ბოროტების ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ, სადაც შვილები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, უსამართლოდ ისჯებიან

25.05.17
დღეს მთელი დღეა, მძინავს, საღამოს გავიღვიძე 8-ზე, საინფორმაციოს ვუყურე. არაფერი ახალი და საინტერესო. ამასობაში, 26 მაისი მოვიდა. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ქართველებო! ჯერ ბევრი საამაყო არაფერი გვაქვს, მართალია, მაგრამ მალე მოვა ჩვენი შრომით ის დრო, როცა რეალური თავისუფლება და დემოკრატია გვექნება! თბილისის თავზე მოღუშული, მაგრამ მაინც დამოუკიდებლობის დროშა ფრიალებს…
აბსოლუტურად მშვიდი და უემოციო ვარ, არაფერს აღარ ვნერვიულობ, არც არაფერს განვიცდი, აზრი არ აქვს ამ გარემოში ნერვების მოშლას. ველოდები სასამართლოს. ეს ერთი კვირაც გაათრევს თავ-ფეხს და დაიწყება პროცესების აქტიური წყება. ყოველ 5 დღეში იქნებაო და საინტერესო, თუმცა დაძაბული დღეები გველოდება. შევეგუე-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, უბრალოდ, ემოციებს არ ვყვები, გრძნობები გავაჩერე, დავაპაუზე, რასაც დღეს ზიანის მოტანა შეუძლია მხოლოდ აქ. ერთადერთი, ადამიანობა დავინარჩუნე და გავაძლიერე, ამას ვერსად შეველევი! ცოტა გავხდი, ალბათ, 2-3 კილო მოვიკელი, მაგრამ მხნედ ვარ, სულით კიდევ უფრო გავკაჟდი და გავძლიერდი, ფიზიკას თავის ტრავმის მერე კიდევ ერთი დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, მაგრამ 11-წლიანი სპორტული ცხოვრება თავისას იზამს და ამასაც გაუძლებს!!! ფიზიკა, კიდევ, არაფერი, ესეც შეიძლება დადნეს, არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ სულით არასოდეს დავეცემი! სულს ვერ მიიღებთ, ბოროტებო! ვერასოდეს! სული სიკეთეს და უფალს ეკუთვნის!
მთელი ღამე ვფიქრობ ათას რამეზე და კითხვები არ მასვენებს! კაი, ჩამიდეთ, _ ჩამიდეთ! დამიჭირეთ, _ დამიჭირეთ და მერე? რა მოიგეთ? ისმის კითხვა! ჩემი გადმოსახედიდან არც არაფერი და ვერაფერი! აი, საერთოდ ვერაფერი!
1. მე ვერაფერი მომიხერხეთ, არც დაგნებდით, არც იმას დავიბრალებ, რაც არ მქონია!
2. „ქრონიკა+“ „ხოდზეა“, გაათკეცებული და გაძლიერებული მუშაობს!
3. ელისო ვერ შეაშინეთ, ვერც შეირიგეთ, ვერც ბრძოლაზე ააღებინეთ ხელი, პირიქით, მოტივაცია გაუასკეცეთ!
4. ამ შეცდომებში 2 შეცდომა განსაკუთრებით ყვირის და ამას მხოლოდ სულელი იზამდა: ა) ისე უნიჭოდ გააკეთეთ, რომ სისტემის ყველა სიბინძურე და ნაგავი ხალხის დასანახად ზედაპირზე დევს, მკაფიოდ და თან ამას ქართველი ხალხი არასოდეს გაატარებს! ბ) 1000-ობით მომხრე გამიჩინეთ ჩვენი მართალი საქმის. არა, რა, ამას მოხერხება უნდოდა!
აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა დაალაგეთ, თქვენდა საუბედუროდ: თბილისის ნარჩევი გოგო-ბიჭები ასევე ჩემ მხარეს გაერთიანდნენ, ეს დიდი ძალაა, ძალიან დიდი ძალა, თქვენ ვეღარ გააჩერებთ იმ ზვავს, რომელიც თქვენივე უაზრო და უპრინციპო ქმედებებით გამოიწვიეთ და ააგორეთ. ძვირად, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯერ ხალხის მოტყუება, მერე უაზრო ჩაგვრა! ქართველი ერი არც უტვინოა, არც უზნეო! ამ ყველაფერს არ შეეგუება და განკითხვის დღეც ახლოვდება, ეს გარდაუვალია! აი, ერთს კი აქვე საჯაროდ გპირდებით და ეს აუცილებლად ასე მოხდება! ნაძირალებო, თქვენს შვილებს არაფერი ემუქრება, მშვიდად და წყნარად შეეძლებათ ამ ქვეყანაში ცხოვრება! მე ვიქნები მათი დაცვის გარანტი, დიახ, პირად შურისძიებაზე მაღლა ვაპირებ დადგომას! ჩვენ სამართლიანი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ბოროტი ჯაჭვი გავწყვიტოთ, სადაც შვილები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, ისჯებიან უსამართლოდ, გაწყდება და ყველა მშვიდად, სამართლიანად იცხოვრებს. აქვე გპირდებით, რომ ბოლო კაპიკამდე დააბრუნებთ იმას, რაც ქართველ ხალხს მოპარეთ! ვერავინ გიშველით, აი, თქვენი ოჯახები კი მშვიდად იცხოვრებენ და მათ არავინ შეეხება თქვენი ბინძური მოქმედებების გამო!

26 მაისი!
„…აღსრულდა ნება ქართველი ერისა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ (ზვიად გამსახურდია)
გილოცავ, ჩემო ტანჯულო ქვეყანავ, ღმერთმა იმდენი შეგვაძლებინოს, რეალურად და ძლიერად დამოუკიდებლები და თავისუფლები ვიყოთ! დღეს, თავისუფლების ამ მშვენიერ დღეს, ყველაზე მეტად თავისუფლებს, ამავე დროს, 4 კედელშუა გამოკეტილ ბიჭებს მინდა მივულოცო და ფიზიკური თავისუფლება ვუსურვო! გამაგრდით და გამხნევდით, ძმებო, ჩვენი საკნის კარი აუცილებლად გაიღება!!! აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო და სიამაყით მოვიგონო 1000-ობით გმირულად დაღუპული ქართველი! ნათელი და სანთელი თქვენს ხსოვნას, დიადო ქართველებო! მადლიერი ერი არასოდეს დაგივიწყებთ! თქვენ ხომ ყველაზე ძვირფასი, _ სიცოცხლე გაიღეთ ჩვენთვის, მომავალი თაობებისთვის. ვზივარ აქ, 4 კედელში დაკეტილი, დამწყვდეული და მაინც ამაყი და თავისუფალი ვარ, თანაც ბედნიერი იმით, რომ ქართველი ვარ! უმამაცესი და უკეთილშობილესი ერის შვილი! ყველაფერი წინ გვაქვს, ისევ მოვა ჩვენი დრო, მანამდე შრომა, ჭკუა და შენება გვმართებს!

28.05.17
დილის 5 საათია, არ მძინავს, მძიმე 2 დღე მქონდა, მაგრამ გადავლახე, გავიარე, ამიტომ უკვე მოვიდა სიმშვიდე! ის, რის გარეშეც ჯოჯოხეთია აქ ყოფნა! ჩვეულ მხნე კალაპოტს ვუბრუნდები ნელ-ნელა, რთულია? რა თქმა უნდა, რთულია, როცა ტყუილად ზიხარ და ელოდები რას, თავადაც არ იცი ბოლომდე. თავისუფლებას? არა მგონია, რადგან მე აქაც, ამ მინიმალისტურ გარემოშიც თავისუფალი ვარ. სამართალს? ან ამას რა ლოდინი უნდა? ეს ხომ გარდაუვალია! უფლის სამართალს ვერავინ ვერასოდეს ვერ გაექცევა! მხოლოდ იმას ელოდები, რომ ისევ მოგეცემა საშუალება, ხალხში გაერიო და სიკეთე აკეთო! რა ვიცი, ამ წუთას ასე ვფიქრობ და სხვა რა გითხრათ? ეს წუთისოფელი ერთი გამოცდაა, მეტი არაფერი, თავი-ბოლო. მართალია, ბევრი რამ ვნახე, ბევრიც სანახავი მაქვს და ვნახავ, მაგრამ ის, რომ დედამიწაზე ცხოვრება ერთი პატარა ეპიზოდია, ეს ცხადი და მარტივი ხდება ჩემთვის.
