ილია _ ნაგავში, პუტინი _ „დამკაში“

სოცქსელებს იპყრობს ფოტო _ ილიას ფოტო ნაგავში. ამის მქნელს, ვიღაც ნეხვის ჭიას, ჰგონია, რომ ილია სანეხვეზე მოისროლა, არადა, თავად ჩაყვინთა ნეხვის ტალღებში. ისე, ნეხვს ქართველი პატივსაც ეძახის და არცთუ უსაფუძვლოდ, _ ამისთანებისთვის ნეხვში ნავარდი მართლაც რომ პატივია, მათი ადგილი იმ კაცის ნეხვშია (და არა უწყინარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნეხვში), რომელიც მართლაც რომ საკითხავია, არის თუ არა ადამიანი?!

ილიას ამით რა უნდა დააკლდეს, ან რა უნდა გაუკვირდეს „ბედნიერი“ ერისგან? რა უნდა დააკლდეს ილიას, როდესაც ამ კვირაში კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ ზუსტად 146 წლის წინათ დასმული დიაგნოზის უტყუარობა. ყველა თუ არა, „ევროვიზიის“ ქართული ჟიური ნამდვილად რომ ყრუ იყო ეჭვი, აღარავის ეპარება, არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ სწორედ მათზე და მისთანებზეა ზედგამოჭრილი ილიას უკვდავი სტრიქონები: „…არგამტანი და ცბიერი,
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი“…
დიახ, ქართველების წყალობით, რუსმა გაიმარჯვა და ქართველი დამარცხდა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსს 12 ქულა ვუფეშქაშეთ და ამ ფეშქაშით ქართველი დავამარცხეთ. მერე რა, რომ ეს ყველაფერი საბავშვო „ევროვიზიაზე“ მოხდა? აბა, რა, ბალღობიდანვე უნდა მივაჩვიოთ ჩვენი ბავშვები გაუტანლობის ბალღამს. ვაჩვენოთ კლასი რუსთან ქვემძრომობისა და ქედდრეკილობის. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გავაკეთოთ თავად ბავშვების ხელით. დიახ, ბავშვების ხელით. მას შემდეგ, რაც რუსეთის კონკურსანტის ტრიუმფი გახმაურდა და ატყდა სკანდალი, წამოვიდა საზოგადოების აღშფოთების სრულიად დამსახურებული და ადეკვატური მაგმა სოცქსელებში, ჟიურის ერთმა წევრმა თავი იმართლა, _ მე რუსეთისთვის უმაღლესი შეფასება არ მიმიციაო, მერე მეორემ თქვა იგივე, თუმცა არც ერთს არ უთქვამს, რა დაუწერეს რუსეთს და რანაირად მოხდა, რომ რუსეთმა უმაღლესი შეფასება მიიღო?! დარჩა ჟიურის სამი წევრი, ერთი _ ჟიურის თავმჯდომარე და კიდევ ორი 15 წლამდე ასაკის ბავშვი, თურმე, ნუ იტყვით და სასცენო გამოცდილების მქონე. ანუ ბავშვებმა მისცეს უმაღლესი შეფასება რუს თანატოლს და ჩაჩექმეს თავისი თანამემამულე. რუსის გამარჯვებას რომ დროებით შევეშვათ, საერთოდ, რა სიმახინჯეა, ბავშვს შეაფასებინო ბავშვი?! არის თუ არა ეს იგივე სიმახინჯე (თუნდაც „ევროვიზიის“ ტრადიციით კულტივირებული), როგორც ის, პატარა გოგონები მიტოვებული ქალის სიმღერებით რომ იწონებენ თავს სცენიდან და გოდებენ? რა სასცენო გამოცდილება დააგროვეს ასეთი, რომ დადგნენ და ახლა სხვა შეაფასონ? ვის და რაში სჭირდება ამ დირექტორობანას თამაში? რატომ ვკიდებთ მათ ამხელა პასუხისმგებლობას? თუნდაც ამ ბოლო ფაქტმა ხომ ცხადყო, რამხელა ტვირთი წამოიკიდეს? მათმა გადაწყვეტილებამ მათი სამშობლოს დედაქალაქში დამპყრობლის დროშა ააფრიალა. შედეგი დაიდო _ რუსი კმაყოფილებისგან ტუჩის მიდამოებს იმასაჟებს და მსოფლიოს ამცნობს: კონკურსი პოლიტიზებული არ იყო და დამსახურებულად გავიმარჯვეთო. ანუ კულტურა პოლიტიკაში არ არეულაო. რუსსაც ხომ ეს უნდა, ამ ფორმულით დაგვბანგოს და მიგვაძინოს. იცის რუსმა, რომ მიძინებული ქართველი უფრო იოლი გასაბახებელია.
