მარიამ რამინაშვილი: „ხელისუფლების მიერ წაქეზებული ძალადობა, უპირველესად, მოზარდებში იჩენს თავს!“

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრი კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენს დღევანდელ ყოფასა და მომავალზე. ფაქტია, რომ ეს ლოკალურ-ერთეული შემთხვევა არ არის და ძალადობის მიზეზები უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ შრეებში უნდა ვეძიოთ.

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტია პარტია „ევროპული საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი _ მარიამ რამინაშვილი:
_ უმძიმესია ამ სიტუაციაზე კომენტარი. ყველა, ვისაც კი შეხება აქვს ამ ამბავთან, საშინელ (ტრაგიკულ) მდგომარეობაშია და თანავუგრძნობ მათ.
ფაქტი კი ერთია _ ამ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და შექებული ძალადობა, უპირველესად, ფაქტებად, ამბებად და ქცევად მოზარდებში იჩენს თავს!
ეს ტრაგედია ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის. ამ ამბავმა მოზარდების პრობლემების ლუსტრაცია მოახდინა; გაზრდილია აგრესია და, ფაქტია, რომ დაუსჯელობის სინდრომიც არსებობს. ყველაფერი კი, დიდი სისწრაფით უკან მსვლელობისას, ძალიან ჰგავს ავბედით 90-იანებს.
შეიძლება, არაპოპულარული იყოს ჩემი პოზიცია, მაგრამ ჩემთვის ეს ამბავი ქვეყანაში არსებული სიტუაციის ერთი კონკრეტული გამოვლენაა და ერთი სკოლის მიერ (ნებისმიერ შემთხვევაში) მისი პრევენცია შეუძლებლად მიმაჩნია. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საგანმანათლებლო სისტემამ თავისი პასუხისმგებლობა არ გააცნობიეროს.
_ ამ ძალადობრივი რეალობის მიზეზებს რაში ხდავთ და რა ნაბიჯებია საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად?
_ უახლოეს წარსულში (ყველას გვახსოვს), სკოლებში მანდატურის სამსახურის გაუქმების არგუმენტად ამ უკანასკნელის პოლიციური ხასიათი განიხილებოდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა მანდატურის სამსახურის ავტორიტეტზე. მის საქმიანობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა მანდატურის საქმიანობა სკოლაში და, ფაქტობრივად, იგი ფორმალურ ინსტიტუციად გადააქცია.
დღეს კი, როცა პრობლემის წინაშე დავდექით, გამოსავლად სკოლაში არათუ მხოლოდ მანდატურის, არამედ პოლიციის მონაწილეობაც განიხილება. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ვერც ეს გადაწყვეტს პრობლემას. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, ვიდრე სახელმწიფო არ უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში დაისაჯოს დამნაშავე, არ იყოს წახალისებული ბულინგი და ყველასთვის ერთი სამართალი არსებობდეს, ვერასოდეს შევძლებთ მოზარდებში ძალადობის პრევენციის უზრუნველყოფას.
აუცილებლად უნდა გააქტიურდეს სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო აქტივობების, სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოისპოს შერჩევითი სამართლის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ამ ბოლო დროს სკოლებში ძალიან გახშირებულია.
_ ბოლოს, რა წინადადებებით მიმართეთ პარტიამ განათლების ახალ მინისტრს?
_ პირველი ეხება სერტიფიცირებულ ე. წ. უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ხელფასის გამოთვლის წესს, რაც არაერთხელ გახმოვანდა, მაგრამ სამინისტრო ჯიუტად არ ინტერესდება ამ საკითხით. თავის მხრივ, არსებული მიდგომა უარყოფითად აისახება როგორც წარმატებული პედაგოგების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც. საკითხი ეხება ამ პედაგოგების საათობრივი დატვირთვისა და სტატუსის შესაბამისი დანამატის ურთიერთდამოკიდებულებას.
სამინისტრომ სერტიფიცირებული პედაგოგებისა და, საერთოდ, პროფესიული ზრდის პროცესისათვის უნდა შექმნას მოტივაცია, ბრძანებით უზრუნველყოს საათების განაწილების დროს სერტიფიცირებული/სტატუსის მქონე პედაგოგის სრული დატვირთვა, რაც მათ უპირატეს პოზიციაში ჩააყენებს და დაასრულებს იმ უსამართლობას, რაც დღეს აშკარაა სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიცირებული პედაგოგების მიმართ.
