თეონა ჭალიძე: „ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვემზადებით“

„ტექსტი იყო ასეთი: კალაძის საარჩევნო შტაბიდან გირეკავთ, თქვენ არჩევნებზე არ ყოფილხართ, გთხოვთ, მოხვიდეთ, გელოდებით…“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ერთობა _ ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისმა გუნდმა იდეური მხარდამჭერები შეიძინა. მისივე თქმით, პოლიტიკური პლატფორმა თითოეულ მათგანს კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, რათა საერთო ძალებით დაიწყონ ინტენსიური მუშაობა პარტიის მიერ დამუშავებულ ინოვაციურ პროექტებზე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ადამიანების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ „ერთობა _ ახალი საქართველო“ სწორ გზაზე დგას.
„ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ერთობა _ ახალმა საქართველომ“ ამ არჩევნებზე იდეური მხარდამჭერები შეიძინა. ჩვენ გავხსენით ველი სალაპარაკოდ იმ რეალურ ცვლილებებსა და რეფორმებზე, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს, რათა წარმატების ქართული მოდელი შეიქმნას. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ მოსახლეობას აბსოლუტურად განსხვავებული და ინოვაციური პროგრამა. ჩვენ მიერ გაკეთებული ეს ნაბიჯი შეამცირებს პოპულიზმის წილს მომდევნო არჩევნებში. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ტექნიკური ხმების ნაცვლად ჩვენ იდეებზე გავაკეთეთ აქცენტი და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი შედეგი.
ჩვენ მხარი დაგვიჭირა საშუალო კლასმა, რომელიც არის აზრის შემქმნელი და მთავარი ღერძი ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის. თითოეულ მათგანთან გვინდა გვქონდეს კომუნიკაცია და საერთო ძალებით ინტენსიურად ვიმუშაოთ. ამ ხალხის მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, რის გამოც ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საარჩევნო სისტემას და მიგვაჩნია, რომ მას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. ამის შეთავაზებას „ერთობა _ ახალი საქართველო“ სწრაფად დავიწყებთ იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებს მომზადებულები შევხვდეთ“, _ ამბობს გიორგი ვაშაძე.
ამ დღეებში პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ ინიციატივით სადისკუსიო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში შედგა და მას საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
„ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი. იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას და განვვითარდეთ, გამოსავალი არის, ვიყოთ ინოვაციურები, არასტანდარტულები და დავისახოთ ზე მიზანი. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში. თავად საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა წარმატების ქართული მოდელის შექმნაში. საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა ჩვენი პირველი შეხვედრა. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო იდეა. მთავარია, მოვახდინოთ ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდაცია. ამ ადამიანებთან ერთად შევიმუშავებთ ინოვაციურ პროექტებს. მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა წარმატების ქართული მოდელის შექმნაში“, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სადისკუსიო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გიორგი ვაშაძის ვიდეომიმართვის შემდეგ გაიმართა, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.

„ქრონიკა+“ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს _ თეონა ჭალიძეს ესაუბრება:
_ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით შემიძლია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი გამოვყო: ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმ დარღვევებზე, რითაც ეს კენჭისყრა ჩატარდა. კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს, ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიდან არასოციალურად დაუცველი ადამიანები დააფინანსეს და ა. შ.
ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად ვის აფინანსებდნენ, რადგან ამ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების მოტივით არ გვაწვდიდნენ. მივმართეთ პროკურატურასა და აუდიტს, რომ ეს საკითხი შეესწავლათ. ვიმედოვნებთ, ამ დარღვევებზე რაღაც ღონისძიებებს მაინც გაატარებენ.
ამას გარდა, შემთხვევები გვქონდა, როცა შეხვედრებზე აქტიურად დადიოდნენ მუნიციპალიტეტებისა და გამგეობის თანამშრომლები, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირიბი ჩარევა და ზეგავლენის მოხდენაა.
