„ოცნების“ სამი დაპირება და სამი ტყუილი

თავის სამართლებლად და ჩასვრილი საქმის ოდნავ მაინც მოსასუფთავებლად შემონახული საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ მაინც არაფერში გამოადგა. არ გამოადგა, რადგან ყველაზე მთავარი, რასაც მისგან მთელი მსოფლიო მოითხოვდა, _ კონსენსუსი, _ მაინც არ შედგა.

„ოცნებაში“ თავისი ახლომხედველური პოლიტიკური გამჭრიახობით გადაწყვიტეს, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე საკუთარ ინტერესებზე მოირგეს, არ იქნებოდა ურიგო, რამე უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი საკონსტიტუციო ცვლილები რომ გადმოაგდონ საერთაშორისო ორგანიზაციების გასაჩუმებლად. „ვენეციის კომისიის“ დასკვნა და უარყოფითი შეფასებები ივანიშვილის გუნდში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. მით უმეტეს, რომ ავტოკრატიული მმართველობის დამკვიდრებას ქვეყანაში მათ კიდევ ბევრჯერ შეახსენებენ.
„ოცნებამ“ სამჯერ დაარღვია ხალხისთვის მიცემული პირობა და არ შეცვალა საარჩევნო სისტემა. ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ გააუქმებდა მაჟორიტარულ სისტემას და ამ ფეოდალებად (ივანიშვილისეული ტერმინი) ქცეულ უქნარა მაჟორიტარებს მოაშორებდა ქვეყანას. მაგრამ რა მოხდა „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ?! მოხდა ის, რომ „ოცნებამ“ შესანიშნავად მოირგო სააკაშვილის მიერ შექმნილი შერეული მაჟორიტარული სისტემა და მისი მეშვეობით უკვე მესამე არჩევნებია, სრულიად დაუმსახურებლად ზის უმრავლესობით როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოებში. ეს იყო მოსახლეობის პირველი მოტყუება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
ამ ტყუილს თავისი სუბიექტური მიზეზი ჰქონდა. ახლად მოსულ ხელისუფლებას ისე სწრაფად გაუჭირდა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, რომ არა ეს შერეული მაჟორიტარული სისტემა, ის თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ვერ მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ „ოცნებას“ ამომრჩეველთა მხოლოდ 44%-მა დაუჭირა მხრი და რომ არა ის 24 მაჟორიტარი, ივანიშვილის გუნდი ერთპარტიულ მმართველობას ვერ ჩაიბარებდა.
ზუსტად იგივე მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 48% მიიღო. სამართლიანი საარჩევნო სისტემის პირობებში, როცა პარტია მანდატების ზუსტად იმდენ პროცენტს იღებს პარლამენტში, რამდენ პროცენტ ხმებსაც არჩევნებზე, ბუნებრივია, რომ ამ 48%-ით „ოცნება“ არათუ საკონსტიტუციო, არამედ საპარლამენტო უმრავლესობასაც ვერ ჩამოაყალიბებდა სხვა პარტიის დაუხმარებლად.
სამაგიეროდ, არსებული საარჩევნო სისტემით „ოცნებამ“, ამ 48%-იანი მხარდაჭერით, 73-ვე მაჟორიტარი მოიგო და იმ პირობებში, როცა ამომრჩეველთა 52%-მა ოპოზიციურ პარტიებს მისცა ხმა, პარლამენტში 80%-ით მაინც ივანიშვილი გვიზის და ასე გვეჯდება მანამ, სანამ ან სისტემა არ შეიცვლება, ან რევოლუცია არ მოხდება.
რაც შეეხება მეორეჯერ ნათქვამ ტყუილს: გახსოვთ, ალბათ, როგორ გვპირდებოდა „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ, _ ოღონდ ახლა, 2016-ში, კიდევ ერთხელ მომაპარინეთ ხელისუფლება ამ მაჟორიტარების მეშვეობით და 2020 წლის არჩევნებს მთლიანად პროპორციული სისტემით ჩავატარებო. პროექტიც კი მოამზადეს და სახალხო განხილვაც მოაწყვეს. მაგრამ რა მოხდა არჩევნების შემდეგ?! _ ისევ არაფერი. ეს უკვე მეორეჯერ ნათქვამი ტყუილი.
