მამუკა არეშიძე : „შუბი ხალთაში არ იმალება, ადრე თუ გვიან, ყველაფერს პასუხი გაეცემა“

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული, თითქმის ერთდღიანი სპეცოპერაცია კვლავაც აქტიურად განიხილება. მთავარი კითხვაა, რა მიზანი ამოძრავებდათ საცხოვრებელ კორპუსში გამაგრებულ ადამიანებს? ასევე, რამდენად მოსალოდნელია მსგავსი ტიპის გართულებები და სახელმწიფომ პრევენციისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც.
„არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებით დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით“, _ აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს, სპეცრაზმელსა და პოლიციელს, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვეს მოქალაქეები და ასევე, მოსახლეობას, რომელმაც რთული ვითარება გადაიტანა და სამართალდამცველებთან ითანამშრომლა.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და, დაახლოებით, 22 საათი გაგრძელდა. სამართალდამცველებმა შტურმი მიიტანეს იმ ბინაზე, რომელიც მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული, მისი ფაქტობრივი მფლობელი კი ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ასლანბეგ ჯაბრაილოვია.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრება:
_ მთავარი კითხვა, რომელიც ამ მოვლენასთან დაკავშირებით მაქვს, _ რა მისიით იყვნენ ეს ადამიანები ჩამოსულები? ის, რომ აქ გამოსაზამთრებლად იყვნენ, ან, ვთქვათ, ტრანზიტისთვის და ა. შ. ეს ყველაფერი დასამტკიცებელია.
_ მაინც ვფიქრობ, რომ სხვა ტიპის მისია ჰქონდათ. ძალიან ბევრი ფაქტი ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე ახმედ უმაროვმა, დოკუ უმაროვის ძმამ, განაცხადა, რომ კავკასიური იმარატის რეანიმაცია მოხდა. ე. ი. კავკასიაში აღდგა ის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებას სისხლს უშრობდა. აი, ამის მერე ხდება ეს ფაქტი.
ამიტომ კითხვა მიჩნდება, _ ხომ არ იყო მცდელობა, რომ საქართველოში რაღაც ქსელის თვალსაზრისით იმარატის ზურგი შექმნილიყო? ამ ეჭვს ის ამყარებს, რომ საზღვარზე (გინდ არალეგალურად გადმოსულიყვნენ, გინდ ლეგალურად) ძალიან რთული იქნებოდა ამდენი იარაღის გადმოტანა. თუნდაც ეს ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი ყოფილიყო, მაინც რაოდენობაა და, ვფიქრობ, რომ ეს იარაღი ადგილზე არის ნაშოვნი. თუ ასეა, ე. ი. ვიღაცასთან კონტაქტში იყვნენ. ეს ვიღაცები ვინ არიან? არის თუ არა ეს მომავალი ქსელის დასაკომპლექტებლად შერჩეული ხალხი?
მოკლედ, ჩემი მთავარი კითხვა ამ ადამიანების აქ შემოსვლის მიზნიდან გამომდინარეობს. მაინც მივიჩნევ, რომ რაღაც სხვა მოტივი არსებობდა იმის გარდა, რაც გახმაურდა. თუნდაც ის მიზანი, რომელიც მე საზოგადოებას ვერსიად შევთავაზე, რომ მათ მსხვილი ტერაქტის მოწყობა უნდოდათ, რადგან იმ დღეებში აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართებოდა. ესეც კი დასაბუთებას საჭიროებს, რადგან მხოლოდ ვერსიაა.
დანარჩენი, რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარებას, ბევრ თანმხვედრ ფაქტს, ეს ყველაფერი, რასაკვირველია, კითხვებია და მათზე პასუხებია საჭირო. მაგრამ ვიმეორებ: აქ მთავარი კითხვაა, თუ რისთვის ჩამოვიდნენ ისინი?
_ რა პერსპექტივაა, რომ ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი გაეცეს?
