ვიფრინოთ და ვიღუღუნოთ ანუ ამბავი ზღაპრების მოყვარულ კახეთის გუბერნატორზე

„მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებად,
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი პატარა კუთხე, რომელსაც კახეთს უწოდებდნენ. იმ დროში კახეთს მეფე ერეკლე უკვე აღარ ჰყავდა და მხარეს მეფის ნაცვლად გუბერნატორი მართავდა.
გუბერნატორი ბოროტი კაცი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ, როგორც ყველა მეზღაპრეს, მასაც უყვარდა ტყუილები და ზღაპრები.
ოღონდ…
ნამდვილი ქართული ხალხური ზღაპრები არ უყვარდა და არც ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრებსა“ ჰყვებოდა ხოლმე.
გუბერნატორს საკუთარი ხალხისთვის გამოგონილი ზღაპრები ჰქონდა.
გუბერნატორმა იცოდა, რომ ყოველი ძილის წინ ერთი და იგივე ზღაპრის მოყოლა ხალხს მოსაწყენად ექცეოდა და ამიტომ ის პერიოდულად ახალ-ახალ ზღაპრებს ამბობდა და მერე კახელებიც ამ ზღაპრებს ძილის წინ „ფეისბუქიდან“ კითხულობდნენ.
ზღაპრებით შთაგონებულებს კი მშვიდად ეძინებოდათ და სიზმარში ხან მატარებლით დაგუგუნებდნენ გურჯაანიდან თელავში, თელავიდან ახმეტაში, ხან თელავის ახალი საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავით მიფრინავდნენ და მსოფლიოს წრეს ურტყამდნენ. ხანაც სიზმარში კლდეებსა და ცივის მთებს შორის მიწის ქვეშ გვირაბში მიჰქროდნენ სინათლის სხივისკენ.
ხან სხვა სიზმრებსაც ხედავდნენ ხოლმე კახელები, როგორ დასეირნობდნენ პარლამენტარებთან ერთად საბაგიროთი ცივის მთიდან თელავამდე, ან კიდევ სიღნაღიდან წნორამდე.
დილით კი, როცა მერცხლების ჭიკჭიკი, ან ვირის ყროყინი გააღვიძებდათ, გაახსენდებოდათ, რომ ისევ კახეთში ცხოვრობდნენ, სადაც არც მატარებელი დაჩუქჩუქებდა, არც თვიმფრინავები დაფრინავდნენ და არც მიწისქვეშა გვირაბი არსებობდა…
კახეთში სჯეროდათ, რომ ერთ დღესაც მართლა როცა გაიღვიძებდნენ, მატარებელიც ექნებოდათ, თვითმფრინავიც და საბაგირო გზაც…
და როგორც აქაური გლეხები იტყვიან ხოლმე: „ჰაცე, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯაც მოვაო…“
ხომ გაგიგიათ, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და ასე ოცნებებში გადის ახლაც დღეები, კვირები და თვეები…
გუბერნატორის ზღაპრების კრებულს კიდევ რა ახალი ზღაპარი დაემატება, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ მანამდე კი, სანამ მატარებლის, საერთაშორისო აეროპორტის, მფრინავი თეფშის, მფრინავი ხალიჩისა და მიწისქვეშა გვირაბების ზღაპრული ისტორიები აქტუალურია, ამ მხარეში ჩვენც მისი ტყუილ-მართლის გარკვევა ვცადეთ.
ზოგადად, ზღაპარი _ პოეტური გამონაგონი, ფანტასტიკურ ამბავზე აგებული თხრობითი ნაწარმოებია, რომელიც დაკავშირებულია სინამდვილესთან იდეით, თემატიკით, მოტივებით, სიუჟეტით, ენობრივი თავისებურებით, ეროვნული კოლორიტით. ზღაპარი არის პროზაულიც და ლექსიც… მაგრამ, რადგან გუბერნატორის ზღაპარი ჩვენთან პროზაულია, ჩვენც პროზაულად მოვყვებით, რა აკავშირებს კახურ ზღაპრებს სინამდვილესთან.
მაშ, ასე:

