გახმაურებული სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები

ერთი გარდაცვლილი სპეცრაზმელი, სამი ლიკვიდირებული, ერთი დაკავებული და ორი ძებნილი ტერორისტი, _ ასე დასრულდა 21-22 ნოემბრის ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 21 ნოემბერს, დაახლოებით, რვა საათისთვის პოლიციამ ხუთი კორპუსის შემოსასვლელები ჩაკეტა და ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა, რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს არც სახლში უშვებდნენ და არც რამეს უხსნიდნენ. პირველი ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ტარდებოდა, „რუსთავი 2“-ის ეთერით, დაახლოებით, 12 საათის მერე გაჟღერდა. აქვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის ადგილას სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი მივიდა.
ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ცნობა არც დაკავებული და არც ლიკვიდირებული პირების იდენტიფიკაციისა და ვინაობის შესახებ, მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ დაკავებული პირი საედ დუდაევია. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. როგორც ცნობილია, დაკავებული პირი დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს არ აღიარებს და მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამასთან, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ის გამართულად საუბრობს ქართულად და არ სჭირდება თარჯიმანი.
რა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე? როგორ აღმოჩნდა საქართველოში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი? და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ჩატარებულ სპეცოპერაციას?

„ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ორი თვის წინათ სარფის საბაჟოზე საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ექვსი პირი ქართული პასპორტებით შემოიყვანა. მანქანა დაბურული მინებით იყო და უცნობებმა მხოლოდ საპასპორტო კონტროლი გაიარეს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს სწორედ ის ექვსი პირი იყო, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თინა გაორგაშვილის სახლში დასახლდა, მათ შორის იყო ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური, ახმედ ჩატაევი. დერეფნის მიცემისა და შემოყვანის ოპერაცია კი სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილთან იყო შეთანხმებული.
მართალია, სპეცოპერაციის შემდეგ თინა გაორგაშვილი აცხადებს, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ ცხოვრობდა მის სახლში. მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სახლის პატრონი სპეცსამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს, რეალურად, მისი ბინა სწორედ კონსპირაციული ბინაა და მაკლერების მეშვეობით ნამდვილად არ ქირავდება.
ადგილობრივი, რომელმაც, ცხადია, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ მდგმურები ამ თვეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, მეზობლებს არ აწუხებდნენ, მათ ხშირად ხედავდნენ მაღაზიაში და ნავთლუღის ბაზარში საკვები პროდუქტების შესაძენად. როდის შეზიდეს, ან სად შეიძინეს მათ იარაღის არსენალი, რომელიც ბინაში სპეცოპერაციის დღეს აღმოჩნდა, მეზობლებმა, ცხადია, არ იციან, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი აგრესია და საეჭვო ქმედებები არავის შეუნიშნავს. ძირითადად, ერთნაირად ჩაცმულები გადაადგილდებოდნენ, მათი იდენტიფიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ჩეჩნების ჯგუფის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე პირველი არ არის, ძირითადად, ეს ტრანზიტად ხდება, იშვიათ შემთხვევაში რამდენიმეთვიანი დარჩენით და გამოზამთრებით. მსგავსი ფაქტი ერთხელ 2014 წლის ზაფხულშიც მოხდა, როცა მეცხვარეებმა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ ლოპოტის ხეობაში ისევ გადაადგილდებოდა ექვსი შეიარაღებული პირი. საბოლოოდ, გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაირკვა, რომ ჯგუფის ერთი წევრი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს უკავშირდებოდა. მაშინ კონტრდაზვერვამ თავი იმით იმართლა, რომ ჯგუფი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე დამატებითი ჩვენებების მისაღებად შემოიყვანეს, მაგრამ, საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ჯგუფი ისევ კონტრდაზვერვის თანამშრომლებს მშვიდობიანად გადაეცილებინათ თურქეთის საზღვრამდე.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოში გამოსაზამთრებლად შემოყვანილმა ჯგუფმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და გარანტიებიც სუს-ის უფროსის მოადგილისგან ისე მიიღო, რომ ანტიტერორისტულმა ჯგუფმა არაფერი იცოდა.
ინფორმაციის მიღების შემდეგ ატც-მ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გარე პერიმეტრის კონტროლი და თვალთვალი დაიწყო. 21 ნოემბერს კი, სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სწორედ ატც-ს თანამშრომლებმა დააკავეს ის პირი, რომელიც ამჟამად „მოდულის“ შენობაშია მოთავსებული და რომელსაც უკვე მიესაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. პატიმარმა #1-მა ზარის განხორციელება მოასწრო.
სწორედ ამ დაკავების მერე მოვლენები სწრაფად და ელვის სისწრაფით განვითარდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში მყოფმა პირებმა იმ პირთან დარეკეს, რომელიც მათი მოკავშირე იყო გარანტორებთან და სიტუაციის გარკვევა მოითხოვეს. იოსებ გოგაშვილის ადგილზე მისვლის პარალელურად, ატც-მ გარკვევა დაიწყო, როგორ მოხვდნენ საქართველოში დაკავებული პირი და მისი თანამოაზრეები?
