„ნაციონალური“ სუპერშოკი

მიხეილ სააკაშვილის მეორედ დაკავებამ კვლავ აღაფრთოვანა და ჩვეულ ფორმაში მოიყვანა მის მგინებელ-მძაგებელთა კოჰორტა, ხოლო თანამოაზრეები დაზაფრა და თავგზა აურია.
რამდენად რელევანტურია ქილიკი და ღლიცინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით, ამის განსჯას არ შევუდგები და მხოლოდ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნეს ფეისბუკსტატუსს მოვიშველიებ: „მართლა ტყუილი დუნიაა ეს შობელოხერი… მოშიმშილე 7 წლის წინ ვიფიქრებდი, რომ დღეს სააკაშვილი უვადო შიმშილობას გამოაცხადებდა და ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდებოდა?
აქედან დასკვნა: ყოველთვის უნდა შეგეძლოს ცხოვრების დისტანციიდან ყურება, როგორც მოხუცი ბაბუა უყურებს ცელქი შვილიშვილის თამაშს. არ აგივარდეს თავში და არ დაკარგო ადამიანობა. არაფერი ღირს ამად, მაგრამ „С корабля на бал“ აღმოჩენილი „ბიდლო“ რომ ვერ ხვდება ამდენს? ჰგონია, რაღაც მხოლოდ მის თავს მოხდა და მხოლოდ ისაა ბედის, ღმერთის რჩეული. და მუდამ ასე იქნება…“

ცოტნე გამსახურდიას პრივილეგია ის არის, რომ მიუხედავად მის თავს დატრიალებული განსაცდელისა, იგი არ გაბოროტებულა და არც მოვლენების საღად შეფასების უნარი მოჰკლებია.
ზემოთ მოყვანილი ციტატა კი მხოლოდ სააკაშვილსა და მერაბიშვილს არ ეხება, არამედ უფრო იმ მოქილიკეებს, რომლებიც დღეს მიშას კარლსონობაზე, ციხეში მის ყოფნაზე ღლიცინებენ და თუნდაც მერაბიშვილთან მიმართებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს „მე-18 მუხლი“ ფეხებზე ჰკიდიათ. დიახ, ცოტნეს შეეძლო, უფრო ხატოვნად „გაცვეთილი“ ფრაზა დაეწერა _ დრონი მეფობენ და არა მეფენი, მაგრამ ვეჭვობ, რომ „ბიდლო“ ამას გაიგებდა.
ამით დავასრულებ მოქილიკეებსა და აღფრთოვანებულებზე საუბარს და ახლა მიშას დაზაფრულ თანამოაზრეებზე გადავალ.
აქაც არის შესაძლებელი, ძალიან მოკლე ფრაზა მოვიშველიოთ: „რას შვრებით, ხალხო?“ და ამით დავასრულოთ საუბარი, მაგრამ _ არა! სჯობს, უფრო ვრცლად.
დღეს უკვე აშკარა ხდება, რა ზიანი მიადგა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაყოფით და ეს ზიანი, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში უფრო თვალში საცემი გახდება.
დღეს მით უფრო აშკარაა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გუნდის არაერთმა წევრმა შეუწყო ხელი ამ გაყოფას და ცალკეულ შემთხვევებში ექსცენტრიკულ და იმპულსურ მიხეილ სააკაშვილს ათასი გესლი და ორაზროვანი ფრაზა მიაწოდა წასულთა საწინააღმდეგოდ.
მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პოზიციას ახმოვანებენ წასულები ამჟამად, ერთი გუნდის შენარჩუნება და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ დარჩენა სააკაშვილისთვის, სავარაუდოდ, უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე ცოცხლად მკვდარი თანაგუნდელების „სარდლობა“. სწორედ აქ გამახსენდა ეროსი მანჯგალაძის სიტყვები, _ მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი. ამ სიტყვების პერიფრაზირება „ნაციონალური მოძრაობის“ კონტექსტში ასე ჟღერს, _ მკვდრებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.
მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების მეორე დღეს შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო _ ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. ბატონ მელიას, რომელმაც დაიჯერა, რომ პოლიტიკოსია და ახლა პოლიტიკანობას თამაშობს, მხარდამჭერებისა და ქართული საზოგადოებისთვის არც კი უცნობებია, ვის უნდა გაუგზავნოს ეს ხელმოწერები, _ ივანიშვილს თუ პოროშენკოს?
