„молодці!“ „суддя – молодець!“ _ მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

როგორც მოსალოდნელი იყო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგების გახმოვანებას, როცა ნიკა მელიამ აღწერა, რას აპირებდა პარტია კიევში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, თავად პარტიის მომხრეების აზრის ორად გაყოფა მოჰყვა: ერთნი ენმ-ს თანმიმდევრულობას უწონებდნენ და მოცდას ურჩევდნენ, მეორენი კი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს, მინიმუმ, აქციების გამართვით გამოხატულს, ითხოვდნენ.

რადიკალურმა ნაწილმა ნიკა მელიას განცხადებიდან მხოლოდ ის ნაწილი აღიქვა გეგმად, სადაც კონკრეტიკა იყო: ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. ის ნაწილი კი, სადაც, ზოგადად, აქციების მოწყობაზე იყო საუბარი, როგორც დაგეგმილზე, უგულებელჰყო იმის გამო, რომ განცხადებაში ნათქვამი იყო ფრაზა „მათ შორის…“
საბოლოოდ, ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ენმ-მ მომხრეების რადიკალური ნაწილის მოთხოვნებიც დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მაინც შედგებოდა.
აქციის ადგილად ამჯერად საქართველოში უკრაინის საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, ხოლო დროდ 13:00 საათი განისაზღვრა _ ოდნავ ადრე იმ დრომდე, როცა კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო.
კიევის მსგავსად, თბილისის აქციაზეც პოლიციელების სიმრავლე შეიმჩნეოდა, ოღონდ, ასევე უკრაინელებისგან განსხვავებით, აქციაზე მისულებს არც უფიქრიათ მათთან დაპირისპირება, რადგან პოლიციელები მშვიდად იდგნენ ცოცხალ ჯაჭვში, აქციის მსვლელობაში არ ერეოდნენ და მათი მისია მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ მათ გზის სავალი ნაწილისკენ გადაადგილებას უშლიდნენ, ანუ, სხვაგვარად და პოლიციის ენაზე რომ ვთქვათ, მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
ენმ-ს ლიდერებიდან აქციაზე ყველაზე პირველად ნიკა მელია გამოჩნდა. „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ საუბარში მან განაცხადა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზადყოფნაშია:
„რა იხარშება ოლიგარქების თავში, შესაძლოა, ძნელი წარმოსადგენი იყოს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ: როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ანუ იმის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ, შინაპატიმრობას მიუსჯიან ელექტროსამაჯურით თუ, სულაც, ორი თვით დატოვებენ ციხეში და ექსტრადიციისთვის მოამზადებენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე აქვს ყველა ამ სცენარისთვის მორგებული სამოქმედო გეგმა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
კარგი იქნება, თუ თავად „ქართული ოცნება“ შეძლებს და მონახავს ძალას იმისთვის, რომ გამოფხიზლდეს რეალურად და მიხვდეს, რომ შეუძლებელია, მათთვის ეს ყველაფერი დამთავრდეს კარგად, რაც შეეხება პოროშენკოს, მისთვის ბატონი სააკაშვილი, თუნდაც, შინაპატიმრობის ფორმატში მოქცეული, ძალიან საშიშია და ეს თავადაც კარგად იცის, მით უმეტეს, რომ წარმოუდგენელია, სააკაშვილი ორი თვით სახლში გამოკეტო. და პოროშენკოსთვის ის მაინც საშიში იქნება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას წვდომა რომელიმე აქციასთან. რა თქმა უნდა, ვინ, თუ არა პოროშენკომ იცის, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების წნეხს მასზე…“
აქციაზე ენმ-ს პოლიტსაბჭოს თითქმის ყველა წევრი იყო. ამასთან, საელჩოსთან, ტროტუარზე, ორგანიზატორებმა მონიტორი დაამონტაჟეს, სადაც კიევიდან სხვადასხვა სტრიმი ენაცვლებოდა ერთმანეთს, ასე რომ, იქ განვითარებულ მოვლენებს აქციის მონაწილეები ლაივში ადევნებდნენ თვალს.
