სამთავრობო ცვლილებები თუ შესაკრებთა გადანაცვლება: ივანიშვილი შოკოლადში, პრემიერი და მთავრობა – შარში

შესაკრებები კვლავ გადანაცვლდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჯამი უცვლელი რჩება. მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ამ აქსიომის სიზუსტეში ეჭვი არავის ეპარება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლებას ჰგავს საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადანაცვლება, მთავრობის წევრთა გაცვლა-გამოცვლა და ერთით მეორის ჩანაცვლება. ანუ აქაც შედეგი უცვლელია.

მიზეზი, თუ რატომ არაფერი იცვლება ქვეყანაში მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლით, არის პოლიტიკური ძალაუფლებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის სრულიად არასწორი და სახელმწიფოსთვის საზიანო ურთიერთმიმართება.
მარტივად რომ ვთქვათ, მაღალ თანამდებობაზე ყოფნას, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს. მედლის ერთი მხარე პოლიტიკური ძალაუფლებაა. სწორედ ამ ძალაუფლებას აქვს ის უზარმაზარი მაგნიტი, რომელიც ამდენ ადამიანს იზიდავს. პოლიტიკური ძალაუფლება ნიშნავს კეთების შესაძლებლობას, შენი იდეების განხორციელების შანსს. რაც უფრო დიდია ძალაუფლება, მით უფრო იზრდება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის არეალი. სწორედ ასეთი და ამდენი პლუსის გამო არის პოლიტიკური ძალაუფლება ესოდენ სასურველი და ცხოვრების მთავარი მიზანი ბევრისთვის.
თუმცა ამ მედალს, როგორც ვთქვით, მეორე მხარეც აქვს, ნაკლებად სასურველი, მაგრამ დაბალანსებისთვის აუცილებელი. ესაა პოლიტიკური ძალაუფლების თანმდევი პოლიტიკური პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობა შენს გაკეთებულზე და გაუკეთებელზე. ე. ი. თუ ძალაუფლება სიამოვნებაა, პასუხისმგებლობა ტვირთია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ორი ურთიერთდამაბალანსებელი კომპონენტი თანს სდევს თანამდებობას.
რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოში ეს ბალანსი დარღვეულია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საერთოდ არ არსებობს. ყველაფრის მიზეზი კი ქვეყნაში დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის ფორმაა.
ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას საქართველოში უკვე მეექვსე წელია, ბიძინა ივანიშვილი იღებს. ანუ მის ხელშია კონცენტრირებული სრული პოლიტიკური ძალაუფლება. მისი გადაწყვეტილებით ინიშნება პრემიერ-მინისტრი, მისი სიმპათიის მიხედვით ხდებიან ადამიანები მინისტრები. მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყნის პარლამენტი. ის წყვეტს, თუ რომელი პარტია უნდა შევიდეს და რომელი _ არა საკანონმდებლო ორგანოში. ანუ ყველა საკვანძო გადაწყეტილება ან უშუალოდ მის მიერ, ან მასთან შეთანხმებით მიიღება. აქედან გამომდინარე, არავინ კამათობს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში, სწორედ, ბიძინა ივანიშვილი ფლობს რეალურ და განუზომელ პოლიტიკურ ძალაუფლებას.
პრობლემა ისაა, რომ ძალაუფლების ფლობის პარალელურად, იგი არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ძალაუფლებაზე. ივანიშვილი არ არის თანამდებობის პირი, რომ მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რაც არ უნდა გაფუჭდეს, ივანიშვილი ყოველთვის მშრალად გამოვა, რადგან ოფიციალურად იგი არსად ჩანს. თუ ბიძინა ივანიშვილი, ამ მხრივ, როგორც ამბობენ, შოკოლადშია, პრემიერ-მინისტრი და, მასთან ერთად, მთელი მთავრობა, სერიოზულ შარშია. ანუ მათ აქვთ აკიდებული მთელი პასუხისმგებლობა, ხოლო რეალური ძალაუფლება არ გააჩნიათ. გვყვანან მინისტრები, რომლებიც სრულიად არაუფლებამოსილი პირის ნება-სურვილის უბრალო აღმსრულებლები არიან, მაგრამ თუ ამით რამე გაფუჭდება, პასუხი მათ უნდა აგონ. აი, ამას ჰქვია ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის უკუღმა გადანაწილება. ახლა ხომ გასაგებია, რატომაა მინისტრების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლება, რომლის დროსაც ჯამი, ანუ შედეგი, არ იცვლება.