ენმ-ის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე წუთში სოციალური ქსელი წალეკა საყვედურითა და აღშფოთებით აღსავსე პოსტებმა. ადამიანების რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო. ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ გადაწყვეტილებით არათუ შოკუნებში (ხადურისებურად), არამედ სუპერშოკში ჩააგდო სააკაშვილის მხარდამჭერი საზოგადოება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ დისტანცირებულია „ნაციონალური მოძრაობისგან“.
დიახ, ეს არ იყო სერიოზული და გავლენიანი პოლიტიკური ძალის განცხადება, ეს უფრო ზემოთ მოხმობილი ეროსის ფრაზის დატვირთვის მატარებელი, ან, სულაც, კიდევ ერთ ხალხურ ფრაზას მოვიხმობ, _ მკვდარზე „ვენოკის“ დადების გამოხატულება გახლდათ.
მავანი იკითხავს, კი მაგრამ, რა შეეძლო გაეკეთებინა პარტიას უცხო ქვეყნის მიერ დაკავებული სააკაშვილის მხარდასაჭერად? უამრავი რამ, რაც გემოვნებისა და კრეატიულობის საკითხია. რამდენიმე ვარიანტს გავაჟღერებ: 1. შიმშილობის აქციის დაწყება უკრაინის საელჩოს წინ (რადგან პოლიტიკოსთა ნატიფი სხეული და სული დიდი ხანი ვერ გაუძლებდა ამ პროცესს, იმთავითვე შეიძლებოდა იმის დაანონსება, რომ შიმშილობაში მონაწილეობას როტაციის წესით მიიღებდნენ პარტიის წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები); 2. ანალოგიური აქცია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობის წინ; 3. ანალოგიური ან უფრო მსუბუქი სახის საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქვეყანაში, უკრაინის საელჩოს შენობებთან; 4. მრავალრიცხოვანი მანიფესტაციის მოწყობა დედაქალაქში უკრაინის საელჩოს მიმართულებით; 5. დელეგაციის გაგზავნა ბრიუსელში და კონსულტაციების დაწყება ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან და ევროპარლამენტარებთან; და ა. შ. ამ ხმაურიანი ქმედებებისა და აქციების „პომატკა“ მართლაც შესაძლოა ყოფილიყო უადრესატო ხელმოწერები.
იგივე მავანი იმასაც იკითხავს, ამის გამო სააკაშვილს გარეთ გამოუშვებს ვინმე? _ არა! მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ენმ წარმოჩნდებოდა, როგორც ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა. და როცა სააკაშვილი გარეთ აღმოჩნდებოდა, ამასაც საკუთარ პოლიტიკურ აქტივში ჩაიწერდნენ, იმის მიუხედავად, რომ მათი წვლილი პროცესში მინიმალური იქნებოდა.
ისევ ხელმოწერების საკითხს დავუბრუნდები, რომლის მესიჯი ასე ჟღერდა, _ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს. აი, აქ კიდევ დამატებითი კითხვები ჩნდება: თუ ხელმოწერებით იყო შესაძლებელი პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და ეს იყო, თუნდაც, ათასიდან ერთი შანსი, ამ დრომდე რატომ არ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მერაბიშვილის, ახალაიასა და იმავე გიგი უგულავას განთავისუფლების მოთხოვნით? რატომ არ ხდება ხელმოწერების შეგროვება მერაბიშვილის „მე-18 მუხლის“ გამო?
საგულისხმოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი პასაჟი პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან, რომელიც ნიკანორ მელიამ გაახმოვანა: მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს და გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი, უკიდურესად მძიმე _ მე ვიტყოდი (ნ. მელია, _ ავტ) ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია. ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამ სიტყვების შემდეგ ძალიან მინდა ადეკვატური შეფასება დავწერო, მაგრამ იმდენად ვულგარული და ბილწი ნათქვამი იქნება, რომ მკითხველს ამას ვერ ვკადრებ და ვერც გაზეთის ფურცლებს დავსვრი.