კიევში კი სიტუაცია საინტერესოდ ვითარდებოდა. დილიდანვე, მას შემდეგ, რაც პეჩორის სასამართლოს შენობაში სუკ-ის იზოლატორიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს, შენობასთან მისი პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა დაიწყეს მობილიზება. აღსანიშნავია, რომ პოროშენკოს შიში სააკაშვილის მომხრეებისადმი დეტალებშიც გამოიხატა: სასამართლოს სხდომის დარბაზად შენობაში არსებული ყველაზე პატარა დარბაზი შეირჩა, სადაც, ცხადია, ყველა მსურველი ვერ დაეტეოდა, ამიტომაც სხდომაზე მხოლოდ დეპუტატები, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ჟურნალისტები, ასევე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი შეუშვეს.
სამაგიეროდ, სასამართლომ თავიდანვე გამოიჩინა პატივისცემა სააკაშვილის პერსონის მიმართ, როცა მას ნება დართო, განსასჯელის შემინული კაბინიდან გამოსულიყო და ადვოკატების გვერდით დაეკავებინა ადგილი.
მოგვიანებით, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პრესისთვის მიმართვის ნებაც დართო, რაც სააკაშვილმა, ცხადია, გამოიყენა. მან განაცხადა, რომ პუტინისა და პოროშენკოს „სამხედრო ტყვეა“. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ამიტომ არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. სააკაშვილს არც მადლობის გადახდა დავიწყებია:
„მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელებიც აჩვენებენ უკრაინელების ღირსებას, თუ როგორი პრინციპები აქვთ უკრაინელებს და როგორ უყვართ თავისუფლება. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი კონფრონტაცია, მე არანაირი მძაფრი ქმედებებისკენ არ მოვუწოდებ, ეს მოძრაობა გაფართოვდება, რადგან ეს არ არის მოძრაობა სააკაშვილისთვის, ხალხი ქუჩაში სააკაშვილისთვის არ გამოდის. მე არ მეშინია. მათ შეუძლიათ, მე მომკლან, მაგრამ ვერასოდეს მოკლავენ უკრაინელ ერს და მათ მისწრაფებას თავისუფლებისადმი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
ამის შესახებ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს, მან მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ეს მისთვის რთული არჩევანია, მაგრამ მხარი დამიჭირა. იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქიის პირადი პატიმარი. მე საკუთარი თავი ტყვედ მიმაჩნია უკრაინული ოლიგარქიის, ვლადიმირ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის, რომელიც უკრაინას ანადგურებს. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტყვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან გისოსებს მიღმა ჩემი ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს“.
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არც იუმორს უღალატია:
„ხედავთ, რას ცდილობენ? დაამტკიცებენ, რომ მე „ფსბ“-ს აგენტი ვარ, მერე „ფსბ“-საც ხომ ჰყავს უკრაინელი ტყვეები, მათზე გამცვლიან და ბოლოს პუტინი გადამცემს, ალბათ, ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაზვერვას… ხედავთ, სანამდე დაეცნენ?“ _ გაიღიმა სააკაშვილმა და ისიც დაამატა, აგერ, იულია ტიმოშენკო სასამართლოებში მთელი სამი წლის განმავლობაში მონაწილეობდაო…
იულია ტიმოშენკო სასამართლო სხდომაზე მივიდა და სააკაშვილს ცალსახად მხარდაჭერა გამოუცხადა. ის, რადის სხვა 11 დეპუტატთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის თავდებობის ნებასაც გამოთქვამდა. სხდომაზე სხვა დეპუტატებიც იყვნენ.
