ამირან სალუქვაძე: სპეცსამსახურების სტრუქტურული და პერსონალური აღრევა არ უნდა მოხდეს

საქართველოს მთავრობის ბოლო რეფორმას, სამინისტროების შემცირებასა და მათ სხვა სტრუქტურებში გადანაწლებას ეხმიანება ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე, რომელიც „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე:

_ სტრუქტურულად რამდენად გამართული და სწორი გადაწყვეტილება იყო სამინისტროების გაერთიანება?
_ სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, კარგ ტონად მივიჩნევ სამინისტროების რიცხოვნობის შემცირებას. ბევრი სამინისტრო მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო. ფაქტობრივად, დუბლირება ხდებოდა ერთი და იგივე საკითხების, რაზედაც, ერთი მხრივ, მუშაობდა ევროინტეგრაციის სამინისტრო, მეორე მხრივ, სხვა სტრუქტურები: საგარეო, თავდაცვა და ა. შ. არა მგონია, რომ ამ სამინისტროს არქონის პირობებში ნაკლებ წარმატებულად მოხდებოდა ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია.
კიდევ არის სამინისტროთა შემცირების რესურსი. მაგალითად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, შესაძლოა, გაერთიანდნენ; ასევე ვერ ვხედავ ლტოლვილთა და შერიგების სამინისტროების ცალ-ცალკე არსებობის მიზანშეწონილობას. რეალურად, მუშაობს ლტოლვილთა სამინისტრო. ასობით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა მიიღო ბინები, წყდება სხვა საკითხები. მეორე სამინისტროს რეინტეგრირებული ან შერიგებული 2008 წლიდან დღემდე არ მინახავს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ძირითადად, სახელმწიფო უსაფრთხოების (მანამდე შსს-ს) ანალიტიკური დეპარტამენტი მუშაობს. გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ ეს ორი უწყება ერთ ხელში მოექცევა.
აგვისტოს ომმა დაგვანახა, რომ საგანგებო სიტუაციების კუთხით, რასაც საომარ ვითარებაში სამოქალაქო თავდაცვა ჰქვია, სერიოზული პრობლემები გვქონდა. იმ დროიდან რამდენჯერმე დავწერე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შექმნის აუცილებლობის შესახებ. პრობლემებმა ამ ზაფხულში მასშტაბური ხანძრების დროსაც იჩინა თავი.
საუბარი არაა მხოლოდ სახანძრო ავიაციის არქონაზე. ავიაცია სხვა უწყებებშიც ვერ შევინარჩუნეთ და ამის მიზეზი პროფესიონალიზმის დაუფასებლობაა. ეს ჩვენს სერიოზულ სენად იქცა. პრობლემები აღმოჩნდა სხვა კუთხითაც.
მაგალითად, ჩვენ ვიხილეთ ფაქტი, როცა პრემიერ-მინისტრს უშუალოდ მოუწია ჩარევა და მისი გადაწყვეტილებით სპეციალური ზურგზე მოსაკიდი ტუმბოების სასწრაფოდ შესყიდვა. ამის საჭიროება კი, წესით, არ უნდა ყოფილიყო, რადგან ხანძრების ჩაქრობა ტყეებში, მსგავსი აღჭურვილობების გარეშე, შეუძლებელია. ავიაცია მხოლოდ დამხმარეა ხანძრის ქრობისას. ამას ნებისმიერი ქვეყნის პროფესიონალი მეხანძრე დაგიდასტურებთ.
ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ხანძრები არ ემუქრება. ყოველ წელიწადს მომსწრე ვართ სხვადასხვა გამოწვევის: წყალდიდობები, მეწყრები, დიდთოვლობა და ა. შ. არ შეიძლება, ამ საკითხებს შსს აგვარებდეს. მას მართლწესრიგის დაცვა ევალება და სხვა საკითხების გამო არ უნდა სტკიოდეს თავი. საგანგებო სიტუაციებში უნდა იყოს ასევე 112 და სასწრაფო დახმარებაც. ამ სტრუქტურებს ესაჭიროება ერთიანი სტანდარტებით მომზადება, აღჭურვა და მუდმივი წვრთნები.
რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს, პრემიერთან, როგორც მთავარ აღმასრულებელთან, უნდა ჩამოყალიბდეს უშიშროების საბჭოს მაგვარი სტრუქტურა. ეს აუცილებელია და რაც მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი. გავა წლები და დავინახავთ, რომ აუცილებელი იყო, მაგრამ დრო დაიკარგება. ასევე პრემიერთან უნდა გადავიდეს სამხედრო-ტექნიკური კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი სტრუქტურა უნდა იყოს და არა მისი ქვემდებარე. თავის დროზე, 11 წლის წინათ, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს და სხვა ფუნქციებითაც დაასუსტეს უშიშროების საბჭო, გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სამხედრო ინსპექცია, შეცდომა იყო. ეს სტრუქტურები პრემიერთან აღსადგენია.
ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანებაც სრულიად გამართლებულად მიმაჩნია. ენერგეტიკა ეკონომიკის ნაწილია. ტურიზმის სააგენტოს, როგორც სიპს, გავაუქმებდი და მის ფუნქციებს შევუთავსებდი ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად ათეულობით მილიონის ხარჯვა აღარაა საჭირო. გვიცნობენ. ტურისტებს ვეღარ ავუდივართ. ახლა უმჯობესია, მათი დახვედრისა და მომსახურების ხარისხი გავზარდოთ. საქართველოს ცნობადობის, ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვა კი ყველა უწყებას უნდა დაევალოს, ვისაც უცხოეთთან შეხება აქვს: საგარეო თავისი საელჩოებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზვერვა და სხვ.
როგორც მოქალაქე, არ ვარ კმაყოფილი კულტურის სამინისტროს საქმიანობით. კულტურა ჩემთვის არაა მხოლოდ კულტურაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. ეს უწყება განათლების სამინისტროსთან მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს და ახალგაზრდობის, ასევე საზოგადოების კულტურული დონის ამაღლებაზე ზრუნავდეს, თორემ თეატრები და კინოები შეიძლება სახელმწიფომ ავტომატურად დააფინანსოს და მიხედავენ საკუთარ თავს ზემოდან ჩაურევლად.
ბევრი საუბარია სამთავრობო რეორგანიზაციის ეკონომიკურ სარგებელზე. მე ასე არ შევხედავდი. ჩემთვის მთავრობა, პირველ რიგში, უნდა იყოს ერთიანი, სისტემური, ეფექტიანად მომუშავე ორგანიზმი და მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ ხარჯების ეკონომიაზე.
ჩვენ შესაძლოა, სტრუქტურული ცვლილებებით დავზოგოთ ხარჯები, მაგრამ გაუმართავი სტრუქტურების გამო ასჯერ და ათასჯერ მეტი დანაკარგი მივიღოთ: ვერ შევავსოთ ბიუჯეტი, ვერ განვავითაროთ ეკონომიკა, ვერ უზრუნველვყოთ მართლწესრიგი, თავდაცვისუნარიანობა და სხვ.
მინიმუმ, მივიღეთ ის, რომ შემცირდება 4 მინისტრი მათივე 7-8 მოადგილით, დანარჩენს კი დაითვლიან შერწყმული სამინისტროების ახალი სტრუქტურების, საშტატო განრიგების ჩამოყალიბებისას.
ვინც ფიქრობს, რომ ჯერ საშტატო განრიგები უნდა გეკეთებულიყო და შემდეგ შერწყმულიყო, ან ცრუობს და საზოგადოებას ატყუებს, ან საერთოდ არანაირი გამოცდილება არ გააჩნია ამ კუთხით. ზუსტად ახალმა მინისტრმა უნდა განსაზღვროს, ორი სამინისტროს გაერთიანებისას რა სტრუქტურის საერთო ადმინისტრაცია, ფინანსური თუ ლოჯისტიკური სტრუქტურები დასჭირდება ერთიანი უწყების სამართავად და უზრუნველსაყოფად. გაკეთდება საშტატო განრიგები, გადანაწილდება პერსონალი და შემდეგ დაითვლება ხარჯები.

