ფსევდო თვითმმართველობა საქართველოში ანუ, გაუმარჯოს მაჟორიტარ დეპუტატებს პარლამენტში!.

საუკუნეზე დიდი ხნის წინათ ილია ჭავჭავაძემ თქვა: „ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს. ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისთვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს.
მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო _ საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაური მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდან გამოვაო…“

საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ თვითმმართველობა მხოლოდ ფსევდოფორმით არსებობს, ჯერ არავის უკითხავს ხალხისთვის, რა გინდათ, რა გიჭირთ, რა შევცვალოთ ერთადო?.. პირიქით, ყველაფერი უკან და უკან მიდის, როგორც ხალხი ამბობს.
რეალურად კი თვითმმართველობა ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. ქვეყნის მთავარი კანონი მას მმართველობის დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთ აუცილებელ საფუძვლად და პირობად აღიარებს.
უფრო კონკრეტულად კი თვითმმართველობა მოქალაქეების უფლებაა, კონკრეტულ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აირჩიონ ადგილობრივი ხელისუფლება და მასთან ერთად მოიწყონ კომფორტული საცხოვრებელი გარემო: მოაწესრიგონ ეზოები და სადარბაზოები, იზრუნონ იმაზე, რომ შვილებმა კარგ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ისწავლონ, იზრუნონ გზებისა და ტრანსპორტის განახლებაზე, სკვერების, პარკებისა და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაზე; ანუ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები _ რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით და სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად.
საქართველოში ორი სახის თვითმმართველი ერთეულია: სათემო მუნიციპალიტეტი, იგივე თვითმმართველი თემი და თვითმმართველი ქალაქი. საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქი და 59 თვითმმართველი თემია.
თვითმმართველი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი. თვითმმართველი თემებია, მაგალითად: თელავი, გურჯაანი, ახმეტა, სიღნაღი და სხვ.
თუ თვითმმართველი ქალაქი დასახლებაა, სათემო მუნიციპალიტეტი _ დასახლებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სოფელსაც, დაბასაც და ქალაქსაც. ადმინისტრაციული საზღვრების გარდა, თემებს ადმინისტრაციული ცენტრიც აქვთ _ სათემო მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქს უწოდებენ. თვითმმართველი თემები ძველი ე. წ. რაიონებია. 2006 წლის შემდეგ მათ მუნიციპალიტეტები ჰქვიათ, თუმცა ადმინისტრაციული საზღვრები იგივეა, როგორიც დამოუკიდებლობამდე, ანუ საბჭოთა საქართველოს დროს იყო.
თუ თვითმმართველი ერთეულის სტატუსის განსაზღვრისას მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის, არჩევნების დროს ამომრჩევლის რაოდენობა მთავარი კრიტერიუმი ხდება. ამის გამო, თვითმმართველ თემებში საკრებულოს წევრთა რაოდენობა შეიძლება განსხვავებულიც იყოს.
სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 15 წევრისგან და ამ მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა თემიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისგან. რაც უფრო მეტი თემი შედის მუნიციპალიტეტში, მით უფრო დიდია მისი საკრებულოს წევრთა შემადგენლობა მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე. იმავდროულად, თუ ერთი თემის ამომრჩეველი მხოლოდ ერთ დეპუტატს ირჩევს, ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენლობა საკრებულოში ამ ცენტრის ამომრჩევლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კერძოდ, ქალაქი, რომელსაც 4-დან 10 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს, 2 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს, თუ 10-დან 20 ათასამდე _ 3-ს, თუ 20-დან 35 ათასამდე _ 4-ს, ხოლო თუ 35 ათასზე მეტი _ 5 მაჟორიტარ დეპუტატს. სათემო მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა ლიმიტირებულია. ბათუმის, ფოთის, რუსთავისა და ქუთაისის საკრებულოებში პროპორციული სისტემით არჩეული 15, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული 10 დეპუტატია.
საკრებულოს დეპუტატი შეიძლება იყოს არჩეული როგორც პროპორციული (ანუ პარტიული სიით), ისე მაჟორიტარული სისტემითაც. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება პარტიამაც წარადგინოს და საინიციატივო ჯგუფმაც. ის უნდა იყოს, სულ ცოტა, 21 წლის.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საკრებულოს დეპუტატებს საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ სჭირდებათ. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებშიც გამარჯვებულად ის პარტია და კანდიდატი მიიჩნევა, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
საქართველოს რეგიონებში საკრებულოს დეპუტატები ხშირად საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლები არიან ხოლმე _ ე. წ. ადგილობრივი ელიტა, მაგალითად, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ექიმები და სხვ.