მესამეჯერ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო კომისიაში იცრუა, როცა ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიამ დადო ცვლილებების პროექტი, სადაც შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ეს პროექტი „ვენეციის კომისიასაც“ კი გადაეგზავნა და მას შემდეგ, რაც ვენეციამ დადებითი დასკვნა დაწერა გარკვეული შენიშვნებით, „ოცნებამ“ მესამედ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და ამჯერად უკვე არა მხოლოდ ქართველი ერი და ამომრჩეველი, არამედ მთელი მსოფლიო მოატყუა. მოატყუა იმით, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად ისევ შერეული მაჟორიტარული სისტემა შეიტანა.
და დაამტკიცა კიდეც. შედეგად, 2020-ში, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ, ისევ და ისევ, ამ 73 წურბელა ფეოდალის (ივანიშვილის ტერმინი) მეშვეობით, ხელისუფლებაში კვლავ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გვეყოლება, თან, დიდი ალბათობით, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით.
ამ სტატიას საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე ლიდერი რომ კითხულობდეს, აუცილებლად შეიცხადებდა: კი მაგრამ, ხომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან გადავდივართ პროპორციულ სისტემაზეო?! კი ბატონო, ჩაწერეთ, მაგრამ სადაა იმის გარანტია, რომ 2024-მდე კიდევ ერთხელ არ შეცვლით კონსტიტუციას და მეოთხეჯერ არ მოატყუებთ ყველას, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც?! თუ არ გიქნიათ ჯერ?!
თუ გავითვალისწინებთ იმ უკიდურეს უკმაყოფილებას, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღარ მალავს საქართველოში, ადვილი მისახვედრია, რომ შემდეგი არჩევნებისთვის „ოცნების“ რეიტინგი ზევით ნამდვილად არ წავა, შესაბამისად, ხელისუფლებაში დასარჩენად ივანიშვილს ისევ დასჭირდება მაჟორიტარები. ასე რომ, ცრუს ზღაპარი ხომ იცით? მეოთხე ტყუილისთვისაც მზად იყავით.
ახლა რაც შეეხება ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებსაც „ოცნება“, ტრადიციულად, სრულ მარტოობაში განიხილავს. მდიდარი რომ თავისი სავსე ჯამიდან ერთ კოვზს გაიმეტებს ღარიბებისთვის, ისეა საქმე. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მთელი კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, გადაწყვიტა, გახვრეტილი შაურიანი გადმოგვიგდოს, როგორც „კეთილმა“ და „სამართლიანმა“ მმართველმა.
მისმა უდიდებულესობამ გამოგვიცხადა: ჯანდაბას თქვენი თავი, კიდევ ერთხელ მოგცემთ ბლოკების შექმნის უფლებას 2020-შიო, ხოლო 2024-ში ყველა ბონუსს არ მივისაკუთრებო! აბა, როგორია? ხომ არის მოწყალების ნამდვილი დიდოსტატი?!. არადა, საქმე სრულიად სხვაგვარადაა, _ არც ერთი ეს თემა „ოცნების“ აქტივში არ შეიძლება, ჩაიწეროს.
რაც შეეხება ბლოკებს, ეს თემა ხელისუფლებამ საერთოდ ჰაერიდან მოიტანა. ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, გართმევთ ბლოკების შექმნის უფლებასო. შეგახსენებთ: ეს იმ პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა. გასაგებია, რომ „ოცნებას“ დღეს, ყველაზე მეტად, ახალი ოპოზიციური ბლოკის შექმნის ეშინია, რომელიც მას დაამარცხებს და გამოსავლად საერთოდ ბლოკების აკრძალვა გადაწყვიტა. ეს ქმედება იმას ჰგავს, ყაჩაღმა რამე ნივთი რომ წაგართვათ და მერე გითხრათ, დაგიბრუნებთ, ოღონდ მაგისთვის მადლობა მითხარი და ყველას უთხარი, რა კარგი ვარ, წართმეული რომ დაგიბრუნეო.
