გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესპარტნიორის ფინანსურ კომპანიებს მფარველობს?!

2004 წელს, როცა მეგობრებმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლევან ნოზაძემ და რაფიელ სურამელაშვილმა შპს „იბერ კონსალტინგი“ დააფუძნეს, ვერც ერთი წარმოიდგენდა, რომ ათი წლის მერე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და ვერც დანარჩენი ორი, რომ პრემიერის მეგობრის სტატუსით, საქართველოში, ფინანსურ წრეებში გავლენიანი ადამიანები იქნებოდნენ.

გავლენა კი მხოლოდ ტენდერების მოგებასა და ფინანსური სქემების დალაგებაში არ გამოიხატება, რაფიელ სურამელაშვილი მეგობარ პრემიერს საკადრო საკითხების გადაწყვეტაშიც ეხმარება.
გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი რაფიელ სურამელაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორში ასევე გავლენიანი პირია. მისი კუთვნილი ორგანიზაციების ლობირებისთვის საქართველოს პარლამენტმა სპეციალური რეგულაციებიც კი დააწესა და კანონში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ცვლილებებიც შეიტანა.
„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილი პრემიერის მეგობრების ონლაინ სესხების ბიზნესს ეხება.
2016 წელს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ონლაინ სესხების აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა.
„ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც, ზოგ შემთხვევაში, მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევაში კი საშუალოვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა კვლევებისა და კონსულტაციის გლობალური კამპანია. ACT-მ ოქტომბერში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც მათ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა (64%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ონლაინ სესხების სერვისი საქართველოში უნდა აიკრძალოს. გამოკითხულთა შორის 25% ონლაინ სესხების მომხმარებელია.
პრემიერის ინიციატივას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, სხვადასხვაგვარია საერთაშორისო პრაქტიკაც. ონლაინ სესხები ყველაზე მკაცრად ბალტიისპირეთის ქვეყნებში რეგულირდება და იქ თითქმის აკრძალულია, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში ეს სერვისი არსებობს, თუმცა სოციალური ფონის გამო მათზე მოთხოვნა ძალიან დაბალია, რადგან მოსახლეობა, ძირითადად, დაბალპროცენტიან სესხებს საბანკო სექტორში იღებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას რამდენიმე დღეში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. მან განმარტა, რომ ონლაინ სესხები არ აიკრძალება, არამედ ამ ტიპის ბიზნესზე გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდება.
„ჩვენ ონლაინ სესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე. საბოლოო ჯამში, გუნდში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის ისეთ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომლის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა“, _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეს იყო და ეს, არც პრემიერ-მინისტრს და არც ვიცე-პრემიერს ამ განცხადებების შემდეგ ონლაინ სესხების აკრძალვა ან რეგულაცია არსად უხსენებიათ, რეგულაციები კი კანონის იმ მუხლს შეეხო, სადაც საწესდებო კაპიტალის რაოდენობაა განსაზღვრული. 250 000 ლარიდან საწესდებო კაპიტალის ოდენობა მილიონ ლარამდე გაზარდეს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წვრილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიყოლებით დაიხურებიან, ბაზარზე არსებობას მხოლოდ მსხვილი, კონკრეტულად კი გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორების მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განაგრძობენ.
2006 წელს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ათეული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ სანქციები უსამართლო იყო და რამდენიმე მათგანმა ეროვნულ ბანკს სასამართლოშიც უჩივლა.
საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფართო ქსელს სწორედ პრემიერ-მინისტრის ბიზნესპარტნიორი, რაფიელ სურამელაშვილი ფლობს, პირდაპირ ან ირიბად მას რამდენიმე მსხვილ კომპანიაში აქვს ინტერესი.
შპს „ონლაინ ფაინენსი“ 2014 წელსაა რეგისტრირებული, მისი იურიდიული მისამართია თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #87, კომპანიის დირექტორი ქეთევან დარსაძეა. რაც შეეხება პარტნიორებს, მათი ნუსხა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.
შპს „ონლაინ ფაინენსის“ წილის მმართველი და ^0%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია HE 317558 Moneman Holding Limited-ია.
10-10%-იან წილებს ფლობენ რაფიელ სურამელაშვილი და არმაზ თავაძე, ხოლო 20%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძეა.