საკრებულოში დეპუტატების უმრავლესობა საზოგადოებრივ საწყისებზე უხელფასოდ მუშაობს. ასეთ დეპუტატებს სხვაგან მუშაობის უფლებაც აქვთ. მათ ბიუჯეტიდან მხოლოდ სამეურნეო ხარჯებს უნაზღაურებენ, მაგრამ ასეთი ხარჯების პრემიებისა და დანამატების სახით ანაზღაურება კანონით აკრძალულია. ხელფასები მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს აქვთ. ესენი არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები, რომლებსაც საკრებულოს დაკომპლექტების შემდეგ დეპუტატები ირჩევენ.
საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილებები ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირია. მათი საქმიანობის მთავარი არსი ისაა, რომ გამორჩეულად ლოკალური საკითხებით არიან დაკავებულები და მერის საქმიანობის მაკონტროლებლების ფუნქციას ასრულებენ. წყვეტენ იმას, თუ რაზე დახარჯონ ბიუჯეტი, განაგებენ მუნიციპალური ქონების, საწარმოებისა და დაწესებულებების ბედს, განსაზღვრავენ ადგილობრივ გადასახადებს, მოსაკრებლებს და ა. შ.
მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ საკრებულოს წინაშეც. ის შეიმუშავებს ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს, ასევე წარუდგენს დეპუტატებს გადასახადებზე და მოსაკრებლებზე მომზადებულ გადაწყვეტილებებს, ათანხმებს მათთან მუნიციპალური ქონების საკითხებსაც, თუმცა საკადრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. თბილისის გარდა, ყველა სათემო მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში მერი თვითონ ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი სამსახურების ხელმძღვანელებს.
საკრებულოს დეპუტატებისგან განსხვავებით, მერის ასარჩევად, რომელიც 25 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ხმების უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის. ის არჩეულად მიიჩნევა მაშინ, თუ მას მხარს დაუჭერს 50%-ზე მეტი ამომრჩეველი. თუ პირველ ტურში მერობის ვერც ერთი კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ აგროვებს, მეორე ტურში გამარჯვებულად სახელდება კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებისგან მეტ ხმას დააგროვებს.
მერები, მათი მოადგილეები და საკრებულოს თანამდებობის პირები პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან.

კახეთის მუნიციპალიტეტთა თვითმმართველობა

კახეთში მეორე ტური არსად ჩატარდა, რადგან „ოცნების“ ყველა კანდიდატმა შეძლო, 50%-იანი ბარიერი გადაელახა, კერძოდ კი:
საგარეჯო _ გიორგი ერბოწონაშვილი, 69.37%; გურჯაანი _ არჩილ ხანდამაშვილი, 59.25%; სიღნაღი _ გიორგი გოგილაშვილი, 59.53%; დედოფლისწყარო _ ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 65.45%; ლაგოდეხი _ ჯონდო მღებრიშვილი, 63.99%; ყვარელი _ როსტომ სესიაშვილი, 63.24%; თელავი _ შოთა ნარეკლიშვილი, 54.78%; ახმეტა _ იოსებ ქარუმაშვილი, 59.41%.
ადგილობრივი არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეული მერები მუშაობას შეუდგნენ. იმის მიუხედავად, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, მაინც საინტერესოა მუნიციპალიტეტების მიხედვით მერების რეიტინგი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის ხმათა რაოდენობით რეგიონში ყველაზე მეტი ხმა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მიიღო, ხოლო პროცენტული მონაცემებით ლიდერობს საგარეჯოს მერი, გიორგი ერბოწონაშვილი.
საგარეჯო _ გიორგი ერბოწონაშვილი 12642, 69,37%; გურჯაანი _ არჩილ ხანდამაშვილი 15439, 59,94%.
მერებმა უფლებამოსილების პირველივე კვირაში მუშაობა გამგეობების მოადგილეებისა და სამსახურის ხელმძღვანელთა ფორმირებით დაიწყეს. სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მერებმა უკვე გადააყენეს მოადგილეები.