შევეცდები, მოზომილად ვთქვა: ცხადია, რომ ენმ აბსოლუტურად ამოვარდნილია პოლიტიკური რეალობიდან და, სავარაუდოდ, სააკაშვილი გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰგონია; მეორე ფაქტორი: ცხადია, რომ ეს განცხადება გათვლილია მხოლოდ ადგილობრივ მოხმარებაზე და არანაირი საერთაშორისო რეზონანსისთვის არ არის განკუთვნილი; მესამე: ბატონი მელია და პოლიტსაბჭო რომ იმუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაშიო, მეტი რა უკიდურესობა უნდა მოხდეს? აპოკალიფსს მელიას რომ არავინ ჰკითხავს და ვერც მამა ღმერთს დააშანტაჟებს თუ დააფრთხობს სამოქალაქო პროტესტით _ მთელი ქვეყნის მასშტაბით _ ხომ ცხადია? რა უნდა მოხდეს იმაზე უარესი, რომ როგორც თავად ამტკიცებს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების გამო, რევოლუციის გზით მოვიდა, წელს ამ მიზეზით 10-ათასკაციანი აქციაც რომ ვერ ჩაატარა? რა უნდა მოხდეს იმაზე უარესი, რომ პარტიის ლიდერი დაკავებულია და ციხეში ზის? რა უნდა მოხდეს იმაზე უარესი, როცა პარტია აცხადებს, რომ მისი წევრები პოლიტპატიმრები არიან და ერთი ღამეც არ გაუთენებიათ მის ლიდერებს მატროსოვის ციხესთან, ან უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებ სასამართლოსთან?
ერთი სცენარი წარმოვიდგინოთ: დავუშვათ, ხვალ აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ „ქართული ოცნება“ დაამხო, ან, სულაც, „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება და სახელმწიფოს სათავეში ენმ მოვიდა. რას უნდა ველოდოთ? ამ უსუსურმა და უმეცარმა ადამიანებმა (ბოდიში პარტიის საკმაოდ ბევრ გულანთებულ წევრთან და საღად მოაზროვნე ადამიანთან, რომლებიც სულაც არ ეთანხმებიან პარტიაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ დისონანსსა და სკანდალს ერიდებიან და იძულებულნი ხდებიან, გუნდურად „იმღერონ“) უნდა მართონ ქვეყანა, რომელთაც ლიდერის გამოც არ შეუძლიათ ბრძოლა?
სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს არაბრძოლისუნარიანი ადამიანები, რომლებიც გადასარევად გრძნობენ თავს ოპოზიციაში და არაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად, პარტიული თუ შინაგანი ცვლილებების განსახორციელებლად, თანამდებობეზე ყოფნის დროსაც, უამრავ გადაცდომასა თუ შეცდომას უშვებდნენ, რომელიც წინ დახვდა ქვეყანას.
ვიმეორებ: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი გულანთებული და ბრძოლისუნარიანი პროფესიონალია, მაგრამ არჩევნებამდე, მის შემდეგ და ამჟამად პარტიაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ისინი უმცირესობაში არიან; ხოლო პარტიის უმრავლესობა რომ თანამოაზრეებს სუპერშოკებში აგდებს, ამას თვალნათლივ ვხედათ.
რა ეშველება სააკაშვილს? თუნდაც მოქილიკეთა და თუნდაც თავზარდაცემული მისი მომხრეების გასაგონად, ამჯერად, ჩემი მეგობრისა და კოლეგის, რეზო შატაკიშვილის სიტყვებს მოვიხმობ: “მიშა წამითაც არ მეცოდება. ისტორიას არ უყვარს საცოდავები და არც მე მიყვარს საცოდავები ისტორიაში. ის მზად იყო და მზადაა ამ ყველაფრისთვის.
გეცოდებოდეს სააკაშვილი ამ ისტორიულ ბრძოლაში იგივეა, რაც გეცოდებოდეს ანანიაშვილი ცეკვისას, ან შეგცოდებოდათ გაფრინდაშვილი ჭადრაკის თამაშისას.
დიახ, ციხე მძიმეა, მაგრამ ბალეტის ცეკვა (ყოველ შემთხვევაში, ისე ცეკვა, როგორც ნინო ცეკვავდა და ცეკვავს), ან ჭადრაკის თამაში (ნონასავით თამაში) ხო, რას ამბობ, ბატიბუტის ჭამაა, რა…”

კოკა წერეთელი