რომ რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და რეალურად Google-ს საძიებო სისტემაშიც კი არ მოიძებნება მასზე ინფორმაცია, ხომ ცხადია, რომ იტყუება?!
მე პირადად ერთ-ერთი ქართული საბროკერო კომპანიიდან დამიკავშირდნენ და სისტემაში ჩართვას მთავაზობდნენ. მითხრეს, რომ დოლარი-ევროს ვაჭრობის შედეგად, თვეში, საშუალოდ, 20-30%-იან მოგებას მომცემდნენ. მე კი ვხვდები, რომ ამხელა მოგება წარმოუდგენელია თვეში, წლიურად რომ 360%-იან და მეტ მოგებზე გავდივართ, რაც არც ერთი ლეგალური ბიზნესის უკუგება არ არის, შესაბამისად, ამხელა მოგების მარჟა ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, სამწუხაროდ, წარმოუდგენელია, თორემ ყველა ერთ დღეს გავმდიდრდებოდით.

გიორგი კეპულაძის ორგანიზაციის კვლევაში ყურადღება გამახვილებულია თაღლითური კომპანიების ნიშნებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, საბროკერო კომპანიებსაც ახასიათებთ:
– აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი;
– დამალული/რთული ბიზნესმოდელი. აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებასა და გაცემულ სახსრებზე ხდება;
– საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბვლელი შანსი.
კვლევის მიხედვით კომპანია MFX Broker Georgia-მ დააზარალა 111 ადამიანი და გაფლანგა 4.2 მილიონი ლარი.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც წესი, თაღლითური სქემების შემქმნელები თავს აიგივებენ ეკონომიკის სექტორის წარმატებულ სეგმენტად და მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, სავალუტო თრეიდერებად, უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებად, საქონლის მოვაჭრეებად (ძირითადად, ქსელური მარკეტინგის კომპანიები), კრიპტოვალუტების „მაინინგში“ ჩართულ კომპანიებად.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპანია ცალსახად ასახელებს, თრეიდერის, ანუ მოვაჭრის ყოველთვიურ მოგებას, საბროკერო კომპანიების ნაწილი კონკრეტული პროცენტის დასახელებისგან თავს იკავებს.