2017 წლის გაზაფხული

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ტურისტული განვითარებისთვის სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს. გუბერნატორის ინფორმაციით, კახეთი შესაძლოა, ტურისტებისთვის ცალკე რეგიონად გამოცხადდეს და მას განვითარების ახალი სტიმული მიეცეს.
„აქტიურად ვმუშაობთ კახეთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონებში ტურიზმის განვითარებაა. რეგიონში ჩვენი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური აქტიურობისა და ინვესტიციების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ეს კი, გარკვეულწილად, სოციალური კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს.
„რკინიგზა მინიმალური მნიშვნელობით დღესაც ფუნქციონირებს, განსაკუთრებით დედოფლისწყაროს მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნულ რკინიგზას, ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც ამჟამად აქტიური დამუშავების ფაზაშია. წინმსწრებად ვიტყვი, რომ იგეგმება, კახეთი ტურისტული ვიზიტორებისთვის ცალკე რეგიონად გამოცხადდეს და მას განვითარების ახალი სტიმული მიეცეს. ამასთან დაკავშირებით განვითარების კონცეფციაში რამდენიმე საკითხი განიხილება. რკინიგზა არის წვდომის საშუალება ტურისტისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც“, _ აცხადებს გუბერნატორი.
„ყველაფერი ეკონომიკაზეა აგებული და დღესდღეობით სავსებით საკმარისია საავტომობილო ტრანსპორტი, მით უმეტეს, ახალი გზების შემთხვევაში, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და თბილისს შორის მიმოსვლა, კავშირი არსებობდეს. ამიტომაც ახლა გათვლა ამ პერსპექტივაზეა, რომ კახეთის, როგორც ცალკე მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით აეროპორტი იქნება პრიორიტეტული, თუკი თბილისის აეროპორტი დარჩება პრიორიტეტულად და მთელი კახეთის რეგიონს საავტომობილო გზებისა და სარკინიგზო საშუალებით ექნებათ კავშირი. დღეს თელავის აეროპორტი საავიაციო უნივერსიტეტთან არსებული აეროპორტია, სადაც მცირე მოცულობის თვითმფრინავების მიღების საშუალება არის. იქ ამჟამად სასწავლო ტიპის თვითმფრინავები არიან და ფრენებს ასრულებენ. თუმცა აქ საუბარია სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო მაღალი კლასის თვითმფრინავების მიღების საშუალებას მოგვცემს. თუ კერძო დაკვეთაა, ფრენები ხორციელდება, მაგრამ რეგულარული რეისების შესასრულებლად, მათ შორის, ჩარტერული რეისების, სხვანაირი დაშვებებია საჭირო. ამ ყველაფერს კი საერთაშორისო დონის მოწყობა და რეაბილიტაცია დასჭირდება“, _ ამბობს გუბერნატორი და განმარტავს, რომ იდეა ტურისტული ბიზნესიდან მოდის.
„მრავალი ქვეყანა და გადამზიდავი კომპანია გამოთქვამს ინტერესს. ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს წინასწარი მოლაპარაკებები აქვთ. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პერიოდში, ალბათ, მთავრობა განვლილი სამუშაოების გაანალიზების შედეგად, თავის კონკრეტულ პოზიციას გამოხატავს“.
გუბერნატორის ბოლოდროინდელი განცხადებით კი კახეთში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებაზე მთავრობა მუშაობს.
მისი თქმით, ამ საკითხს შესაბამისი უწყებები აანალიზებენ, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, აეროპორტების გაერთიანება.
„იმედი მაქვს, ეს საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კახეთის ეკონომიკური განვითარებისთვის, დიდი ბიძგის მიმცემი გახდება ტურიზმისთვის და დადებითად გადაწყდება. აეროპორტი უკვე არის კახეთში, თელავთან. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი გაფართოვდება, აღიჭურვება და ა. შ.“, _ აცხადებს გუბერნატორი.
მისივე თქმით, საუბარია აეროდრომ „მიმინოზე“, რომელიც სახელმწიფომ უზურფრუქტით გადასცა სასწავლო ცენტრს.

სად მთავრდება ზღაპარი და სად იწყება სიმართლე?