ბონუსების გაუქმებასაც, ანუ გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად გადანაწილებას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ოპოზიცია ითხოვდა. ხელისუფლებამ, ყველა გადაუნაწილებელი მანდატის მითვისება რომ მოინდომა, მაგიტომ გამოუცხადა მთელმა ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი. ახლა კი „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ თავად გამოვიდეს ამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი და თვითონ ითხოვს ბონუსების გაუქმებას. თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ ბონუსების გაუქმებას ითხოვს 2024 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც „ოცნების“ გეგმით ძალაში შევა პროპორციული საარჩევნო სისტემა. თუმცა არ დაგვავიწყდეს მეოთხე ტყუილის მაღალი ალბათობა, რომლის შემთხვევაშიც არც პროპორციული სისტემა იქნება და არც ბონუსების გადანაწილებას ექნება რამე აზრი.
ამდენად, ყველა კარგად ხედავთ და ხვდებით, რომ ეს ორი ინიციატივა ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის ინიციატივებია. უბრალოდ, ხელისუფლება მათი მითვისებით ცდილობს, როგორმე მათ მიერ დამახინჯებული ქართული დემოკრატიის სახის ოდნავ მაინც გამოსწორებას.
როგორც თავში აღვნიშნე, ეს მცდელობა მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საკეკლუცოდ. ესაა ინიციატივები, რომლითაც „ოცნება“ ცდილობს, „ვენეციის კომისიის“ პოზიტიური შეფასება დაიმსახუროს.
არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ არ მოხვდა ეს ორი საკონსტიტუციო ინიციატივა იმ სხვა ინიციატივებთან ერთად პაკეტში, რომელსაც პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინათ უყარა კენჭი? ბოლოს და ბოლოს, მეორე მოსმენის წინ ხომ შეიძლებოდა მათი ჩამატება(?)? რატომ და იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში ეს ორი პატარა პოზიტივი, იმ უამრავი ნეგატივის მორევში, ისევე ჩაიკარგებოდა, როგორც, მაგალითად, ბარიერის ერთჯერადად 3%-მდე დაწევა ჩაიკარგა. „ვენეციის კომისია“ „ოცნების“ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმის გამო, რომ სისტემა არ იცვლება და კონსენსუსი არ არსებობს, მაინც ისევე უარყოფითად შეაფასებდა, როგორც შეაფასა. ახლა კი ეს ორი საკითხი ცალკეა გამოყოფილი და მასზე შეფასებაც ცალკე უნდა გააკეთოს „ვენეციის კომისიამ“.
ბუნებრივია, ბლოკების დაშვებას, თუნდაც ერთჯერადად და ბონუსების სამართლიან გადანაწილებას, თუნდაც შვიდი წლის შემდეგ, „ვენეციის კომისია“ უარყოფითად ვერ შეაფასებს. „ოცნების“ სანუკვარი მიზანიც ეგაა. რამეზე მაინც გადაუსვან თავზე ხელი, ამდენი კრიტიკისა და ლანძღვის შემდეგ რამე პატარა კომპლიმენტი მაინც დაიმსახურონ. აი, ამიტომაც არ მოხვდა ოპოზიციის ეს ორი ინიციატივა საერთო პაკეტში. შედეგად კი მივიღეთ მორიგი „იდიოტოკრატია“. დასრულდა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მაშინვე დაიწყო მეორე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
თუმცა, როგორც ხედავთ, ხელისუფლებამ ამ ინიციატივებითაც ვერ შეძლო ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა. არცაა გასაკვირი, როცა მნიშვნელოვან თემებზე იყო მსჯელობა, „ოცნებამ“ კონსენსუსისთვის გამზადებული ოპოზიცია ახლოს არ გაიკარა, ახლა კი გადმოყრილი საკენკის აკენკვა არავის სურს. შედეგად, „ვენეციის კომისიის“ მთავარი მოთხოვნა, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კონსენსუსით იყოს მიღებული, კვლავ ვერ შესრულდა. ამიტომ არაა გამორიცხული, ივანიშვილს ისევ ჩაუვარდეს კოვზი ნაცარში და ამ ახალი ცვლილებების შეფასებისას „ვენეციის კომისია“ კვლავ კრიტიკული იყოს.
ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ „ოცნება“ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის საკითხშიც ახალ რეგულაციებს შემოგვთავაზებს. როგორც ჩანს, 300 ხმოსნის იდეა ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა. აშკარად ძალიან ებევრა. 300 კაცის მოსყიდვის პერსპექტივით ვერ მოიხიბლა. ამიტომაც გადაწყდა, რომ პრეზიდენტი 2024-ში არა 300-მა ხმოსანმა, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ასე უფრო იაფიც იქნება და გარანტირებულიც. ასე რომ, დეკემბერში უნდა ველოდოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ბლოკებისა და ბონუსების თემას აუცილებლად დაემატება.
ყველაზე საინტერესო კი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო აკორდი უნდა იყოს. მთავარი ინტრიგა სწორედ მანდაა, _ მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი მარგველაშვილი ასეთ ცვლილებებს, თუ ვეტოს დაადებს მას? ან, იქნებ, ჯერ ვეტოს დაადებს და მერე მაინც მოაწერს ხელს, ემანდ სამოქალაქო ომი არ დაიწყოსო?.. ერთი სიტყვით, საინტერესოა, ისევ ჩაეხუტება თუ არა მარგველაშვილი თავის შემქმნელსა და შემოქმედს, თუ პრინციპულობის ბზიკი უკბენს უეცრად.
რომ არა ეს პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული საკითხი, მარგველაშვილს, ალბათ, არ გაუჭირდებოდა „ოცნებისთვის“ ამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების „გაპრავება“. ბოლოს და ბოლოს, ისეთი ცვლილებები „გაუპრავა“, ეს იმასთან შედარებით რა მოასატანია? ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოაცხადებდა პრეზიდენტი, რომ ბლოკების დაშვებასა და ბონუსების სამართლიან გადანაწილებას რა სჯობიაო და მოაწერდა ხელს, მაგრამ ეს პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა მართლაც რომ ცუდად ეჩხირება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარგველაშვილმა იმისთანა ერთპარტიული კონსტიტუცია „გაუპრავა“ ივანიშვილს, ამ სამას ხმოსანსაც გადაიტანს, როგორმე.
დასანანი სულ სხვა რამეა: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ერთი ერთზე ხელისუფლების კანდიდატს კონკურენტთან ძალიან მცირე შანსები აქვს. ეს აჩვენა თიანეთისა და ოზურგეთის შედეგმა. ადვილი წარმოსადგენია, როგორი დამანგრეველი იქნება ივანიშვილის გუნდისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. არადა, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია. ოპოზიცია აქტიურად მუშაობდა ერთიანი კანდიდატის თემაზე. ყველაზე აქტიურად ამ როლზე პრეზიდენტი მარგველაშვილი მოიაზრებოდა. და არა იმიტომ, რომ ის, როგორც პრეზიდენტი ან პოლიტიკოსი, ბრწყინავდა ამ თანამდებობაზე, არამედ იმიტომ, რომ უძაღლო ქვეყანაში ხშირად კატებს აყეფებენ ხოლმე. თუმცა მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა ივანიშვილს კონსტიტუცია „გაუპრავა“ და საყოველთაოდ გაყალბებული ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად გამოაცხადა, პროექტი „მარგველაშვილი საერთო კანდიდადტად“, როგორც ჩანს, ჩაიფუშა. და არა იმიტომ, რომ ან ხელმოწერაზე, ანდა არჩევნების შეფასებაზე ოპოზიცია თვალს ვერ დახუჭავდა, არამედ იმიტომ, რომ ნდობა აღარ არსებობს. სახელის გატეხასო, ხომ გაგიგიათ…

დემნა ვეშაპიძე