_ ლაფანყურის ოპერაციამ სულ მცირე იმის მაგალითი მოგვცა, რომ ოპერაციამდე რა ხდებოდა, ხელისუფლებას რა მიზანი ჰქონდა, ეს ხალხი რატომ ჩამოიყვანეს (მარტიდან აგვისტომდე რომ ჩამოჰყავდათ), საბოლოო ჯამში, ეს რას ემსახურებოდა, _ ეს იყო მთავარი კითხვები, რომელსაც მაშინ ჩვენ ბოლომდე პასუხი ვერ გავეცით, მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
ასე რომ, არც ეს ამბავი დაიმალება. რაც მალე აეხდება ხელისუფლების მხრიდან ფარდა ამ ყველაფერს, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში ბევრად უფრო მობილიზებული იქნება, ვიდრე ახლა იყო.
_ თქვენი დაკვირვებით, ეს ადამიანები ქვეყანაში რა გზით მოხვდნენ?
_ ჩემს დაკვირვებაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, რადგან რაღაც ინფორმაციები ჩნდება. თქვენი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა საზოგადოებას სარწმუნო მტკიცებულებებით ასეთი ვერსია შესთავაზა, რომ ჩატაევი სარფის საზღვარზე გადმოიყვანეს. მე ასეთივე სარწმუნო მტკიცებულებებით ჩემი წყაროები მეუბნებიან, რომ ისინი თურქეთიდან არალეგალური გზით შემოვიდნენ და პირადად ჩატაევმა, მიუხედავად სერიოზული ფიზიკური ნაკლისა, ოთხი დღე მთა-მთა იარა. აი, ასეთ ვერსიას მთავაზობენ, თან მაღალი ხარისხის დარწმუნებით.
არალეგალურობას რაც შეეხება, მარტო ეს ორი ვერსია არსებობს. არც მინდა დავიჯერო, რომ ისინი აქ ნახევრად ლეგალური გზით, სხვა პირების პასპორტებით, ვიღაცის ხელშეწყობით შემოვიდნენ. თუ ვიღაც ამას აკეთებდა, მაშინ ისიც უნდა დავადგინოთ, ის ვიღაც ხელს რა მიზნით უწყობდა. აქ საქმე მხოლოდ ფულში არ შეიძლება იყოს, ეს პრობლემას არ წყვეტს. მაინც მგონია, რომ შეიძლება ფულის თემა არსებობდა (თუ ისინი მართლა ყალბი პასპორტებით შემოიყვანეს), მაგრამ კიდევ რაღაც მიზანი ამოძრავებდათ. ხაზს ვუსვამ, ჩემთვის აქ უმთავრესი არის მიზანი, რასაც ისინი ისახავდნენ.
_ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ჩატაევის გარდა ადგილზე ვინ იყვნენ?
_ სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ინფორმაციას მეუბნება, მაგრამ ორივე შემთხვევაში წყაროები თანხმდებიან. ერთი წყარო მეუბნება, რომ ესენი ჩეჩნები არიან და არა ქისტები, მეორე მეუბნება, რომ ორივე დაღესტნელები არიან, მაგრამ მთავარი ეს არ არის.
ორივე შემთხვევაში მეუბნებიან, რომ ესენი უცნობი პირები არიან. საქართველოში მათი კვალი არ ჩანდა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უკვე განსაკუთრებული ინტერესის საგანი აღარ არის, თუ რას წარმოადგენენ ესენი. ანუ ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან.
დუდაევიც კი (რომელიც დააპატიმრეს), მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ზოგიერთ ეპიზოდში ჩანდა, მათ შორის, ლაფანყურის შემთხვევაში, ახლა ისეთი ფიგურა არ არის, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. ისიც ჩვეულებრივი ჯარისკაცი, უბრალოდ, ჩატაევის დაცვის წევრი იყო.
_ ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაგირება რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო?
