პაპუნა უგრეხელიძის სექსუალური ციყვები და თეა წულუკიანის მიერ დამალული სქესობრივი ზეწოლის ფაქტები

წერილი, რომელიც „ქრონიკა+“-ს გამოუგზავნეს, მეტად სენსიტიურ საკითხს ეხება, აქედან გამომდინარე, ამ პუბლიკაციაში მხოლოდ ჩვენთვის გადმოგზავნილ დოკუმენტურ და ფაქტობრივ მასალას წარმოგიდგენთ.

„გამარჯობა, „ქრონიკა+“! გიგზავნით ჩემი 2016 წლის 29 აგვისტოს #11142/16 განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებულ დასკვნა- რეკომენდაციას, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ჩემ მიმართ ჩადენილი შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ამ თემით და საზოგადოებამდე (დაშტრიხულად) მიიტანთ ჩემს ტკივილს. დიდი ხანია ვფიქრობ, თქვენთვის მომეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი ისევ და ისევ იმის გამო, რომ მე კიდევ უფრო მეტად დავისაჯე მას შემდეგ, რაც ჩემი უფლებების დასაცავად სახალხო დამცველს მივმართე, გავბედე და ხმა ამოვიღე. დღემდე ვარ დისკრიმინაციის მსხვერპლი და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მტკივნეულია ცხოვრება უსამართლობისა და დაუსჯელობის გრძნობით. რთულია, გადმოგცეთ ის ტკივილი, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განვიცადე და მიუხედავად ამ ტკივილისა, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. ფაქტობრივად, მე ვიყავი პირველი ქალი, რომელმაც ამ პრობლემაზე ღიად (თუმცა, არცთუ ისე ღიად) დააფიქსირა და ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ძვრები დაიწყო. ვგულისხმობ, პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას, რამაც ქვეყანაში უნდა დაარეგულიროს შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დანაშაული. თუმცა, სამწუხაროა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის ამ დანაშაულის სირთულე და საკითხის სენსიტიურობა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კონფიდენციალურობას ვთხოვ ყველას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც არ ვერიდები სოციალურ ქსელებში გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და მხარდაჭერა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც რეალურად დამიცვა ჩემს ქვეყანაში, რომელმაც ადეკვატურად შეაფასა ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და დარღვეული უფლებები (სამწუხაროდ, არასათანადო კანონმდებლობისა და რეგულაციების გამო ვერ მოახდინა შესაბამის სადამსჯელო ღონისძიებებზე რეკომენდაციის გაცემა).
გამიგრძელდა წერილი, მაგრამ, რადგან პირადად არ მომეცა საშუალება მესაუბრა თქვენთან, გადავწყვიტე წერილობით მომეთხრო. ყველაზე მთავარი, რაც მინდოდა თქვენამდე მომეტანა, არის სხვა პრობლემა და ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, რაზეც არ ვაპირებ გაჩუმებას და თვალის დახუჭვას, როგორც კი ჩემი თმენის ვალდებულება ამოიწურება. ვგულისხმობ იმ დემოკრატიულ ფასეულობებსა და სამართლიანობის აღდგენას, რაზეც ასე გულანთებული საუბრობს ხოლმე ქალბატონი წულუკიანი. ვგულისხმობ, ასევე, ჩემს სამუშაო კონტრაქტს, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწურება და მომეცემა იმის საშუალება (რადგან იუსტიციის სამინისტრო აღარ იქნება პარტნიორი და აღარც თმენის ვალდებულება მექნება), პასუხი მოვთხოვო, რომელ სამართლიანობის აღდგენასა და რა დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე საუბრობს, მოვთხოვო პასუხი ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემ წინააღმდეგ განახორციელა. როგორ აფარებდა ხელს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დამნაშავეს, და ისე, რომ არც უკითხავს, ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი, რა მიღვაწია, შემიქმნია და ა. შ. ჩირქი მომცხო, ეცადა დავეშინებინე და დავეშანტაჟებინე. დისკრიმინაციას მიწევს დღემდე. ეს ის ქალია, იუსტიციის მინისტრი, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისთვის თავს „არ ზოგავს“, მინისტრი, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონის გატანისთვის „ბევრი იბრძოლა“ და „უდიდესი როლი შეასრულა“ სტამბულის კონვენციის რატიფიცირებაში. და ეს ის წულუკიანია, რომელმაც ჩემ მიმართ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი – კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა (აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართ შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან) დაარღვია და სახალხო დამცველის დასკვნის საპასუხოდ ამბობს, რომ „მერე რა, რა მოხდა, ვერბალური „ჰარასმენთი“ იყო და არა ფიზიკურიო და რაც მთავარია, ეს ნანუაშვილი მებრძვის მე და ეგ დასკვნაც იმიტომ დაწერა, ეს ყველაფერი ჩემს ადა იუსტიციის სამინისტროს საწინააღმდეგოდ გააკეთაო“. