პოლიციელმა ცოლ-ქმარმა პროტესტის ნიშნად პატრულის რიგები და ქვეყანა დატოვა

საქართველოს პოლიციის რიგები რამდენიმე თვის წინათ პროტესტის ნიშნად კიდევ ორმა პოლიციელმა _ ცოლ-ქმარმა ბერდია მჭედლიანმა და ქეთევან კორახაშვილმა დატოვა. ორივე პოლიციის კაპიტანია და ორივე პირი ქვეყნიდან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით უცხოეთში გაიქცა. ბერდია მჭედლიანი საპატრულო პოლიციის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პატრულ-ინსპექტორი იყო და მან სისტემაში 15 წელიწადზე მეტი იმუშავა, ხოლო მისი მეუღლე, ქეთევან კორახაშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორია. ერთ დროს წარმატებული რეფორმის ცნობადი სახეები ქვეყნიდან გაქცევის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქვეყნიდან წასულ პოლიციელ ბერდია მჭედლიანთან.

_ გამარჯობა, ბატონო ბერდია, რა გახდა თქვენი ოჯახის საქართველოდან გაქცევის მიზეზი?
_ ქვეყნიდან თვეების წინათ მეუღლესთან ერთად გავიქეცი. მიზეზი რამდენიმეა: იძულებული გავხდი, წავსულიყავი. ერთ დღეს დამიბარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა შალვა კილასონიამ და ჩემს დისშვილზე, გიორგი კვანჭიანზე გამოკითხვა ჩამიტარა. ძირითადად მეკითხებოდა, თუ რა აქტივობას ეწედოა და რატომ იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მხარდამჭერი? არადა, თავად შალვა კილასონიაა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერი და დღეს პორტირებული ქოციონალია. ჯერ კიდევ 2008 წლიდან შალვა კილასონია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო და დღეს კიდევ უფრო დაწინაურებულია.
მასთან ჩემი დაბარება იმით დასრულდა, რომ ჩემი დისშვილისთვის უნდა მეთქვა, აღარ მიეღო მონაწილეობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართულ არანაირ საპროტესტო აქციებში, თორემ მე და ჩემს მეუღლეს სამსახურებიდან გაგვათავისუფლებდნენ. მე, რა თქმა უნდა, არანაირი თანხმობა შალვა კილასონიასთვის არ მიმიცია და მასთან კაბინეტში არასამსახურებრივი შეხვედრა დაპირების გარეშე დავტოვე.
_ ამ შეხვედრის შესახებ სხვა ხელმძღვანელმა პირებმა თუ იცოდნენ?
_ არა, არავინ… ჩემი უშუალო უფროსი კილასონია იყო და მხოლოდ მან დამიბარა. ალბათ, მას მისმა უფროსებმა უთხრეს, რომ მე უნდა დავებარებინე და გავეფრთხილებინე.
_ ამ შეხვედრის შემდეგ რა ხდება?
_ იმავე დღეს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუმცა უკვე ვგრძნობდი, რომ ამითვალწუნეს და სიტუაცია ხელმძღვანელ პირებთან, ფაქტობრივად, დამეძაბა. თითქოს აღარ მენდობოდნენ ისე და სულ დაძაბულ რეჟიმში მამყოფებდნენ. ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა დაევალებინათ ისეთი უკანონო რამ, ან პროვოკაცია მოეწყოთ ჩემთვის და მერე აქეთ დამიჭერდნენ, ვინაიდან ჩემი დისშვილი მის აქტივობას პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამხარ უცვლელად აგრძელებდა.
_ და თქვენს მეუღლეს, ქეთევან კორახაშვილს, რა პრობლემები შეექმნა ამ ფონზე? რატომ წავიდა ისიც ქვეყნიდან?