ნეტა, როცა ციხის კარი გაიღება, ადრე თუ გვიან, რა ემოცია მექნება? საზოგადოებაში, ოჯახთან დაბრუნება, _ რა თქმა უნდა, ამაღლებული განცდა იქნება! ამის იქით რა? აი, ეს მაინტერესებს ძალიან და იმედია, რამე ახალი და კარგი იქნება! ასე რომ, ვზივარ და ჯერ თავდაც არ ვიცი, რას ველოდები. მიწიერი გადმოსახედიდან რთულია სიცარიელესთან ბრძოლა, ძალიან რთული, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ სიცარიელის შევსებას და მოპოვებას სატანა ცდილობს 1000 ცბიერი ხერხით და ხრიკით. აი, ეს მთავარი ბრძოლა მაქვს მოსაგები უფლის თანადგომით! თორემ მიწიერად როდის გაიღება ურდული, ეს მხოლოდ ერთი პატარა მოქმედებაა, მეტი არაფერი!
ამასობაში ზაფხულის პირველი თვეც დაიწყო, მაგრამ ზაფხულის ამინდი არსად ჩანს, მეტიც, _ საგრძნობლად გრილა, განსაკუთრებით, საღამოობით. ახალი არაფერი ხდება, 2-ში სასამართლოა და როგორც იქნა, განხილვები იწყება. მთელი ბატალიები გველის წინ. კიდევ რა გითხრათ? რაც მთავარია, ნერვები წესრიგში მაქვს და ფორმაში ვხვდები ნერვების რკენას. ხვალ საღამომდე მოთმინებას ვაპირებ. არ მინდა, დავიძინო, პირიქით, სჯობს, დავიღალო და მერე გამოვიძინო, რომ პროცესის დღეს ფორმაში ვიყო და გამოძინებული წავიდე, მოლოდინებს არ ვიქმნი. ფაქტი ისაა, რომ რეპრესიული მანქანა ჩართულია, მოჰყავთ და მოჰყავთ სულ დარჩეული წესიერი ბიჭები. თვალში საცემი ისაა რომ 10-დან 8 წესიერი, გამორჩეული და კარგი თბილისელია, რომელთაც თავის გარშემო სიტყვა ეთქმით და მათ ხალხი უსმენს, უხილავი ხელი აშკარა საბოტაჟს ეწევა და ხალხს ამხედრებს, თან თავისუფლად მოაზროვნე თაობას „კლავს“, ის კი ვერ გაუთვლიათ და ვერც ისტორიის მაგალითებით უსწავლიათ, რომ რეპრესიები ხალხს აძლიერებს და ისეთ ტალღებს წარმოშობს, რომ მერე მისი შეკავება ყოვლად შეუძლებელი ხდება. ძალაუფლების გახანგრძლივების ამ მეთოდს კარგი არც ერთი ხელისუფლებისთვის მოუტანია! არ შეიძლება ამ გზით სიარული და ჩვენი თაობა უარს იტყვის ამ მეთოდებზე! დაველოდოთ დღევანდელი დღის ბოლოს და ვნახოთ, რა სიახლეები იქნება! დილის 6 მიიწურა, უკვე თენდება, ჩიტებმა მოილიეს დილით ალიაქოთი და მიყუჩდნენ. ეს ის დროა, ყველა და ყველაფერი რომ ირინდება სწრაფი და ხმაურიანი დამღლელი დღის წინ.