„ქრონიკა+“ ესაუბრა ერთ-ერთი საბროკერო კომპანია FX GROUP-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ მენეჯერს _ გიორგი კალანდაძეს:
_ ვერც ერთი კომპანია მომხმარებელს ზუსტ პროცენტულ მოგებას ვერ შესთავაზებს. შეიძლება ტრეიდერს მაღალმოგებიანი თვე ჰქონდეს, ან პირიქით. მოგების ან წაგების პროცენტული მაჩვენებელი არ არის სტაბილური და კონკრეტული.
მე და ჩემი პარტნიორები ე.ბ.-ს რეგულაციებს მივესალმებით, ვფიქრობთ, რომ საჭიროა კიდევაც. თვითონაც თრეიდერი ვარ, ვვაჭრობ, არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ ინვესტორებთან ერთად და ვიცი, რომ ამ საქმეში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კაპიტალია, როგორ, რა დატვირთვით და რამდენი თრეიდერი იმუშავებს. გააჩნია, რა პროდუქტით ვაჭრობ და ა. შ., თორემ როცა ამბობენ: „თუ ამ სისტემაში ფულს ჩადებთ, თქვენი მოგება იქნება…“ _ ეს ფორმულირებაც კი უკვე არასწორია. უნდა თქვან, _ თუ იშრომებ, ანალიზის უნარს გამოიმუშავებ, ისწავლი, გამოცდილ თრეიდერებსა და მენეჯერებს დაუჯერებ, ამ შემთხვევაში საშუალება გაქვს, მოიგო. თორემ „შენ ჩადე ფული და კონკრეტულად ამდენს მიიღებ“ _ ეს უკვე ტყუილთან და გალამაზებულ ისტორიასთან უფრო ასოცირდება. ინფორმაციის საზოგადოების ნაწილისთვის ასე მიწოდება უკვე არასწორია.
ვფიქრობ, ამ კომპანიებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი ციფრების დასახელებისგან.
საზოგადოებას ვურჩევდი, რომ უფრო კომპეტენტურ პირებს ენდოს, ვიდრე ახალგაზრდა მენეჯერებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის განახორციელებენ ინვესტიციებს.
მახსოვს, იყო ერთი კომპანია, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა და რომელმაც შემდეგ კრახით დაასრულა.
ჩვენ მალე მოსახლეობას ძალიან მაგარ რამეს ვპირდებით, რომ მათი კაპიტალი დაზღვეული იქნება ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში. რაც შეეხება მათ მიერ კაპიტალის უკან გამოტანას, ეს კლიენტის იურიდიული უფლებაა, მას თავისი ონლაინ კაბინეტი აქვს, საიდანაც გამოწერს თანხას, ეს მისი უფლებაა და შეუძლია, არავის ჰკითხოს, ამაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა თუ, მაგალითად, ტერმინალით ვაჭრობისას ტექნიკურად სისტემა „გაიჭედა“ და თრეიდერმა იზარალა, სწორედ ის ზარალი უნაზღაურდებათ.
ჩვენი კომპანია 2016 წლის აგვისტოში დაარსდა და დღეს თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე გვაქვს ოფისი, მალე ბათუმშიც გვექნება, გვყავს რამდენიმე შვილობილი კომპანია სხვა ქვეყნებში. ზურგს კი რამდენიმე ბანკი გვიმაგრებს, რაც იმით გამოიხატება, რომ კვოტირებას გვაწვდიან ლონდონის, სინგაპურის, ჩინეთის, ტოკიოს, რუსეთის ბირჟაზე. სადაც ფასები ფიქსირდება, ჩვენ წამის მეასედებში გვაქვს კვოტირების წვდომა და ვიცით აქციების, კრიპტოვალუტების, ვალუტების ფასები. ეს ბანკები გვაძლევენ ამ ინფორმაციას, ჩვენ კი კლიენტებს ადგილობრივ ბაზარზე ვაძლევთ.
ჩვენი კომპანია ფიქრობს, თუ როგორ შევთავაზოთ ე.ბ.-ს, რომ რაღაც გარკვეულ რეგულაციებში მოგვაქციოს ჩვენივე სურვილით. პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. გვინდა, ქართული კომისია შევქმნათ. ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა და ვაპირებთ, სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდეთ და ვნახოთ, იქ რა რეგულაციებია. ვთქვათ, კანადა ავიღოთ და სტანდარტი შევქმნათ, რომ შემდეგ ჯანსაღი კონკურენცია იყოს ჩვენს ქვეყანაშიც.