ვიფრინოთ და ვიღუღუნოთ…

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ საქართველოს მთავრობა განახლებული ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს 2013 წლის ზაფხულში მართავს. „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი, მეთე ერქალი, ამბობს, რომ მიმდინარეობს არსებული ხელშეკრულების გადახედვა და მასში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე კონკრეტიკისგან თავს იკავებს: „რაც შეეხება ჩვენი კომპანიის გასვლას თბილისის აეროპორტიდან, მსგავსი თემა საერთო შეხვედრების დროს არ გაჟღერებულა, ამიტომ ჩვენ არ ვადასტურებთ იმ ალბათობას, რომ 2027 წლამდე „ტავ ჯორჯიას“ შეიძლება შეაჩეროს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირება“, _ ამბობს „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.
მაშინდელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა შეეცდება, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში „ტავ ჯორჯიას“ ოპერატორის სტატუსი შეუნარჩუნოს: „იყო სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისეთ ხელშეკრულებაზე შევთანხმდებით, რომელიც ქვეყანას წაადგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი განწყობა არის ინვესტორის შენარჩუნება“.
ხელშეკრულების დეტალებზე მოლაპარაკების დასრულებამდე მხარეები არ საუბრობენ, საბოლოო ჯამში კი ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს ასაჯაროებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ „ტავ ჯორჯიას“ გადაუგზნა და როგორც იგი უწოდებს, „კაბალური მუხლები“ რჩება:
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში ისევ რჩება კაბალური მუხლი. ვიდრე „ტავი“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტს მართავს, საქართველოს მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება არ აქვს. ხელისუფლებას ვაზიანის აეროდრომის რეაბილიტაცია შევთავაზეთ, რადგან ამ მუხლს არ იღებენ, ახალი არ აშენდება, არამედ ვაზიანის რენოვაციას გავაკეთებთ. ამაზე „ტავ ჯორჯიაში“ ხმას ვერ ამოიღებენ“.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეჩერდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონის ინვესტირება იგეგმებოდა. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯიასა“ და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა. თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც „ტავ ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15-წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. საბოლოო ჯამში კი კომპანია, რომლის პირობებიც 2012 წელს „ოცნებისთვის“ მიუღებელი იყო, ბოლოს მისაღები გახდა და ხელშეკრულება 2037 წლამდე გაფორმდა.
ექსპერტთა აზრით, ხელშეკრულება კაბალურია:
„სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება არანაირად არ არის კაბალური, ეს არის ნორმალური საინვესტიციო ხელშეკრულება“, _ ამის შესახებ TAV Georgia-ს წარმომადგენელი, გელა გოზალიშვლი აცხადებს. იასე ზაუტაშვილს არ მოსწონს ხელშეკრულებაში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 150 კილომეტრის რადიუსში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა აკრძალულია.
შესაბამისად, გუბერნატორის ზღაპარი ფრენასა და ღუღუნზე ზღაპრად დარჩა _ საქართველოში ორი საერთაშორისო აეროპორტი, თბილისისა და ბათუმის, _ TAV Georgia-ას 2037 წლამდე ეკუთვნის. ერთადერთი, რაც ამ აეროპორტებს გეოგრაფიული მდებარეობით ხელს არ უშლის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია.
თურქული კომპანია არასდროს შექმნის იმის პირობას, რომ თბილისიდან ფრენა შედარებით იაფი იყოს, როგორც ქუთაისიდან. თურქული კომპანია მუდამ ეცდება, კონკურენტი არ გაიჩინოს და როგორ ჰგონია ირაკლი ქადაგიშვილს, „მიმინო“, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 150 კილომეტრში მდებარეობს, ვისი ნიბართვით უნდა გაიხსნას? როცა ამას სწორედ ის კაბალური ხელშეკრულება უშლის ხელს, რომელიც მისმა მეგობარმა დღევანდელმა პრემიერმა და კომპანია TAV Georgia გააფორმა?
რა თქმა უნდა, კიდევ დიდი ხანი ვერ იფუნქციონირებს ვერც ვაზიანის, ვერც მარნეულის, ვერც შირაქის აეროპროტები, რადგან თურქეთი ამიერკავკასიის ერთადერთ სატრანზიტო აეროხაზად უნდა დარჩეს და ის არ მისცემს უფლებას, თელავიდან ვინმე ისე გაფრინდეს, რომ მას ფულის შოვნაში ხელი შეეშალოს.
გუბერნატორი კი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მალე კახეთში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება „მიმინოს“ ბაზაზე.

