ხმაური – ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის

მოგესალმებით, მკითხველო! გუშინ, 10 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე, უჩვეულო ხმაურის ტალღამ შეარყია დედაქალაქის ცენტრი, ქართველმა ახალგაზრდებმა, პატიმრების ოჯახის წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოების ცნობილმა თუ უცნობმა სახეებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და, უბრალოდ, საღად, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანებმა გააპროტესტეს კიდევ ერთხელ ის, რაც საქართველოში 2006 წლიდან ხდება და რასაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჰქვია! გააპროტესტეს საზოგადოების სენსიტიური ჯგუფის რეპრესიული ჩაგვრა და უკანონო, უაზრო პატიმრობა! რთულია ჩემთვის ამ სიტყვების წერა, ძალიან რთულია, რამეთუ ერთი მსხვერპლი მეც ვარ ამ აგრესიული ფაშიზმის გამოვლინების, თან პოლიტიკური ელფერით და მედიაზე ზეწოლის მცდელობის რანგში! მე დღეს თავისუფალი ვარ, გამართლებული! მე დღეს შემიძლია, მოვეფერო შვილს, ვისეირნო მეუღლესთან ერთად და მოკლედ, ვაკეთო ის, რაც მინდა. აი, ათასობით პატიმარს კი ეს არ შეუძლია! ჩვენ, საზოგადოება, ვალში ვართ ამ ადამიანებთან. არ შეიძლება, მომხმარებლის 8 და მეტი წლით ციხეებში ნახირივით შერეკვა, ეს არ არის გამოსავალი! არა, ეს არც ქუჩის მართვის მცდელობაა! არა, ეს გამორიცხულია, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი სახელი აქვს _ აგრესიული ფაშიზმი!!! გზადაგზა, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ აქციის ორგანიზატორებისა და პროტესტანტების პოზიციებს, მანამდე კი მინდა, ჩემი აზრი გითხრათ, რას ვითხოვთ: ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოტიკი ცუდია! მაგრამ ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება, თავისი სხეული განკარგოს ისე, როგორც მას მოესურვება! არა მოხმარებას!!! ძალიან არეული მეჩვენება მმართველი გუნდის პოზიციები ამ ყველაფერთან მიმართებით. ფაქტია, აზრები ორად გაიყო და სანამ „ქართული ოცნების“ არაპროგრესული აგრესიული ფრთა გაურკვევლობაშია, ჩვენ, პატიმრები და უამრავი რეპრესირებული წამებს ვითვლით, როდის მივა პროცესი ბოლომდე. ახლა მინდა, „ქართულ ოცნებას“ მივმართო: იმ ფონზე, როცა თქვენი „მარადონა“ გამოიყვანეთ სცენაზე და ამომრჩევლის მხოლოდ 20% მოგემხროთ, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, პირდაპირ ვთქვათ, _ ეს თქვენი შანსია, რეიტინგი ცოტა აიმაღლოთ, ახალგაზრდების გული მოიგოთ და ამ ყველაფერს რეფორმების ტალღაც მოაყოლოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პროტესტის ისეთ ფორმებს და მასშტაბებს, ძალიან გაგიჭირდებათ ამ ჩიხიდან გამოსვლა! მეტიც: ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება! იმედია, ამ ყველაფერს ათვითცნობიერებთ! მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი თქვენი პროგრესული და საღად მოაზროვნე ნაწილის მიერ დამუშავებულია არასამთავრობოთა ვრცელ ჯგუფთან ერთად. ყველამ იცით, რომ ეს პაკეტი გარღვევაა რეალურად იმ მოჯადოებული წრისა, რაც, აგერ, 27 წელია, ჩვენს თავს ტრიალებს და ათასობით ადამიანი უკვე შეიწირა ამ ყველაფერმა. რა წერია კანონში? ვეცდები, მარტივად ავხსნა: კანონი ეფუძნება პორტუგალიის გამოცდილებას, ე. წ. 4-სვეტიან მიდგომას: განათლება, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სამედიცინო სერვისების დროულად მიწოდება! აი, ესაა კანონის არსი და არა ლეგალიზაციის მცდელობა, როგორც ამას ბევრი „ფაშისტი“ ხატავს! რა, ის 80.000 პრობლემური მომხმარებელი ჩვენი მოქალაქე და გენოფონდი არ არის?!! ნაწილი რომ ციხეებშია, ნაწილი პრობაციონერია და ნაწილი, კიდევ, ქვეყნიდან გაქცეულია სწორედ ამის გამო, რომ აქ მშვიდი ცხოვრების, მკურნალობის, ზრუნვისა და ჯანსაღ გარემოში დაბრუნების გზებს, უბრალოდ, ვერ ხედავს! „ოცნება“, გაიღვიძე და დაბრუნდი ხალხთან, იმ ხალხთან, რომელმაც ძალაუფლება ჩაგაბარა! ზრუნვის დროა და არა დასჯის! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახალი შს მინისტრის პირობებში კრიმინალური პოლიციის რეფორმირების მზაობა გამოიკვეთა და ეს ძალიან კარგია, მთავარია, სიტყვები სიტყვებად არ დარჩეს და რეალური რეფორმა განხორციელდეს! აქვე კიდევ დავადასტურებთ, რომ ახალგაზრდობა სრულად მიესალმება პოლიციის რეფორმას, ყველა წესიერი პოლიციელი ჩვენი მეგობარია და ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს მტრები! წარმატებები თქვენ! იმეგობრეთ, მინისტრო, ახალგაზრდებთან, ჩვენ მტრები არ ვართ, ამ ქვეყნის მომავალი ვართ! ეს კანონი მისაღებია! ეს იქნება ფუნდამენტური შეტრიალება დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ და ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედისკენ! ადამიანების ზრუნვისკენ ფუნდამენტური შემოტრიალება! აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი არ გამოიწვევს მოხმარების ზრდას! აი, მიმართვიანობა კი გაიზრდება. ბუნებრივია, ადამიანები გამოვლენ ბნელი კუთხეებიდან და სახელმწიფოსთან ერთად დაიწყებენ ზრუნვას საკუთარ ჯანმრთელობაზე! სანამ შეფასებებზე გადავალთ და აქციას შევაჯამებთ, გეტყვით, რომ საღამომ ერთსულოვნად და ამაღელვებლად ჩაიარა _ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ჯგუფები და მუსიკოსები, მოვისმინეთ პატიმრების ამაღელვებელი საუბრები, ასევე წაიკითხეს რამდენიმე ემოციური წერილი, საღამო ასევე რეპრესირებულ და „ჩადებულ“ გიორგი გიორგანაშვილს მიჰყავდა. მას 21 დეკემბერს სასამართლო აქვს. პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და აუცილებლად გაამართლებს სასამართლო!
ახლა კი ორგანიზატორებისა და ასევე მოქალაქეების აზრი მინდა გაგაცნოთ, რას ფიქრობენ ისინი…