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი სხვა მიზეზთა შორის, რომელმაც ათქმევინა ის, რაც თქვა ბატონი ნანუაშვილის მისამართით და უპასუხისმგებლო და არაკონსტიტუციურ განცხადებებად შეფასდა საზოგადოების მხრიდან. ქ-მა მინისტრმა მხოლოდ ამ უწყების მასთან დაპირისპირებისა და მტრობის ერთ-ერთ იარაღად შეაფასა აღნიშნული დასკვნა და ჩემს დისკრედიტაციას შეეცადა, ხელს აფარებს დღემდე ნამდვილ მოძალადეს და მრავალჯერ ნასამართლევ, ფსიქიკური პრობლემების მქონე პიროვნებას, რომლის პიროვნული, მორალური, სულიერი და ფსიქიკური პრობლემები თვითონაც ძალიან კარგად იცის და მიუხედავად ამისა, იმიტომ, რომ მინდია უგრეხელიძის შვილია და მის მიმართ ვალდებულად გრძნობს თავს, ისევ თანამდებობაზე ჰყავს და რაც მთავარია, ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე და უწყების ხელმძღვანელად, როგორიც საჯარო რეესტრია. რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მხოლოდ აქ ვწერ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია და ადამიანის უფლებებსა და უტყუარობის პრეზუმპციას კარგად ვიცნობ, თუმცა თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ მიყვეთ ამ თემას, გამოიძიოთ და დაადგინოთ, ამ პიროვნების ყველა დანაშაულებრივი ქმედება, დაწყებული სისხლის სამართლის დანაშაულები იარაღთან დაკავშირებით (ეს უშუალოდ მოსამართლისგან ვიცი), ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღება და მოხმარება (მრავალჯერ) და რაც მთავარია, მიმდინარე წლის გაზაფხულსა და გასული წლის ნოემბერში, ისევ და ისევ, ნარკოტიკებთან დაკავშირებით მისი დაკავება.
იუსტიციის მინისტრი, რომელიც საჯარო მოხელეა და ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა იყოს, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს მოუსმინოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს, დამემუქრა, იმის გამო, თუ როგორ გავბედე და მივწერე მას მეილი და დასკვნა გავუგზავნე. მეტიც: იმ პერიოდში მქონდა ინფორმაცია და გამაფრთხილეს კიდეც, რომ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, გავჩუმებულიყავი და დამევიწყებინა ყველაფერი, რადგან წულუკიანს უკვე მოფიქრებული ჰქონდა სცენარი და მთელი მისი პიარის სამსახური და ადმინისტრაცია ჰყავდა მობილიზებული, თუ რა კომენტარს გააკეთებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია მედიაში გაჟონავდა. გამაფრთხილეს, რომ ეს კომენტარი გაცილებით მტკივნეული და საშინელი იქნებოდა და მე ამის გადატანა გამიჭირდებოდა. ჩემ უკან ჩემი ოჯახია, მშობლები, მეუღლე, ჩემი შვილები, მეგობრები, რომელთა მომავალს სასწორზე ვერ დავდებდი, მით უმეტეს, ამ ისტორიას ჩემი ბევრი მეგობარი შეეწირა, დაკარგეს სამუშაო ადგილები მიუხედავად მათი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა.
მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ მოვლენები და იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს პატივს სცემს, რაც, სამწუხაროდ, გვაკლია დღეს ქართულ საზოგადოებას. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ისევ უსამართლობის გრძნობით ვიცხოვრებდი ჩემს ქვეყანაში, ხმის ამოღების უფლება არ მექნებოდა და აზრის გამოთქმისთვის დავისჯებოდი. უნდა ვისწავლოთ ყველამ და გავიაზროთ ჩვენი უფლებები, დავძლიოთ კომპლექსები, შიში, ერთმანეთის თანადგომა ვისწავლოთ, რომ ჩვენს მომავალს მაინც მივცეთ იმის საშუალება, რომ ღირსეულ, ძლიერ და სამართლიან ქვეყანაში და საზოგადოებაში იცხოვროს. არ მინდა, მომავალმა თაობამ იცხოვროს უგრეხელიძეებით, წულუკიანებით და კიდევ ოფრო მეტი უგრეხელიძეებით გაჟღენთილ სახელმწიფოში.
მთავარია, ადამიანმა არ დაკარგოს სახე, რომ შეძლოს საკუთარი ღირსების, პატიოსნებისა და იმ ღირებულებების დაცვა, რომელზედაც აღიზარდა. თუმცა ღირსების დაცვა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ის გააჩნია… იმედი მაქვს, საზოგადოება გამოფხიზლდება, ისწავლის რეალობის სწორად აღქმას და ანალიზს და ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას მაინც მოუწევთ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.

მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ!

პატივისცემით, ნ.ნ. (სახელი და გვარი დაგრიფულია, _ რედ.)

„სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ბატონ პაპუნა უგრეხელიძეს.
რეკომენდაცია შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ:
„2016 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველს #11142/16 განცხადებით მომმართა ქალბატონმა ნ.ნ.-მ (სახელი დ გვარი დაგრიფულია, _ რედ.) რომელიც მიუთითებდა, რომ ის გახდა შევიწროების მსხვერპლი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის – პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან.
საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, 2016 წლის 15 ნოემბერს, გამოკითხეს მოპასუხე პაპუნა უგრეხელიძე. ამასთან, საქმის დეტალების გამორკვევის მიზნით გამოიკითხა რამდენიმე მოწმე.

1. ფაქტობრივი გარემოებები

განცხადების თანახმად, ნ.ნ. (შემდგომში განმცხადებელი) 2004 წლიდან მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში საჯარო რეესტრი) და ხელმძღვანელობდა
(თანამდებობა დაგრიფულია, _ რედ.) საერთაშორისო პროექტებს. 2016 წლის იანვარში მან დაკავებული თანამდებობა დატოვა. განმცხადებელი ამჟამად მუშაობს (ახალი სამსახური დაგრიფულია, _ რედ) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში და ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის კომპონენტს. ამდენად, განმცხადებლის საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება საჯარო რეესტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში განმცხადებელს ყოველდღიურად უწევდა სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძისგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. როგორც თავად ამბობს, ამ ყოველივეს ითმენდა, ვინაიდან არ სურდა, რომ გაემწვავებინა სიტუაცია. ამასთან, მისი მეუღლე (სახელი და გვარი დაგრიფულია, _ რედ.) ასევე დასაქმებული იყო საჯარო რეესტრში (თანამდებობა დაგრიფულია, _ რედ.). განმცხადებლის განმარტებით, ის ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მოპასუხის დამოკიდებულებისთვის, თუმცა მსგავს მოპყრობასთან შეგუება ძალიან უჭირდა. განმცხადებელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უგრეხელიძე მას სთხოვდა, არ დაეტოვებინა სამსახური, მან გადაწყვიტა, რომ ვინაიდან სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა მიეცა, გარიდებოდა უგრეხელიძეს. ახალ სამსახურში დასაქმებისთვის განმცხადებელმა გაიარა შესარჩევი კონკურსი, ამასთან, იგი არ უარყოფს, რომ მისი კანდიდატურის შერჩევის შემდეგ ახალი სამსახურის წაარმომადგენელი დაუკავშირდა პაპუნა უგრეხელიძეს, ვინაიდან მათ პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ საჯარო რეესტრთან და ჰკითხა, თანამშრომლის წასვლის გამო პრობლემები ხომ არ შეექმნებოდა რეესტრს? პაპუნა უგრეხელიძემ მათ დაუდასტურა, რომ არ იყო წინააღმდეგი, განმცხადებელი ახალ სამსახურში გადასულიყო.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მოპასუხე ითხოვდა, მეუღლესაც დაეტოვებინა სამსახური. 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით განმცხადებლის მეუღლეს დისციპლინური სახდელი შეეფარდა და დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სამსახურის შეცვლის მიუხედავად, მეუღლის განთავისუფლების შემდეგაც უგრეხელიძე აგრძელებდა შანტაჟსა და მუქარას, რომ დონორთან თანამშრომლობაზეც კი იტყოდა უარს და დააკარგვინებდა სამსახურს.
განმცხადებელ ნ.ნ.-ს განმარტებით, მას პაპუნა უგრეხელიძე ამჟამად ხელს უშლის, რომ ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები ახალ სამსახურში, ვინაიდან უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს აუკრძალა განმცხადებელთან კონტაქტი. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, იმის გამო, რომ საჯარო რეესტრი უარს აცხადებდა ნ.ნ.-ს ახალი სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვინაიდან განმცხადებელი იყო ჩართული მასში, ორგანიზაციამ ის ჩამოაშორა ღონისძიებას.
განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 2 მარტს იგეგმებოდა „სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დისკუსიის პლატ-საფორმა…“ _ ნ.ნ.-ს ახალი სამსახურის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყებები, მათ შორის, საჯარო რეესტრის დასწრებაც მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან პრობლემები და კითხვები უმეტესად საჯარო რეესტრის ირგვლივ არსებობდა. თუმცა, ვინაიდან განმცხადებელი უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, უგრეხელიძეს შეიძლებოდა უარი ეთქვა მონაწილეობაზე.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალების, კერძოდ, მისი თანამშრომლის 2017 წლის 24 თებერვლის მეილიდან, რომელიც მან განმცხადებელს და კიდევ ერთ თანამშრომელს მისწერა, იკვეთება, რომ მას დაურეკა საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა და უთხრა, რომ ჯერ ჩვენგან ელოდებიან სიას და „მერე შეხედავენ (იგულისხმება შეხედავს პაპუნა), ვინ წამოვა“. მითხრა, რომ პაპუნას უნდა მონაწილეობა და ამიტომ ნ.ნ. არ ჩასვა სიაშიო. თუმცა შეგიძლიათ, ჩასვათ და გამოაგზავნოთ სია, მაგრამ შემდგომ ვინ იქნება ჩვენგან, ვერ გეტყვიო (ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაპუნაო). შესაბამისად, მოიფიქრეთ, როგორ მივიწეროთ და რა სია გავუგზავნოთ და ისე მოვიქცევი.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას, მოპასუხემ განმცხადებელი ძალიან კარგ პროფესიონალად დაახასიათა, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ ის ნერვიული და კონფლიქტურია. უგრეხელიძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ განმცხადებელმა ის დაადანაშაულა შევიწროებაში, და თქვა, რომ ნ.ნ.-ს ასაკის ქალები მას არ იზიდავს, უკვე შვილიშვილები ჰყავს. ამასთან, აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ულამაზესი ქალი არის და ნ.ნ.-ს არ შეხედავდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ელემენტი, კერძოდ, მოპასუხის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, რომელიც შეიცავს ფამილარულ ტერმინოლოგიას და მუქარას.