ამასობაში ფინალები იწყება NBA-ში, პირველი თამაში ოკლენდშია და იმედია, წარმატებით დავიწყებთ სერიას. მალე, ერთ საათში, ალბათ, ანგარიშსაც გავიგებთ, ჩემებს კი მივწერე, _ „სილქნეტს“ მიაწვდინეთ პატიმრების ხმა, რომ მხოლოდ უნივერსალი გვაქვს და იქნებ, გვაყურებინონ-თქო, მაგრამ შედეგი არაა. ფაქტია, ლაივს არ აჩვენებენ, არადა, როგორ ველოდი სეზონის ფინიშს, როგორ მიტყდება და მაკლია, რომ ამ საოცრებას ვერ ვუყურებ და იმ ემოციებს ვერ განვიცდი, რასაც მილიონობით ადამიანი ამ წამს გაგიჟებული ჰყავს. მგონი, დაჭერაზე მეტად ის გამიტყდა, რომ ფინალებს ჩემს ჭკუაზე ვერ ვუყურებ: გავტეხე ღამე, ასე სჯობს, საღამომდე მოვიცდი და საღამოს წავუძინებ. ხვალ პროცესზე მინდა, ძლიერად ვიყო. ახლა მალე „პრაგულკაზე“ ავალ, მერე ძიასთან საუბარში დრო გავა, დღის განმავლობაში შეიძლება ადვოკატებმა შემოირბინონ. დღეს ბანაობის დღეა, მერე კი წავუძინებ და ეგ არის.
ქართული „კულტურა“, წითელი ინტელიგენცია,
მითი და რეალობა,
მოდი, დავიწყოთ ერთი შესანიშნავი მაგალითით, როგორი უნდა იყოს ხელოვანი. ტფილისიდან ტფილისელ მოქალაქეთა რაზმი მოეშურებოდა, ერეკლემ იცნო რაზმის წინამძღოლი დავით მაჩაბელი „წარჩინებული მესაკრავე და მსახიობი მეფისა, მუსიყი და კომედიანტი“, მოდიოდა მაჩაბელი და მოიმღეროდა ამ სიმღერას, შადიანი ერქვა _ მხიარული, დარდიმანდული, ზეაღმტაცი, სალხინო-საქორწინოც და საომარ-ცეცხლოვანიც, მისამღერში საოცრად ისმოდა სახელოვანი სიკვდილისათვის! მაჩაბელი თავისი დასით 300 არაგველის გვერდით დადგა წინა ხაზზე და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დასთან ერთად ბოლომდე ებრძოდა კრწანისში ირანულ ურდოებს!
