გია ხუხაშვილი: „ქვეყანას სერიოზული თავის ტკივილი და საფიქრალი აქვს! იმედია, ამაზე ვიღაც ფიქრობს“

ბოლო დღეები ქვეყნისთვის მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა. ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ, ხოლო თბილისის ერთ-ერთ უბანში ხანგრძლივ სპეცოპერაციას ქართველი სპეცრაზმელი შეეწირა და რამდენიმე დაიჭრა.
განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება:

_ ბატონო გია, ბათუმის სასტუმროში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ შორსმიმავალ დასკვნას არ გავაკეთებდი, ეს საშინელი ტრაგედიაა. გასაგებია, რომ იქ სახანძრო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით რაღაც წესრიგში არ იყო. მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიები თითქოს ასეთ შემთხვევებს უნდა გამორიცხავდეს, ამ დროს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება და ა. შ.
აქ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გამოსაძიებელი და დამნაშავე დასასჯელია. ამ შემთხვევაში დამნაშავე ორი მხარეა, თვითონ სასტუმროს მენეჯმენტი და სამსახურები, რომლებმაც, როგორც ჩანს, არცთუ ისე გამართულ მდგომარეობაში მიიღეს მაღალი კლასის სასტუმრო ექსპლუატაციაში.
მაღალი კლასი მხოლოდ კომფორტს არ ნიშნავს, პირველ რიგში, მაღალი კლასის უსაფრთხოებას გულისხმობს და ეს, როგორც ჩანს, დაცული არ იყო.
_ მთავრობას თუ მოუწევს ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების ასამაღლებლად?
_ არ მგონია, რომ პრობლემა ნორმებში იყოს. ვფიქრობ, რომ აქ უფრო კონკრეტული ჩინოვნიკების ზერელე დამოკიდებულებაა. დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ არ მგონია, არსებული ნორმები იმ სტანდარტებს აცდენილი იყოს, რაც დღევანდელ სამყაროში არსებობს.
სხვა საკითხია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან, ხშირ შემთხვევაში ან არაკომპეტენტურები არიან, ან საკითხს ზერელედ უყურებენ, ან კიდევ უფრო უარესი. ასეთი რაღაცებიც ხდება და იმედი მაქვს, რომ აქ კორუფციულ გარიგებებზე საუბარი არ იქნება.
_ თბილისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ და მიღებულმა შედეგებმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?
_ ჯერჯერობით, სურათი ისევ ბუნდოვანია.
პირველი: რაც შეეხება თვითონ სპეცოპერაციას, აქ ერთი და მთავარი კითხვა მაქვს, _ თუ ეს ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ (იმის მიუხედავად, თუ რა ხდება მათ გარშემო, გასაგებია, დაკვირვების ქვეშ იმიტომ ჰყავდათ, რომ რაღაც სერიოზული ეჭვები იყო), ეს, დაახლოებით, მაინც გასაგები უნდა ყოფილიყო, თუ რას მოელოდნენ მათგან. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, _ დაყარეთ იარაღი და რუპორით საუბარი, _ სპეცოპერაციის ჩატარების ცოტა მიამიტი გზაა.
ვფიქრობ, რომ ასეთ დროს მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, _ მოულოდნელობის ფაქტორი და ოპერაცია ამით რომ დაეწყოთ, ის ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტიანად დასრულდებოდა.
როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იყო გამოყენებული. ვიღაცას ილუზია ჰქონდა, რომ მოწოდებით ეს ადამიანები დანებდებოდნენ, რითაც მოულოდნელობის მომენტი გამოირიცხა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერაციას დაგეგმვის ეტაპზე ხარვეზები ჰქონდა. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ამ შემთხვევაში სპეცრაზმთან პრეტენზია არ მაქვს. სწორედ დაგეგმვის ეტაპზე ეს ყველაფერი უხარისხოდ გაკეთდა, რადგან ის რისკები არ გაითვალისწინეს, რაც ამ ფაქტორის გამორიცხვით ოპერაციის ჩატარებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