კერძოდ: მოქალაქეები, რომლებიც უკვე კანდიდატებს ხვდებოდნენ და პრობლემას აფიქსირებდნენ, იქვე გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები დაპირებას გასცემდნენ, რომ ხვალვე მობრძანდით ჩემთან, განცხადებას დაგაწერინებთ და ეს პრობლემა მოგიგვარდებათო. ასეც ხდებოდა.
მართალია, სამუშაო საათების შემდგომ საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ ამ ყველაფერს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა მოსაგვარებელი.
_ რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს?
_ მასობრივი დარღვევები იყო. ყველა უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეგისტრატორების უკან იდგნენ. ისინი სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების რიგით ნომრებს იწერდნენ. შემდგომ სქემას რომ მივყვეთ, იმ ადამიანების რიგით ნომრებს იწერდნენ, რომლებიც უკვე იყვნენ უბანზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს; შემდეგ ეს ნომრები გარეთ მდგომ, ასევე „ოცნების“ კოორდინატორებთან გამოდიოდა, აქ წინასწარ გამზადებულ, სპეციალურ ბაზებში აღნიშნავდნენ და ამით უშუალოდ იმ მოქალაქეების იდენტიფიცირება ხდებოდა, ვინ მივიდა და ვინც ჯერ არ იყო მისული არჩევნებზე.
რასაკვირველია, ვინც არ იყო მისული უბანზე, მათი იდენტიფიცირება ხდებოდა. შემდეგ მათ პერმანენტულად ურეკავდნენ და მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ. ტექსტი ასეთი იყო: კახი კალაძის საარჩევნო შტაბიდან გირეკავთ, თქვენ არჩევნებზე არ ყოფილხართ, გთხოვთ, მოხვდიდეთ, გელოდებით და ა. შ.
ვფიქრობ, რომ ეს უხეში დარღვევაა და ამანაც დიდი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.
რაც შეეხება სხვა უხეშ დარღვევებს, საუბარია ოქმებზე, სადაც მონაცემებს არჩევნების დასრულებისას, ან ორი დღის შემდეგ ცვლიდნენ. კერძოდ, საუბარია შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების ჩასწორებასა და სხვადასხვა სუბიექტისთვის ხმების დაკლებაზე, ამის საფუძველზე ბალანსების შეცვლაზე. არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
მაგალითად, ჩვენ კიდევ ერთხელ გავასაჩივრეთ ისნის ოლქში მომხდარი ფაქტი, სადაც საუბნო კომისიის მდივნის ახსნა-განმარტების საფუძველზე „ახალ საქართველოს“ ხმები ჩამოაკლეს.
ეს ყველაფერი არჩევნების დასრულებიდან ორი დღის შემდგომ მოხდა და მიგვაჩნია, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიაც არასწორად მოიქცა, როდესაც მხოლოდ მდივნის ახსნა-განმარტების საფუძველზე გადაასწორა ციფრები. ჩვენ ვითხოვდით, რომ უბანი გახსნილიყო და ბიულეტენები თავიდან გადაეთვალათ, მხოლოდ ამის შემდეგ დაწერილიყო საბოლოო შედეგები, მაგრამ _ არა. ორივე ინსტანციის სასამართლოში, სამწუხაროდ, წავაგეთ. ეს ნამდვილად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები იყო. ყველა იმ სასამართლოზე, სადაც ოპოზიციური პარტიები ვითხოვდით, რომ ეს საარჩევნო უბნები გახსნილიყო და ხელახლა გადათვლილიყო, არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.
როგორც ჩანს, დავალება ჰქონდათ, რომ არაფრის დიდებით არც ერთი საარჩევნო უბანი არ გახსნილიყო.
_ უშუალოდ თქვენი პარტიის, პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაფიქსირებულ შედეგს როგორ უყურებთ?
_ სამწუხაროდ, რამდენიმე ასეული ხმა დაგვაკლდა იმისთვის, რომ ერთი ადამიანი შეგვეყვანა თბილისის საკრებულოში. ესეც იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არჩევნები არათანაბარ პირობებში ჩატარდა. შედეგები იმ ზეწოლის პირდაპირი გამოხატულებაა, რისი ფაქტებიც არსებობს.