_ მე სპეცოპერაციის შედეგით ვმსჯელობ. ვფიქრობ, რომ სპეცოპერაციის შედეგი აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელი გოლაშვილი დაიღუპა და მის ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ. როგორც ამ საქმის სპეციალისტმა, სიღრმეებში ჩახედულმა ადამიანმა ვიცი, როგორ ხდება (სტატისტიკურად და შინაარსობრივადაც) სხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტის მცდელობის ლიკვიდაცია, ან პრევენცია. ბევრად მეტი შეცდომა აქვთ დაშვებული სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ისრაელის სპეცსამსახურებსაც კი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემთვის ეს სპეცოპერაცია დიდი საერთაშორისო სპეცოპერაციის ნაწილი, ერთი ფრაგმენტი იყო, მაშინ ყველაფერი პირიქით, მაღალ დონეზე შესრულდა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ანტიტერორისტული ცენტრის სპეცდანიშნულების რაზმის დასკვნით აკორდს. ისინი ბოლოში ჩაერთნენ მთელ ამ სიტუაციაში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ეს მაღალი დონის სპეციალისტებს შეეფერება.
რაც შეეხება თვითონ ხელისუფლების ქმედებას, თავიდანვე, რასაკვირველია, გარკვეული ფუსფუსი იგრძნობოდა, მაგრამ შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისინი ამ სპეცოპერაციის დაწყებას არ აპირებდნენ, უბრალოდ (რადგან ვამბობ, რომ ეს საერთაშორისო სპეცოპერაციის ნაწილი იყო), ამ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა გარკვეული გადაწყვეტილება ჯგუფურად მიიღეს. ამიტომ დაიწყო ეს შტურმი, მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.
ამ კონტექსტში თავიდანვე ავსტრია ვახსენე (თუ ჩემს პირველ გამოსვლებს ყურადღება მიაქციეთ). ავსტრიაში 22-ში არა, მაგრამ 30-ში დასრულდა სპეცოპერაცია და რამდენიმე ადამიანი (თუ არ ვცდები, შვიდამდე) დაკავებულია. მაკედონიელი, ბოსნიელი და ჩეჩენი ეჭვმიტანილები, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრებად არიან მიჩნეულნი.
ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული იყო. კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში მოხდა იგივე ამბები.
_ ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, რადიკალი ისლამისტებისგან რამე გართულება ხომ არ არის მოსალოდნელი?
_ როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე დაიწყო. ოღონდ იმის გამო კი არა, რომ ვინმეს შურისძიების გრძნობა ამოძრავებს. რელიგიური ნიშნით შეფერილი საერთაშორისო ტერორიზმი, პირდაპირ ვამბობ, ისლამური ტერორიზმი შურისძიებაზე ორიენტირებული არ არის. ის ორიენტირებულია მიზანშეწონილობაზე. თუ საჭიროა, ტერაქტი მოხდება, რომელიც შეიძლება შურისძიების საბურავში შეფუთონ, მაგრამ შურისძიება აქ მთავარი არ არის, ეს არავინ დაიჯეროს. ყოველთვის მიზანშეწონილობიდან გამოდიან და ამას გარკვეულ სახელს არქმევენ.
რეალურად, ახმედ ჩატაევი იმ დონის ფიგურა არ არის, რომელიც ისლამური ხალიფატის ჰეროიკულ დარბაზში შევიდოდა, რასაკვირველია, ბრჭყალებში ეს ყველაფერი, რადგან მის მიმართ ბევრი კითხვა ისმებოდა. იმავე ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ ეს კითხვები მის მიმართ ჩეჩნურ დიასპორას ჰქონდა ევროპასა და ამერიკაში. ის მათთან აღნიშნულ შეხვედრაზე არ მივიდა. მას მერე ჩატაევის მიმართ დამოკიდებულება სერიოზულად გაცივდა და მას ამრეზით უყურებდნენ.
ახლაც, სირიაში, ჩატაევის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ იყო, რადგან მას ბატალიონში, დაახლოებით, 200-მდე მერბრძოლი დაეღუპა. იქ კითხვები გაჩნდა, რომ ამ ორასამდე მებრძოლის დაღუპვა ან მისი არაკომპეტენტურობის შედეგი იყო, ან რაღაც სხვა უბედურება მოხდა.