ეს, დაახლოებით, ის დროა, როცა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაიწყო. ბინაში მყოფებმა უსაფრთხო დერეფანი, მანქანა, დაკავებული პირის განთავისუფლება და ერთი თანმხლები მოითხოვეს. ფაქტია, რომ ბინაში მყოფი პირები სიტუაციის დაძაბვით დაინტერესებული არ არიან, მათ სამართალდამცველებს საშუალება მისცეს, კორპუსის ევაკუაცია განხორციელებულიყო და მძევლები არ აიყვანეს.
რაკი ს.დ. იმ უწყებას ჰყავდა, სადაც გოგაშვილისა და კონტრდაზვერვის გავლენები ნულის ტოლი იყო, ამავდროულად, ინფორმაციას უკვე ფლობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და შესაბამისი სამსახურები, განთავისუფლების მოთხოვნის შესრულება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წარმოუდგენელი იყო, ამიტომ სპეცდანიშნულების რაზმმა პოზიციები დაიკავა.
თინა გაორგაშვილის სახლის კარზე პოლიციის ფორმაში გადაცმულმა სუს-ის სპეცრაზმელებმა მიაკაკუნეს: ჩხრეკაზე მოვედით, ბინა უნდა შევამოწმოთო. ბინიდან მათ არავინ გამოპასუხებია, ამიტომ კარის შენგრევა გადაწყვიტეს. სხვათა შორის, მამუკა არეშიძე სწორს ამბობს, რომ თინა გაორგაშვილის სახლში რამდენიმე ხნით ადრე ბინაში შესასვლელი კარი გამოცვალეს. კარის შემტვრევის მცდელობას ბინის შიგნიდან სროლა მოყვა, სროლას _ სპეცდანიშნულების რაზმის უკან დახევა, ამ დროს აივნიდან ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დამიზნებით ისვრის და სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრი, ვანო გოლოშვილი, თავში უმძიმეს ჭრილობას იღებს, იგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. შტურმის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ცხადია, რომ ბინაში მყოფი პირები შეიარაღებულები არიან.
22 ნოემბერს შუადღისას უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აკეთებს განცხადებას: „ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება. ორი საკითხია _ პირველი: ოპერაციის დროს არ უნდა დაშავდეს არავინ; მეორე: სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ“, _ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
უკვე ცხადი ხდება, რომ ამერიკელები საქმეში ოფიციალურად ერთვებიან, ამ დრომდე კი სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმი რამდენჯერმე ცდილობს, შტურმი მიიტანოს იმ ბინაზე, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები უკვე სამ სართულზე არიან განლაგებული. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ამ მომენტისთვის სპეცდანიშნულების რაზმის ერთადერთ ამოცანას ბინაში ხანძრის გაჩენა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ადგილზე ისე დასახიჩრება წარმოადგენდა, რომ მათი იდენტიფიკაცია არ მომხდარიყო. მხოლოდ ასე თუ დაფარავდნენ კვალს და ოფიციალურად არ დადასტურდებოდა საქართველოში მსოფლიო ტერორისტთა შავ სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევის ყოფნა.
საბოლოოდ, ანტიტერორისტულ ოპერაციას ანტიტერორისტული ცენტრის სპეცდანიშნულების რაზმი ასრულებს, კონსპირაციულ ბინაში გაჩენილი ხანძრის გამო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იძულებული არიან, ბინა დატოვონ, ორი მათგანის, _ ახმედ ჩატაევისა და მისი თანმხლები პირის ლიკვიდაცია კორპუსის ეზოში ხდება, მესამე პირის კი _ სადარბაზოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეცოპერაციის მეორე დღეს პირველმა ახსენა საერთაშორისო დანაშაული და ტერორიზმი, ხოლო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციიდან მეოთხე დღეს ირიბად დაადასტურა, რომ ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი აჰმედ ჩატაევია.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ორიოდე თვის წინ საზღვარზე ექვსი პირის შემოიყვანისთვის მზადება, ჯერ კიდევ, ზაფხულში დაიწყო, მაშინ როცა ყველასთვის მოულოდნელად მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით ნიკოლაიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, ოთარ კუპრაშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ბუნებრივია, არც გოგაშვილს და არც მღებრიშვილს საქართველოში ახმედ ჩატაევის შემოყვანის დროს ზედმეტი თვალი და ყური არ სჭირდებოდათ.
იმყოფებოდა თუ არა სპეცოპერაციის ადგილას ახმედ ჩატაევთან ერთად შემოსული ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 25 ნოემბერს გვიან ღამით პოლიციის ქვედანაყოფებმა და საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა საერთო ქსელის მეშვეობით ორი პირის ფოტოსურათი მიიღეს. ფოტოები ოპერატიული თვალთვალის დროს გადაღებული ვიდეომასალიდანაა ამოღებული, მაგრამ ეს არ არის უშუალოდ სპეცოპერაციის დღე. პოლიციის თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ თუ ფოტოზე გამოსახულ პირებს სადმე წააწყდებიან, შესაბამისად იმოქმედონ.
იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები სპეცოპერაციის დღეს ახმედ ჩატაევთან ერთად, ამაზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ტელევიზიებით გადაცემული კადრებიდან ცხადად ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმს წინააღმდეგობას სამივე სართულიდან უწევდნენ. გამორიცხული არ არის რომ ადგილზე სწორედ ექვსი პირი იმყოფებოდა. როგორ დატოვეს მათ სპეცოპერაციის ადგილი, უცნობია. ფაქტი მხოლოდ ერთია, _ სამართალდამცველები ორ პირს ეძებენ, რომლებიც ახმედ ჩატაევის თანმხლები პირები იყვნენ და, ამავდროულად, პერიოდულად ჩნდებოდნენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქობულეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდძალი რაოდენობის იარაღია ამოღებული, დაკავებული კი ახალგაზრდა ქერათმიანი ქალია. არსებობს ვერსია, რომ ქობულეთში დაკავებული ქალი, შესაძლოა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზეც იმყოფებოდა და მან ტერიტორია სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა.

ელისო კილაძე