ნიკა შენგელია _ FX GROUP-ის ფინანსური ანალიტიკოსი:
_ საბროკერო კომპანია თრეიდერს არაფერს ჰპირდება. კომპანია მომხმარებელს სწავლის კურსებს სთავაზობს და შემდეგ ბირჟაზე თვითონ თრეიდერი ვაჭრობს, მოსახლეობისგან დეპოზიტების მიღებისა და შემდეგ პროცენტის დარიცხვის უფლება კი მხოლოდ ბანკს აქვს. მომხმარებლის მიერ კონტრაქტის დადების შემდეგ შეტანილი თანხა ერიცხება პროვაიდერს, ვისაც ესა თუ ის FOREX კომპანია გაჰყავს ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ ვაჭრობა. თრეიდერი ხსნის და ხურავს პოზიციებს და რამდენს იგებს, ეს მის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
როცა სავალუტო ბაზარზეა საუბარი, იქ ძალიან დიდი რისკია, 100-დან 10%-ია იმისა, რომ თრეიდერი მოიგებს და 90% იმისა, რომ დაკარგავს. და ვინც იცის, ვისაც გავლილი აქვს ე. წ. ქოუჩინგი (იგივე წვრთნა), მასტერკლასი და მენეჯერის, გამოცდილი ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისინი წარმატებას მიაღწევენ. თქვენ ვერ განსაზღვრავთ, დეპოზიტის რამდენ პროცენტს გააკეთებთ და რამდენ ხანში, თუ იცი, როგორ თავისუფლად შეიძლება დეპოზიტის 30% გააკეთო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში. გამოცდილ თრეიდერებს, რომლებიც კითხულობენ და იციან, ანლიტიკურ სამსახურთან თანამშრომლობენ, მათ შეუძლიათ თავიანთი დეპოზიტის 10%-15%-იანი მოგება ნახონ.
უცხოური ბანკების მიერ ზურგის გამაგრება კი ნიშნავს შემდეგს: დავუშვათ, მოხდა ისე, რომ იმდენად წარმატებულად ივაჭრეთ, რომ 100 000 დოლარი მოიგეთ, ამის ლიკვიდურობას თქვენ საბროკერო კი არა, ის ბანკი გიხდით, ვინც ლიკვიდურობას გაძლევთ, რომელთანაც ხელშეკრულებაა გაფორმებული.
_ არის თუ არა სანდო ყველა მსგავსი ქართული კომპანია?
_ ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ე.ბ.-ს განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ენდოთ ქართულ კომპანიებსო. რას ნიშნავს ეს? აბა, ვის უნდა ენდოთ? საქართველოში შემოსულია რუსული საბროკერო კომპანიები, ქართველმა მოსახლეობამ იქით შეიტანოს ფული და რუსულმა კომპანიებმა მიიღონ მოგება?! საერთოდ, მივესალმებით, რომ ამ საბროკერო კომპანიების რეგულაცია მოხდეს და საწესდებო კაპიტალი უნდა გაიზარდოს, მაგრამ განცხადება, რომ არ ენდოთ ამ კომპანიებს, ენდეთ რუსულ, უცხოურ კომპანიებს, სწორად არ მიმაჩნია. რისკი დიდია, როცა ფულს დებ, თუ არ იცი ვაჭრობა, რა თქმა უნდა, დაკარგავ. ყველაფერი ცოდნასა და შრომაზეა დამოკიდებული.

მ.ტ. _ ერთ-ერთ ქართულ საბროკერო კომპანიაში გაწევრიანებული ახალგაზრდა:
_ ონლაინ შეთავაზების შემდეგ კონკრეტულ საბროკერო კომპანიაში მივედი, ორკვირიანი ტრენინგკურსი გავიარე, საიდანაც მიღებული ცოდნა დემო-ანგარიშებზე ვარჯიშით გავამყარე, რის შედეგადაც, მეტ-ნაკლებად, ავითვისე ბირჟაზე ვაჭრობის ტექნიკა. მინიმალური კაპიტალით ვაჭრობა დავიწყე, რასაც დღესაც ვაგრძელებ. ჩემი შეტანილი თანხიდან კომპანიის საპროცენტო მოგება 1,5%-ს უტოლდება, საკომისო თანხის რაოდენობა კი შეტანილი კაპიტალის რაოდენობის მიხედვით რეგულირდება.