ლაშა მესხი _ ჟურნალისტი:
_ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე საყოველთაო კონსოლიდაცია. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესია ის, რომ ახალგაზრდებს არ ვკარგავდეთ ციხეებში დრაკონული ნარკოპოლიტიკის გამო… გუშინდელი აქცია გახლდათ უმნიშვნელოვანესი!!! თუმცა იყო რაღაცები, რაც ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ამ შიდა გარჩევების დრო ნამდვილად არ არის! ჩვენ თაობებს ვკარგავთ! წამმზომი კი ჩართულია. აუცილებელია ცვლილებები და დასჯის ნაცვლად ზრუნვის პოლიტიკის გატარება.

გიო შენგელია _ მუსიკოსი და პროდიუსერი:
_ სირცხვილი მათ, ვინც აქციაზე არ მოვიდა და მშვიდად იჯდა სითბოში, ან „პახმელია“ აწუხებდა მაშინ, როცა ადამიანები ციხეში უსამართლოდ სხედან!

შოთა პაკელიანი (რეპრესირებული, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს):
_ 10 დეკემბერს მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ რეფორმის არმიღების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, 10-ჯერ მეტი ადამიანი გამოვა გარეთ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი ამ რეპრესიებს. ქუჩაში არის ეს განწყობა და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ.

გუკა რჩეულიშვილი:
_ თუ ხელისუფლება ახალ წლამდე ამ პრობლემას არ დაალაგებს, ახალი წელი არ იქნება!

ვახტანგ ბარნოვი _ სპორტსმენი და ფიტნესმწვრთნელი:
_ მოხარული ვარ 10 დეკემბრის აქციით. ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი აზრი. დიდი მადლობა „თეთრ ხმაურს“, ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა! ჩვენს პატიმრებს მივესალმები და ბოლომდე მათ გვერდით ვიქნები. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს!!!

P. S. კანონი მისაღებია! ზრუნვის დროა და არა დასჯის! #არაჩადებას! #არარეპრესიას! დროა, წინ გავიხედოთ და ადამიანებზე ვიზრუნოთ!

დავით ხარშილაძე