ფამილარული ტერმინოლოგია

პაპუნა უგრეხელიძის მიერ ნ.ნ.-სთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება:
პაპუნა უგრეხელიძე, 14:11 (2015 წელი)
„ციყვო, <3 შევსებული ცხრილი იყო, რაც მომეცი?“
ნ.ნ., 14:11:
„კი, ეგ არის“

პაპუნა უგრეხელიძე, 14:11
„გული გამომიგზავნე“

პაპუნა უგრეხელიძე, 14:12
„<3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3“ (გულები)

მოპასუხის განმარტებით, ის „ციყვოს“ ეძახდა ყველა თანამშრომელს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან დაბადების დღეზე მიართვეს ტორტი, რომელზეც შოკოლადისგან დამზადებული ციყვი იჯდა.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ის არ მონაწილეობდა უგრეხელიძის დაბადების დღის ორგანიზებაში, თუმცა იცის, რომ ეს იდეა თანამშრომლებს გაუჩნდათ იმის გამო, რომ უგრეხელიძე მის ირგვლივ მყოფ ქალებს, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, „ციყვებს“ ეძახდა. აქედან გამომდინარე, თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ მსგავსი ტორტი დაემზადებინათ მისთვის.
სმს-ით „გულების“ გაგზავნასთან დაკავშირებით, უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თანამშრომლებთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მათ შორის, ფეისბუქითა და ვაიბერით.

მუქარის შემცველი სმს ტექსტი:

პაპუნა უგრეხელიძე:
„გავიგე და მოგხედავ მე შენ“ (19:51 საათი, 28 სექტემბერი, 2015)