ამჯერად სამთავრობო ცვლილებები მხოლოდ კონკრეტულ მინისტრებს არ შეხებიათ. ე. წ. ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის პროცესი მთელ რიგ უწყებებს შეეხო და მთავარი აყალმაყალი სწორედ ამან გამოიწვია.
მივყვეთ თანმიმდევრობით: გაუქმდა ევროინტეგრაციის სამინისტრო. მინისტრმა ვიკა დოლიძემ ეს ამბავი უცხოეთში ვიზიტისას გაიგო და რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, მისი პირველი შეფასება იყო. მოკლედ, მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს გაუქმება იყო ჭკვიანური, ბრძნული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. რას არ იკადრებს ზოგიერთი თანამდებობაზე დასარჩენად?! დოლიძემ, როგორც ჩანს, თავისი სამინისტროს გაუქმების შესახებ რომ გაიგო, იქვე შეიტყო, რომ შვეიცარიაში ელჩობას უპირებდნენ. ჰოდა, იფიქრა დოლიძემ, ერთი ამ სამინისტროს მოუკვდა პატრონი, მთავარია, სახლში არ გავხდე წასასვლელიო და ევროინტეგრაციის სამინისტროს გაუქმება უაღრესად ბრძნულ გადაწყვეტილებად შეაფასა. არადა, სამი წლის წინათ ვიკა დოლიძემ კოალიცია „ქართული ოცნება“ მეგობრებთან ერთად ხმაურით დატოვა, არიქა და ვიღუპებით, ქვეყანამ ევროპული კურსიდან გადაუხვიაო, ბიძოსთან ერთად ნავში ყოფნა შეუძლებელი გახდაო.
სულ მალე, წელიწადნახევარში, ივანიშვილზე ნათქვამი ცუდი რაღაცები კი მოინანია, საკუთარ პარტიას ზურგი აქცია და ისევ „ოცნებას“ ჩაეხუტა, მინისტრობის სანაცვლოდ, მაგრამ ეს დასავლური ფასეულობების მიმართ ერთგულება სად გაქრა, გაუგებარია(?). ე. ი. მართალია, როცა ამბობდნენ, ეს ინტეგრაციის სამინისტრო მხოლოდ პიარის დატვირთვას ატარებს და მისი ერთადერთი დანიშნულება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის ხაზგასმაა და მეტი არაფერიო. და თუ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სტაჟიან პროდასავლელ პოლიტიკოს ვიკა დოლიძეს დავუჯერებთ, ამ სამინისტროს არსებობას საერთოდ არ ჰქონია აზრი და დიდი ხნის წინათ ყოფილა გასაუქმებელი. ასეა, ბატონებო, თურმე, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, გაქვს პოლიტიკური ძალაუფლება თუ არ გაქვს, თანამდებობას მაინც ძალიან სცოდნია მიჩვევა. თან ისე ძალიან, რომ სულ ავიწყებს, თურმე, კაცს პროდასავლურობასაც და ევროინტეგრაციასაც.
სამინისტროს გაუქმებით, ბუნებრივია, ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ლარი დაიზოგა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ამბავი, როგორც დიდი ეკონომია, ისე მოგვყიდოს. არადა, თუ ეკონომიაზე და სტრუქტურების ოპტიმიზაციაზეა საუბარი, რატომ არავინ საუბრობს პარლამენტში შესაბამისი კომიტეტის გაუქმებაზე?.. თუ არ გვჭირდება ევროინტეგრაციის სამინისტრო, მაშინ სრულიად გაუგებარია, რად გვინდა პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტი თავისი თავმჯდომარით, მოადგილეებით და აპარატით?..
ამასთანავე, თუ არაფერში გვჭირდება ევროინტეგრაციის სამინისტრო, საერთოდ გაუგებარია, რად გვინდა შერიგების სამინისტრო?.. თქვენ ხომ არ იცით, როდის ბრძანდებოდა ბოლოს მინისტრი ციხელაშვილი ვინმესთან შესარიგებლად?.. არ იცით? არც მე ვიცი… იქნებ, ის მაინც თუ იცის ვინმემ, ოდესმე თუ იყო ვინმესთან შესარიგებლად მისული ქალბატონი მინისტრი? არა, ჰო, არც მე გამიგია რამე მსგავსი. ანუ გვაქვს შერიგების სამინისტრო, გვყავს მინისტრი და მთელი ბიუროკრატიული აპარატი, რომელზედაც წელიწადში რამდენიმე მილიონი იხარჯება და სინამდვილეში რა შერიგება, რის შერიგება?.. ამ სამინისტროს არსებობა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაქტი ფიქსირდება და მინისტრი ციხელაშვილი ამის გამო ტელეკამერების წინ შეშფოთებას გამოხატავს.
