ნიკა რურუა: ხელისუფლებას, გაყალბებასთან ერთად, ამომრჩეველთა პასიურობამაც გაამარჯვებინა

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და ქართული პოლიტიკის ოპოზიციური ფლანგის სამომავლო პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა რურუას ესაუბრა:

_ არჩევნების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა მის გასაანალიზებლად. ობიექტურად ვთქვათ, რამდენად აღმოჩნდა რეალობასთან ის შედეგი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო?
_ შედეგი, ცხადია, არ შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი, როდესაც „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე ხელისუფლებაში რჩება. ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი გამარჯვებაა, _ გამარჯვება იმ სისტემაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია მეთოდურად ჩაანაცვლა სისტემით, რომელსაც თავისუფალი სამყარო „ოლიგარქიად“ მოიხსენიებს. გაყალბებებით, ადმინისტრაციული რესურსების, სუს-ის, გამგეობების, სკოლების, ბაღებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების გამოყენებით „ოცნებამ“ მუნიციპალურ დონეზეც შეინარჩუნა ხელისუფლება, მაგრამ ეს ყველა მიზეზი არაეფექტიანი აღმოჩნდებოდა, ამ არჩევნებზე დიდი მუხტი და ხალხის აქტივობა რომ ყოფილიყო. როგორც ვიცით, ამომრჩევლის 57% არჩვევნებზე საერთოდ არ მოვიდა და ამ დაბალმა აქტივობამ ხელისუფლებას გამარჯვების საშუალება მისცა.
_ ე. ი. ამბობთ, რომ ამ შედეგში ხალხის, ამომრჩევლის ბრალეულობაც არის?
_ ეს შედეგი ხალხის პასიურობის ბრალიცაა და ოპოზიციური ძალებისაც, ვინც ვერ შექმნა შესაბამისი მუხტი საკუთარი მუშაობით და ეს კარგადაა გასაანალიზებელი.
_ ვრცლად ვისაუბროთ მიზეზებზე, _ მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ არჩევნები გაყალბდა, საკმაოდ უსუსური არგუმენტია და პარტიაში არსებული პრობლემების მიჩქმალვას ჰგავს… მით უფრო, რომ წინასწარ საუბრობდით შესახლო გაყალბებაზე.
_ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის მიზეზი მხოლოდ გაყალბება, ცხადია, არ არის. თუმცა ამანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამგვარი დაბალი აქტივობის ფონზე. პრობლემები პარტიაშიცაა, რაზეც ახლა მუშაობა მიმდინარეობს, რომ მისი პოტენციალი მთლიანად რეალიზდეს, ყველა აუცილებელ რეფორმასთან ერთად, რომელიც პარტიის შიგნითაა გასატარებელი.
_ რას გულისხმობთ?
_ აუცილებელია, რომ ნებისმიერი პარტია ადეკვატურად რეაგირებდეს რეალობაზე, რომელიც იცვლება. აქ ე. წ. ადაპტაციის უნარზეა საუბარი, რომელიც, ჯერჯერობით, პრობლემურია. პარტია ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს, ადაპტაციის უნარიანი და მოქნილი იმისთვის, რომ შეცვლილ გარემოზე სწორი რეაგირება მოახდინოს. „ოცნება“ ძალიან არაეფექტიანია საქმის კეთებაში და კარგი მუშაობის შემთხვევაში სულაც არ არის რთული ხელისუფლების დამარცხება ნებისმიერ არჩევნებში, რომელშიც ხალხის დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას.
_ საინტერესოა ის მიზეზები, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ასპექტებს უკავშირდება. ჩვენ, ყველას, გვიყვარს საუბარი სხვათა პასუხისმგებლობაზე. შესაძლოა, ცუდი ანალოგიაა, მაგრამ სპორტში ცალკეული წარუმატებლობის დროს მწვრთნელები პოსტს ტოვებენ. პოლიტიკა უფრო დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს.
_ პოლიტიკა სპორტი არაა და, ამდენად, ეს ანალოგია არაზუსტია. თანაც, ახლა განტევების ვაცების ძიების დრო არ გახლავთ, არამედ საკუთარი გამოუყენებელი რესურსების მოძიებისა და უფრო მოქნილი, უფრო მრავალშრიანი, გუნდური თამაშის წესების შემუშავების აუცილებლობა დადგა. ჩვენ ამას უპირობოდ ვცდით და ვინც განახლებას, გადააზრებას, რეფორმირებას წინ აღუდგება, ბუნებრივია, მოწონებას ვერ დაიმსახურებს _ ვერც პარტიაში და ვერც ჩვენს მხარდამჭერებსა თუ პოტენციურ მოკავშირეებში.
_ რაც ბრძანეთ, ეს, რეალურად, პრობლემების ღიად აღიარების პირველი შემთხვევაა, თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან…
_ ვიმეორებ: პარტია ცოცხალი ორგანიზმია და ის ევოლუციურ ჩიხში რომ არ აღმოჩნდეს, აუცილებელია ადაპტაციის უნარის გამომუშავება და წინსვლა, _ მიუხედავად ყველა სიძნელისა.
_ რამდენად ათვითცნობიერებენ პარტიის ლიდერები საკუთარ პასუხისმგებლობას და რით გამოიხატება ის?