_ ჩემი მეუღლე, როგორც გითხარით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამშვებ-მიმღები მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორი იყო. ისიც პოლიციის კაპიტანია. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ზეწოლა ჩემი მეუღლის მისამართით არ დაიწყო? რა თქმა უნდა, კი. შევიწროება ჩემს მეუღლესაც დაუწყეს. თუმცა რა სახის, ამაზე ჯერ საუბარი არ მინდა. ის ქალბატონია და მას ჯერ ისევ სტრესული მდგომარეობა აქვს, ვინაიდან შვილები მაგ ქვეყნიდან ჯერ ვერ გავიყვანეთ და სწორად გამიგეთ, ახლა მისი მდგომარეობა დეპრესიის ფონზე ძალიან რთულია…
_ ბატონო ბერდია, საპატრულო პოლიციის რიგები როდესაც დატოვეთ, რა ვითარება იყო იმ დროისთვის?
_ გაუსაძლისი პირობებია… ის უკვე აღარ არის საპატრულო პოლიცია. მე იმასაც მოვესწარი და ამასაც მოვესწარი. მიშას დროინდელ პატრულსაც მოვესწარი და ამათსასაც. შედარებას ვერ გააკეთებ, რა. სპეციალურად ანგრევენ სისტემას და თუ რატომ, ვერ ვხვდები. პატრულების სოციალურ მდგომარეობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. კი არ მსახურობენ პატრულები, აი, ჩათვალეთ, თითქოს პირობით სასჯელს იხდიან.
_ ასეთი გაუსაძლისი ვითარება 2012 წლიდან დაიწყო, თუ ცოტა უფრო გვიან?
_ მიშას დროს მყარი ლარით ხელფასი, უფასო სადაზღვევო პოლისი იყო და სხვა დღეს ეს ყველაფერი სანატრელი გაუხდა პატრულ-ინსპექტორებს. პატრულ-ინსპექტორი რომ მშიერი გავა სახლიდან და მშიერი მუშაობს, თან ასე აბოროტებს ხელმძღვანელობა და გეგმას აკეთებინებს, ვთქვათ, ამდენი საჯარიმო ქვითარი შემომიტანეო, იმან მერე უბრალო ადამიანს რა სიკეთე უნდა გაგიკეთოს? ამიტომ შედეგი დგება საშინელება და კიდევ ყოჩაღ იმ ბიჭებს, ვინც დღემდე ამ ყველაფერს უძლებს.
_ პროტესტი მარტო თქვენ გქონდათ?
_ ჩემს შემთხვევაში ამ პროტესტის შედეგი სახეზეა. სავარაუდოდ, სხვებიც დიდხანს ასე აღარ გააგრძელებენ ყოფნას და იქ მუშაობას. მაგალითად, დაკავებებზე რომ ლაპარაკობენ და „ოცნების“ საწინააღმდეგო მიტინგებზე რომ გადიან, ხელმძღვანელი პირები არიან და მაგათი მითითებით აკავებენ წინასწარ ამორჩეულ სამიზნეს. მერე ამ დაკავებულებს ოქმით დაბალი რანგის პატრულ-ინსპექტორებს აფორმებინებენ, რომლებიც გაგებაში არ არიან, რა მოხდა იმ სიტუაციაში და რატომ დააკვეს ესა თუ ის პიროვნება? ანუ ფაქტობრივი დამკავებელი დაკავების ოქმში არ არის მითითებული.
_ თქვენ ამბობთ, რომ ეს უკანონობაა?
_ რა თქმა უნდა. თავისთავად, შემდეგ სასამართლო პროცესზე რომ გამოდიხარ, პატრულ-ინსპექტორს ტყუილზე აგებული ლაპარაკი უწევს, ხოლო უბრალო პატრული თუ არ იზამს ამას, სამაგალითოდ დაისჯება. რაღაცას მოუფიქრებენ.
_ კიდევ რა უკანონობებზე შეგიძლიათ საუბარი?
_ საჯარიმო ქვითრებთან დაკავშირებით საშინელი მდგომარეობაა: გეგმას ითხოვენ. ვთქვათ, თუ ეკიპაჟი ვერ შეასრულებს გეგმას, რასაც ხელმძღვანელი დაუწესებს, მერე თვითნებურად ახორციელებენ უფროსები რიგითი პატრულების დასჯას. ამიტომ პატრული ქუჩაში რომ გადის, იძულებულია, ტყუილი ჯარიმები წეროს. არ აქვს მნიშვნელობა, არღვევს თუ არა მოქალაქე საგზაო წესებს. მაგალითად, მოქალაქეს არ დაურღვევია არაფერი. მერე რა? აჩერებ და ტყუილს ეუბნები, რომ თქვენ გადაკვეთეთ ღერძულა ხაზი და ტყუილად აჯარიმებ.