ეს კონკრეტული ფაქტები რომ არა, ჩვენ ბარიერს თავისუფლად გადავლახავდით და იმ ერთ ჩვენს კუთვნილ ადგილს აუცილებლად მივიღებდით.
„ახალმა საქართველომ“ ცალკე პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მიგვაჩნია, რომ ერთი წლის შექმნილი პარტიისთვის ნამდვილად კარგი შედეგი გვქონდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არჩევნები ნაკლები დარღვევებით და თანაბარ პირობებში რომ ჩატარებულიყო, ჩვენი ხმები უფრო მაღალ პროცენტს აჩვენებდა.
_ არჩევნების შედეგების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებასთან რა დამოკიდებულება გაქვთ, რა ინიციატივითაც მთელი ოპოზიციური სპექტრი გამოდის?
_ რასაკვირველია, მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად შედეგიანი იქნება, დრო გვიჩვენებს და ჩვენ ამ შედეგებს დაველოდებით.
_ დღევანდელი გადასახედიდან რატომ ვერ მოახერხა პოლიტიკურმა ოპოზიციამ დედაქალაქის მერობის ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება?
_ როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიაზრეს ის სავალალო შედეგები, რაც ასე ცალ-ცალკე მონაწილეობას მოჰყვებოდა. საერთო კანდიდატზე შეთანხმებაზე ფიქრიც კი არ დაწყებულა. თუმცაღა ჩვენ შევთავაზეთ, რომ პრაიმერის გამოყენებით შეგვერჩია საერთო ოპოზიციური კანდიდატი. სამწუხაროდ, პარტიებს გამბედაობა არ ეყოთ, რომ ამ ნაწილში ჩვენს შეთავაზებას დასთანხმებოდნენ.
_ თქვენმა პარტიამ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა და ახალი ინიციატივები წამოაყენა. მაინც, რას გულისხმობს წარმატების თქვენეული ქართული მოდელი?
_ ეს ყველაფერი ახლა ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ ვხვდებით ამომრჩევლებს, მხარდამჭერებსა და არა მარტო მათ. გვინდა, რომ მათთან კომუნიკაციის შედეგად, სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში სწრაფად განვითარების ჩვენი ხედვები გვქონდეს. ინოვაციები აუცილებელია ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია. ამ საკითხებზე პერმანენტულად ვმუშაობთ.
შესაბამისად, ჩვენი პარტიის კარი ყველასთვის ღიაა. აუცილებელი არაა, ჩვენი პარტიის წევრები გახდნენ, სამოქალაქო პლატფორმა ვართ და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სამუშაო ჯგუფებსა და სამუშაო პროცესში ჩაერთონ. სხვადასხვა მიმართულებით თემატური ჯგუფები შეიქმნა და მათთან ერთად ყოველკვირეული რეჟიმით ვმუშაობთ.
_ სამომავლოდ პარტიას რა კონკრეტული პოლიტიკური გეგმები აქვს?
_ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვემზადებით. ჯერ კანდიდატი არ დაგვისახელებია, მას შიდა პრაიმერით შევარჩევთ. თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ოპოზიციური სპექტრი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, რომ რეალური შედეგის დასადებად გაერთიანება აუცილებელია, შესაძლებელია, უკვე გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატურაზეც შევჯერდეთ. ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკეთესი შედეგის დადება მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების შედეგად არის შესაძლებელი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ერთიანი ძალით რეალური წინააღმდეგობა გავუწიოთ.
ასევე, რასაკვირველია, აქტიურ მონიტორინგს გავაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე და იმ პროექტებზე, რომელსაც მერია, გამგეობები და მუნიციპალიტეტები განახორციელებენ. ამაზე ყოველთვიური ანგარიშები გვექნება, _ თუ რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა და რა შეიძლებოდა იმ ერთი თვის განმავლობაში გაკეთებულიყო, თუკი „ახალი საქართველოს“ გუნდი არჩევნებზე გაიმარჯვებდა.

გელა მამულაშვილი