შევარდნაძის დროის მელეხი და სააკაშვილის „9-წლიანი“ ჯოჯოხეთიდან პორტირებული კახაბერ ოქრიაშვილის სამოთხე

ოქრიაშვილის „ჯოჯოხეთი“ შპს „პსპ“-ს (PSP) გენერალური დირექტორობიდან _ 1995 წლიდან იწყება და დღემდე არ მთავრდება.
ის 2012 წლიდან წარმატებით პორტირებულ „ქოციონალთა“ სიაშია და დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მედროშეა.

კახაბერ ოქრიაშვილი დაიბადა 1966 წლის 21 მარტს; 1989-1990 წლებში სოფელ განთიადის საექიმო „უბინტო“ და უბამბო ამბულატორიის ექიმი იყო. ამის შემდეგ დმანისის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა და აქ 1995 წლამდე იმუშავა.
სწორედ ამის შემდეგ იწყება კახაბერ ოქრიაშვილის მილონერობისაკენ ლტოლვა და შევარდნაძის დამშეული და კორუფციული მმართველობის პერიოდში ის შპს „პსპ“-ს 59%-იანი წილის მფლობელი ხდება.
ოქრიაშვილის „პსპ“, დარეგისტრირებიდან მალევე, საქართველოს ბაზარზე წამლების ექსპორტს ახორციელებს: შემოაქვს და ყიდის. თუმცა იმ პერიოდის ანგარიშები დღეს ნაკლებად იძებნება, თუ რა მოგებას ნახულობდა ოქრიაშვილი და მისი მედიკამენტების ბიზნესი. ამ საქმიანობის პარალელურად კახაბერ ოქრიაშვილს, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოუვიდა და მან დმანისის რაიონის მაჟორიტარობა მოინდომა, _ 2004 წლის მე-6 მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც გახდა. გახდა და ოქრიაშვილის ბიზნესაღზევებაც უსწრაფესი ტემპებით დაიწყო.
ოქრიაშვილის ბიზნესი გაფართოებას იწყებს და ბაზარზე ის არაერთ შპს-სა და კომპანიას აფუძნებს, რასაც ავადმყოფი ადამიანების გაღლეტის ხარჯზე მისი ოჯახისთვის მილიონები მოაქვს.

ჩამონათვალი „ქართული ოცნების“ დღევანდელი მედროშის, კახაბერ ოქრიაშვილის ბიზნესკომპანიებისა დღეს:
* შპს „პსპ ფარმა“ _ 95.00%;
* შპს „სპორტს საიენს ჯორჯია“ _ 100.00%;
* შპს „ჩვენი ჯანმრთელობა“ _ 100.00%;
* შპს „ალფა“ _ 100.00%;
* შპს „პსპ აფთიაქი“ _ 25.00%;
* შპს „ჯეომედ Geomed“ _ 100.00%;
* შპს „აქსა მედიქალ“ _ 25.00%;
* შპს „პატრია მედიკა“ _ 100.00%;
* შპს „პსპ ჰოსპიტალს“ _ 100.00%;
* სს „პსპ დაზღვევა“ _ 100.00%;
* შპს „მედკაპიტალი“ _ 50.00%;
* შპს „PSP“ _ 59.00%;
* შპს „მანდარინი“ _ 100.00%;
* შპს „ნიუ ჰოსპიტალს დაზღვევა“ _ 100.00%.

