შრომის ინსპექციის კანონპროექტის ხარვეზები

საქართველოში სამუშაო ადგილზე ბოლო დროს მოხშირებული სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემები ეფექტიანი შრომის ინსპექციის შემოღების აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

EMC-ის მონაცემებით, საქართველოში 2011-16 წლებში, სამუშაოს შესრულების ადგილას, 270 ადამიანი დაიღუპა, 776 კი დაშავდა; მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული; 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი სამუშაოს შესრულების პროცესში დაღუპულთა რაოდენობა 26-ს უტოლდება.
შრომითი უსაფრთხოების ტიპის ინსტიტუტის ქონას საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართის მიხედვით, საქართველომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა ევროპულთან უნდა დააახლოვოს, თუმცა ამისთვის ქვეყანას ვადა აქვს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3-დან 5 წლამდე.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გასულ კვირას დამსაქმებელთა ასოციაციაში კანონპროექტის განხილვა გაიმართა. მათთვის სამი ძირითადი თემა ბოლომდე პასუხგაუცემელია.

თემაზე „ქრონიკა+“-ს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი _ მიხეილ კორძახია ესაუბრა:
_ შრომის ინსპექციის შემოღებით დასაქმებულების სრული უფლებების დაცვა და მათთვის შვების მინიჭების საკითხი სრულ მითს წარმოადგენს. ამ კანონპროექტიდან პრინციპულ საკითხებს გამოვყოფთ, რომელიც, ჯერ კიდევ, გარკვეულწილად, ბუნდოვანია:
1. ამ კანონის გავრცელება, ფაქტობრივად, არა მარტო მძიმე, სახიფათო და საშიშ სამუშაოებზე ხდება, არამედ ყველა სფეროზე. პირველ ვარიანტში კი სხვანაირად იყო ჩაწერილი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვინმეს უნდა, ამ სფეროში მართლაც რეალური შედეგები მიიღოს და თუ სახელმწიფო მართლაც ლობირებს მას, მაშინ იმ სამუშაოების კონტროლი და, მათ შორის, პრევენცია უნდა მოახდინოს, სადაც უბედური შემთხვევების დაშვების ყველაზე მაღალი რისკია. წინასწარ უნდა განვსაზღვროთ გარკვეული ღონისძიებები, რათა ადამიანები, მინიმუმ, არ დაგვიშავდნენ. ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა ისე, რომ ინსპექტორები, რომლებიც მათ ჰყავთ, მოეჭიდონ არა მხოლოდ მძიმე, სახიფათო და საშიშ სამუშაოებს, არამედ ყველაფერს! ამბობენ, რომ უნდათ, ყველაფერი შეამოწმონ და გამართული კოსულტაციების მიუხედავად, გვეუბნებიან, რომ ეს ნაწილი არ შეიცვლება და ამ მიმართულებით ჩვენი მოსაზრებები არ აინტერესებთ;
2. სასამართლოს გვერდზე გაწევა _ საუბრობენ, რომ ინსპექტორები ნებისმიერი საფუძვლით უნდა შევიდნენ ნებისმიერ საწარმოში, იქნება ეს მცირე, დიდი თუ საშუალო, თვით სასამართლოს ნებართვის გარეშეც კი, მაშინ, როდესაც ამ კანონის იდეა თავის დროზეც ის იყო, რომ მაქსიმალურად კონტროლირებადი და შეზღუდვადი ყოფილიყო მაკონტროლებელი ორგანოები ბიზნესში, რათა მათი კორუმპირებულობა აგვეცილებინა. წარსულის თარეშიც, ამ მიმართულებით, მსგავსი შემაკავებელი ბერკეტის არქონით იყო გამოწვეული, რასაც, როგორც ჩანს, კვლავ ეხსნება გზა. არ ვამბობ, რომ დღეს და ხვალ ამას მივიღებთ, მაგრამ ეს არის მესიჯი, ნებისმიერმა ინსპექტორმა შეიძლება თავად გააღოს ნებისმიერი საწარმოს კარი, ამიტომ სასამართლოს გვერდზე გაწევა, მინიმუმ, არასწორია!
