კალაძის სულიკო აქ არის!

„კაროჩე“, ახლა დავწერ და ვისაც ეწყინება, ბროწეულის ცივი ოყნებით დაიმშვიდოს საკუთარი „შინაგანი სამყარო“!
„მე თქვენი ფანტაზიორი დედა მოვ***ან!
ჰესებს რატომ აშენებსო! შე დედამო***ნულო, ვიღაცა ხარ, დენი გინდა სახლში გქონდეს და ჰესი არ გინდა? მაშ, სად ბებიაშენის ნაწ***ლიდან უნდა მიიღო დენი?“

ეს სიტყვები საჯარო სივრცეში თბილისის მერის, კახა კალაძის რჩეულს, სულიკო კედელაშვილს, იგივე ნუგზარ ჭონქაძეს ეკუთვნის. ის კალაძის გუნდის წევრი და ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის ახალი შეფია. კედელაშვილი-ჭონქაძე კალაძემ გასულ კვირას დედაქალაქის მმართველობაში პირადად წარადგინა. მეტიც: კალაძემ სიძულვილის ენის უბადლო „ოსტატს“ კარგი თამადაც უწოდა და იქვე საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ, თურმე, მერიის „დიდი სულიკო“ ჩოხოსანიცაა. ქართული ჩოხის ჩამცმელისა და კალაძისთვის კარგი თამადის, კედელაშვილ-ჭონქაძის ბექგრაუნდი კახას ქება-დიდების ხაზზე გადის. იგი 2011 წლიდან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერია და სწორედ იმ ადამიანთა რიგებს განეკუთვნება, რომლებიც ოპონენტების მიმართ ყველაზე დიდი აგრესიითა და ქსენოფობიურ-ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან. კალაძის სულიკოს არ უყვარს არავინ ბიძინას გარდა და არც იმ ადამიანებს სწყალობს, რომლებიც ქართული „ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები არ არიან. მოკლედ, კახა კალაძემ ეძება და ფაქტია, იპოვა მისი „სულიკო“ და მას დედაქალაქის მთავრობის უსაფრთხოებაც უპრობლემოდ მიაბარა. თუმცა სანამ კალაძის „სულიკოს“ მერია, ჯერ კიდევ, უსაფრთხოდაა, მანამდე რამდენიმე დეტალს სულიკოს შესახებ კიდევ გეტყვით: ალბათ, ისიც გაინტერესებთ, ამ მოქალაქეს რატომ აქვს ორი სახელი და გვარი? ნუგზარ ჭონქაძე მისი ნამდვილი სახელია, ხოლო სულიკო კედელაშვილით ის სოციალურ ქსელ Facebook-ში იყო დარეგისტრირებული. თუმცა მას შემდეგ, რაც კალაძემ ოფიციალურად წარადგინა ჭონქაძე, „სულიკო კედელაშვილის“ სახელით რეგისტრირებული FB-ექაუნთი ჭონქაძემ იმავე დღეს გააუქმა.
ნუგზარ ჭონქაძეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნამუშევარი აქვს კალაძის „პროგრეს ბანკში“, შემდეგ სუს-ში და საფინანსო პოლიციაში. ამ ყველაფრის პარალელურად კალაძის „სულიკო“ მისთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სიარულს ასწრებდა და ყველგან ჩნდებოდა, სადაც „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“ ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხებსა და „ბედუკაძის ცოცხებს“ ესროდნენ.
ხოლო რაც შეეხება ოპონენტთა მოძულე სულიკოს რაიმე სახელმწიფოებრივ წარმატებას, ინტერნეტსივრცეში მისგან ხალხისთვის ნაბოძები გინების გარდა, ოფიციალურ წყაროებში არაფერი მოიპოვება. ასევე არსად მოიპოვება მის მიერ შევსებული „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის“ დეკლარაცია. არადა, როგორც კახა კალაძე ამბობს, ის მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და საფინანსო პოლიციაშიც.
ახლა კი თვალი გადავავლოთ კალაძის „სულიკოს“ მიერ ოფიციალურად დეკლარირებულ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ-ჰომოფობიური პოსტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე მიესეულ ძალადობრივ მოწოდებებს:

2017 წლის 21 აგვისტო.
საინფორმაციო სააგენტო expressinfo.ge, სულიკო კედელაშვილის პოსტ-ინტერვიუ. დასათაურება: „გასკდით გულზე, მოგიტ***ანთ პატრონი!“
ამ ინტერნეტმედიაში გამოქვეყნებული მასალა, ძირითადად, კახი კალაძის აღსაზევებლად მის მაგარ და კარგ კაცობას ეძღვნება, ხოლო დანარჩენ საქართველოს, ვისაც კალაძე არ უყვარს, _ დედის გინება.

2017 წლის 12 ოქტომბერი.
კალაძის „სულიკოსეული“ „გაპრავება“ ბიძინა ივანიშვილისთვის თავისუფლების მოედანზე 1 ლარად მიწის გადაცემის ფაქტზე. სოციალური ქსელი. დასათაურება: „სრული იდიოტების გასაგონად!“

2017 წლის 26 ივლისი.
მერიის სულიკოს პოსტი ინტერნეტში ელგებეტე თემს. აქაც კახას „სულიკო“ განსხვავებული იდენტობის ადამიანებს დასცინის და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.

2017 წლის 19 ივლისი.
დედაქალაქის მერიის უსაფრთხოებაზე მზრუნველი სულიკო სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზეც წერს. კალაძის სულიკო ამბობს, რომ „უცხოელთა მასობრივი ჩამოსახლებები და დამკვიდრება“ აღიზიანებს და ამაში „სერიოზულ საშიშროებას ხედავს“. ჭონქაძე უცხოელ მოქალაქეებსაც არ სწყალობს.

და ეს ყველაფერი არ არის. ნუგზარ ჭონქაძე-სულიკოს ქსენეფობიურ-ჰომოფობიური და სიძულვილის ენით საუბრის ანგარიშზე კიდევ სხვა ბევრი მიუღებელი საჯარო განცხადებაა. თუმცა ამით თავს აღარ შეგაწყენთ. ფაქტი ჯიუტია, მაგრამ კაცთმოძულე სულიკო მაინც კალაძის არჩევანია. მისი დედაქალაქის მთავრობის წარდგინებიდან მოხსნის შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები ფუჭი აღმოჩნდა. კალაძის „სულიკოს“ მერიაში ამიერიდან სწორედ მოსახლეობის გადასახადებიდან აღებული მრავალციფრა ხელფასი ექნება თავისი პრემია-დანამატით და ფულადი ჯილდოთი. ის ახლა უფრო გამაძღარი, ალბათ, საჯარო სივრცეში კვლავ ჩვენს ლანძღვა-გინებას გააგრძელებს. სავარაუდოდ, აწი სხვა სახელი და გვარით და მანამდე თუ ფსევდონიმად „სულიკო კედელაშვილი“ იყო, ახლა გამორიცხული არ არის, კახა სულიკოშვილი გახდეს. თბილისის საკრებულომ სულიკო კედელაშვილის წარდგინებას ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მხარი არ დაუჭირა.
კალაძის „სულიკო“ ღიად იმაზეც ამაყობს, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია ივარაუდება, რომ მას კახეთის მამულებში, თამაზას მარანში მჟავე პომიდორზეც ექნება ნაქეიფარი.