დიახ, ბატონებო, ეს და, სავარაუდოდ, არა მარტო ეს კომპანიები ეკუთვნის დეკლარირებულად დღეს „ქართული ოცნების“ მილიონერ დეპუტატს.
ამ ფირმების ბიზნესსაქმიანობა, რაც ცნობილია, ყველაფერი ავადმყოფი ადამიანების ჯიბიდან ფულის ამოქაჩვას ემსახურება. თუმცა სანამ ოქრიაშვილის სხვა ბიზნესინტერესებზეც გეტყოდეთ, მანამდე მცირედად ვნახოთ ჩამონათვალი, თუ რას საქმიანობს მისი ფარმაცევტული კომპანიები.
მაგალითად:
შპს „პსპ“ ფარმა აწარმოებს ფარმაცევტული პროდუქტების ყიდვა-გაყიდვას, სამედიცინო აპარატურის დისტრიბუციას და აქვს უდიდესი სააფთიაქო ქსელი;
შპს „სპორტს საიენს ჯორჯია“ _ სპორტული კომპლექსები და სპორტული სკოლების სექციები;
შპს „ჩვენი ჯანმრთელობა“ _ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრეპარატის დისტრიბუტორი;
შპს „ალფა“ _ კომერციული ფართების იჯარით გაცემა;
შპს „პსპ აფთიაქი“ _ ფლობს სააფთიაქო ქსელს ქვეყნის მასშტაბით;
შპს „ჯეომედ Geomed“ – სამედიცინო სახარჯი მასალები, სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა და პროდუქტები, მედიცინა-სილამაზე და სპორტი, სამედიცინო აპარატურით, მოწყობილობებით და ინსტრუმენტებით ვაჭრობა;
შპს „აქსა მედიქალ“ _ საქმიანობის სფერო: ამბულატორიული მომსახურება, გინეკოლოგიური მომსახურება, ექოსკოპიური მომსახურება, კარდიოლოგიური მომსახურება, კლინიკები, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრები; ოფთალმოლოგიური მომსახურება; სამედიცინო ლაბორატორიები; ფსიქოლოგიური მომსახურება და ა. შ.
მოკლედ, ოქრიაშვილის ფირმების დეტალები ამ გაზეთის ფურცლებზე, შეიძლება ითქვას, სრულად არ დაეტევა. თუმცა არის ისეთი სახის სხვა დეტალები, რომლებიც, ვფიქრობთ, ჩვენმა მკითხველმა ნამდვილად უნდა იცოდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი _ 17 429 052 ლარი _ დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული;
პარლამენტის დღევანდელი წევრი ფლობს 451 კვ.მ. მიწის ნაკვეთს დმანისში; 500 კვ.მ. საცხოვრებელ სახლსა და 1250 კვ.მ. მიწის ნაკვეთს წავკისში; 888 კვ.მ. მიწის ნაკვეთს დედაქალაქში; 12 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთს წავკისში; 6 363 კვ.მ. და 3 091 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთებს წავკისში; 31,40 კვ.მ. ფართობისა და 32 კვ.მ. ბინებს დმანისში; 1 682 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; 4 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 200 კვ.მ საცხოვრებელ სახლს დმანისში;
კახაბერ ოქრიაშვილს ასევე ეკუთვნის სს „ელექტრონიკა 94“-ის 21 624 აქცია; სს „პსპ დაზღვევის“ 5 000 000 აქცია, რომელიც 2016 წელს 5 000 000 ლარად შეიძინა; მის საკუთრებაშია ასევე „პსპ დაზღვევის“ 9 000 000 აქცია, რომელიც 2015 წელს 9 000 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მას „ბანკი ქართუს“ მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა: 65,36 დოლარი; 5 412,70 ლარი; 0,29 ევრო; 2 578,48 დოლარი; 698,34 ევრო; შპს „პსპ ფარმას“ საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 17 400 000 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონიკა 94“-ის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა _ 29 052 ლარი.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატთან ან მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საწარმოებია: შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“ (შპს „ლინატი“); სს „ქართული ლუდის კომპანია“ (შპს „ლინატი“); შპს „მედკაპიტალი“ (შპს „ლინატი“); შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“ (შპს „პსპ ფარმა“) და შპს „მედკაპიტალი“ (შპს „პსპ ფარმა“).
ოქრიაშვილის შემოსავალმა გასულ წელს პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე 64 458 ლარიც შეადგინა, ხოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, საწარმოების: შპს „ჯეომედის“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „პსპ დაზღვევის“, შპს „ალფას“, შპს „პატრია მედიკას“, შპს „მანდარინის“, შპს „ჯი-სი-თი ინჯინერინგის“, შპს „პსპ“-ს, შპს „სანიმედის“, სს „ელექტრონიკა 95“-ის, შპს „მარგვეთის“, შპს „ჯი-ემ-პი პროდაქშანისა“ და შპს „აქსა მედიქალის“ წილების მართვა ოქრიაშვილს სხვა პირზე აქვს მინდობილი.
პარლამენტარი უვადო პარტნიორია შპს „ჯისითი ინჯინერინგშიც“ და კახაბერ ოქრიაშვილის სახელს უკავშირდება შპს „მარგვეთი“, „GMP Production LTD“, შპს „სანიმედი“ აგრეთვე არის შპს „ლინატის“ პარტნიორი და დირექტორი. რაც შეეხება ოქრიაშვილის ბიზნესს, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებში წილების მართვა მინდობით ხორციელდება, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, ვის მიანდო პარლამენტარმა ქონების მართვა.
კახაბერ ოქრიაშვილის ბიზნესკომპანიებისთვის მსუყე ლუკმაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შედეგად მოპოვებული გამარჯვებებიც. ასობით მოგებული ტენდერი და გამარტივებული შესყიდვები სწორედ ოქრიაშვილის ბიზნესკომპანიებს ეკუთვნის.
ფული ოქრიაშვილის ჯიბეში ფაქტია, ყველა კუთხიდან ცვივა. ადრე თუ ის ფულს „ნაციონალური მოძრაობის“ „9-წლიანი“ მმართველობის დროს ქაფავდა, ახლა ის „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც უბადლო მომქაფველია. ქაფე, ბატონო კახაბერ, მაგრამ, იქნებ, ამ მოქაფულიდან შეგვახსენოთ, რა საქველმოქმედო ღონისძიებები გაქვთ გამართული უმწეო ადამიანებისთვის? ვის და რომელ უმწეოს დახმარებიხართ? ან სად დაგიპურებიათ მშიერი ბავშვები? შეგვხსენეთ და ამ სიკეთესაც არ დაგიკარგავთ. დავწერთ და ვაჩვენებთ ჩვენს მკითხველს…
ისე, რა საინტერესოა, მილონებს შოულობთ დღეს, ბატონო კახა და თქვენთან კავშირში მყოფმა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 120 000 ლარი როგორ შესწირა? მეტი ვერ გაიმეტეთ?!
მოკლედ, პორტირებული „ნაცი“, კახაბერ ოქრიაშვილი, დღეს მიხეილ სააკაშვილის „9-წლიან რეჟიმს“ ემიჯნება. სამაგიეროდ, არ ემიჯნება იმ მილიონებს, რომელიც მან სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დააგროვა და ავადმყოფი ადამიანების ჯიბიდან ბლომად ამოქაფა. დღეს ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტაშს უკრავს და საქართველოში წამლების ბიზნესის მონოპოლისტია.

გიო ნაცაძე