გურჯაანის ახლად არჩეულმა მერმა პირველივე სამუშაო დღეს ყოფილი გამგებლის ორი მოადგილე გაათავისუფლა. თანამდებობა მხოლოდ ერთმა მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმა შეინარჩუნა. არჩილ ხანდამაშვილმა სამსახურის უფროსებსაც შესთავაზა გადადგომა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მართვას საკუთარ გუნდთან ერთად აპირებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„მოადგილეებს ავუხსენი, რომ იმ გუნდთან ვაპირებ მუშაობას, რომლის კომპეტენტურობასა და გამოცდილებაშიც დარწმუნებული ვარ და, შესაბამისად, პასუხისმგებელი ვხდები, რომ მათი შრომისმოყვარეობით გურჯაანის მერია ნამდვილად იქნება წარმატებული. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს, მე მათთან შეხვედრები ჯერ კიდევ მანდატის ოფიციალურ მიღებამდე დავიწყე და გავეცანი როგორც მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ასევე გამოცდილებასა და განათლებას, რის შემდეგაც, დაახლოებით, სამ კვირაში, მერის უფლებამოსილების მიღების შემდეგ, ჩემი შეხედულების შესახებ შევატყობინე, რომ მომავალი 4 წლის წარმატებული მუშაობისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეორგანიზაცია, რადგან მე მჭირდება გუნდი, რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის პრობლემების მოგვარებაზე მომართული ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებისა და განვითარებისთვის“, _ განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
სამსახურის გარეშე დარჩა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სამივე მოადგილე. სიღნაღის ახლად არჩეული მერი მოადგილეების ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებს. გიორგი გოგილაშვილი განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება კანონიერია:
„სამივე მოადგილე კანონის მიხედვით გავათავისუფლე. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ჩემი მოადგილეების შესახებ. დიდი ალბათობით, მათ ხელშეკრულებას აღარ გავუგრძელებ და სხვა მოადგილეები მეყოლება. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს, ისინი აგრძელებენ თავიანთ უფლებამოსილებას და, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ იგეგმება“.
„ახალი მერის მოსვლის შემდეგ უფლებამოსილება ყველა მოადგილეს უწყდება, მაგრამ მას შეეძლო, ჩვენთვის გაეგრძელებინა ხელშეკრულება. მან პირველივე დღეს მოაწერა ხელი ბრძანებას სამსახურიდან ჩვენი განთავისუფლების შესახებ და სამივე მოადგილეს ჩაგვაბარა. გვითხრა, _ ვიცი, რომ კარგად იმუშავეთ, ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ სახლში უნდა გაგიშვათო. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემ მიმართ არის უსამართლო. როდესაც აუდიტის სამსახური იყო შემოსული გამგეობაში და გასული წლების ფინანსური დოკუმენტაცია შეამოწმეს, ყველა სტრუქტურაში ჰქონდათ შენიშვნები და ერთადერთი ჩემი მიმართულება, სოციალური და კულტურის სფერო იყო, სადაც ვერანაირი ხარვეზი ვერ იპოვეს“, _ აღნიშნა ეკა ჩახნაშვილმა.
საკადრო ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც განხორციელდა. უკვე ცნობილია, რომ გიორგი ერბოწონაშვილი ყოფილი გამგებლის მოადგილესთან, გიორგი რევაზიშვილთან ერთად მუშაობას აღარ გააგრძელებს. მისი ინფორმაციით, საგარეჯოს ვიცე მერის თანამდებობას ალექსანდრე გილაშვილი დაიკავებს:
„საგარეჯოს ყოფილი გამგებლის მოადგილეს, გიორგი რევაზიშვილს, ხელშეკრულება აღარ გავუგრძელე. ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, იქნება თუ არა ჩემი მოადგილე დავით ივანიშვილი, რომელიც ყოფილი გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი თანამდებობაზე დავტოვო“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ერთადერთია, რომელიც საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერები მოადგილეებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ახალი მერის არჩევის შემდეგ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდებათ, თუმცა კანონი მერს არ ავალდებულებს, ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
თუმცა…
განსხვავებით კახეთისგან, მაგალითად, დმანისის მერი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა მიიყვანა მერიაში. მერებს თანამშრომლების გასაცნობად პარლამენტის წევრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც მიყვნენ. მაგალითად, ნინოწმინდის ერთადერთ ქალ მერს, ანივარდ მოსოიანს, „მერის სერტიფიკატი“, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციის შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა საზეიმო ვითარებაში, თანამშრომლებთან წარდგენისას გადასცა, არადა, ამავე შეხვედრაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა
ახალციხეში. ახალი მერის წარდგენისას მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კი განაცხადა: „მოვედით, რომ ბატონ ვლადიმერს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამუშაოსთვის და წარვადგინოთ ხალხის მიერ ახლად არჩეული მერი, რომელიც თავის უფლებამოსილებას განახორციელებს. ზაზა მელიქიძეს ხალხის დიდი ნდობა აქვს და ეს მიღებულ ხმათა რაოდენობითაც დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ ხალხის ნდობას ბოლომდე გაამართლებს“.
მერის პირველ სამუშაო დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე არ ჩაუვლია რუსთავში, მარნეულში, თეთრი წყაროში, გარდაბანსა და სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერების ნაწილის წარდგენა გუბერნატორებმა ითავეს. ამ მხრივ განსაკუთრებით სამეგრელოსა და ქვემო ქართლის გუბერნატორებმა იაქტიურეს.