„ნუ ხტიხარ და აკეთე ის, რასაც გეუბნები, არ დაგნძრევია ამდენი ხანი და არც აწი დაგენძრევა, უნდა მიხვდე ჩემს დამოკიდებულებას. ამხელა გოგო ხარ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს!“ (19:57 საათი, 28 სექტემბერი, 2015)
„ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები, მერე მიხვდები! მაიმუნო შენა! (20:02 საათი, 28 სექტემბერი, 2015)
შეტყობინებებთან დაკავშირებით, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მისი გაგზავნილი იყო, თუმცა განაცხადა, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.
კონტექსტთან დაკავშირებით განმცხადებელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუმარტა, რომ 2015 წლის 28 სექტემბერს, მოპასუხემ დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უყვიროდა შენგენის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო. განმცხადებლის განმარტებით, იმ დღეს ძალიან ინერვიულა, მოპასუხეს უთხრა, რომ დაენებებინა თავი მისთვის, რადგან უკვე ნაცემივით იყო, არ შეეძლო მეტის ატანა და გაუთიშა ტელეფონი. როდესაც მოპასუხე ისევ ცდილობდა მასთან დაკავშირებას და ურეკავდა, განმცხადებელი ტელეფონს აღარ პასუხობდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძემ მისწერა: „ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!“
2015 წლის 30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც პაპუნა უგრეხელიძეს უარი უთხრეს ვიზის გაცემაზე, იმ მიზეზით, რომ მას უკვე ჰქონდა ვიზა მეორე _ სამსახურებრივ პასპორტში, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დაურეკა ნ.ნ.-ს. როგორც განმცხადებელი მიუთითებს, უგრეხელიძემ მას „ქუჩის ქალი“ და „ნაგავი“ უწოდა. განმცხადებელი შეეპასუხა უგრეხელიძეს და უთხრა, რომ ამ სიტყვების გამო უჩივლებდა, რაზეც მოპასუხე უფრო გაბრაზდა, დაიწყო გინება და ეუბნებოდა: „აქ მოეთრიე, ყლ*** ვერ მომაჭამოო“.
2015 წლის 30 სექტემბრის საღამოს განმცხადებელი უგრეხელიძეს ემალებოდა, ვინაიდან, როგორც მესხიძემ საჯარო რეესტრში მომუშავე მეგობრებისგან შეიტყო, მოპასუხე მას ეძებდა და იმუქრებოდა, რომ თუ არ ნახავდა მას იმ საღამოს, მეორე დღე სხვანაირი გაუთენდებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს მოპასუხეს, რომელმაც თავდაპირველად ვერ გაიხსენა ეს სატელეფონო საუბარი, თუმცა, მოგვიანებით თავად აღნიშნა, რომ მესხიძე, სავარაუდოდ, ვიზასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ საუბრობდა.

ნ.ნ.-ს ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდში განმცხადებლის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები

გერმანიაში საჯარო რეესტრის თანამშრომლების ვიზიტის თაობაზე საქმიანი მიმოწერა:

ნ.ნ, 1 ივნისი, 2016, 12:50
„კიდევ ერთხელ მოგესალმებით! მოგეხსენებათ, მიუნხენში ჯგუფი ჩავდივართ კვირას, 12 ივნისს. თუ გაქვთ სურვილი, შესაძლებელია დავგეგმოთ ქალაქის დათვალიერება ავტობუსით. გთხოვთ, მომწერეთ, თუ გსურთ კვირას, დღის მეორე ნახევარში CITY TOUR (ქალაქის ტური).

პაპუნა უგრეხელიძე, 1 ივნისი, 2016, 12:52

„ციყვო <3 “(გული)

პაპუნა უგრეხელიძე, 1 ივნისი, 2016, 13:39
„მინდა შენთან ერთად ტური ციყვო <3“ (გული)

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესაუბრა ვ.ს.-ს (სახელი და გვარი დაგრიფულია, _ რედ), რომელიც 2006 წლიდან მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა განმცხადებელთან. ვ.ს.-მ აღნიშნა, რომ პაპუნა უგრეხელიძის დამამცირებელი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ნ.ნ.-სთან მიმართებით. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც უგრეხელიძე შეურაცხყოფას აყენებდა, ნ.ნ. ცდილობდა, ხუმრობაში გადაეტანა, თუმცა არაერთხელ უნახავს, რომ ნ.ნ უგრეხელიძის დამოკიდებულებას განიცდიდა და ტიროდა კიდეც. უგრეხელიძე ნ.ნ.-ს მუდმივად მიმართავდა დამამცირებლად, მაგალითად, ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დებილო!“ „კუთხეში დადექი“ და ა. შ.
ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, რომელმაც კონფიდენციალობა ისურვა, უგრეხელიძე ნ.ნ.-ს მისამართით ზოგჯერ უხამს გამონათქვამებს ამბობდა, მათ შორის, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით.
მოწმე ვ.რ.-მ (სახელი და გვარი დაგრიფულია, _ რედ.), რომელიც 2014-2016 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, აღნიშნა, რომ ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია ნ.ნ.-ს მიმართ უგრეხელიძის დამოკიდებულების შესახებ. მისი თქმით, უგრეხელიძეს ახასიათებდა „ხუმრობები“ თანამშრომლებთან, რომლებიც ვერ იგებდნენ ხუმრობდა, ეფლირტავებოდა თანამშრომლებს, თუ ემეგობრებოდა მათ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას პაპუნა უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ის შეხვდა ვ.რ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს რაღაც ფაქტები დაუდასტურა იმიტომ, რომ უგრეხელიძეზე გაბრაზებული იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ვ.რ.-მ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს ფეისბუქის პირად გვერდზე მისწერა, რომ ნ.ნ.-ს საქმესთან დაკავშირებით მისი ჩართულობა დასრულდა, რადგან რაღაცებში ეჭვი შეეპარა და არ სურს დაადასტუროს ის, რაც ზუსტად არ იცის.
განმცხადებელმა სახალხო დამცველს ასევე მიაწოდა საჯარო რეესტრში დასაქმებული რამდენიმე ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაუკავშირდა, თუმცა მათ განცხადებაში მითითებული ფაქტების შესახებ საუბარი არ ისურვეს;