ზოგიერთმა საველე მეთაურმა ზურგსუკან ბრალი დასდო მას და მოღალატეც კი უწოდა, რომ ის მთლად პატიოსანი ხელმძღვანელი არ იყო. ამიტომ რაღაც მომენტში მან ისლამური ხალიფატის იდელოგიურ სამსახურში გადაინაცვლა. უკვე იდეოლოგიური ფრონტის მუშაკი იყო. მართალია, ამ ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, მაგრამ ხელმძღვანელი არ ყოფილა. მას ჩაბარებული ჰქონდა კავკასიის მიმართულება, კურირებდა სოციალურ ქსელებს (შესაბამისი ლიტერატურის შექმნა), ამზადებდა მოლაპარაკე თავებს, ე. წ. მისიონერებს და ა. შ.
აქაც მის მიმართ ცალსახა დამოკიდებულება არ ყოფილა. ასე რომ, არავის ეგონოს, ისლამურმა ხალიფატმა ისეთი ლიდერი დაკარგა, რომ არიქა, ამის გამო გადაირევიან. ეს არ მოხდება, ეს არაფერ შუაშია.
უბრალოდ, როგორც ჩანს, გარკვეული გეგმა შეიქმნა, რომელიც კავკასიის მიმართულებას ეხება და აქ ისლამური ხალიფატის კონტექსტში საქართველოს თავისი სეგმენტი აქვს.
გავიხსენოთ, სირიაში ისლამური ხალიფატის მარცხის მერე ორი მიმართულება შეირჩა: ერთია ერაყი-ავღანეთის მიმართულება, სადაც ცენტრალური და პარტიზანული ბრძოლები გაგრძელდება და მეორე ევროპაა, სადაც სპეციალურად მომზადებული ადამიანები გაემგზავრნენ. როგორც ამბობენ, ეს, დაახლოებით, 400 კაცია, ვინც ამ მიზნით ევროპაში გავიდა.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ავღანეთისა და ერაყის გარდა, ისლამური ხალიფატისთვის პრიორიტეტული მიმართულება, პირველ რიგში, შუა აზიაა. აი, მერე უკვე კავკასიაა. მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერი შეიცვალა კიდეც.
ასეა თუ ისე, ჩვენ ვხედავთ კავკასიაში გარკვეულ აქტიურობებს ისლამური რადიკალიზმისა და საერთაშორისო ტერორიზმისა. გითხარით იმარატის თაობაზე, დავინახეთ, რომ თბილისში, საქართველოში, რაღაც აქტივობები იყო. ვნახეთ, რომ აჭარაში, სულ მცირე, ორ ადგილას იარაღის სამალავი აღმოჩნდა და ეს ყველაფერი ერთ ქვაბში უნდა ჩავყაროთ და მოვხარშოთ.
_ ამ რეალობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ რა ნაბიჯები უნდა გადადგას არსებული რისკების შესამცირებლად?
_ სახელმწიფო უშიშროების საკითხებთან თამაში და ორპირობა არ შეიძლება. არ შეიძლება ერთდროულად ფსევდოლიბერალურ რელსებზე იდგე (თორემ ლიბერალიზმი, თავისთავად, ღირსეული ფილოსოფიური და გინდაც პოლიტიკური მიმდინარეობაა) და სახელმწიფოს უსაფრთხოებაც დაიცვა. არ შეიძლება, საზღვრები ისეთი გამჭვირვალე იყოს, როგორიც ჩვენთან არის და ყველას ჰქონდეს აქ შემოსვლისა და თავისუფლად სეირნობის უფლება.
მოკლედ, სიმკაცრეა საჭირო სახელმწიფოს უაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე. ეს სიმკაცრე ადამიანის უფლებების შელახვას, უკანონო ქმედებას და ძალაუფლების გადაჭარბებას არ ნიშნავს, მაგრამ კონტროლს და, რაც მთავარია, პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების კონსოლიდაციას აუცილებლად გულისხმობს. ეს უკვე მოიაზრებს ხელისუფლების შესაბამის ნაბიჯებს საზოგადოებრივი, პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაციის მიზნით.
ამხელა ტერიტორიები ოკუპირებული გვაქვს და ახლა უკვე ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან თამაში არ ივარგებს.

გელა მამულაშვილი