წესით, შემცირებები გარდაუვალია. მაგალითად, თუ რომელიმე ორ სამინისტროში, საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტებში, ცალ-ცალკე მუშაობდა 30-30 თანამშრომელი, უწყებების გაერთიანებისას შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს იგივე 30 თანამშრომელი, ან ოდნავ გაიზარდოს, დავუშვათ, 40-45 თანამშრომლამდე. შესაბამისად, 15-30 საშტატო ერთეული დაიზოგება.
თუ ხარჯების შემცირება გვსურს, გადახარჯვები სხვა სფეროებში უნდა შევამციროთ. ესაა ყბადაღებული ჯილდოები თუ პრემიები. უნდა დაწესდეს კვარტალური ჯილდოები და ე. წ. მე-13 ხელფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვიურ ანაზღაურებას. ასევე ძალოვან უწყებებში და სპეცსამსახურებში უწყებათა ხელმძღვანელებს უნდა მიეცეთ კონკრეტული ოპერაციების ჩატარებისას, რაც დაკავშირებული იყო სიცოცხლის რისკთან, სხვისი სიცოცხლის გადარჩენასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების განმტკიცებასთან, პერსონალის ადეკვატური ფულადი წახალისების საშუალება.
ასევე უნდა გადაიხედოს სატელეფონო, საწვავით უზრუნველყოფის ხარჯები, დადგინდეს ტრანსპორტის გამოყენების ნორმები (კილომეტრაჟი, მოტოსაათები) და სხვ. ცალკე გამოვყოფდი პროტოკოლურ ხარჯებს. ჩაბრძანდით სხვა ქვეყნებში და ნახეთ, როგორ მოკრძალებულად ხვდებიან სტუმრებს. არაა საჭირო გოჭებით და ხიზილალით გამასპინძლება. ამ ყველაფრის გაკეთება და უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუკი სახელმწიფოებრივი მიდგომა იქნება.
საუბრობენ კარუსელებზე. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული საკადრო დეფიციტი აქვს და ეს აისახება კიდეც საკადრო გადაწყვეტილებებზე. თუმცა გამოჩნდა ახალი სახეც განათლების სამინისტროში, რომელიც არ ტოვებს ცუდ შთაბეჭდილებას, თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ. ვნახოთ, როგორ გაამართლებს.
ჩემი მოკრძალებული ცხოვრებისეული გამოცდილებით სამომავლოდ ასეთ რჩევას გავცემ: განათლების მინისტრად არ ღირს მათემატიკოსის დანიშვნა. ეს ზუსტი მეცნიერებაა, პატივს ვცემ, მაგრამ მინისტრად სხვა სპეციალობის ადამიანს ვისურვებდი: ფილოლოგს, ისტორიკოსს და ა. შ. ვნახოთ, ღმერთმა ქნას, რომ წარმატებული მინისტრი იყოს. მისი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე.
გავრცელდა ინფორმაცია ვეტერანთა დეპარტამენტის ისევ თავდაცვის სამინისტროში გადაცემასთან დაკავშირებით. ვისურვებდი, ეს სტრუქტურა ან დარჩეს ცალკე, ან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცეს.
_ რამდენად მართებულად არის გაერთიანებული გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობასთან, ან საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის რამდენად მიზანშეწონილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლა და სხვისთვის მიერთება?