მეტი რა მიზანი უნდა ჰქონოდა დიდ იმპერიას ამ პატარების „ევროვიზიაზე“? გარდა იმისა, რომ ამ ფაქტით მთელ მსოფლიოსთან იმარიაჟოს, რომ ქართველმა ხალხმა _ ცალკე ჟიურიმ და ცალკე ხალხმა _ უმაღლესი შეფასება სწორედ მათ მისცა! მიდი ამის მერე და უმტკიცე მსოფლიოს, რომ რუსი ოკუპანტია და რუსეთი მტრული სახელმწიფოა! რუს ტურისტებს ფეხქვეშ ვეგებით, კი არ ვმასპინძლობთ, ლაქიებად ვუდგებით, კონსერვატორიაზე რუსის დროშას ვაფრიალებთ, კონკურსში რუსს ვამარჯვებინებთ, რაც მთავარია ისე, რომ სწორედ ჩვენ მიგვიძღვის მის გამარჯვებაში ლომის წილი და არა რომელიმე სხვა ქვეყანას. ეს ყველაფერი მინანქრად („პამადკად“) მოასხით ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ უკვე წლობით ნაცხობ კოლაბორაციონისტულ ტორტს და ამ ყველაფრის მერე იდექი და ამტკიცე, რომ რუსი ოკუპანტია და მიწებს გართმევს.
ჟიურის ორი წევრი _ აქეთ სხვიტარიძე და იქით გელოვანი _ გვიმტკიცებს, რომ რუსეთისთვის უმაღლესი შეფასება არ მიუციათ, მაგრამ რატომ არ ამბობენ, რა შეფასება მისცეს? რანაირად მოხდა, რომ ჯამში რუსეთმა უმაღლესი შეფასება მიიღო? ფაქტია, მათ რომ ყველაზე დაბალი თუ არა, ოდნავ დაბალი შეფასება მიეცათ, ეს ასე არ დასრულდებოდა, მაგრამ რა უდაბლეს შეფასებას უნდა ელოდო ქალბატონ სხვიტარიძისგან, რომელმაც აქეთ დაგვამუნათა, _ სცენაზე პატარა რუსის გოგო იდგა და არა პუტინიო. თურმე, ნუ იტყვით და ბავშვები დამეგობრდებიან და შეცვლიან ჩვენ მიერ არასწორად აწყობილ სამყაროს!
და რაც მთავარია, თურმე, ენა მუცელში უნდა ჩავიგდოთ, რაკი დეიდა ბასტი-ბუბუს ასე სურს _ მოვრჩეთ და გვეყოს! დიახ, უნდა გვეყოს და მხოლოდ იმით ვიხაროთ, რომ საქართველოში, თურმე, წარმატებული ევროპული კონკურსი ჩატარებულა! მერე რა, რომ ეს კონკურსი ოკუპანტის დროშის ფრიალით დასრულდა და ეს ყველაფერი სწორედ მათი _ ჟიურის დამსახურებით მოხდა?
ხალხნოოოო, სცენაზე პუტინი არ მდგარა, პატარა გოგო მდგარა, რა დაგვემართა, რა კუჭი ავიშალეთ და რა ჩანჩქეროს ვმღერივართ? აი, ამ პატარა რუსის გოგომ და ჩვენმა ორმა პატარამ, თავისი დაწერილი ქულებით ქართველს რომ წააგებინეს და ამ პატარა რუსის გოგოს რომ გაამარჯვებინეს, ჩვენი არასწორად აწყობილი სამყარო უნდა გადააწყონ და შეცვალონ.
სცენაზე პატარა გოგო მდგარა. ისე, ბუბუ-ბასტი, 2008-შიც რუსის ბიჭები შემოვიდნენ აქ საომრად, პუტინი არც მაშინ ყოფილა. როგორც ახლა, პირადად არც მაშინ გამოსულა „სცენაზე“ და პირადად არც მაშინ უსვრია ბომბები.
მოკლედ, დაკვეთა შესრულებულია, საქართველოში გამართულ ევროპულ კონკურსში რუსეთის დროშა ფრიალებს. შეგიძლიათ უპატაკოთ მას, ვინც კავკასიონს გადაღმა იდგა კულისებში. მოკლედ, ასე, ილია _ ნაგავში, პუტინი _ „დამკაში“.
