ლევან შონია _ სახლში თუ ციხეში?

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გუბერნატორ ლევან შონიას რამდენიმე დღეში თანამდებობას დაატოვებინებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს შორის ირაკლი ღარიბაშვილისა და „კახელების კლანის“ ბოლო წარმომადგენელი „დაეცემა“. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლევან შონიას შავი დღეები სრულებითაც არ უკავშირდება ღარიბაშვილის პერსონას. ეს გადაწყვეტილება საკუთარ თავს თავად ლევან შონიამ გაუჩალიჩა.

„ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კარგა ხანია, აკვირდებიან შონიას „თამაშებს“ და მას ამის შესახებ რამდენჯერმე დელიკატურად მიანიშნეს. თუმცა შონია ან ვერ მიხვდა ამ მინიშნებებს, ან საკმაოდ დიდი ცდუნება განაპირობებდა მის ქმედებებს.
ჯერ კიდევ 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, შონიამ საკუთარი კადრების წინ წამოწევა მოინდომა, თუმცა ეს სრულად ვერ მოახერხა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იგი ფარულად უპირისპირდებოდა „ოცნების“ იმ კანდიდატებს, რომლებიც მის მიერ არ იყო ხელდასხმული. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელნი აღმოჩნდნენ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი, სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი ოთარ დანელია, სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია, ზუგდიდის მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და ფოთის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.
როგორც ინფორმირებული წყარო „ქრონიკა+“-თან აცხადებს, საარჩევნო პერიოდში სწორედ შონია და გუბერნატორის აპარატი ახდენდნენ ჩამოთვილი პირების დისკრედიტებას _ მათ არაფრისმაქნისებად, უუნაროებად და კორუმპირებულებად წარმოჩენას.
„ჟონავდა ინფორმაციები ამ პერსონების დისკრედიტირებისთვის. არჩევნების წინა საღამოს საჯარო მოხელეებს დირექტივები მიეცათ, არ ექტიურათ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი იყო ფული, რომელიც მეორე ტურისთვის გახდებოდა საჭირო, აქედანაც სარგებელს ნახავდა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შემადგენელიც _ ცენტრმა კადრები სწორად ვერ შეარჩია“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან ინფორმირებული პირი.
როგორც ირკვევა, ლევან შონია ფულისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. სამეგრელოში ღიად საუბრობენ „ატკატებსა“ და „სტავკებზე“, რომელიც მას დაწესებული ჰქონდა და აქვს ცალკეული ტენდერებიდან. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გარჯილან ზუგდიდის გამგებელი და ახლა მერი ლაშა გოგია, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და აბაშის ექსგამგებელი და ახლა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაიშვილი.
ფულის ამკრეფებად კი სამეგრელოში გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, ამჟამად სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსიას და გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუას ასახელებენ. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, ამაზე, სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებები იმუშავებენ, თუმცა ფაქტია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.
ზუგდიდში კი ღიად საუბრობენ ლევან შონიასა და პარტიზანების ყოფილ ლიდერ დავით შენგელიას ბიზნესკავშირებზე, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე გახდება სამართალდამცველთა შესწავლის საკითხი.
თუმცა საინტერესოა ლევან შონიას საქმიანობის პოლიტიკური და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ასპექტებიც.
დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ სწორედ შონიას ცუდი ორგანიზატორული ნიჭი და საქმიანობა გახდა რეგიონში ფაროსანასთან დაკავშირებული საფრთხეების კატასტროფულ ზღვრამდე ზრდის მიზეზი. როგორც ირკვევა, სწორედ შონიამ ვერ უზრუნველყო სწორი ორგანიზება, მოსახლეობის ინფორმირებულობა და სათანადო რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
მთავრობის ადმინისტრაციის კულუარებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ შონიას მოსახლეობისგან დისტანცირების, პრობლემებზე არასათანადო რეაგირებისა და საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისადმი უდიერი დამოკიდებულებების გამო.
თუმცა ამ ყველაფერს, ალბათ, მდუმარედ აიტანდა ხელისუფლება, რომ არა შონიას საქმიანობის პოლიტიკური შემადგენელი. როგორც ირკვევა, იგი კვლავინდებურად აგრძელებს მაჟორიტარების დისკრედიტირებას და ამის ხარჯზე საკუთარი გუნდის ფორმირებას.
კერძოდ, მან მაჟორიტარების აზრის იგნორირებით შეძლო „ბრძოლაში გამოცდილი“ გამგებლების მერებად გაყვანა ფოთის, აბაშისა და სენაკის გარდა ყველა რაიონში. პარალელურად, ყველა რაიონის მერობის კანდიდატთან ახდენდა მაჟორიტარების ავტორიტეტების დისკრედიტებას და ცლაკეულ პერსონებთან აცხადებდა, რომ „ვითარება არია დანელიამ თოლორაიამ, ხახუბიამ, ბერაიამ და ა. შ.
„მაჟორიტარების დაკნინებით, მათი ავტორიტეტის შელახვით და უსაქმურებად, უნიათოებად, საკუთარი ცხოვრების მოწყობით დაინტერესებულ პირებად მათი გამოცხადებით, რომელიც თითქოს გულწრფელად გამოითქმოდა, შონია ხაზს უსვამდა და უსვამს მის საჭიროებას და მისი საფარქვეშ ყოფნის აუცილებლობას“, _ აცხადებს ინფორმირებული წყარო.
როგორც აღმოჩნდა, შონია განსაკუთრებით გაბრაზებულია სენაკის ამჟამიდელ მერ ლევან კუპრეიშვილზე, რომელმაც შეძლო, მისი რეკომენდაციის გარეშე გამხდარიყო „ოცნების“ კანდიდატი, რადგანაც სენაკის მერობას შონია მის მოადგილე კახაბერ რუსიასთვის იყო შეპირებული. რუსია კი გახდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, შემდგომში პარლამენტის წევრობის სურვილით, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კარგად არიან ინფორმირებულნი არჩევნების წინა პერიოდში „აორთქლებული“ კოორდინატორების თანხის შესახებ, რომლის გადაფარვა მას სხვა გზებით სწორედ მას შემდეგ მოუწია, რაც სუს-ში ყური აუწიეს.
როგორც ინფორმირებული წყარო „ქრონიკა+“-თან აცხადებს, შონია ასევე აღშფოთებულია იმის გამო, რომ მან გავლენა დაკარგა აბაშაში, რადგან მის ამჟამინდელ მერს ფოთის მაჟორიტარის პროტეჟედ მიიჩნევენ. დალაგებული მექანიზმის მოშლა, როდესაც ექსგამგებელი მამუკა კვიტაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა და სწორედ ის განახორციელებდა, ფაქტობრივად, მერის მოვალეობასაც, გუბერნატორისთვის ძნელად მისაღები, უფრო მიუღებელი აღმოჩნდა.
ამ ფონზე „ცენტრს“ ინფორმაცია მიაწოდეს გუბერნატორის ცალკეული გამონათქვამების შესახებ, რომ თბილისში უტვინოები და არაპროფესიონალები სხედან და გონზე არ არიან, რას აკეთებენ _ როგორ მართონ ქვეყანა.
მოკლედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორ ლევან შონიას საქმის „საქაღალდე“ არა მხოლოდ მასალებით, არამედ მოთმინებითაც გადაივსო და თბილისში, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ შონია უნდა წავიდეს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თავად დაწერს შონია განცხადებას და „წავა“ თანამდებობიდან, თუ მას გაათავისუფლებენ და მის დასვრილ საცვლებს _ კორუფციულ გარიგებებსა და ამ გარიგებებში ჩართულ პერსონებს დღის სინათლეზე გამოიტანენ. ზოგადად, „ოცნების“ ხელისუფლებას არ უყვარს საკუთარი გუნდის წევრების „ცუდი“ საქმეების აფიშირება, მაგრამ ამ შემთხვევაში შონიას ქეისი, შესაძლოა, ერთგვარი პრევენციაც კი გახდეს რეგიონებში სახელმწიფოს რწმუნებულთა მადის მოსათოკად.

არმაზ მეტრეველი