„ღამის მსტოვრები” უზენაეს სასამართლოში – კლანური ბმა გრძელდება

14 ნოემბრის გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ღამის მსტოვრები” უზენაეს სასამართლოში“, სადაც სასამართლო სისტემაში არსებული ნეპოტიზმისა და კლანური მმართველობის ფაქტები დასახელდა. მაშინ ვწერდით, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ კენჭისყრით უვადოდ დანიშნული 34 მოსამართლე უკვე შეუდგა საქმიანობას. მათ დანიშვნას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გვენეტაძემ დახურულ კარს მიღმა, 9 ნოემბერს მაინც მოაწერა ხელი, როდესაც მას საბჭოს წევრები „ღამის მსტოვრებივით“ უზენაეს სასამართლოში მოულოდნელად მიადგნენ. გვენეტაძის ანგარიშზე ეს უკვე რიგით მეორე გახმაურებული ფიასკოა და გამარჯვება, ამ ეტაპზეც, კვლავ ლევან მურუსიძის დაჯგუფების ანგარიშზე ჩაიწერა.
სასამართლო სისტემაში გავლენების მოპოვება და ძალაუფლების გადანაწილება ახალაც რომ გრძელდება, უდავოა. ის, რომ თემიდას გარშემო ბოლომდე ამოუხსნელი დაჯგუფებებია, ესეც არაერთი ოფიციალური წყაროდან არის ცნობილი. ქართული მართლმსაჯულება, რომელიც დღეს თვალსახვევის გარეშეა დარჩენილი და ბრმა მხოლოდ მართალ კაცთან არის, ბოლო წლებში სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტიც გახდა.

გაზეთის რედაქციამ კიდევ არაერთ სკანდალურ ამბავზე შეიტყო: „ქრონიკა+“-ს დამატებით სხვა მოსამართლეებზე არსებული ნეპოტიზმის ექსკლუზიური ფაქტები მიაწოდეს.

გიო ნაცაძე