უფუნქციობას თავი რომ დავანებოთ, რამდენად ლოგიკური და პოლიტიკურად მიზანშეწონილია, ქვეყანას ჰქონდეს შერიგების სამინისტრო, როცა შერიგებას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება პოლიტიკური ნება და არა _ სამინისტრო. მით უმეტეს მაშინ, როცა შერიგებისთვის საჭირო არც ნება და არც ხედვა ხელისუფლებაში არ არსებობს.
თუ ოპტიმიზაციაზე და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაზეა საუბარი, მაშინ სრულიად გაუგებარია, რატომ ვინახავთ ამდენი წლის განმავლობაში მთელი ერი დევნილთა და განსახლების სამინისტროს?.. ამ უწყებას ერთადერთი ფუნქცია აქვს, _ გასცეს დევნილებზე მათთვის კუთვნილი პენსიები თუ კომპენსაციები და კიდევ აწარმოოს დევნილთა აღწერა და მიანიჭოს მათ შესაბამისი სტატუსი. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ამ საქმეს მთელი სამინისტრო ემსახურებოდეს? ამ ყველაფერს ხომ შესანიშნავად გაართმევს თავს ჯანდაცვისა და სოციალური სამინისტროს ერთი განყოფილება რამდენიმე თანამშრომლით? ეგეც თქვენ კიდევ ერთი გასაუქმებელი სამინისტრო და დაზოგილი მილიონები ბიუჯეტში.
ზუსტად იგივეს აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავშირებით. ამ სამინისტროს ადგილს ყველა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ხედავს, დეპარტამენტის სახით. ესეც კიდევ ერთით ნაკლები სამინისტრო და კიდევ რამდენიმე დაზოგილი მილიონი.
ახლა რაც შეეხება გაერთიანებას, _ ყველაზე გაუგებარი და შინაარსობრივ ლოგიკას მოკლებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება. სანამ სტრუქტურულ შეუთავსებლობაზე ვიტყოდე რამეს, მანამდე არ შემიძლია იმ აბსურდის თეატრს არ შევეხო, რომელიც „მწვანე“ გია გაჩეჩილაძის „განწირულმა სულისკვეთებამ“ გამოიწვია. როგორც გახსოვთ, სამთავრობო ცვლილებების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე „ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ და დაგეგმილ ოპტიმიზაციაზე იმსჯელეს. მოულოდნელად ოფისთან აღშფოთებული და აღელვებული გია გაჩეჩილაძე გამოჩნდა. მიეჭრა გარეთ შეკრებილ ჟურნალისტებს და „მწვავე“ კომენტარები მისცა. გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას და თუ ეს მაინც მოხდებოდა, ის ამ ცვლილებებს ხმას არ მისცემდა. „ოცნებიდან“ წასვლით გაჩეჩილაძეს ამჯერად არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, წინა გამოცდილება გაახსენდა და ბოლო მომენტში თავი შეიკავა. შეგახსენებთ: გაჩეჩილაძე ერთხელ უკვე გამოიქცა „ოცნებიდან“, მის ფურცელზე არსებულ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება რომ არ მისცეს, იმიტომ. შემდეგ კი დიდი ჯაფა და თავზე ნაცრის დაყრა მოუწია, ბიძინას მისთვის ეს აცანცარება რომ ეპატიებინა. მოკლედ, აღშფოთებული გაჩეჩილაძე ოფისში შევიდა და ცოტა ხანში დამშვიდებული გამოვიდა, გამარჯვებული სახით… ინტერვიუში კი ამაყად განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდებაო.