_ ახლა ანალიზის ფაზაში ვიმყოფებით და ყველაფერს დეტალურად ვიხილავთ: ბოლო არჩევნების რეზულტატებსაც, აწმყო მდგომარეობასაც და მომავლის გეგმებსაც, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ. ამ წუთას ნაადრევია და არასწორი შიდა სამზარეულო საკითხების გარეთ გამოტანით სენსაციონალიზმის წახალისება. ახლა შრომის, ფიქრის, მოტივირებისა და ერთიანობის დროა.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ „ოცნების“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება და ენმ-ის მეხუთე მარცხი სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ აპათიას შექმნის მოსახლეობაში?
_ არ ვფიქრობ და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გავიაზრებთ ჩვენი მუშაობის ყველა დეტალსა და პრობლემურ მხარეს, რომელსაც რეფორმირება ესაჭიროება. პოლიტიკური აპათია ისაა, რაც მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ის, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ესაჭიროება, რომ სასათბურე პირობები გაიგრძელოს, რომელშიც ის დღესაა. უამრავი მძიმე პრობლემის მიუხედავად, ხალხი მაინც პასიურია და ერთი დღით ფიქრობს. ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამოცანა და გამოწვევაა, რომ ხალხს ავუხსნათ, _ მათი ბედი მათსავე ხელშია.
_ აქვს კი რესურსი ოპოზიციას პროცესების გასაცოცხლებლად, თუ იმას ელოდება, როდის წამოჰკრავს ქვას ფეხს მმართველი ძალა?
_ აქვს და ამ რესურსების საკუთარ თავში ხელახლა აღმოჩენა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს რესურსი ხალხშია.
_ მთელი გასული პერიოდის განმავლობაში არ არის ერთი პოლიტიკური საკითხიც კი, რომელსაც ოპოზიცია საკუთარ აქტივში ჩაიწერდა. გართულდა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ცხადია, არსებული ტაქტიკით, როგორადაც ოპოზიცია ამ დრომდე მოქმედებდა, მისი მიზნების ხორცშესხმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული პოლიტიკური გონი დაიღალა და დაბერდა? სხვა თუ არაფერი, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკოსები ვერაფერს ახალს ვერ ქმნიან.
_ არ გეთანხმებით, რომ არც ერთი საკითხიც არაა, რაზედაც ოპოზიციამ პრინციპული პოზიცია ვერ დაიკავა, _ თუნდაც, კონსტიტუციის მიღების პროცესი გავიხსენოთ, როდესაც მთელმა დასავლურმა ოპოზიციამ ერთიანი პოზიციის დაფიქსირება შეძლო.
_ ამ პროცესის შედეგი რა იყო? _ ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევა და ისეთი კონსტიტუციის მიღება, როგორიც მას სურდა.
_ ამ წუთას მნიშვნელოვანი არ არის ის, რომ ხელისუფლებამ იძალადა და უმრავლესობის ხელში მყოფი მანდატების რაოდენობით ცუდი და ვეტოდადებული კონსტიტუცია მაინც მიიღო; აქ მთავარია, რომ ოპოზიციამ რთული გზა მთლიანობის შენარჩუნებით გაიარა და საზოგადოებას პრინციპულობის სამაგალითო ფაქტი უჩვენა.
_ ეს რისი მანიშნებელია თქვენთვის, ან, როგორც ბრძანეთ, _ დასავლური ოპოზიციისთვის?
_ ეს მომავალი თანამშრომლობის წინაპირობაა, რაც აუცილებლად შეცვლის ამ უვარგის კონსტიტუციასაც და მის მიმღებებსაც.
_ ხომ არ დადგა დრო, ახალი პოლიტიკური ლიდერებისთვის გაიხსნას ოპოზიციური და, კონკრეტულად, ენმ-ის კარი?
_ აუცილებელია, რომ პარტია კიდევ უფრო გაიხსნას და დაუახლოვდეს ხალხის ყველა ფენას, ვისთანაც პერმანენტული დიალოგი უნდა დაამყაროს. პარტია, რომელიც ხალხსაა მოწყვეტილი, ვერანაირი საქმის გაკეთებას ხალხისთვის ვერ შეძლებს. არადა, ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პარტია სწორედ ამ ერთადერთი მიზნისთვის არსებობს, _ რომ ხალხსა და ქვეყანას რაიმე კარგი, სასარგებლო, გამაძლიერებელი შეუქმნას, გაუკეთოს, ანუ პარტია ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად და არა მიზანი. ზოგჯერ პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში ეს ორი რამ ერთმანეთში ერევათ ხოლმე და პარტია და, ზოგადად, პოლიტიკოსობა ზოგიერთს პირადი დასაქმების, კეთილმოწყობისა და გამდიდრების სამსახურად მიაჩნია. ეს ფატალური შეცდომაა. პოლიტიკოსობა დემოკრატიისთვის მებრძოლ საქართველოში ყველაზე უმადური, რთული, ყველაზე არაეგოისტური საქმიანობაა, რომელშიც ცოდნით, რწმენით, იდეალიზმითა და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ხალხი უნდა ჩაერთოს.

არმაზ მეტრეველი