ყველა ხელოვანი ბრძოლის ველზე დაეცა გმირის სიკვდილით. ეს მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია, კეთილო ადამიანებო. დღევანდელ „პასადობლეებში“ 5 კაცი არ ამოირჩევა, გმირს და ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ, იმ დონეზეა დაცემული „ქართული კულტურა“. რაღა ქართული, ხალხო, როცა ქართული ზნეობრივი, მართლმადიდებლური აღარაფერი იქმნება! ისე გაგვჭედა მონის ფსიქოლოგიამ და უშნო მიმბაძველობამ, რომ მხოლოდ სხვისი ხელის შემყურედ ვიქეცით, „მოყვარე“ მტრის არაფრისმომცემ „ზიზილ-პიპილო“ პლაგიატებად, ანდა რაღა კულტურაა, როცა უკულტურობა, უზნეობა გვიქციეს 1000 რჯულის ნაძირალებმა თანამემამულე რენეგატების ხელით მთავარ „კულტურად“. მაშ, მაჩაბელიც კულტურისთვის თავდადებული მუშაკია და ეს „პასადობლე“ ქისოსნების ხროვაც, რომელიც ყველა დროში ყველა რეჟიმს გუნდრუკს უკმევდა და არ ერიდებოდა არანაირი სისაძაგლისა და უზნეობის, მეტიც _ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფის გამართლებას! ჯერ კიდევ ცარიზმიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მერე ბერიამ მოსპო ქართულად მოაზროვნე ხელოვანები და ბოლოს მივიღეთ სულგაყიდულ „ხელოვანთა“ კასტა, რომელთა ბებია- ბაბუები კომკავშირის ელიტა იყო, მერე „მოქკავშირის“, მერე „ნაცმოძის“, ახლა „ქოცნების“, ხვალ მე რომ მოვიდე, ჩემთანაც ეცდებიან შემოძრომას! ხალხი, ვინც 7 ნოემბერს მიშას ხოტბას ასხამდა, ბადრის სიკვდილს ზეიმობდა და მერე 26 მაისის დარბევის შემდეგ ისევ „ნაცებს“ უმღეროდა, დღეს ბადრის „იმედში“ ზის და იქიდან გვმოძღვრავს, რატომ არ ვატენით და არ ვაფინანსებთ მაგათ „გულავებს“ და უზნეობას. ვის დაკარგვიან, საერთოდ, თავს და „ქოცებს“ შეიძლება ატყუებდნენ, მაგრამ ქართველი ხალხი რეგვენი არ არის და მას ვერასოდეს მოატყუებენ! ამიტომაცაა, ხალხი აღარც კონცერტებზე დადის, აღარც თეატრებში, თქვენ ვერ მომიყვანთ ბოლო 25 წლის განმავლობაში ვერაფერ ღირებულს, რაც დაიწერა და ხალხმა ქართულად მიიღო, დააფასა და გაითავისა. საბჭოთა დროს თუ ხერხდებოდა ტოტალური ცენზურისა და რეპრესიების პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე იდეალისტების ნააზრევის, ასე თუ ისე, გადმოცემა, დღეს ქართული კულტურა, უბრალოდ, დაპაუზებული, გაჩერებულია და როგორც არასდროს, ისე დაჩოქილ-გაბახებული! მეტსაც გეტყვით: 2000-3000 $ ღირს „პასადობლეების“ ყიდვა და ამა თუ იმ ძალის მხარდამჭერად გამოყვანა! თუ სხვა სფეროებში ეს ყველაფერი პრობლემა და კრიმინალია, კულტურაში ეს ყველაფერს სცილდება და ეროვნული ტრაგედიაა! კულტურა ერის იდენტობისა და ეროვნულობის უმნიშვნელოვანესი ძარღვია და მისი დახშობა სასიკვდილო დარტყმას აყენებს ეროვნულ იდეალიზმს. ეს არის მოკლედ ის, რაც მინდოდა მეთქვა ამ სფეროზე, გზადაგზა კიდევ შევეხებით ამ საკითხს, თან აუცილებლად!