2. სახალხო დამცველის შეფასება

შევიწროება და სექსუალური შევიწროება კომპლექსური პრობლემაა, რომლის სამართლებრივი რეგულირება გვხვდება როგორც საერთაშორისო აქტებში, ასევე, გარკვეულწილად, საქართველოს კანონმდებლობაში.
გენდერული თანასწორობის შესახებ ევროკავშირის განახლებული 2006/54/EC დირექტივის მე-6 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სქესის ნიშნით შევიწროება და სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენს. სამუშაო ადგილზე შევიწროება, იქნება ეს სექსუალური თუ არასექსუალური ხასიათის, აზიანებს და აკნინებს მსხვერპლის ღირსებას. შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის გამოვლინების შიში ქალებისთვის პროფესიული განვითარების მუდმივი დამაბრკოლებელი ფაქტორია; ეს გამოცდილება შეურაცხმყოფელია ქალის ღირსებისთვის, მომავალში მისი შესაძლებლობების გამოვლენაზე უარყოფითად აისახება და მისი შედეგები თავს იჩენს დიდი ხნის მანძილზე, იქნება ეს მძიმე ემოციური ფონი, დისკომფორტი თუ ვიქტიმიზაციის შიში.
შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების დროს არ არის აუცილებელი, არსებობდეს შესადარებელი სუბიექტი, ვინაიდან შევიწროება, რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს ის, თავისთავად არის არასწორი ქმედება თავისი პოტენციური შედეგებიდან გამომდინარე, რაც თავის თავში მოიცავს შევიწროების მსხვერპლის ღირსების შელახვას. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი არ ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლების დარღვევას.
შევიწროების პლურალისტული გაგებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ იყოს თავისუფალი სამუშაო ადგილზე შეურაცხმყოფელი მოპყრობისგან; მსგავსი მოპყრობა, დამდგარი შედეგის მიუხედავად, მოიცავს განზრახ თუ გაუფრთხილებელ ქცევას, რომელიც ამცირებს, აშინებს, ზეწოლას ახდენს, ზიანს აყენებს პიროვნებას.
საქართველოში დღემდე არსებობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპები, რომლის თანახმად, დასაქმების ადგილზე თუ სხვა სიტუაციაში არასასურველი მოპყრობის გამომწვევი არის თავად ქალი, რის გამოც ქალებს აქვთ მოლოდინი, რომ კაცის მხრიდან შევიწროების შემთხვევაში, შესაძლოა, საზოგადოებამ, ოჯახმა თუ კოლეგებმა ის საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ პრინციპებთან შეუსაბამო ქცევაში დაადანაშაულონ. მსგავსი სტერეოტიპული განწყობებით არის განპირობებული სასამართლოებისთვის თუ სახალხო დამცველისთვის შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებზე მომართვიანობის სიმცირე.
განსახილველ საქმეში, სახალხო დამცველი იმსჯელებს როგორც შევიწროების, ასევე სექსუალური შევიწროების საკითხზე.

2.1. სქესის ნიშნით შევიწროება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით

სქესის ნიშნით შევიწროება არ უნდა გაიგივდეს სექსუალურ შევიწროებასთან, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროებაც შესაძლოა ვერბალური ან არავერბალური ფორმით გამოხატული ქმედება იყოს.
ევროკავშირის დირექტივების მიხედვით, შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს პირის ღირსების შელახვასა და დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სამუშაო ადგილზე შევიწროება წარმოადგენს ქმედებას, რომლის მიზანი მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. შევიწროება მრავალი ფორმით და სხვადასხვა ნიშნის გამო შეიძლება გამოვლინდეს. ამდენად, შევიწროებაა: 1. მსხვერპლისთვის არასასურველი ქმედება; 2. რომელიც განხორციელებულია პირის ღირსების შელახვის მიზნით; 3. ქმნის დამამცირებელ, მტრულ და დამაშინებელ გარემოს; 4. მსხვერპლს ახასიათებს რომელიმე დაცული ნიშანი.

