აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, _ ამის შესახებ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის ეროვნული შეფასების შემაჯამებელ დასკვნაშია აღნიშნული. დასკვნის თანახმად, მიზეზი გახლავთ ანტენატალური და პერინატალური ზრუნვის დაბალი ხარისხი, ტრანსპორტირების სუსტი სისტემა, მარეგულირებელი და მონიტორინგის გაუმართავი სისტემა, სამშობიარო სახლებისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრების პერსონალის ტრენინგების ნაკლებობა.

„მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, განსაკუთრებით კი ორსულობასა და ორსულობასთან დაკავშირებულ გართულებებთან დაკავშირებით, ასევე უარყოფითად აისახება ორსულობის შედეგებზე. უმნიშვნელოვანესია მკურნალობის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა. დედათა სიკვდილიანობის ეპიდემიოლოგიური დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევებში დადგინდა, რომ გართულებული მდგომარეობის მშობიარე ქალების ტრანსპორტირება პრობლემური იყო ბოლო წლებში.
გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები ქალები და ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ სრულყოფილი საშუალო ზოგადი განათლება, შედარებით ნაკლებად იყენებენ ანტენატალურ სერვისებს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ჯანდაცვის დაწესებულებებისადმი მიმართვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობითა და დაბალი ეკონომიკური სტატუსით, რაც მათ უბიძგებს, თავი აარიდონ ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებულ პირდაპირ თუ ირიბ ხარჯებს.
თუმცა პრობლემის მასშტაბი არაა ცნობილი, რადგანაც არ მოიპოვება ეთნიკური წარმომავლობის, ასაკობრივ, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა თუ სხვა მახასიათებლების ჭრილში დეზაგრეგირებული მონაცემები“, _ აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება საკეისრო კვეთების გაზრდილ რაოდენობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ, ქალები ამ მეთოდს მიმართავენ მშობიარობასთან დაკავშირებული ტკივილის ასარიდებლად, მეორე მხრივ, ბუნებრივი მშობიარობის დადებითი მხარეებისა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული გართულებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
„გარდა ამისა, ქალების მიერ საკეისრო კვეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ასევე განპირობებული იყოს ექიმების პირადი ინტერესით, გამოიმუშაონ მეტი ფული და დაზოგონ დრო“, _ ნათქვამია კვლევაში.
სასტუმრო „Holiday inn“-ში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: „რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია“, რომელსაც პარლამენტის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისებს შორის. მემორანდუმის ფარგლებში 2018 წელს გაგრძელდება ეროვნული კვლევა საქართველოში არსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის, მათი განხორციელებისა და დაცვის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი _ ავთანდილ სულაბერიძე:
_ ბატონო ავთო, არსებული რეალობის მიზეზებს სად ხედავთ?
_ საერთოდ, აბორტები განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. საქართველო ადრე განვითარებულ ქვეყნებს განეკუთვნებოდა, დღეს თავისი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით უკვე განვითარებადი ქვეყანაა. თუმცა პოსტკომუნისტური რეალობიდან გამომდინარე, სხვა დეფინიციებსაც იყენებენ.
აქ მთავარი მოსახლეობის სამედიცინო ცოდნის დონეა, რომელიც ჩვენთან ყოველთვის დაბალი იყო. ამ თვალსაზრისით, აქცენტი გინეკოლოგიური განათლების დონეზეა, რომ აბორტი საერთოდ მავნებელია. მას არათუ ქრისტიანობა და ეკლესია კრძალავს, არამედ მედიცინაც ამის კატეგორიული მოწინააღმდეგეა. ჩვენს მოსახლეობამდე ეს ვერაფრით დავიყვანეთ, რომლის პირდაპირი შედეგიცაა სწორედ აბორტების მაღალი მაჩვენებელი.
აქ ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკა მოვიყვანოთ, მაგრამ საქმეს აბორტების არაზუსტი აღრიცხვა ართულებს, _ ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არალეგალური აბორტი კეთდება, რომელიც ოფიციალურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, ორჯერ მეტია.
ოფიციალური მაჩვენებლით, ახლა, მაგალითად, ათას ქალზე გაკეთებულია 36, აბსოლუტურ ციფრში ეს 9134 აბორტია. თქვენ გჯერათ, რომ 9134-ზე მეტი აბორტი საქართველოში არ გაკეთებულა? ამდენად ეს არაზუსტი აღრიცხვაა, მისი კონტროლი და მონიტორინგი რთულია.
რაც შეეხება ამ თვალსაზრისით სხვადასხვა წლებს, მაჩვენებლებს ტალღისებური ფორმა აქვს ათას ქალზე გაანგარიშებით. მაგალითად, ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო (ესეც, ალბათ, არაზუსტი აღრიცხვის შედეგია) 2000-დან 2005-წლის ჩათვლით. მაშინ აქ ძალიან დაბალი მაჩვენებლები, დაახლოებით, 5-6 ათასის ფარგლებში იყო. კოეფიციენტი, საშუალოდ, 14 პრომილეს შეადგენდა, ანუ ათას ქალზე 14 აბორტი კეთდებოდა.
