ესეც თინას ლეკური საგარეჯოში!

10565697_343863782445419_413732880_n

ლეკური ცეკვაა, საკმაოდ ლამაზი ცეკვა! ქართულ პროზაში არსებობს ეკატერინე გაბაშვილის შესანიშნავი მოთხრობა „თინას ლეკური“, სადაც მოხუცი თინა ახალ წელს ბატონის სახლში იცეკვებს, რათა გაყინულ, მშიერ, ობოლ შვილიშვილებს საჭმელი ან ფული მიუტანოს. ცეკვის დროს თინა კვდება და ასე ეწირება შვილიშვილების კეთილდღეობას – ობლებს დაეხმარებიან.
მაგრამ ეს სხვა თინაა და არა ის, რომელზეც უნდა გესაუბროთ. ისიც საკითხავია, რამდენად შეუძლია თავგანწირვა „ხალხის რჩეულ“ თინას. ამ თინაზე და მის „ლეკურზე“ საგარეჯოში ბევრი საგარეჯოელი საუბრობს. მას არა მარტო საგარეჯოში, არამედ მთელ საქართველოშიც ბევრი იცნობს. ის დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატია. თუმცა ლეკურზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი ის გაჭირვება უნდა გითხრათ, რაც პატარძეულში მცხოვრებ ეკომიგრანტებს აწუხებთ და რომლის მოგვარებაც იმ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ევალება, იმ ხელისუფლებას, რომელიც საბოლოოდ ხელში ჩაიგდო თინა ხიდაშელმა და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
ახლა პრობლემებზე მოგახსენებთ: აჭარის მაღალმთიანეთიდან ეკომიგრანტები 1989 წლის სტიქიური უბედურების გამო ჩაასახლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და, მათ შორის, საგარეჯოშიც. მაშინ, ჯერ კიდევ, კომუნისტები იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ უკვე მოყანყალებულმა საბჭოთა სისტემამ ვეღარ მოახერხა, საბოლოოდ დაემთავრებინა სახლები, თუმცა უსახლკაროდ დარჩენილ ეკომიგრანტებს რაც მისცეს, იმაზეც კმაყოფილები იყვნენ. ამის შემდეგ უამრავი ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ისინი აღარავის გახსენებია, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე თუ მოაგონდებოდა ისინი ვინმეს. უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ბრტყელ-ბრტყელ დაპირებებს მისცემდნენ და მერე დაიკარგებოდნენ. არც ეკომიგრანტები აწუხებდნენ არავის, მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს. მოგეხსენებათ, კახეთში წყალი არ არის და უწყლობით გახმა და გაუბედურდა ნაჯაფი ეზო და ხეხილი. წლების განმავლობაში ითხოვდნენ ეკომიგრანტები წყლის პრობლემის მოგვარებას, – ვინ არ შეაწუხეს, ვის არ სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ რამდენიმე წლის წინათ თავისი ხარჯებით მოიყვანეს პატარა მილით სასმელი წყალი პატარძეულში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა. ეს წყალი ძველ აუზში ჩაუშვეს და აგროვებდნენ. შემდეგ ისევ საკუთარი ხარჯებით მიიყვანეს სახლებამდე. თითქოს გამოცოცხლდა ბუნება, ხეებმა იხარა, მოსავალი მოვიდა და გლეხსაც იმედი მიეცა.