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე:
_ საბროკერო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე ვალუტების ყიდვა-გაყიდვის საშუალებას იძლევა. ეს კომპანიები, როგორც წესი, საშუალებას აძლევენ კლიენტურას, რომ მასთან ანგარიში გახსნან, რასაც სავაჭრო დეპოზიტი ჰქვია და სთავაზობს მომსახურებას, ანუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. ეს კლიენტი სავაჭრო ბრუნვით სარგებლობს, ანუ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, FOREX ბროკერი კი კომისიას იღებს ყოველი დადებული გარიგებიდან. ამ შემთხვევაში კლიენტი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ყიდვაზე, ან გაყიდვაზე.
აქ რამდენიმე პრობლემა იკვეთება:
1. ეს არის სარისკო ბაზარი, _ პოტენციური შემოსავლიანობა, ისევე, როგორც პოტენციური დანაკარგი, მაღალია. ამის შესახებ ყველა კლიენტი უნდა იყოს გათვითცნობიერებული, უნდა ესმოდეს, რასთან აქვს საქმე;
2. შესაძლოა, თვითონ FOREX ბროკერმა კლიენტს არა საბირჟო, არამედ არარეალური კურსები მისცეს, რაც პოტენციური თაღლითობის ელემენტია;
3. კლიენტმა თუ მოიგო, შეიძლება, პრობლემა შეექმნას თანხების მიღებაზე, გამოტანაზე. დაბოლოს, სავალუტო ბაზარზე რომ, მეტ-ნაკლებად, გათვითნობიერებულ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, ამას, მინიმუმ, 2 წლამდე დრო სჭირდება. ჩვენთან ბოლომდე არ არიან გაცნობიერებული ბაზრის ქცევაში, ტექნიკაში, არ იციან თრეიდინგის ფსიქოლოგია. ამიტომ აღმოჩნდებიან ხოლმე წამგებიან პოზიციაზე.
რაც შეეხება თვითნ FOREX კომპანიებს საქართველოში _ საერთოდ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს კომპანიები არიან რეგულირების ქვეშ, ანუ ჰყავთ მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არაა აუცილებელი, რომ ე.ბ. იყოს. არსებობს ფინანსური ბაზრის კომისიები, რომლებიც აწესებენ გარკვეულ წესებს და ნორმატივებს, შესაბამისად, ყველა კომპანია, რომელსაც რეგულატორი ჰყავს, ლიცენზირებას ექვემდებარება, ამის მისაღებად კი აუცილებელია:
1) კაპიტალიზაცია, მინიმუმ, დაახლოებით, 10 მლნ-ს აღწევს;
2) უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი.
ყველაფერ ამას კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენთან ასეთი რამე არ ასებობს.
როგორც იცით, ე.ბ. მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თავის გვერდზე დადო განცხადება, რომ ეს არის სარისკო ბაზარი და ყველა უნდა აცნობიერებდეს ამას, რაც, პრინციპში, სწორია, მაგრამ ამით, ე.ბ.-მ „ხელები დაიბანა“ და არავითარი ინიციატივა, რომ თავისი რეგულირების ქვეშ მოაქციოს ისინი, არ აიღო. რადგან ჩვენთან სხვა ორგანო არ არსებობს და თან, ამასობაში, არავითარი მარეგულირებელი ქვედანაყოფი არ შექმნილა, გვინდა თუ არა, ამ საბროკეროებს ე.ბ. უნდა არეგულირებდეს და მისი დღევანდელი პოზიცია როგორც მისი იმიჯისთვის, ისე მოსახლეობისთვისაც წამგებიანია.
ჩვენთან იქ წარმოდგენილი კომპანიები ყიდულობენ წამყვანი ფორექს ბროკერებისგან ფრანჩიზას (Franchising) _ ეს არის ბრენდის სახელის, პრინციპების, მეთოდების ყიდვა და ბაზარზე გასვლის საშუალება (მაგ. ჩვენთან Mackdonalds არის ფრანჩიზა). მაგრამ ასეთ კომპანიებს არ გააჩნიათ კაპიტალიზაცია და შესაბამისად, ისინი კლიენტთან მიმართებით იქცევიან ისე, როგორც თვითონ მიიჩნევენ საჭიროდ, აქ კი ზოგი კეთილსინდისიერია, მაგრამ ზოგი, შეიძლება, არ იყოს ასე.
მაგალითად, ზოგიერთმა FOREX კომპანიამ იმისთვის, რომ მომხმარებლების ნდობა გაეზარდა, სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულება დაუდო იმ თვალსაზრისით, რომ კლიენტი თუ მოინდომებს თავისი კუთვნილი თანხების ან მოგების მიღებას, ის დაზღვეულია.

რამდენად არის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი საბროკერო კომპანიები საფრთხე მოსახლეობისთვის, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის კომპანიიდან თაღლითობის გამოცდილება გვქონია, დღეს არსებული საბროკეროებიდან ნაწილი ეროვნული ბანკის რეგულაციებს მიესალმება და თავადაც იჩენს ინიციატივას ამ კუთხით.
ონლაინ ვაჭრობაში ჩართული მოსახლეობის რიცხვი კი იზრდება. საბოლოოდ, როგორ დარეგულირდება არსებული სიტუაცია, ამას მხოლოდ დრო, კომპანიების კეთილსინდისიერების ხარისხი და ე.ბ.-ს მიერ გატარებული პოლიტიკა გვაჩვენებს.

ნინო ტაბაღუა