ტყუილი #2

მატარებელი მიდის-ბრუნდება, ჩვენი ოცნება არ დაბრუნდება

ცნობისთვის: კახეთის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა 1914 წლის 22 სექტემბერს გაიარა, 1915 წლიდან კი ინტენსიურად მოძრაობდა როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებელი. რკინიგზის გაყვანა ილია ჭავჭავაძის დისშვილის _ კოტე აფხაზისა და თავადაზნაურთა თაოსნობით მოხერხდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კახეთში სამგზავრო მატარებელი აღარ ჩასულა.
სხვათა შორის, კახეთის რკინიგზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი იყო იმ დაპირებებს შორის, რომელთა განხორციელებასაც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, კახეთის მოსახლეობას დაჰპირდა. ბოლო 5 წელიწადში არც ხელისუფლებას და არც „საქართველოს რკინიგზას“ ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია.
დღეს საქართველოს რკინიგზის მგზავრთათვისაც კი თვალში საცემია ამ სისტემაში შექმნილი არაჯანსაღი გარემო, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს როგორც რკინიგზელებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც რკინიგზის მომსახურებით სარგებლობენ. შიშისა და გაურკვევლობის, უსამართლობისა და საფრთხის პირობებში, საქართველოს რკინიგზას სოციალური პარალიზება ემუქრება.
რეალურად, კახეთში რკინიგზის ძირითად საჭიროებას XX საუკუნეში ტვირთის გადატანის აუცილებლობა წარმოადგნედა, კერძოდ კი:
თავის დროზე, კახეთის რკინიგზა კერძო აქტივებით აშენდა და იგი ემსახურებოდა ღვინის გადატანას ჯერ თბილისის მიმართულებით, შემდეგ კი რუსეთის იმპერიისკენ. თელავამდე ჩავდიოდით, მეც მიმგზავრია და ეს იყო ძალიან კარგი, მოხერხებული და საუკეთესო საშუალება მიმოსვლისთვის. დღეს, რამდენადაც ვიცი, ეპიზოდური მოძრაობაა, კვირაში 2-3 რეისს სატვირთო ვაგონები ასრულებენ (ჯართი გააქვთ).
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა უახლოესი 5 წლის მანძილზე კახეთში არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ აანონსებს, და, ზოგადად, ჩქაროსნულ მატარებელზე არც მსჯელობაა და არც იდეის დონეზე განიხილება.
ე. ი. ასეთი რთული სურათის დროს რა მოტივით აკეთებს განცხადებებს გუბერნატორი, არავინ იცის. და ეს მაშინ, როცა ის მხოლოდ ზეპირ განცხადებას აკეთებს, რომელიც არანაირად არის დოკუმენტურად დამტკიცებული.

როცა მიწის ზევით ყველაფერს მოაგვარებ, ზღაპარს ქვესკნელის ამბებით იწყებ…

მიმდინარე წლის 9 მაისს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის პროექტირების საკითხზე ტელეკომპანია „გურჯაანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „განიხილება გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის პროექტირების საკითხი“.
ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი: „კახეთის გუბერნატორის განცხადება, რომ გომბორის გვირაბის მშენებლობის პროექტირება დაიწყო, სამარცხვინოა. გომბორის გვირაბის მშენებლობის გადაწყვეტილება მიღებულია 2011 წელს, პროექტის დამუშავებაც დაწყებული იყო და დღეს უკვე თითქმის დასრულებული უნდა იყოს მშენებლობა. ხელისუფლების პოპულისტური განცხადებები „ახალი პროექტების“ დაწყებასთან დაკავშირებით მორიგი ტყუილია მომავალ არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად“.
თუმცა გუბერნატორის ზღაპრის შესახებ, რომ მიწისქვეშა გვირაბი უნდა გვქონდეს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გომბორის გვირაბის მშენებლობა იდეა იყო, რომლის განხორციელებაც ყოფილი ხელისუფლების პირობებშივე ექსპერტებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.
პროექტის არსებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც უარყვეს, არაფერი იცის ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდმაც,
სამაგიეროდ, რაც ცაში დაფრინავს, მიწაზე დაცოცავს და მიწის ქვეშ ხდება, ეს ყველაფერი კახეთის გუბერნატორმა იცის.
მართალია, გუბერნატორი მხოლოდ საუბრობს და მტკიცებულებად არაფერი მოაქვს, მაგრამ რაც მთავარია, ზღაპარს ხომ ჰყვება? _ ჰყვება!
ხომ გამოსდის ხალხის გულის გახარება? _ გამოსდის!
ხომ იცის, რა უნდა მოატყუოს ზღაპარში? _ იცის!
ასე რომ, ძილი ნებისა, ჩემო კახელებო…
ჭირი იქა, აეროპორტი აქა, ლხინიც აქა და მატარებელიც აქა… ელასა, მელასა, ჩვენი გვირაბი სჯობია ყველასა…
„ცხოვრების ეტლის სადარდებელი, საცაა გავა მატარებელი…
ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, _ რა საჭიროა ახლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია, ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?“

მაკა მოსიაშვილი