ბოლო წლებში, 2012 წლიდან მოყოლებული, ეს მაჩვენებლები, ერთბაშად, თითქმის სამჯერ გაიზარდა. 2012-ში ათას ქალზე 43 აბორტი შეადგინა, ხოლო დღეისთვის, მართალია, შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი მაჩვენებელია და 36 პრომილეს შეადგენს, ანუ ათას კაცზე გაკეთებულია 36, სულ 9134 აბორტია. ეს ოფიციალური მონაცემიც არაზუსტი აღრიცხვის შედეგია.
ასევე მინიაბორტები კეთდება, რომელიც წინა წლებთან შედარებით ასევე განსაკუთრებულად გაიზარდა. მაგალითად, 2012-ში 17,3 მეათედი აბორტი ათას ქალზე და დღეისთვის, უფრო სწორად, 2015 წლის მაჩვენებლით, ეს 10,3 მეათედი აბორტია ათას ქალზე.
რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებლებს, აქაც გარკვეული მინიშნებები გვაქვს: 15 წლამდე გაკეთებული აბორტები მაღალია 2013-14 წლებში. მართალია, რაოდენობრივად 34 და 20 იყო და 2015-ში ცხრამდე დავიდა, მაგრამ ეს 15 წლამდე ასაკის მოზარდისთვის, გოგონასთვის დამღუპველია!!! არ არის გამორიცხული, რომ მათში დედათა მოკვდავობა მაღალი იყოს.
ასევე ყველაზე მაღალია გაკეთებული აბორტები 25-29 და 30-35 ასაკის ქალებში; შემდეგ 20-24 და 35-39 წლის ქალები მოდიან.
თანაბარი მაჩვენებელი აქვთ 15-19 წლის და 40-44 წლის ქალბატონებს, საშუალოდ, 12 აბორტი ამ ასაკის ათას ქალზე. რაც შეეხება 45-49 და 50 წელს გადაცილებულს, იქ უმნიშვნელო მაჩვენებელია და 2015 წლისთვის, ოფიციალური მონაცემებით _ 147, ხოლო 50 წელს გადაცილებულთათვის _ 13 აბორტი გაკეთდა. რაც, თავისთავად, ამ ასაკში ერთობ სარისკო ნაბიჯია და პროცედურის შედეგად ქალთა მოკვდავობის მაღალ რისკს შეიცავს.
დღევანდელობაზე ეს შეიძლება ითქვას. როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი ჩვენი ქალების დაბალი განათლებით არის გამოწვეული. ვერ ვიტყვი, რომ სამედიცინო, გინეკოლოგიური სამსახური საქართველოში დაბალ დონეზეა, მაგრამ ექიმებმა მეტი უნდა იმუშაონ, განსაკუთრებით გინეკოლოგებმა, კონსულტაციაზე მისული ფეხმძიმე ქალები რამენაირად შეაჩერონ და აბორტის გაკეთებაზე უარი ათქმევინონ.
უნდა ავუხსნათ, რომ ამას ეკლესიაც კრძალავს, ასევე კონტრაცეპტივების გამოყენებასაც. მაგრამ კონტრაცეპტივების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ აბორტი აღარ გაიკეთოს. ქალი აღარ დაფეხმძიმდება და ამის გამო ისევ კონტრაცეპტივების გამოყენება სჯობს. ბევრი მეთოდია, მათ შორის, საეკლესიო, კალენდარული და სხვ.
ამიტომ პრობლემაზე მუშაობა ფართოდ უნდა გაიშალოს, ქალებში ბროშურები დარიგდეს და ა. შ.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არაქართულ მოსახლეობაშია, აზერბაიჯანელებსა და სომხებში, რომლებიც ბინაზეც კი მშობიარობენ და არც დაბადება და არც აბორტი არ აღირიცხება. საერთოდ კი ბინაზე გაკეთებული აბორტი გინეკოლოგების ერთ-ერთი შემოსავალია და ამაზე უარს ნაკლებად ამბობენ.
ამიტომ მარტო მოსახლეობაში კი არა, თვითონ გინეკოლოგებშიც უნდა ამაღლდეს განათლების დონე, რომ არალეგალური აბორტები არ გააკეთონ. საერთოდ, ამაზე უარი ითქვას.
ძირითადი მიზეზები ეს არის და მთავარი მაინც განათლების დაბალი დონეა. ვიმეორებ: სამედიცინო პერსონალის, კერძოდ გინეკოლოგების განათლების დაბალ დონეს ვერ ვიტყვი, მაგრამ აბორტების წინააღმდეგ კონტრპროპაგანდას არ ეწევიან.
_ ეს მძიმე დემოგრაფიული სურათი რა შედეგებს იწვევს?