სასამართლოც მოვილიეთ, 10-ზე იქ ვიყავი უკვე, 2 საათი მოსაცდელში გავატარე და 12-ისკენ ამიყვანეს. ავედი, ჩემებს მივესალმე, ადვოკატებს, პროკურორებს და მოსამართლეს. პროცესიც დაიწყო. მოსამართლემ, _ დღეს პროკურორებს მოვუსმენთო. სიტყვა დათომ აიღო და ჰოი, საოცრებავ, შესავალი სიტყვა, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს ბრალდების მხარის ეჭვები, მოსაზრებები, თუ რატომ და როგორ ჩაიდინა ამა თუ იმ პირმა დანაშაული, ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ 2 წინადადებაში შემოიფარგლება, _ ბრალდებულ დ.ხ.-ს ბრალი ედება 0.016 გრამი ბუპრენორფინის შეძენა-შენახვაში და „ვსიო“. გუშინვე გზაში 2 ახალგაზრდა ბიჭთან ვიმგზავრე, იმათაც ვკითხე, მერე ძიასაც საკანში და არავის ჰქონია პროცესზე ასე 2-წინადადებიანი მომენტი შესავალ სიტყვაში პროკურორების მხრიდან. მოკლედ, დათოს ამ სიტყვას ვაჟაც დაეთანხმა და დარბაზს გაოცების ტალღამ გადაუარა. მოსამართლემ, _ სულ ეს არისო? _ დიახო, _ უპასუხეს და ჩვენი დროც მოვიდა. სიტყვა ვალერიმ აიღო და ახსნა, რამდენი და როგორი ნორმებია დარღვეული ჩემ მიმართ, ასევე დასცხო მაგრად აპელაციის მოსამართლეს, რომელმაც მაგარი უაზრობები ჩაწერა განჩინებაში! მოკლედ, ამის მერე უკვე ნათიას უნდა აეღო სიტყვა, ნათიამ წინა სხდომაზეც თქვა, რომ პროკურორების სიტყვის შემდეგ გადავდებთო და გადავდებთ კიდეც ახლაო. ეს პროცესი ნამდვილად ისტორიულია. სისტემას, რომელიც უაზროდ ჩაგრავს, აუცილებელია, მის წინააღმდეგ ყველაფერი ფურცელზე მოწესრიგებულად და კანონიერად ეწეროს. საქმე სტრასბურგისთვის ჩვენი მხრიდან იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს, იურიდიულ ნიუანსებს ევროსასამართლო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. მოკლედ, 7-ში ჩვენი შესავალი სიტყვა იქნება, მე საერთოდ არ „მიკაჩავებია“. პროცესი ისეთ დარბაზში იყო, ე. წ. გალიაში ვიჯექი, რაც, ერთი მხრივ, კარგი იყო, ჩემებთან ისე მქონდა კომუნიკაცია, ვერავინ ხელს ვერ მიშლიდა და მშვენივრად ვკონტაქტობდი. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემებს ავუხსენი იქ და მერე ტელეფონითაც, როცა დარეკვის საშუალება მომცეს, რომ ბოროტთან ბნელში წაყოლა არ შეიძლება და პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ! ბიჭები მოვიკითხე, ყველასთან მოკითხვა დავაბარე, _ გოლდები 4-0 მოიგებს-თქო, დავაბარე და მორჩა, ეგ იყო პროცესი. წამომიყვანეს, გზაში 2 ახალგაზრდა ბიჭს შევხვდი და ცოტა კი ვისაუბრეთ, როგორც მოგვიხერხდა (გულს მიკლავს უკვე ის, რომ მაგარი ბიჭები უაზროდ იღუპებიან აქ მოხვედრებით), არც ერთი არც კრიმინალია და არც ბოროტი, ორივენაირ ადამიანს მარტივად ვცნობ! მოკლედ, 2-ზე უკვე 78-ში ვიყავი, ტელეფონების დროც მოვიდა, ჯერ ელისოსთან დავრეკე. მოკლედ მომიყვა გეგმები და ძალიან კარგი ძვრები გველოდება, ყველა კარგად და ჯანმრთელად არის, რაც მთავარია და ყველა „ხოდზეა“! ელისომ მეშვიდედან დამირეკესო და მოგიკითხესო, მაგრად იყოს და მაგის გვერდით ვართ, ჩვენი ძმააო! მეც მოვიკითხე და ყველას მიეხმარე-მეთქი. არ სჭირდებათ ჩემებს მაგის თქმა, სულ გაჭირვებულ ხალხს ვედექით გვერდით და