_ ჩემთვის გარემოში შედის ტყეებიც, მდინარეებიც და სახნავ-სათესი მიწებიც. გამორიცხულია, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ცალკე, გამოყოფილად დაიცვა ეკოლოგია ერთ სფეროში, ან ერთ სივრცეში. ბუნების დაცვას სისტემური მიდგომა სჭირდება. ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. არ ვარ ამ, ისევე როგორც სხვა დარგების სპეციალისტი, რომლებზეც გესაუბრებით მხოლოდ ზოგადად, როგორც მოქალაქე. რა თქმა უნდა, სრულყოფილი, ორი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად ზოგადი მსჯელობის უნარს მაძლევს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომელიმე ვიწრო სპეციალობაში არ შევიჭრა, რადგან ყველა დარგს, ყველა სპეციალობას, ყველა სპეციალისტს პატივს ვცემ. იგივე ეხება თქვენს კითხვას. ჩემთვის ბუნება ერთი ორგანიზმია, რომელსაც თავისი კანონზომიერებები აქვს. დაარღვევ ერთს, ამას მოჰყვება დარღვევათა მთელი ჯაჭვი.
ამიტომ სოფლის მეურნეობა არაა მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი. ესაა დარგი, რომელიც უშუალო შეხებაშია ბუნებასთან, მიწასთან. ამიტომ თუ ამ სივრცეს, _ მიწებს, წყლებს, ჰაერს კოორდინებულად ერთი სტრუქტურა მიხედავს, ვფიქრობ, მხოლოდ მოვიგებთ.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანთა ნებაზე და არა სტრუქტურაზე. შესაძლოა, ყველაზე გამართული სტრუქტურებითაც კი აუნაზღაურებელი ზიანი მივაყენოთ ეკოლოგიას.
ამ გაერთიანებულ სამინისტროს საკმაოდ კარგი სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში, ლევან დავითაშვილი, რომელსაც წლებია, ვიცნობ, _ ჯერ კიდევ, სანამ მთავრობაში მოვიდოდა და მეღვინეობის სფეროში მოღვაწეობდა. ის საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნეა და ვიმედოვნებ, წარმატებით გაართმევს თავს. ერთს ვთხოვდი, რომ ტყეებისა და მდინარეების პრობლემებს პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭოს, რადგან ეს პირდაპირ აისახება სახელმწიფოს მომავალზე, მის უსაფრთხოებაზე (სამხედრო ან სხვა უსაფრთხოებას არ ვგულისხმობ, თუმცა მაგ კუთხითაც აქვს ტყეებს თავისი დატვირთვა). გარკვეული წლების შემდეგ, როცა სოფლის მეურნეობას, ფერმერობას ფეხზე დავაყენებთ, შესაძლოა, სოფლის მეურნეობა, უკაცრავად ტავტოლოგიისთვის, როგორც ეკონომიკის დარგი, ეკონომიკის სამინისტროს გადავცეთ და გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტრო ისევ ცალკე უწყებად დარჩეს.
_ რაც შეეხება სუს-ისა და საგარეო დაზვერვის თემას, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ რეფორმამ აღნიშნული სტრუქტურების გაერთიანებით?
_ ამ ორი უწყების ერთად არსებობას ყოველთვის ჰყავდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. თავის დროზე იყო სადაზვერვო საზოგადოების ჩამოყალიბების იდეა, რაც სტრუქტურულად და საკანონმდებლო დონეზე შეიქმნა. დაზვერვის სამსახურსაც ამიტომ ჩამოშორდა სიტყვა „საგარეო“ და ის უნდა გამხდარიყო წამყვანი უწყება სადაზვერვო საზოგადოებაში. არ იმუშავა ამ იდეამ. წლების განმავლობაში ეს სამსახური სრულიად სამარცხვინო 4-მილიონიან დაფინანსებაზე იყო, რაც კარგად მეტყველებდა, თუ რამდენად პრიორიტეტული იყო ის სახელმწიფოსთვის.
ბოლო წლებში დაზვერვაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა როგორც საკანონმდებლო დონეზე (40-ზე მეტი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი მიიღეს, რამაც უზრუნველყო სამსახურის გამართული საქმიანობისთვის საჭირო იურიდიული ბაზა), ასევე სხვა მიმართულებებითაც, რეკრუტირება იქნება თუ სხვადასხვა სეგმენტის განვითარება.
რა თქმა უნდა, ეს ისეთი სფეროა, როცა წლების მანძილზე ყურადღებას არ აქცევ, ის მყისიერ შედეგს არ გვაძლევს.