ქეთევან დარსაძე კიდევ ერთ მიკროსაფინანსო კომპანიაში გვხვდება დირექტორის პოზიციაზე.
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ სააქციო საზოგადოებად 2009 წელს გადაკეთდა. სააქციო საზოგადოებაში მმართველი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა და მას ლევან თხელიძე ხელმძღვანელობს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რაფიელ სურამელაშვილია, ხოლო საბჭოს წევრები: არმაზ თავაძე, თორნიკე ჯანაშვილი და ეკატერინე გიორგობიანი.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ სახელფასო სესხს, ავტოსესხს, იპოთეკურ სესხს, ბიზნესსესხს გასცემს, ასევე აქვს ლომბარდიც და ფულადი გზავნილებიც.
სს „ალფაექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან თხელიძე 2011 წელს რეგისტრირებული შპს „ბანას“ დირექტორია. შპს „ბანაში“ 80%-იანი წილის მფლობელი ნათია თავაძეა, ხოლო 20%-ს რაფიელ სურამელაშვილი ფლობს.
კანონში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ მეშვიდე მუხლი ადგენს შესაფერისობის კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საკრედიტო კავშირს, ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო, ანდა დირექტორთა საბჭოს წევრი.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „ონლაინ ფაინენსთან“ დაკავშირებულ პირებს შორის 2015 წელს ჩნდება შოთა კეკელია (დირექტორი).
შოთა კეკელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოლვას“ დირექტორია, რომელიც საჯარო რეესტში 2016 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის იურიდიული მისამართია გლდანის სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“, საზოგადოების მმართველობითი ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარეა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ბორის ბატინი, საბჭოს წევრები არიან თავად შოთა კეკელია და დავიდ დელ პოზო (ესპანეთი).
შპს „სოლვას“ მესაკუთრე და წილის მმართველი კვიპროსზე რეგისტრირებული HE 317558 aidief holding ltd-ია.
შპს „სოლვა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ წუთში 3000 ლარამდე სესხს იძლევა 12 თვით და გარანტიის გარეშე, წლიური საპროცენტო განაკვეთი აქვს 100% და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კლიენტს 0,41%-ს არიცხავს (სიმბოლურად).
შოთა კეკელიასა და ბორის ბატინის სახელები და გვარები კიდევ ერთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ფიგურირებს.
შპს „აი დი ეფ ჯორჯია“ 2017 წელსაა რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართი ისევ გლდანის სავაჭრო ცენტრი „ქარვასლაა“.
კომპანიის დირექტორია შოთა კეკელია, აღნიშნულ შპს-ს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, თავმჯდომარე აქაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბორის ბატინია, წევრები კი შოთა კეკელია და ნინო ქურდიანი.
„აი დი ეფ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელიც ბორის ბატინია.
კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც კომპანია „სოლვას“ მფლობელია.
რაც შეეხება შპს „ონლაინ ფაინენსთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს, არმაზ თავაძე შპს „საინფორმაციო სააგენტო კომერსანტს“ ფლობს, პარალელურად კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელია: სს „არდი დაზღვევა“ (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე), შპს „აქტივების მართვის კომპანია არდი კაპიტალი“, შპს „ბანა“, შპს „ირაო დეველომპენტი“, შპს „ირაო მენეჯმენტჯგუფი“ და შპს „ირაო ინვესტი“.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არმაზ თავაძე მნიშვნელოვანი ფიგურაა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორების ფინანსურ სქემაში, რადგან ის ტენდერებში მონაწილე კომპანიებზე გარანტიებს გასცემს.
ეკატერინე გიორგობიანი შპს „ონლაინ ფაინენსის“, შპს „ალფას“, შპს „ახალი ერას“ და შპს „პონჩიტოს“ წილების მფლობელია.