ეკომიგრანტებსაც მოუწია „ნაციონალური მოძრაობის“ არაადამიანურმა რეჟიმმა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი პატიოსანი გლეხები არიან, თითქმის არაფერი გააჩნიათ და ვინ რას წაართმევდა? შემდეგ ჩაისახა იმედი, გამოჩნდა „ქართული ოცნება“, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი პატივცემული და ღირსეული ადამიანი, როგორიც ბატონი ბიძინა ივანიშვილია, საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად დააყენებდა 1%-იანი პარტია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელს, რომელსაც ბიძინას ხათრით მისცა ხალხმა ხმა?!! მას შემდეგ ორი წელი გავიდა და დაპირება დაპირებად დარჩა. არც საგარეჯოში გაკეთებულა რამე და არც სხვა სოფლებში. ეკომიგრანტებს კი საქმე უფრო ცუდად აქვთ. გავიგე, ამ ორი კვირის წინათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი კახელების ერთი ჯგუფი ასულა იმ წყლის სათავეში, საიდანაც ეკომიგრანტებს წყალი აქვთ მოყვანილი… ასულან და წყალი გამოურთავთ. მიზეზი მარტივია: ჩვენ, ადგილობრივ კახელებს, არ გვყოფნის წყალი და იმათ რაც უნდათ, ის ქნანო. ისიც გავიგე, ეკომიგრანტების ერთი ჯგუფი მისულა პატარძეულის გამგებელთან, რომელიც თინა ხიდაშელის პროტეჟეა და გამგებელს უთქვამს, – მე რა ვქნა, სოფელს წინ ხომ ვერ დავუდგებიო? გამგებელმა იცოდა, რომ ადგილობრივმა კახლებმა თვითნებურად შეუწყვიტეს წყალი ეკომიგრანტებს, მაგრამ არაფერი გააკეთა.
შემდეგ ეკომიგრანტები საგარეჯოს გამგებელთან მივიდნენ, სადაც ორი უცნაური დაპირება მიიღეს: გამგეობის მესვეურები, ნაცვლად იმისა, რომ ეკომიგრანტებისთვის თვითნებურად ჩაკეტილი წყალი ჩაერთოთ, დაჰპირდნენ, ჯერ ცისტერნებით მოგიტანთ წყალს, 17 ივლისის შემდეგ კი გამოვაცხადებთ ტენდერს, ვინც გაიმარჯვებს, ის ფირმა იმუშავებს და წყალი გექნებათო. ამ დაპირებამ კახელებს ერთი ანდაზა გაახსენა: ვირო, ნუ მოკვდები, შემოდგომით იონჯა მოვა და ჭამეო… კი ბატონო, რამდენჯერმე მოიტანეს ცისტერნებით წყალი, მერე გამოცხადდება ტენდერი, მანამდე რა ქნას 29 კომლმა?!!  XXI საუკუნეში ევროპაში მეოცნებე თინა ხიდაშელმა, სჯობია იმაზე იზრუნოს, რომ საკუთარ ამომრჩეველს სასმელი წყალი მაინც ჰქონდეს, თორემ ეს ორი წელიც მალე გავა და 2016 წლის არჩევნებზე არა მგონია, ხალხმა ისევ ბიძინას ხათრით მისცეს ხმა. თუმცა მას და სხვებს უფრო მაღალი იდეალები აწუხებთ, ვიდრე პატარძეულელი ეკომიგრანტების პრობლემები. ეს იდეალები სექსუალური და სხვა სახის უმცირესობის უფლებების დაცვაა (ნეტავ, ვინ არღვევს მათ უფლებებს?), ევროპისთვის და ამერიკისთვის თავის მოწონება და ხელისუფლების შენაჩუნებაა. როგორც ხედავთ, ამ ჩამონათვალში არც ეკომიგრანტები არიან და არც ადგილობრივი კახელები.