საინტერესო იყო პოზიცია, რომელიც ბრალდების მხარემ გაახმოვანა. მათ ყველა ბრალდება გაიმეორეს, რომელიც უკრაინის გენპროკურატურას უკვე ჰქონდა გაჟღერებული, ოღონდ, ფანტაზია კიდევ უფრო მეტად აამუშავეს და ვერსია შემოაგდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც „რუსეთის კაცი“, თავად რუსულმა სპეცსამსახურებმა მოიშორონ, რათა მერე ეს ლიკვიდაცია უკრაინას დაბრალდეს. ამ სცენარში მათ დანგაძეც შეიყვანეს და დაასკვნეს, რომ ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი (ანუ სააკაშვილის ლიკვიდაციის თავიდან აცილებისთვის) მისი სადღეღამისო შინაპატიმრობაა, რა დროსაც მას ელექტრონული სამაჯური ექნება და რა დროსაც მას, პროკურორის თქმით, ხელს ვერაფერი შეუშლის, თავის თანამოაზრეებთან კონტაქტი ჰქონდეს შკყპე-ის მეშვეობით.
„თქვენ გესმით, ჩვენ სად ვცხოვრობთ? ეს არის 60-70-იანი წლების სსრკ-ს რიტორიკა“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრალდების სიტყვის პასუხად.
ბრალდების სიტყვის შემდეგ სიტყვა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მისულმა პოლიტიკოსებმა, რადის დეპუტატებმა აიღეს. ყველაზე აქტიური მხარდაჭერა იულია ტიმოშენკოსგან იგრძნობოდა, რომელმაც თავდებობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ სააკაშვილი არსად არ აპირებს გაქცევას:
„სააკაშვილი არსად გაიქცევა, მორალურობის მაღალი დონე და პატიოსნება არ მისცემს მას ამის გაკეთების საშუალებას, ამის გარდა, ხელისუფლება დიდი სიამოვნებით გადაიხდიდა დიდ ფულს იმისთვის, რომ ის ახლა პირდაპირ ადგეს და ქვეყნიდან წავიდეს… “ _ თქვა მან და დაამატა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ქვეყნის დასახმარებლად ჩამოვიდა, რადგან საქართველოში შეძლო ის, რაზეც უკრაინაში ოცნებობენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სცადეს დაერწმუნებინათ მოსამართლეები, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, რათა უკრაინაში დაბრუნებულიყო, ქვეყნიდან გაიქცევა, ან მართლმსაჯულებას დაემალება.
თავად მიხეილ სააკაშვილის სიტყვა არანაკლებ საინტერესო იყო: „ძვირფასო ესბეუშნიკებო, ორ კაცს ვერ გამომიყოფთ მცველად, რომ არ მომკლან? თქვენთვის ხომ ასე ძვირფასია ჩემი სიცოცხლე? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემთვის დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ფსბ“-ს აგენტად მომიხსენიებენ. თუ მე „ფსბ“-ს აგენტი ვარ, ეს სასამართლოზე უნდა დამიმტკიცონ და გამცვალონ იმ უკრაინელ მზვერავებში, რომლებიც რუსეთში არიან. ვლადიმირ პუტინი სიამოვნებით წამოვა ამ წინადადებაზე, თვითმფრინავებსაც კი გამოაგზავნის…“ _ თქვა მან, ხოლო პროკურორის „დიდსულოვნებაზე“, სააკაშვილს შეუძლია სკაიპით ელაპარაკოს მისიანებსო, სააკაშვილმა განცხადა: „რა თქვენი საქმეა, მე რომელი პროგრამით დაველაპარაკები ჩემს ცოლს?“

საბოლოოდ, სასამართლომ მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოაცხადა _ მან პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ პროკურატურას ხუთი დღე მიეცემა გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას „მამაცური“ უწოდა და განაცხადა, რომ შესაძლოა, მოსამართლე წნეხის ქვეშ მოექცეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას შენობასთან შეკრებილი სააკაშვილის მომხრეების ნამდვილი ზეიმი და სკანდირება მოჰყვა: „молодці!“ „суддя – молодець!“

ლაშა ბერულავა