დავუდგებით კიდეც! ნაძირალა ვაიჟურნალისტებს შევუთვალე, კიდევ, _ არამზადებო, პროვოკაციებს თავი დაანებეთ და ჩემზე წერეთ, თავი თუ გაქვთ-მეთქი! მონახეთ 3 ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არასწორად მოვექეცი ვინმეს რამე საკითხში და იმასაც ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია და გაზეთსაც მაგათ ვაჩუქებ-თქო! კიდე რა? უბრალო ადამიანები მეხმიანებიან, გკითხულობენ და ძალიან უყვარხარ ხალხსო! უყვარხარ, როგორც დათო და არა როგორც ელისოს შვილი! მადლობის მეტი რა მეთქმის კარგი და კეთილი ადამიანების მისამართით! მიყვარხართ, კარგო ადამიანებო. ხო, სამშაბათს გაზეთთან ერთად წიგნების მთელი წყება შემომივა! კიდევ ის, რომ მთელი ქუთაისი და თბილისი „ხოდზეა“! როგორც კი ვინმე პროვოკატორი რამე იდიოტობას დაწერს, ეგრევე შეფრინდებიან ჩემი არწივები და არგუმენტირებულად დედის თავს ახურავენ. USA-ში მყოფ ჩემს მეგობრებს შევუთვალე, რომ იქ, ამერიკაში, საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართეთ პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად-თქო! დროზე წავიდნენ და ჩამოვიდნენ ჩემები, რომ დალაგებული იყოს ბევრი რამე! ყველაფერი აქ არ დაიწერება! რაც მთავარია, საქმე დაიძრა და განხილვები დაჩქარდა, 7-ში პროცესია, მერე 9-ში კიდევ და ასე მიყვება დროულად!
ღამის 2 საათია, არ მეძინება, მიიწურა კიდევ ერთი დღე, ძიამ დაიძინა, ირმამ პარასკევს ახალი წიგნები მოგვაწოდა, ჩვენმა ოქროს გოგომ! რაც შეუძლია, გვიმსუბუქებს აქაურობას. ოდესმე, როცა სიმართლეს დავაბრუნებთ ქართულ სამართალთან, სწორედ ირმასნაირი წესიერი, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები დადგებიან ჩვენ გვერდით და ერთად ავაშენებთ ქართულ, წესიერებით აღსავსე სამართალს!
დიდი ხანია, არავინ მომნატრებია. შევეჩვიე, თითქოს, მარტოობას. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. კრიზისის დროს გადაწყობა და „ხოდზე“ მოსვლა ჩემს ძლიერ თვისებად მიმაჩნდა სულ და ახლაც წინა პლანზე კრიზისების მართვის ხელოვნება დგას. ბედნიერი ვარ, უდიდესი გამოცდილება მივიღე აქ, ციხეში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თან მეამაყება ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი გული და არსება სიკეთით და სიყვარულით არის სავსე! აი, ამიტომ ვარ ბედნიერი, უფალო. მადლობა, დიდება შენს მადლს, რომ ამ სიყვარულის ღირსი გამხადე. გოგი ცაბაძის „თბილისოშია“ ერთი ეპიზოდი: ხედავ, რომ მუმლი მუხას ვერ ერევა. მიყვარს ეს სიმღერა, ქართული სულის ზეიმია! …მთავარია, ფიზიკამ გაუძლოს, სული კლდესავით მაგარია!
7-ში პროცესია, საათი აღარ მახსოვს, მგონი, დილით. ამჯერად, ჩვენი შესავალი სიტყვაა. შეიძლება, მეც მოვითხოვო სიტყვა და მოსამართლემდე მივიტანო _ ეს საქმე პოლიტიკურია და რა ასპექტებს უნდა მიაქციოს ყურადღება. ვნახოთ, აბა, ორშაბათს აჩიკო რა ახალ ამბებს შემოიტანს. ცალკე USA-ში გამართული აქცია, რომელსაც კვერნა და ანი მიხედავენ, იმედი მაქვს, თავისას იზამს და მაინც ჩემი სიმდიდრე უბრალო ადამიანების უანგარო სიყვარულია, რომელიც ასე უხვად იფრქვევა ჩემ გარშემო _ აქ თუ გარეთ!

დავით ხარშილაძე