ამ მომენტისთვის 16 000 სერტიფიცირებული პედაგოგიდან სრული დატვირთვა აქვს მხოლოდ 8000-ს, შესაბამისად, 8000-მდე პედაგოგი არ იღებს კუთვნილ სრულ დანამატს. ასეთი ცვლილება იქნება საწინდარი, ნებისმიერმა უფროსმა თუ წამყვანმა მასწავლებელმა სრულად მიიღოს სასერტიფიკაციო დანამატი, რაც თავისთავად გახდება პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმი და, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება განათლების ხარისხზეც.
ანალოგიური მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგებთანაც. სპეციფიკიდან გამომდინარე, სრული დატვირთვის მქონე პედაგოგების რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული პედაგოგების უმრავლესობა ასეთი დანამატის გარეშეა დარჩენილი.
უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შემთხვევაში ხელფასის მატება შეეხება არა პედაგოგთა კორპუსის 14, არამედ 30%-ს.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ხელისუფლების მიერ შემოღებული სტუდენტების პროგრამული დაფინანსების წესი, რომელიც არსებულის პარალელურად, წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტიან ხარჯს. მოცემული თანხებით, ძველი საგრანტო წესის შენარჩუნებით შესაძლებელი იქნებოდა ყოველწლიურად გაცილებით მეტი სტუდენტის დაფინანსება.
2016 წელს განათლების მინისტრის მიერ დაანონსდა, რომ სტუდენტთა დაფინანსების წესი 2017 წლისთვის აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. უფრო მეტიც, არსებული ფორმა შეფასდა, როგორც არასწორი და მავნებლური წესი. მიუხედავად ამისა, 2017-18 სასწავლო წლისთვის შეცვლილი არაფერია, გასული წლების პრაქტიკის იდენტურია და იმ მანკიერ მიდგომას აგრძელებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლისთანავე შემოგვთავაზეს.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს კვლავ არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს. არსებული თანხით, ძველი და ახალი წესის სწორად და რაციონალურად განაწილების შემთხვევაში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტი იქნებოდა (100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი, ან მხოლოდ 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი გრანტები).
არაეფექტიანობა და უსამართლობა გახლავთ ის, რომ პროგრამული დაფინანსების სტუდენტები, სხვა პროგრამებზე იგივე შედეგების მქონე სტუდენტებთან შედარებით, იღებენ ორმაგ დაფინანსებას, ხოლო სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ მიუღიათ სასწავლო გრანტები და, შესაბამისად, აჩვენეს დაბალი შედეგები, იღებენ 100%-იან დაფინანსებას.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს ფაქტი იმ შემთხვევაში, როცა ყოველწლიურად იმატებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ამჟამინდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა უკვე 45 ათასს აჭარბებს.
მესამე _ ეს გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არსებული მოგების გადასახადი. დღეს უნივერსიტეტების ძირითად შემოსავალს (90-95%) სწავლების თანხა წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთი ხელით აძლევს სტუდენტს გრანტს, ხოლო მეორე ხელით _ უკანვე ართმევს უნივერსიტეტს იმ ფულს, რომელიც მან სტუდენტის განათლებას უნდა მოახმაროს.
ის შეღავათი, რომელიც დღეს არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან (სკოლებთან) მიმართებით (მხოლოდ სკოლები არიან განთავისუფლებული მოგების გადასახადისგან), უნდა ვრცელდებოდეს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული.
2017 წლიდან, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ორგანიზაციები, რომლებიც არ გაიტანენ მოგებას, განთავისუფლებულები არიან მოგების გადასახადისგან. ამ ფონზე, ასეთი მიდგომა საჯარო იურიდიული პირი _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უსამართლოა. მათი სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა ამოქმედდეს განსაკუთრებული მექანიზმი, რაც მათთვის მოგების გადასახადის საერთოდ გაუქმებას უნდა ითვალისწინებდეს.
აუცილებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განთავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან, შეუმცირდეთ საგადასახადო ტვირთი, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევრებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.

გიორგი მეფარიძე