ჩვენ საერთოდ არ ვაფასებთ უსაფრთხოების სამსახურებს, ეს იქნება სუს-ში შემავალი სტრუქტურები, თუ საგარეო, უფრო სწორად, დაზვერვის სამსახური. მინუსად ვუთვლით, თუკი რაიმე გარღვევა მოხდა, ხოლო იმას, რომ უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ, ანუ რა საფრთხეების აცილება მოხერხდა, არ მივიჩნევთ კონკრეტული სამსახურების დამსახურებად. ამას მხოლოდ ზოგადად ვამბობ. ეს ყველა ქვეყანაში ასეა.
ძალიან ბევრის აზრით, საგარეო დაზვერვა და შიდა უსაფრთხოების სამსახურები ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ. ეს ასე არაა. ისინი მხოლოდ მონათესავე სპეციალობებია. თუმცა უშიშროებისა (კონტრდაზვერვა) და საგარეო დაზვერვის ოფიცრებს აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგია აქვთ.
უშიშროება, მეტწილად, საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებს. ის ავლენს შიდა მტრებს, მტრის სადაზვერვო ქსელებს, გლეხურად რომ ვთქვათ, მოღალატეებს. ყველა ჩვენგანში მტერსა და მოღალატეს უნდა ეძებდეს;
დაზვერვა კი, მეტწილად, ფარგლებს გარეთ უნდა მოქმედებდეს. ის ფარგლებს გარეთ ჩვენთვის სიკეთის მომტან ხალხს ეძებს. თავის საქმიანობაში მზვერავს შესაძლოა, დამხმარეც არ ჰყავდეს, მას თავი გადადებული უნდა ჰქონდეს. ეს სხვა ფსიქოლოგიაა. ამით არ ვაკნინებ სხვა სპეციალობებს, არც ერთს ვაყენებ ერთმანეთზე ან მაღლა, ან დაბლა, მხოლოდ განსხვავებებზე ვსაუბრობ. ეს კარგად ესმით ორივე უწყებაში მომსახურე სპეციალისტებს. არის კიდევ სხვა ნიუანსებიც. ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებ.
შესაბამისად, მხოლოდ ორი რამ მაფიქრებს ამ კუთხით. პირველი: პრემიერს თუ ადრე ორი ანალიტიკური ჯგუფის ალტერნატივა ჰქონდა, ახლა ექნება ერთ ფილტრში გატარებული ანალიზი და შეფასებები;
და მეორე: არ უნდა მოხდეს ამ სამსახურების სტრუქტურული და პერსონალური აღრევა. რა თქმა უნდა, ერთიან სამსახურს ერთიანი ადმინისტრაცია ეყოლება, მაგრამ შიგნით ყველა მიმართულება, _ უშიშროება, კონტრდაზვერვა და დაზვერვა, _ უნდა დარჩეს სრულიად ავტონომიურ სტრუქტურულ ერთეულად. ოპერაციების განსახორციელებლად მათთვის საჭირო ლოჯისტიკური თუ ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურები ექნებათ.
თუ ყველაფერი სწორად ჩამოყალიბდება, გაერთიანების პრობლემას ვერ ვხედავ. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სტრუქტურები სხვადასხვაგვარადაა ჩამოყალიბებული. მთავარია, არ დაკნინდეს ერთი მეორის ხარჯზე, ან სამსახური არ ცდილობდეს ერთი მიმართულების წარუმატებლობის გადაფარვას მეორე მიმართულების ხარჯზე.
ვერ დამისახელებთ წარმატებულ ქვეყანას, თუ მას არ გააჩნია მძლავრი და ეფექტიანი სპეცსამსახურები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ამიტომ პრემიერს მსურს ვურჩიო, კარგად აწონ-დაწონოს გაერთიანების საკითხი. თუ გაერთიანებისკენ გადაიხრება, აუცილებელია იმ ნიუანსების გათვალისწინება, რაც აღვნიშნე. ეს ორი სამსახური არ უნდა გაერთიანდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით.

ნინო ტაბაღუა