_ უკაცრავად, ამაში რა ხეირი აქვთ?
_ ის ხეირი აქვთ, რომ საპატრულო ასეულები ერთმანეთს ეჯიბრებიან. უკანონო შეჯიბრებითობის პრინციპი აქვთ. ვის მეტი ოქმი ექნება და ამით მერე რიგითების ხელმძღვანელები საკუთარ უფროსებთან ზონალურ მასშტაბებზე დაწერილი ქვითრებით „ბლატაობენ“ და ასე ახალისებენ ერთმანეთს.
_ დაკავებულ პირებს უკანონოდ და ფარულად თუ უშვებენ ნეპოტიზმის ხარჯზე?
_ ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით: მე მყავდა ადმინისტრაციულად დაკავებული, რომელიც ხელმძღვანელებმა მოგვიყვანეს. 161-ე და 173-ე მუხლებით გამაფორმებინეს. რა თქმა უნდა, ამ პირის ფაქტობრივი დამკავებელი არ ვყოფილვარ. ხელმძღვანელი ჩრდილში დარჩა და ის პირი მე დამაკავებინეს, ოღონდ, არ ვიცი, რისთვის.
_ საჯარიმო პოლიტიკას რომ კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ: მაინტერესებს, 200-ლარიანი ჯარიმები რატომ იწერებოდა ასეთი ინტენსივობით?
_ სამწუხაროდ, ამ ჯარიმებს ხშირად ვწერდით. ბევრჯერ უმიზეზოდ, რომ მართლა არ იყო ადამიანი დასაჯარიმებელი და ხელმძღვანელობა გვავალებდა, რომ განგებ უნდა დაგვეწერა. არ ვიცი, ალბათ, ბიუჯეტის შევსების გამო გვაკეთებინებდნენ ამ ყველაფერს. ფაქტი კი ის არის, რომ ჩვენ ვწერდით იმ ჯარიმებს, რომელიც კანონით მოქალაქეზე დასაწერი არ იყო. ამას ჩვენი უფროსობა მკაცრად გვთხოვდა და გვავალებდა, ხოლო თუ ისეთ ვინმეს გავაჩერდებით, ვისაც პატრონი ჰყავდა, მათ არაფერი ეხებოდა.
_ ხილულ და დადასტურებულ დარღვევებზე გაჩერებულ „პატრონიან ადამიანებს“ თუ გაშვებინებდათ უფროსობა უჯარიმოდ?
_ კი, ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. მე პირადად ერთხელ „ქართული ოცნების“ საკრებულოს სახე, ჯაბა ჯიშკარიანი გავაჩერე. მან „შესვლა აკრძალულიას“ საგზაო წესი დაარღვია. მართვის მოწმობა და ავტომანქანის საბუთი მოვთხოვე, თუმცა ჯიშკარიანმა მითხრა, რომ უფროსობა დამირეკავდა და ჯარიმას ვერ დავუწერდი. ასეც მოხდა, _ ჩემმა ხელმძღვანელმა დამირეკა და ქედმაღლური ტონით მითხრა, _ ახლავე გაუშვიო!..
_ რამდენლარიანი ჯარიმა იყო?
_ მაშინ 5-ლარიანი…
_ რაც შეეხება დაკავებული მოქალაქეების ცემის ფაქტებს საპატრულო პოლიციის მხრიდან?
_ საპატრულო ისე არავის სცემს, როგორც ამას პოლიციის განყოფილებაში აკეთებენ, თუმცა შემთხვევები ყოფილა. მაგალითად, როცა ვინმეს საჯაროდ აკავებენ, იქ არავინ სცემს, მერე სცემენ, როცა განყოფილებაში გადაჰყავთ.