_ გარდა იმისა, რომ ლეტალური, დედის გარდაცვალების რისკია, იწვევს უნაყოფობას. ჩვენთან მეორადი უნაყოფობა, დაახლოებით, 15 პროცენტია. ანუ დედას ბავშვი ჰყავდა და მეორეზე აბორტი გაიკეთა, ეს უკვე მეორად უნაყოფობას იწვევს. შეიძლება, მომავალში შვილი აღარ გაუჩნდეს, ეს რომ მოისურვოს.
რაც შეეხება დემოგრაფიულ სურათს, ახლა ეს აბორტები გაკეთებული რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად სხვა რეალობა გვექნებოდა. დღეს ჯამობრივი კოეფიციენტი 1,23 მეასედ აბორტს შეადგენს. ფაქტობრივად, თუ დღეს შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ორია, ეს შეიძლება უკვე სამი ყოფილიყო. საერთო ჯამში, 2015 წელს საქართველოს აბორტის შედეგად 32 428 ბავშვი დააკლდა. ასეთი სიხშირით რომ არ ყოფილიყო, დღეს თუ შობადობა 60 ათასამდეა (55-დან 60 ათასამდე), წარმოიდგინეთ, ამის ნახევარი რომ დავიმატოთ, 80-90 ათასი ბავშვი დაიბადებოდა. დაბალი შობადობისა და ჩვენი დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი დანაკარგია. მხოლოდ ოფიციალური აბორტების რაოდენობა გითხარით (32 428 აბორტი), რომელიც საქართველოში გაკეთდა. ეს არის ჩვენი მთელი დემოგრაფიული სურათი.
მით უმეტეს, დედათა მოკვდავობისა და ჩვილთა მაღალი მოკვდავობის პირობებში, დემოგრაფიული ვითარება კიდევ უფრო რთულდება, მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით. სულ რომ აღარაფერი ვთქვათ, დაბერებული მოსახლეობის მოკვდავობის მაღალ მაჩვენებელზე.
ასე რომ, აბორტები, ერთი მხრივ, დემოგრაფიულ ვითარებას აუარესებს და, მეორე მხრივ, თვითონ პიროვნებაში გარდაცვალების რისკს ამაღლებს. ეს ყველაფერი ხალხს უნდა ვუთხრათ, ვაჩვენოთ და ა. შ.
მახსოვს, ადრე _ 1989 წელს, ჩემმა მეგობარმა, სოციოლოგმა ლაშა კიკალეიშვილმა, ამასთან დაკავშირებით პროფესორ ანტონოვის ფირი ჩამოიტანა, სადაც ნაჩვენები იყო, ბავშვი როგორ გაურბის აბორტის გასაკეთებელ ინსტრუმენტს. ეს მაღალი ტექნოლოგიით პირდაპირ იყო გადაღებული. უცხოეთში დამზადებული ფირი მაშინ ჩვენ ვაჩვენეთ და რამდენჯერმე გამეორდა კიდეც მაშინდელ ერთადერთ სახელმწიფო, პირველ არხზე. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ ოდნავ მაინც შემცირდა აბორტები.
სწორედ ასეთი ფირები უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, თუ როგორ ებრძვის ნაყოფი იმ ინსტრუმენტს, რომლითაც, ამ შემთხვევაში, საზიზღარმა გინეკოლოგმა უნდა მოკლას. ამიტომ, მე პირადად, ასეთ დროს, გინეკოლოგების პასუხისმგებლობას ვაყენებ. ძალიან კარგად იციან, ამას კოლეგებიდან ვინ და როგორ აკეთებს, ასევე რა ფასადაც. არალეგალურ ქმედებებზეა საუბარი.
ამიტომ მათ უნდა მიუთითონ თავიანთ კოლეგებს ამ სისაძაგლეზე. ეს იგივეა, ადამიანს შუბლში ტყვია ესროლო, ამის ტოლფასია გაკეთებული აბორტი. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, საერთო დემოგრაფიული ვითარების გარდა.
_ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი კიდევ რა არის?
_ გამოსავალი, ისევ და ისევ, განათლების დონის ამაღლებაა. ეს არა მატრო ექიმებსა და გინეკოლოგებში, არამედ თვითონ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, გოგონებში უნდა მოხდეს. მაგალითად, ოჯახის სოციოლოგია და, საერთოდ, სამედიცინო სოციოლოგია ნაკლებად ისწავლება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამიტომ სკოლის ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ აბორტი ცალსახად მავნეა.
ჩვენ მართლმადიდებლებში კვლევა გავაკეთეთ და იქ აბორტზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ანუ მართლმადიდებელი მორწმუნე დედები ამბობენ, რომ აბორტს მათ რელიგია უკრძალავს და, გარდა ამისა, ეს ჯანმრთელობისთვის ცალსახად საზიანოა.
ასე რომ, ამ თვალსაზრისით ეკლესია უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე სახელმწიფო. აქ აბორტის კონტრპროპაგანდას ვგულისხმობ. გამოსავალი სწორედ ესაა, რომ ეკლესიასთან ერთად სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს განათლების დონე, ხარისხი აწიოს განსაკუთრებით არაქართულ მოსახლეობაში, რომ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

გელა მამულაშვილი