ყველაფერი ეს იმიტომ გავიხსენე, რომ მეორე დღეს, ოპტიმიზაციის შედეგების გამოცხადებისას, გაირკვა, თუ როგორ „გადაარჩინა“ გაჩეჩილაძემ გარემოს დაცვის სამინისტრო. პრემიერმა გამოაცხადა, რომ, თურმე, გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობა უერთდება, მაგრამ, რატომღაც, გაერთიანებული სამინისტროს მინისტრად სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი აირჩიეს და არა აგულაშვილი. ალბათ, ყველასთვის გასაგებია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარჩა ძირითად სამინისტროდ, ხოლო გარემოს დაცვა, პრაქტიკულად, გაუქმდა და დეპარტამენტის სახით შეუერთდა დავითაშვილის უწყებას.
ახლა რაც შეეხება ამ შერწყმის ალოგიკურობას: როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი მთლიანად კერძოა: კერძო ქარხნები, კერძო საწარმოები და კერძო კოოპერატივები შეადგენენ ჩვენს სოფლის მეურნეობას. გავიხსენოთ, რა ფუნქცია აქვს (უფრო ზუსტად, ჰქონდა) გარემოს დაცვის სამინისტროს? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა სწორედ ამ ქარხნებისა და საწარმოების კონტროლი, რომ მათ არ დააბინძურონ გარემო, არ მოწამლონ მდინარეები და არ გაანადგურონ ტყეები. ახლა კი კითხვა, _ როგორ გააკონტროლებს ყოველივე ამას დეპარტამენტად ქცეული გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წიაღიდან?!. პასუხი, _ ვერანაირად, სადაც არ უნდა შევჩურთოთ გარემოს დაცვის სამსახური, სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ენერგეტიკა, თუ ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის გარდაუვლად წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი, რომელშიც დამარცხებული ყოველთვის გარემოს დაცვა გამოვა.
აქვე არ დაგვავიწყდეს გარემოს დაცვის კომიტეტი პარლამენტში. თუ სამინისტრო აღარ გვჭირდება და მას სოფლის მეურნეობას ვუერთებთ, მაშინ რა საჭიროა გარემოს დაცვის კომიტეტი? ამავე ლოგიკით, პარლამენტში არსებობს აგრარული კომიტეტი და მაშინ სწორედ მას უნდა შეუერთდეს საპარლამენტო გარემოს დაცვა. ესეც კიდევ დამატებით დაზოგილი საბიუჯეტო სახსრები.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია ყოვლად გაუგებრად განხორციელდა, ხელისუფლებას მაინც ექნებოდა სალაპარაკო, რომ, აი, როგორ ეკონომიაზე გადავედით და როგორ ვუფრთხილდებით ხალხის ბიუჯეტს, რომ არა სრულიად ახალი და კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის შექმნილი უწყება. საუბარია კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაერთიანებით მიღებულ უწყებაზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრისთვის ახალი თანამდებობა მოეფიქრებინათ, თან ისე, რომ გიორგი მღებრიშვილის თავმოყვარეობა არ შელახულიყო და რომელიმე მინისტრის დაქვემდებარებაში არ აღმოჩენილიყო. ამიტომაც შეიქმნა უწყება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. და ხომ ვერ მეტყვით. რა ჰქვია უწყებას მინისტრთა კაბინეტში, რომელიც უშუალოდ პრემიერს ექვემდებარება?.. დიახ, მას ჰქვია სამინისტრო. დაპიარებული ოპტიმიზაციის პარალელურად ხელისუფლებამ ახალი სამინისტრო შექმნა თავისი მინისტრით და ბიუროკრატიული აპარატით. თუ გავითვალისწინებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მასშტაბურობას და საყიდელ ვერტმფრენებს, აქ ორ-სამმილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსებით საქმე ვერ მოგვარდება. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველა გაუქმებული სამინისტროს ბიუჯეტი სწორედ ამ შეფარული სამინისტროს ანგარიშზე აღმოჩნდეს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დანანებით აღვნიშნოთ, რომ „ოცნებისეული“ უწყებრივი ოპტიმიზაცია ბევრი ვერაფერი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. ვერც საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მხრივ და ვერც სამინისტროების მუშაობის გაუმჯობესების მხრივ.
და მაინც, რა საჭირო იყო ამხელა აყალმაყალის ატეხა, თუ ოპტიმიზაციაც ბოლომდე და ეფექტიანად არ უნდა გაეტარებინათ და საბიუჯეტო თანხებიც ვერ დაეზოგათ?.. ნუთუ, ეს ყველაფერი გაყალბებული არჩევნების გადასაფარად გაკეთდა? ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ „ოცნებისგან“ უკვე რას აღარ ელი კაცი?!.

დემნა ვეშაპიძე