_ ბატონო ბერდია, საპატრულო პოლციაში პრემიალურ სისტემაზე რა იცით? იქაც უფროსები წელიწადში 41-ჯერ იღებენ?
_ რიგითი პატრულები წელიწადში ერთხელ… ისიც 200 ლარამდე. ხოლო უფროსების მადა, ფაქტია, განუსაზღვრელი და გაუმაძღარია. პატრული რამე კარგ საქმეს თუ გააკეთებს და თავად გამოავლენს დიდ უკანონობას, მაქსიმუმ, პრემიის სიაში ჩაწერონ და ისიც წლის ბოლოს აიღოს 200 ლარამდე. არანაირი სტიმული არ არსებობს.
_ საკადრო პოლიტიკაზე რა შეგიძლიათ მითხრათ?
_ საპატრულო პოლიცია არაპროფესიონალი კადრებით გაავსეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოიყვანეს და ისინი დაასაქმეს. ინფორმაცია მაქვს, რომ ზოგიერთი მათგანი პოლიციის აკადემიაში გადამზადების გარეშეა დანიშნული. არანაირი პრაქტიკა არ აქვთ და ასეთ ხალხით გადატენეს საპატრულო პოლიცია.
_ მორიგეობისას როგორი პირობები გქონდათ?
_ ყველანაირად დარღვეული სტანდარტი გვქონდა და აქვთ ისევ ისე დღესაც. მორიგეობისას ცვლაში ორსათნახევრიანი შესვენება გვეკუთვნის და არანაირი მოსასვენებელი არ არსებობს. მანქანაში სკამზე მჯდომებს გვეძინა… არანაირი კვება და სხვა ადამიანური პირობები. იცით, რისი თქმა მინდა კიდევ? _ პატრულს უფლება რომ ჰქონდეს, როგორც კანონია და წესია, თვითონ გადაწყვიტოს, დააკავოს თუ არ დააკავოს კანონდამრღვევი, ამდენი კრიმინალი ქვეყანაში არ იქნებოდა და ამდენი „გაბლატავებული“ დაუმორჩილებელი მძღოლი. ერთ ნაბიჯს არ გვადგმევინებენ უფროსები მათ გარეშე. ვინმემ ხელი რომ დაგარტყას სახეში და თუ უნდა დააკავო, უფროსს უნდა მოახსენო… ალბათ, იმიტომ, რომ ემანდ, მათი ახლობელი, ან „ქართული ოცნების“ ვინმე არ აღმოჩნდეს.
_ ანუ პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტებზე უფროსობა თუ მათი საახლობლო დამნაშავეს მაინც გაშვებინებთ?
_ დიახ. შენ შეიძლება ასეთ პირს ბორკილი დაადო, თუმცა უფროსის ზარი მას ამ ბორკილს ხსნის. დამნაშავეებს რომ იუსტიციის სახლის წინ ძეგლს დაუდგამ, რაზე უნდა ილაპარაკო?
_ აღნიშნულ ძეგლზე, რომელიც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია, როგორც მოქალაქისთვის და მიმაჩნია, რომ კრიმინალს დაუდგეს ამ ქვეყანაში ძეგლი, თქვენი კოლეგები რას ამბობდნენ მასზე?
_ ნამდვილად ბევრ პოლიციელს ჰქონდა შინაგანი პროტესტი და როცა ვკითხულობდით, თუ რატომ დაიდგა? უფროსობა ასე გვპასუხობდა, _ არ არის თქვენი საქმეო… კითხვის დასმის უფლებაც არ გაგვაჩნია. რომელი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ ეგენი, ძეგლი რომ დაუდგეს?
_ ბატონო ბერდია, ვიცი, რომ სამკერდე კამერების რამდენიმე ღილაკი უფროსობამ დაგილუქათ და გვითხარით, რატომ? შეფები რიგითებს აღარ ენდობიან?
