უკრაინიდან ქართველების გამოძევება _ ქართული მხარის გულგრილობა, თუ ერთობლივი ოპერაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკრაინიდან ქართველების ბოლოდროინდელი გამოძევება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, საგარეო უწყებამ კონკრეტული პირები სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია და უკრაინაში მათი გატაცებისა და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

შეგახსენებთ: უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს, ისინი ფოთის პორტში ბორნით ჩამოიყვანეს.
ამასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საგარეო უწყებამ დეტალურად უნდა განმარტოს, რა მოხდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით:
„სერიოზულად ვეჭვობთ, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შეუძლებელია, საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველ გვერდზე არსებული წარწერა, რომ ამ პასპორტის მესაკუთრეს იცავს საქართველოს სახელმწიფო, უკვე ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი“.
თემაზე პირველი კომენტარი უკრაინაში საქართველოს ელჩმა გააკეთა. გელა დუმბაძემ „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა: „ამ საკითხთან დაკავშირებით უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა იმ მომენტიდან გამომდინარე, რაც საელჩომ ამის თაობაზე ინფორმაცია მიიღო, არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველა ზემოთ ხსენებულ უწყებასთან. ხვალ პრემიერ-მინისტრის დავალებით შევხვდები ქვეყნის საზღვრის უფროსსა და საემიგრაციო სამსახურის უფროსს, სადაც ეს საქმეები დეტალურად განიხილება.
ცალკეულ შემთხვევებზე დგება სპეციალური ნოტა და ყველა ადრე არსებულ ფაქტთან დაკავშირებითაც შეხვედრები გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბოლო შემთხვევას რაც შეეხება, უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული პოლიცია, საემიგრაციო სამსახური, რომ ამ მოქალაქეების ქმედება, საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის უსაფრთხოებას, ეროვნული ინტერესებს და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხებთან დაკავშირებით“.
უკრაინაში საქართველოს ელჩის განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება:
„ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა. აქ სხვადასხვა ფორმულირებაა, რაც შეიძლება მეტ-ნაკლებად ასახავდეს ამ სიტუაციას. კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამა თუ იმ კავშირში იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ეს მოცემულ ეტაპზე არ დასტურდება“, _ განაცხადა დუმბაძემ.
ამ ფონზე, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. იურისტები ორივე ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ გამოძევების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. შიდასამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ კი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ არის გამორიცხული, ევროსასამართლოში იჩივლონ.
დეპორტირებულ ქართველებს შორის არის „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი. მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, სპეცრაზმის წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ: უმოწყალოდ სცემეს, თვალები წებოვანი ლენტით აუხვიეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ამ მდგომარეობაში თითქმის 9 საათი ჰყავდათ, შემდეგ მიკროავტობუსიდან ვერტმფრენში გადასვეს და კიევიდან ოდესაში გადააფრინეს. ყველგან პირქვე ჰყავდათ დაწვენილი და დამამცირებლად ექცეოდნენ. თამაზ შავშიშვილის განცხადებით, თვალებზე წებოვანი ლენტი ოდესის პორტიდან ბორნის დაძვრის შემდეგ მოხსნეს.
თამაზ შავშიშვილს უკრაინაში პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება ჰქონდა. მან აკრედიტაცია უკრაინის ინფორმაციის სამინისტროდან თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე აიღო.
უკრაინიდან გამოძევებულ ქართველებს ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი ქვეყნიდან მათი დეპორტაციის მიზეზებზე და რატომ არ ერევა საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი მოქალაქეების სასტიკი ფორმებით დაკავებისა და იძულებითი დეპორტაციის საქმეში? ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრება:
_ ბატონო კახა, ბოლო დროს უკრაინიდან ქართველების გამოძევებაზე (ქვეყანაში არშეშვებაზე) საქართველოს საგარეო უწყების რეაქცია რამდენად დამაკმაყოფილებელია?
_ ცოტა მივიწყებულია, მაგრამ საკმაოდ სკანდალური თემაა. ეჭვი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რაღაც გამწვავებას ყველა ერიდებოდა. ამ დროს მთავრობებს შორის ერთიან პოზიციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ა. შ.
ახლა შევხედავთ, რა მოხდება, რა დამოკიდებულება იქნება ამ ყველაფრის შემდეგ. რეაგირება აუცილებლად უნდა იყოს და პრობლემური საკითხები გაირკვეს: ანუ რატომ აძევებენ ისევ უკრაინიდან ქართველებს? გეთანხმებით, რომ ამ მომენტისთვის ქართული მხარის რეაქცია ადეკვატური ნამდვილად არ არის.
_ ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადება უნდა გაეკეთებინა?
_ ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ამასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა აეხსნათ, რადგან საზოგადოებას ეჭვი ექმნება, რომ უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭებული გვაქვს და უკრაინის მთავრობის მხრიდან რაღაც ანგარიშსწორებაა. ამიტომ აქ მეტი კომუნიკაცია, უბრალოდ, აუცილებელია და ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო.
_ თვითონ უკრაინაში ეს პროცესები როგორ შეიძლება განვიხილოთ, მაინც, საითკენ არის მიმართული?
_ მიჭირს ამაზე დაზუსტებით საუბარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს უკრაინაში მმართველ ძალასთან ძლიერ ოპოზიციაშია. ეს ყველაფერი არსებულ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინაში დემოკრატიამ სათანადოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ქვეყნის მოდერნიზაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს და ა. შ.
ამასთან, ძალიან ძლიერი შიდა პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ფონზე, შეიძლება, ქართველების მიმართ რაღაც ანგარიშსწორებაც იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია არ მაქვს.
_ რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ტიპის პრობლემებმა (პიროვნული ფაქტორი) ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს?
_ პირველ რიგში, თვითონ უკრაინაში დემოკრატიის დონე ისეთი უნდა იყოს, რომ პოლიტიკის სუბიექტივიზაცია არ მოხდეს. მსგავსი გართულებები მთელ ერსა და ეთნოსზე არ უნდა გადადიოდეს, ანუ რაღაც უკმაყოფილება მისი ერთი წარმომადგენლის გამო. პოლიტიკა ცალკე უნდა დარჩეს და ცალკე _ ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობები, ისევე, როგორც დემოკრატიის პრინციპები, ადამიანებთან მოპყრობა და ა. შ. ეს ყველაფერი ავტომატურად, სხვა რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე.
ეს, პირველ რიგში, უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემაა. ქვეყანა, ამ თვალსაზრისით, ჯერ ნამდვილად მომწიფებული არ არის და დემოკრატიის თვალსაზრისით აშკარა პრობლემებს განიცდის, რაც თვალნათლივ გამოჩნდა კიდეც.
_ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტიდან ჩვენი ქვეყნები რა კონკრეტულ შედეგებს მიიღებენ?
_ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, პირველ რიგში, იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ კვლავ თავისი ფორმატი დაემკვიდრებინა და ეს, მგონი, რაღაცნაირად, შედგა; რადგან, თუნდაც დეკლარაციასთან დაკავშირებით კონსენსუსი მოიძებნა. ეს ფართო დეკლარაცია ბევრ დიდ მიზანს მოიცავს, რაც ამ ქვეყნების ევროკავშირთან ფუნქციურ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. აქ უამრავი მიმართულება, სექტორული თანამშრომლობაა, ჩამოთვლილია სფეროები, მათ შორის, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია და ა. შ., რომლებშიც მხარეები ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ.
ამ თვალსაზრისით კარგია, რომ სამიტმა რაღაც პრაქტიკულ ერთსულოვნებას მიაღწია.
რაც შეეხება პროგრესსა და მეტ პერსპექტივას ჩვენი ქვეყნებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, გამეორებული იყო რიგის სამიტის დეკლარაცია იმ კონტექტში, რომ კვლავ აღიარეს ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები და კვლავ დაადგინეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ევროკავშირთან იმ გზით იაროს და ისეთი მიზნები ჰქონდეს, რასაც თვითონ საჭიროდ მიიჩნევს.
ანუ, რეალურად, გზა გახსნილია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირთან მაქსიმალურად დავახლოვდეთ. აქ ეს პირდაპირ ნათქვამი არ არის, მაგრამ ჩვენ ლეგიტიმური უფლება გვაქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ვიაროთ.
მაგრამ, ამავე დროს, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს გვაინტერესებდა კიდევ დამატებითი პაკეტი იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასეთ ამბიციას (სრულ ინტეგრაციაზე) არ ავლენენ. საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ სამ ქვეყანაზე (სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი). აი, აქ მხოლოდ ერთი პატარა ჩანაწერია, რომელიც აბობს, რომ შეიძლება ამ სამ ქვეყანასთან (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ცალკე საუბარი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო საკითხების შესახებ.
ეს მაინც კარგია, რომ შეიძლება, ქვეფორმატის შესაძლებლობა შეიქმნას, რაღაც ცალკე დიალოგის ჩარჩოსი, სადაც ეს სამი ქვეყანა ევროკავშირთან ერთად ისაუბრებს.
დანარჩენი თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნებისთვის რაღაც განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ. უბრალოდ, გაიმეორეს ყველაფერი, რაც ორი წლის წინანდელ ასოცირების შეთანხმებაში, რიგის სამიტზე გახლავთ დეკლარირებული.

გელა მამულაშვილი