„გასაკვირი იქნებოდა, რომ არ დასწრებოდნენ“, _ ასე აფასებენ ექსპერტები პარლამენტის წევრების მონაწილეობას მერის წარდგენის პროცესში და ფიქრობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტს, არ აღიარებს.
მაჟორიტარების ადგილობრივ საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის საარჩევნო დუელი, სადაც ცალსახად ჩანდა, რომ ქუცნაშვილი პირდაპირ ერეოდა არჩევნებში და მათმა შერკინებამ ქართული პოლიტიკის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ანეკდოტი დატოვა.
ის, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშად ერევიან, არახალია. მაჟორიტარებთან შეუთანხმებლად არ შეირჩევიან მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მათთან შეუთანხმებლად არ ხორციელდება საკადრო გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებში, არ დგება ადგილობრივი ბიუჯეტები, არ ხორციელდება კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. ზოგ შემთხვევებში კი ამ და სხვა, უფრო მსხვილი პროექტების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სწორედ მაჟორიტარებთან დაკავშირებული კომპანიებია.
ეს არის მთელი ჯაჭვი, რომელიც თვითმმართველობებს რეალურ დამოუკიდებლობას უკარგავს, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატებს ადგილებზე რეალურ ძალაუფლებას სძენს. სწორედ ამით იყო გამოწვეული მაჟორიტართა ამბოხიც, როდესაც დღის წესრიგში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი დადგა.
რისი დემონსტრირება მოახდინეს მერების პირველ სამუშაო დღეზე დასწრებით მაჟორიტარებმა? ცხადია, იმის, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას მკაფიოდ აგრძნობინონ, რომ ისინი არიან მუნიციპალიტეტების რეალური მმართველები და თვით პირდაპირი წესით არჩეული მერების უფროსებიც კი.
მართალია, კახეთში არც ერთი მერი დეპუტატს კაბინეტამდე არ მიუცილებია, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტში ცნობილი იყო, რომ „ოცნების“ კანდიდატი იმავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ფავორიტი გახლდათ. მაგალითად, გურჯაანში მუნიციპალურ შენობაში დღემდე საკუთარ ბიუროშიც კი არ მისულა დავით სონღულაშვილი, იმ საბაბით, რომ წინა გამგებელს არ აღიარებდა, თუმცა უკვე ახლად არჩეული ხანდამაშვილი ყველა კადრს სონღულაშვილთან ათანხმებს, შესაბამისად, როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს: „თუ მინდა, სამსახურში დავრჩე, ჯერ სონღულაშვილი უნდა ვნახო და მოვთაფლო. მაგრამ იმედი ახლა უკვე ნაკლებად მაქვს, რადგან მოთაფვლის სეზონმა ჩაიარა და ვერ მივუსწარი“.
ასევეა ახმეტის მუნიციპალიტეტში, _ მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტს ახალი მერი ქაუმაშვილი. მთავარია, რა ან ვინ სურს დეპუტატ გელა სამხარაულს. თუ სამხარაულმა ისურვა ვინმეს დატოვება სამსახურში, მერიც მას დატოვებს და თუ დეპუტატს არ ნებავს, მაშინ ეს არც მერს ნებავს.
თელავის მერს ჯერ არც არავინ დაუნიშნავს და სანამდე საკრებულო საშტატო ნუსხას არ დაუმტკიცებს, მანამდე ვერც შეძლებს ვინმეს დანიშვნას, თუმცა რადგან თვითმმართველობის სტრუქტურა აქ შეიცვალა და ორი მუნიციპალიტეტი შეერწყა, ამ ეტაპზე ყველა თანამშრომელი უკვე განთავისუფლებულია.
დასაწყისში ვეცადეთ თვითმმართველობის ძირითადი არსი გადმოგვეტანა და განგვეხილა, თუმცა დღევანდელი სურათი მხოლოდ ერთ წინადადებას ტოვებს: ფსევდო თვითმმართველობა საქართველოში, გაუმარჯოს პარლამენტის დეპუტატს!
და ბოლოს, თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი თემის თვითმმართველობით, მაშინ გაიხსენეთ, იყავით არჩევნებზე?! ის არჩევანი გააკეთეთ, რომელიც თავად გინდოდათ, თუ 20 ლარად გაყიდეთ თქვენი ხმა 21 ოქტომბერს? მაშინ გახსოვდეთ ჩერჩილის სიტყვები: „ცუდ მთავრობას ირჩევენ ის კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნების დღეს შინ რჩებიან!“ ან, თუნდაც, 20 ლარს იღებენ.

მაკა მოსიაშვილი