ახლა ისევ ლეკური გავიხსენოთ: 2012 წლის არჩევნებამდე ორი-სამი წლით ადრე საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში აშენდა უზარმაზარი სათბურები, რომელსაც ხალხი ხიდაშელის სათბურებს ეძახდა. არჩევნების შემდეგ გამოირკვა, რომ ამ სათბურების დირექტორი იყო ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის ქმარი და მოწილე გახლდათ ამჟამად პარლამენტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე. ამაში ცუდი არაფერია, რომ არა ერთი ფაქტი: მაშინ საგარეჯოს გამგებელი იყო „მამალი ნაციონალი“ – გია ღვინიაშვილის, ლევან ბეჟაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის პროტეჟე – გია ჩალათაშვილი. ამ სათბურების აშენებასა და გამართვას გამგეობის გარეშე ვერავინ შეძლებდა. ე. ი.  „ნაციონალების“ გამგებელმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ისე გაუკეთა ეს საქმე, რომ მათ შორის რამე გარიგება არ იყო. ხალხს არ სჯრა ამის, რადგან ვინც იქ მუშაობდა, ყველა ამბობს, რომ ამ სათბურების წილში არაოფიციალურად გია ჩალათაშვილიც იყო. ასევე იმასაც ამბობენ, რომ ამ სათბურებს გაზი, რომელიც ნინოწმინდის ჭაბურღილებზე მოიპოვება, „ლევად“ მიეწოდებოდა. ამას ხალხი ამბობს და თუ ვინმეს აინტერესებს, გამოიძიონ და ნახონ.
ფაქტი კი ერთია, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე საგარეჯოში კოჰაბიტაცია შემდგარი იყო, ამიტომაც არც გია ჩალათაშვილისთვის მოუკითხავს არავის არაფერი და არც არავისთვის.
სამაგიეროდ, საპარალამენტო არჩევნების შემდგომ ხიდაშელმა სასწრაფოდ შეცვალა რაიონის გამგებელი, სხვა რწმუნებულები და საგარეჯოში „ვლასტი“ ხელში აიღო. ისიც ფაქტია, რომ ხიდაშელის რჩეული გამგებელი ლოლაძე 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის გაფლანგვისთვის იყო ბრალდებული, ისევ ხიდაშელმა უშველა და პროკურატურამ გარიგება გაუკეთა. ნეტავ, რატომ?! როგორც ბატონი გივი ბერიკაშვილი იტყვის, „წყაროზე“ ლაპარაკობენ, რომ „მოდულის“ შენობაში მიყვანილმა ლოლაძემ ხიდაშელს შემოუთვალა, „ყველაფერს ვიტყვიო“. ლოლაძე გამოუშვეს და საქმეც ჩაიფარცხა.
თუმცა ისევ ეკომიგრანტებს და წყალს დავუბრუნდეთ. ამ ცოტა ხნის წინათ საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა და წყლის ნაგებობის გაკეთება და წყლის პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვა, თინა ხიდაშელი კი დაჰპირდა, – არჩევნების შემდეგ მაგ პრობლემებს მოგიგვარებთო.
აჰა, ქალბატონო თინა, ადგილობრივი არჩევნები მოიგეთ, ახლა სულ თქვენს ხელშია მთელი ხელისუფლება საგარეჯოში, იქნებ, დაპირების ნაცვლად მართლა მიხედონ ხალხს შენმა ხელის ბიჭებმა?
გაბაშვილისეული თინასავით მსხვერპლშეწირვას არ გთხოვთ, ელემენტარული ვალდებულება შეასრულეთ.
ამ ყველაფრის შემდეგ ერთი კითხვა მაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან: ბატონო ბიძინა, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, გთხოვთ, ნუ მიწყენთ,   გვითხარით, მართლა არ იცით, რომ თქვენი მაჟორიტარები ადგილებზე არაფერს აკეთებენ და ხალხსაც კი არ ხვდებიან? თუ იცით და ფიქრობთ, რომ შეცდით, როგორც ეს პრეზიდენტ მრგველაშვილის შემთხვევაში ბრძანეთ? გულწრფელად დიდი  მადლობა, ბატონო ბიძინა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისთვის და ახლა უფრო მეტად ვიქნებით მადლობლები, ამ 1%-იან პარტიასაც თუ მოგვაცილებთ.
ესეც თინას ლეკური საგარეჯოში!

    ზურაბ ჯორბენაძე