ისე, ბევრმა ილიას ნაგავში მოსროლაშიც ვერ დაინახა ტრაგედია. ერთგვარ პრაგმატულ მიზეზსაც მიაგნო. თავის დროზე, ასეთი პორტრეტები დიდი ტირაჟით დაიბეჭდა, ძირითადად, ვრცელდებოდა სკოლებში, ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა დაწესებულებაში, როგორც ჩანს, ბევრს შინაც ჰქონია და რემონტების შემდეგ ახალ ინტერიერში ამგვარი პორტრეტების ადგილი მართლაც აღარაა. აღარ სჭირდება ადამიანს და რა ქნას? რა უნდა ქნას ადამიანმა, როცა ნივთი აღარ სჭირდება? როცა ნივთი აღარ გვჭირდება, მას ვემშვიდობებით და ვიშორებთ, მაგრამ ფორმასაც ხომ გააჩნია, როგორ ვიშორებთ და იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რას წარმოადგენს ეს ნივთი? დარწმუნებული ვარ, ვინც ილია ნაგავში მოისროლა, მოსროლამდე დახედა, და როცა დახედა ილიას, ილია რომ მისთვის ის ყოფილიყო, რაც რეალურად იყო _ ერის მამა, ნამდვილი მამა და არა ცრუმამა, ის ამ ფოტოს იმ ბინძურ ნაგავში არ მოისროდა, სხვენში თუ ვერ გამოუნახავდა ადგილს, ბინძურ ნაგავში მაინც არ მოისროდა. რაღაც უფრო ნაკლებშეურაცხმყოფელ გზას მოძებნიდა მისი თავიდან მოშორების.
ისე, ინტერიერზე გამახსენდა და ნუ ჩამქოლავთ, თუ ვიკითხე: თქვენს ახალ ინტერიერს, ახლაგარემონტებულ გარემოს რომ თქვენი დაჩაჩანაკებული ბებია არ მოუხდეს, რას იზამთ? ნარაიამადან გოდრებით დააგორებთ, თუ გოდრის შოვნა და ნარაიამამდე, ან აქაურ მთებამდე ასვლას დაიზარებთ და ილიას ფოტოსავით მერიის დადგმულ ნაგვის ურნაში ჩაუძახებთ _ მოკლეზე? როგორც ცხონებული ბენდუქიძე იტყოდა, _ არის ერთადერთი რაღაც, რაც არ იყიდება _ სინდისი და ასევე არის რაღაც, რაც ნაგავში არ გადაიგდება. თუმცა დილემა მართლაც რჩება, რა უნდა ქნას ადამიანმა, როდესაც რაღაც აღარ სჭირდება? მიუღებელია თვითონ ნივთი, თუნდაც პორტრეტი, მაგრამ ძვირფასია ის, ვისი პორტრეტიცაა? ალბათ, მისი ადგილი კარადაშია. რატომღაც, გამახსენდა ის, რასაც გიორგი ზასლევსკი წერდა კარადაზე, რომ კარადა განასახიერებს კულტურის ხსოვნის მეტაფორას _ კარადა ინახავს ყოველნაირ ხარახურას, როგორც ფასეულობას და ყოველგვარ ფასეულობას, როგორც ხარახურას…
მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ამ კარადისთვისაც არ გვემეტება ადგილი ახალ სივრცეში? ეს ილიები, ვაჟები რომ იქ შევალაგოთ, მერე სად ჩამოვაკონწიალოთ H&M-ში, იმსიგრძე რიგში ძლივს ნაყიდი ჭინჭები? და, საერთოდ, რა საჭიროა რამე, რაც აღარ გვჭირდება? ილიას ფოტო კი არა, თვითონ ილია რაში გვჭირდება, როდესაც ეს წვერკოხტად დალაგებული კაცი იმ მეცხრამეტე საუკუნიდან დღესაც არ გვასვენებს და ამ „ბედნიერ ერს“ ბედნიერებას არ გვარგებს და მის ყოველ გახსენებაზე განწყობას გვიფუჭებს? არც თავის თანამედროვეებს აცლიდა ძილს და ჩვენც „ბუდილნიკივით“ ტვინს გვიჭამს, არც ძილს გვაცლის და არც იმას, რომ ეს მძიმე ყალნით და ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი, უწყინარი და უჩივანი, ქედდრეკილი და მადლიერი, უშფოთველი და ქვემძრომელი, ჯორცხენივით ყოვლად მთმენი ერი ვიყოთ განცხრომაში? არ გვაცლის ბედნიერებას ჩვენ ყველას _ ყველას უნჯს და მუნჯს, გულჩვილს და ლმობიერს, თვალაბმულს და ზომიერი ლაგამით პირაკრულს, თავაკრულს, ჩვენ ყველას ყრუსა და ცრუს, ჭკვადამჯდარს და გულხმიერს, ფლიდს, ცუღლუტს და მანკიერს. გაგვიწყალა გული იმის შეხსენებით, რომ მტრის არმცნობი ვართ და მოყვრის მგმობი ვართ, რომ გაუტანლები და ცბიერები ვართ, რომ მტვერწაყრილი და თავდახრილი ვართ, რომ არაფრის მქონე და არაფრის მცოდნე ვართ. უზრუნველი და მშივრები ვართ. არ სჭირდება „გრუზინს“ ილია. დიახ, ილია და არა, უბრალოდ, მისი ფოტო. არ გვჭირდება იმის შემხსენებელი, რანიც ვართ. როგორც ჩანს, გვინდა, ასეთები ვიყოთ და არ ვართ, თუ?

რეზო შატაკიშვილი