_ გახსოვთ გახმაურებული საქმეები: ყურშიტაშვილები, „ნარუშილოვკები“, იზორიას ძმები, ჭკადუები და ა. შ. სამკერდე კამერების იმ ადგილს, საიდანაც პატრულ-ინსპექტორი გადმოწერას აწარმოებდა და შემდეგ უფროსების გამტყუნებისას ამ ჩანაწერით თავს იმართლებდა, სწორედ ეს საშუალება მოუსპეს რიგითებს. ანუ თავს ვეღარაფრით იცავ, სულ რომ ცამდე მართალი იყო. ვინაიდან რასაც უნდათ, იმ ვიდეოჩანაწერს იღებენ, ხოლო რაც არ უნდათ _ აქრობენ და შლიან.
ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ სკანდალზე მინდა გაცნობოთ: იცით, რომ პოლიციაში მსახურობის 20 წლის სტაჟი თუ შეგისრულდება, მაღალი პენსია გენიშნება. საპატრულო ხელმძღვანელობამ 2012 წლის შემდეგ ასეთი სქემა მოიფიქრა: რამდენიმე თვე რომ აკლია ადამიანს ამ სტაჟის შესასრულებლად, გადამზადების კურსებს უნიშნავენ და სპეციალურად უშვებენ პოლიციის აკადემიაში გადამზადების კურსების ხელახლა გადასაბარებლად და აი, იქ მათ განგებ ჭრიან და ავტომატურად გამოცდებჩაუბარებლებს ათავისუფლებენ სამსახურებიდან. შესაბამისად, მათ მაღალი პენისა, რომელიც 500 ლარზე მეტია, აღარ ენიშნებათ და უკვე გაწამებული და გმირი პოლიცელები საპენსიო ასაკს 150 ლარზე ელოდებიან.
_ დიდი მადლობა, ბატონო ბერდია, წარმატებებს გისურვებთ და მალე სამშობლოში მშვიდად დაბრუნებას!

ეს ინტერვიუ 3 დეკემბერს „ქრონიკა+“-ის რედაქციაში გვიან საღამოს ჩაიწერა. ბერდია მჭედლიანთან ჩვენ მისმა დისშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა და აქტივისტმა, გიორგი კვანჭიანმა დაგვაკავშირა. ინტერვიუს შემდეგ გიორგიმ რედაქცია დატოვა და ოფისიდან გასვლის შემდეგ მან რედაქციაში ძლიერ ნაცემმა დარეკა. გიორგი კვანჭიანს სახლთან ორი უცნობი პირი დაესხა თავს. არის თუ არა ეს ინტერვიუ ამ ინციდენტთან რაიმე კავშირში, ამაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ გაგვაჩნია, თუმცა ამ ქვეყანაში არც უბრალო დამთხვევების გვჯერა. გიორგი კვანჭიანი ოპოზიციის არაერთ საპროტესტო აქციაზეა ნამყოფი და ის ადმინისტრაციული წესით ერთხელ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მათივე დროშის დაჭრის გამო სხვა პირებთან ერთად ადრე დაკავებულიც იყო.
რაც შეეხება ინტერვიუს დასაწყისში ნახსენებ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსან შალვა კილასონიას, მისი სახელი და გვარი არაერთ სკანდალთან ერთად გახმოვანდა. შალვა კილასონია სკანდალურ ფიგურანტად არის მოხსენიებული საპატრულო პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი პატრულ-ინსპექტორის საქმეში, რომელსაც საკუთარმა უფროსებმა კაბინეტში სცემეს. იხ. 2015 წლის ამონაწერი ნაცემი პატრულ-ინსპექტორის ჩვენებიდან:
ასევე კილასონიას გვარი კიდევ უფრო სკანდალური იყო იმ გახმაურებული მკვლელობისას, როდესაც მისმა სახელმა და გვარმა, როგორც მოწმემ, ისე გაიჟღერა. ამ ფაქტზე „ქრონიკა+“ 2016 წლის 19 მარტს წერდა. საქმე ეხებოდა ბიძინა კუჭავას ე. წ. თვითმკვლელობის სცენას, სადაც შალვა კილასონია მაშინდელმა გამოძიებამ ერთ-ერთ მთავარ მოწმედ გამოიყენა.

გიო ნაცაძე