მეორე საკითხი: როგორც ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები, ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია საზოგადოებასთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით მაქვს და ამ კუთხით ბევრი უცნაურობა ვნახეთ. როდესაც ასეთი რამ ხდება, ბუნებრივია, საზოგადოება დაზაფრულია. 24 საათის განმავლობაში ქალაქში, ლამის, ომი მიდიოდა და ასეთ დროს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ოპერატიული უნდა ყოფილიყო. ეს, ფაქტობრივად, ონლაინრეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს და საზოგადოება მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს.
ამას ორი მიზეზი აქვს. მთავარი ისაა, რომ ადამიანები თავს დაცულად გრძნობდნენ. ჩვენთვის ორი რაღაც უნდა ეთქვათ: პირველი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და მეორე, ამ ოპერაციის შედეგად ქვეყანა რა საფრთხეს ააცილეს? ეს ორი რაღაც მაქსიმალურდ სწრაფად უნდა ითქვას.
გასაგებია, ექსპერტიზები და ა. შ., მაგრამ მუდმივად რაღაც ინფორმაციას უნდა იძლეოდეს სპეცსამსახური. მით უმეტეს, როცა ერთ-ერთი პირი აყვანილი ჰყავთ და ახლა საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეს კაცი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს თავის მდგომარეობას. ასეთი მძიმე შემთხვევის შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი აყვანილია და ამ ჯგუფის წევრია, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება. ის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო ინსტანციაში მიდის.
ანუ ეს ყველაფერი სრული აბსურდის სახეს იღებს და, რაც მთავარია, ასეთ შემთხვევებში ხელისუფლების ინტერესებშია, რომ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან. როდესაც ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ახალი და ახალი კითხვები იბადება.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს წინასწარ ბრალი დავდო, მაგრამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი აბსოლუტურად კატასტროფული იყო. რაც მთავარია, ეს დღემდე არ დასრულებულა და გაუგებრობა გრძელდება.
სამომავლოდ, რასაკვირველია, თავად ეს ფაქტიც და ის ტენდენციებიც, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით გლობალუარად ვითარდება, საქართველოსთვის მაღალი საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ქვეყანას ძალიან სერიოზული თავის ტკივილი და საფიქრალი აქვს. იმედია, ამაზე ვიღაც ფიქრობს.
_ ბოლო არჩევნებსაც გადავხედოთ, რა მოხდა ამ დღეს, როცა ოპოზიცია ახლაც მის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ასაჩივრებს?
_ არჩევნებზე ძალიან მარტივი რაღაც მოხდა, ეს იყო კენჭისყრა, როცა ამომრჩეველს არჩევანი არ ჰქონდა. ანუ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი (ამას კვლევებიც აჩვენებს), 60 და 65% ფიქრობს, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება, ასევე ცუდი ოპოზიცია და არ მიიჩნევს, რომ მას ღირსეული არჩევანი აქვს. ასეთი ტიპის ნეგატიურ არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველს არჩევანი არ აქვს, ყველაფერს რესურსი წყვეტს. ანუ ამომრჩეველი მზად არის, რომ ერთჯერადად გაიყიდოს. ის ამბობს, რომ დაპირების არ მჯერა, არც შენი და არც შენი, რადგან ათასჯერ შემპირდით და არავის არაფერი გაგიკეთებიათ. ღირსეული არჩევანი არ აქვს, ვისაც დაუჯერებს, ირწმუნებს და ამიტომ ამბობს, _ გადაიხადეთ და, კი ბატონო, ხმას გადმოგიგდებთო.
რაღაც ნაწილი სახლში დარჩა და ჩვენ ვნახეთ, რომ დაბალი აქტივობა იყო, მაგრამ ამ დაბალ აქტივობაშიც პარტიების ნატურალური მხარდამჭერი, ალბათ, ამის ნახევარი იყო. მეორე ნახევარი ჯოხის ქვეშ იყო, გარკვეული ინტერესით მიყვანილი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიერ, იქ მეტი არაფერი მოხდა.
მთლიანობაში, ეს იყო გაყიდული არჩევნები. მაინცდამაინც არ ვამბობ, რომ ფულს უხდიდნენ, სხვადასხვა ინტერესი და სატყუარა არსებობს. ამ დროს მთელ პარტიულ ელიტას ჯამურად ნატურალური ამომრჩეველი სულ 20-25% ჰყავს. მეტი ნატურალური ამომრჩეველი არ არის და ეს ნიშნავს, რომ პარტიული ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი ახალი არჩევანის მოლოდინშია, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს.

გელა მამულაშვილი