არასასურველი ქცევა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ის არ ნიშნავს ქმედების „იძულებითობას“. მსხვერპლი შესაძლოა, ეთანხმებოდეს კონკრეტულ ქცევას და აქტიურადაც მონაწილეობდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ქმედება უსიამოვნო და შეურაცხმყოფელია.
ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლმა არ იცის, ვის მიმართოს, რომ მისი ნათქვამი სერიოზულად აღიქვან. ამასთან, ძალიან ხშირად, მსხვერპლი მიიჩნევს, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა საკმარისად სერიოზული არ იყოს იმისთვის, რომ სხვას გაუზიაროს; გარდა ამისა, ზოგჯერ მსხვერპლი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მან თავადვე მოახდინა შემავიწროვებლის ქცევის პროვოცირება და ითმენს შეურაცხყოფას. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს გარე ფაქტორებიც, როგორიც არის, მაგალითად, მსხვერპლის ოჯახი და შემავიწროვებლის შესაძლებლობა, რომ მსხვერპლის ოჯახის მდგომარეობაც გააუარესოს. ვინაიდან შევიწროება ხშირად ხდება თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, მსხვერპლს უძნელდება, თავის დაცვის მიზნით რაიმე მოიმოქმედოს.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აცხადებდა მოპასუხის შეურაცხყოფისა და დამამცირებელი დამოკიდებულების შესახებ, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შიში და ასევე, ოჯაში დაძაბულობის თავიდან აცილება წარმოადგენდა იმ სავარაუდო ძირითად მიზეზებს, რის გამოც განმცხადებელი ხელმძღვანელის დამოკიდებულებას ითმენდა. ის ფაქტი, რომ განმცხადებელი არ ახმაურებდა მის მიმართ ხელმძღვანელის შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, ცალსახად არ უნდა იქნას მიჩნეული, რომ მას მსგავსი დამოკიდებულება სიამოვნებდა ან თანახმა იყო აღნიშნულზე. ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, ნ.ნ.-ს ერთადერთი ბერკეტი მოპასუხესთან დისტანციის დაცვა იყო, სხვაგვარად შეწინააღმდეგების საშუალება მას არ ჰქონდა, ვინაიდან სამსახურებრივად უშუალოდ იყო დამოკიდებული პაპუნა უგრეხელიძეზე.
როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან იკვეთება, მოპასუხემ მას გაუგზავნა მუქარის შემცველი და დამამცირებელი ისეთი შეტყობინება, როგორიცაა, მაგალითად: გავიგე და მოგხედავ მე შენ, ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები, მერე მიხვდები! მაიმუნო, შენა!
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, კონტექსტის მიუხედავად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მისამართით მსგავსი გამონათქვამების გამოყენება მიუღებელია. ზემოაღნიშნული შეტყობინება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნ.ნ.-ს მიმართ უგრეხელიძის აგდებულ დამოკიდებულებას, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განმცხადებელს დამამცირებელ სამუშაო გარემოს უქმნიდა.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს: ის ფაქტი, რომ განმცხადებელი ამჟამინდელ სამსახურში მოპასუხის თანხმობით დასაქმდა, არ წარმოადგენს უგრეხელიძის მხრიდან განხორციელებული დამამცირებელი დამოკიდებულების გამაბათილებელ არგუმენტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ თავად მოპასუხე აღიარებს, რომ ნ.ნ ძალიან კარგი პროფესიონალია.

2.2. სექსუალური შევიწროება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით

სექსუალური შევიწროება შევიწროების ერთ-ერთი სპეციფიკური და ყველაზე ხშირი გამოვლინების ფორმაა. სექსუალური შევიწროების ორი ფორმა არსებობს: 1. Quid Pro Quo ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში; და 2. მტრული სამუშაო გარემო, როდესაც სამუშაო ადგილზე დამაშინებელ, შეურაცხმყოფელ პირობებს ქმნის სექსუალური შინაარსის დამამცირებელი კომენტარები, მინიშნებები, შენიშვნები, ხუმრობები.
ამდენად, სექსუალური შევიწროება ცალსახად არ ნიშნავს კონკრეტული სექსუალური ხასიათის მომსახურების ან ფიზიკური კონტაქტის ელემენტის არსებობას განხორციელებულ ქმედებაში და ის შეიძლება გამოხატული იყოს ასევე ვერბალური ფორმით.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი კრძალავს შრომით ურთიერთობაში სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევს ნებისმიერ შეუსაბამო შენიშვნას, ხუმრობას ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე, ასაკსა და ოჯახურ მდგომარეობაზე, ასევე, ქედმაღლურ ან პატერნალისტურ დამოკიდებულებას, რომელიც ატარებს სექსუალურ ქვეტექსტს და ლახავს ადამიანის ღირსებას, ნებისმიერ მზერას ან სხვა ჟესტიკულაციას, რომელიც ასოცირდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. გაეროს კომიტეტი სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და აღნიშნავს, რომ თანასწორობას რეალური საფრთხე ექმნება, როდესაც ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება. როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია აღნიშნული, სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და, ამავდროულად, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.
ვერბალურად გამოხატული სექსუალური შევიწროება შესაძლებელია ურთიერთობაში კონკრეტული სიტყვებისა და ტერმინების გამოყენებაში გამოიხატოს, მაგალითად როგორიცაა: „თოჯინა“, „პატარა“, „საყვარელო“, „ტკბილო“ და ა. შ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თავადაც არ უარყოფს, რომ განმცხადებელს უწოდებდა „ციყვს“ და ეს განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ თანამშრომლებმა მას დაბადების დღეზე ციყვის ფორმის ტორტი მიართვეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ გაამართლებს დაქვემდებარებაში მყოფი პირისათვის ისეთი ფამილარული სიტყვის გამოყენებას, როგორიც არის „ციყვი“. დასაქმებულებისთვის მსგავსი ტერმინებით მიმართვა მიუღებელია და წარმოადგენს სამუშაო გარემოსთვის შეუფერებელ ქცევას, რომელიც დისკომფორტს უქმნის დასაქმებულს. მსგავსი ტერმინების გამოყენება არ გამოხატავს თანამშრომელთან ახლო ურთიერთობას ან მეგობრობას, არამედ წარმოაჩენს უპატივცემულობასა და უპირატესობის დემონსტრირებას სუბორდინირებულ მდგომარეობაში მყოფი პიროვნების მიმართ.
გარდა ამისა, ვერბალური სახით სექსუალური შევიწროების ერთ-ერთ გამომხატველ ფორმას წარმოადგენს ასევე, მსხვერპლის ასაკზე ხაზგასმა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას განმცხადებლის ასაკის ქალები არ აინტერესებს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნულს მოპასუხემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, აღნიშნა, რომ ნ.ნ.-ს უკვე შვილიშვილები ჰყავს, შესაბამისად, ნ.ნ.-ს ასაკის ქალები არ იზიდავს.

3. დასკვნა

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შევიწროების შემთხვევები, როგორც წესი, გამოირჩევა ფარულობით, შესაბამისად, რთულდება მოწმეების ან მატერიალური მტკიცებულებების მოპოვება. ფაქტის დადგენისას, პრაქტიკულად, შეუძლებელია მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ მსგავს საქმეებში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ წარმოდგენილ სუბიექტურ მტკიცებულებებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის გარკვეული მასალები _ ფაქტები და მტკიცებულებები _ რომლებიც inter alia (სხვა საქმეებს შორის, _ რედ.) საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საქმის საბოლოო შეფასებას, არ არის გამოყენებული გადაწყვეტილებაში და, მოწმეთა ინტერესებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურად რჩება.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ, სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატა ნ.ნ.-ს შეურაცხყოფასა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში და, მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში, რაც გამოიხატა კონკრეტული ფამილარული თუ უხამსი სიტყვების გამოყენებაში. ზემოაღნიშნულ ქმედებებს ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და დამამცირებელ და მტრულ სამუშაო გარემოს უქმნიდა განმცხადებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პაპუნა უგრეხელიძემ ნ.ნ.-ს მამართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პაპუნა უგრეხელიძეს, რომ:

1. მომავალში მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემუშავდეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც აიკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება, რათა მოხდეს საჯარო რეესტრში დასაქმებული ნებისმიერი პირის მხრიდან, დასაქმებულის მიმართ სქესის ანდა სხვა რომელიმე ნიშნით შევიწროების ანდა სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება;
3. გთხოვთ, თქვენ მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მაცნობოთ, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად“.

აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს უჩა ნანუაშვილი

თამარ როსტიაშვილი