შპს „ონლაინ ფაინენსის“ 60%-იანი წილის მფლობელი, როგორც ზემოთ ვწერდით, ოფშორში რეგისტრირებული კომპანია „მანიმენ ჰოლდინგ ლიმიტედია“. ინტერნეტსივრცეში კომპანიის გვერდი გვეუბნება, რომ მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ხელფასამდე სწრაფი მიკროსესხების გაცემაა, მაგრამ როგორც კი სესხის აღებას დააპირებ, ვებგვერდი შპს „სოლვაში“ გამისამართებს.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „ონლაინ ფაინენსს“ უკავშირდება, „გრინსტედ ლიმიტედია“. კომპანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფშორშია რეგისტრირებული და, შესაბამისად, სხვა მონაცემების მოძიება მასზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვაში განსაკუთრებით საინტერესო ფიგურა რუსეთის მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძეა. მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიაში ნიშნიანიძე, სულ რაღაც, 70-მილიონიანი კაპიტალით შედის, სამაგიეროდ, საინტერესოდ გამოიყურება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც ის საქართველოში ფლობს:
შპს „მეიდან ჯგუფი“;
შპს „გორგასალი“;
შპს „გასართობი ცენტრი „მეიდანი“;
მეცენატთა საზოგადოება „თბილისი“;
პროფესიული მენეჯმენტი
„რივერტური“;
ალადაშვილის სახელობის კლინიკა;
„აგროტექნოლოჯი ბაზის ესტ მენეჯმენტი“.
ეს რუსეთის მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძის ბიზნესკომპანიების არასრული ჩამონათვალია.
„მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე ლუდის ბიზნესშიც შევიდა, _ ის „კასტელის“ ახალი მფლობელის, სს „არგოს“ 50%-იანი წილის მფლობელია.
რაც შეეხება ქართულ ბაზარზე მიკროსაფინანსო კომპანიების მმართველობაში გამოჩენილ რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, ბორის ბატინს, მან ჰოლდინგი ID Finance ალექსანდრე დუნაევთან ერთად შექმნა. მათ ერთმანეთი დიდი ბრიტანეთში გაიცნეს, როცა ბატინი კემბრიჯში, ხოლო დუნაევი ლონდონის სამეფო კოლეჯში სწავლობდა.
მათ მიერ დაარსებული საფინანსო კომპანია „MoneyMan“, რომელიც ქართულ ბაზარზე სწორედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორებთან ერთად გამოჩნდა, რუსეთის ფედერაციაში 2017 წელს მერვე ადგილზეა, 2013 წლიდან 2015 წლამდე მათი კაპიტალი 71 მილიონიდან ერთ მილიარდამდე გაიზარდა. საქართველოს გარდა კომპანია ყაზახეთში, ესპანეთსა და პოლონეთში მუშაობს, 2017 წლის დეკემბრიდან ბრაზილიის ბაზარზე შესვლას აპირებს. 2015 წელს ბიზნესმენ ვადიმ დიმოვისგან, რომელიც რუსეთში ხორცის პროდუქტებისა და ძეხვეულის ბაზარს აკონტროლებს, ასევე არის წიგნების მაღაზიათა ქსელ „რესპუბლიკის“ მფლობელი, MoneyMan 8 მილიონი დოლარით დაფინანსდა. თანხა სწორედ საქართველოსა და ყახაზეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქსელის დაფინანსებაში ჩაიდო. ვადიმ დიმოვი პუტინის ახლო გარემოცვასთან დაკავშირებული ბიზნესმენია.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ მსგავსი ფინანსური სქემები მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული არ არის და ხშირ შემთხვევაში ფულის გათეთრების საშუალებაა, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორები სწორედ ფულს ათეთრებდნენ, ონლაინ სესხები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი ამისთვის გამოიყენებოდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა მათთან დაკავშირებული კომპანიების ძირითადი დამფუძნებლები სწორედ ოფშორში რეგისტრირებული ფირმებია და მფლობელების ვინაობისა და ანგარიშების მიგნება ძალიან ძნელია, ასევე რთულია ცნობების მოპოვება ფულის წარმომავლობაზეც.
„ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ცხადზე ცხადია, რომ კვირიკაშვილის გარემოცვა ქვეყანაში რუსული ინვესტიციის მოზიდვითაა დაკავებული. მართალია, ოფიციალურად დეკლარირებული მთავრობის კურსი პროდასავლურია, მაგრამ, რეალურად, გარემოცვის გავლენიანი ფინანსური პირები სწორედ რუსეთის მოქალაქეები არიან. კანონი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ რუსული კაპიტალი რუსული ოკუპაციის ნაწილია.
„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიება რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენ ზაზა ნიშნიანიძის საქმიანობის დეტალებით გაგრძელდება.

ელისო კილაძე