3. ზემოთ აღნიშნულზეა მიბმული, როცა ამბობენ, რომ ასეთი შემმოწმებელი უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, სახელმწიფო მოხელე და ისინი არ განიხილავენ სხვა სქემას, მაშინ, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში, რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ბიუჯეტს მაქსიმალურად ზოგავს, მათ შორის, მაკონტროლებელ ორგანოებზე! იმის მაგივრად, რომ რაც შეიძლება პატარა მაკონტროლებელი გყავდეს, ისე, რომ კონტროლის დელეგირება თავად ბაზარს გადასცე, შექმნა მაკონტროლებლები, რომლებიც ბაზრის მოთამაშეები იქნებიან და თავიანთი ხელშეკრულებებით აუდიტს განახორციელებენ და არა კონტროლს, ანუ არასადამსჯელო იქნებიან, არამედ საკონსულტაციო სუბიექტები, ნაცვლად ამისა, სახელმწიფოს თავისი ინპექტორები ძვირი უჯდება. ე. ი. იგი არა მხოლოდ შემქმნელი და გადამხდელი, არამედ მხარჯველიცაა.
ეს არის 3 ძირითადი თემა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ გასამართია, თუმცა სწორედ მათგან გამომდინარეობს დანარჩენი, მაგალითად, სანქციების ნაწილში: დღეს საბოლოო ვერსიაში რაც წერია, რომ შესაძლოა, იგი დიფერენცირებული გახადონ (ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით _ არ უნდა იყოს ერთი და იგივე გადასახადი მცირე და მსხვილი საწარმოსთვის) და ეს მოხდება ე. წ. ბრუნვის მიხედვით, ანუ ინსპექტორმა უნდა განსაზღვროს საწარმოს ბრუნვის მიხედვით, სიტყვაზე, 400-ლარიანი ჯარიმა უნდა დააკისროს მას თუ _ 7000-ლარიანი? რანაირად უნდა დაადასტუროს ინსპექტორმა ეს? ერთადერთი გზაა, რომ საწარმოს ანგარიშგება შეამოწმოს, ანუ აქ არა მარტო შრომის უსაფრთხოებასა და უფლებების ნაწილზე გადიან, არამედ, პარალელურად, საგადასახადო შემოწმებას ატარებენ და უკვე როგორ ჩაატარებს ამას, თან სუბიეტური იქნება ეს შემოწმება თუ ობიექტური _ მეორე საკითხია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
როცა ამბობენ, რომ ინსპექციის ქონა დიდი შვება იქნება დასაქმებულებისთვის, ეს სრული მითია, რადგან დღეს ისედაც გვყავს რამდენიმე ინსპექტორი იმ სფეროებში, სადაც ადამიანები გვეღუპება. დიდი ხანია, იმ სფეროებს მაკონტროლებელი ჰყავს, თუნდაც ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები. ამიტომ საკითხავია, სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ფუნქციებით ერთსა და იმავე ინსპექციას თუ არ შეუძლია უსაფრთხოებისა და მისი მოვალეობის განხორციელება, მეოთხე და მეხუთე ინსპექცია უნდა შევქმნათ?! ეს სრული აბსურდია. მოხელეების რაოდენობის უკიდეგანოდ გაზრდა იდეალურ შედეგამდე არ მიგვიყვანს და ყველაზე მთავარი, როცა ამბობენ, ინსპექტორი მხოლოდ კერძო სექტორს კი არა, საჯარო სექტორსაც შეამოწმებსო, ეს კიდევ მეტი აბსურდია! ვის წარმოუდგენია, რომ იგი მის ზემდგომს შეეწინააღმდეგოს? ის არასდროს დაწერს სახელმწიფო სტრუქტურის გადაცდომაზე.
მიუხედავად შენიშვნებისა, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა, ყოველთვის იყო, თუმცა ერთადერთი, რაც გაითვალისწინეს (ამისთვის 4 სხდომა დაგვჭირდა, რომ ელემენტარული ჭეშმარიტება აღექვათ), ის ჩანაწერი ამოიღეს, სადაც დასაქმებულს მთლიანად ათავისუფლებდნენ პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაშიც, როცა მან იცის, რომ საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობს.
სწორედ ამ იდეებით მოსალოდნელია, რომ ინვესტორები შემცირდეს.

დამსაქმებელთა ასოციაციისგან განსხვავებული შეხედულება აქვს პროფკავშირებს, რომლის გაერთიანების თავმჯდომარე _ ირაკლი პეტრიაშვილი _ „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს, რომ თითოეული წუთი, როცა შრომის ინსპექციის კანონი არ მოქმედებს, მაღალი რისკის შემცველია:
_ იმ დღიდან, რაც შრომის ინსპექცია აღარ არის, არ ყოფილა დრო, როცა ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს საკითხი არ წამოგვეჭრას. შემოგვთავაზეს, რომ კანონმდებლობის შემუშავებაში ჩავრთულიყავით. ის, რაც შევიმუშავეთ და პროფკავშირებს ჰქონდა წარდგენილი, დიდი ნაწილი გაითვალისწინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა კანონმდებლობით ხდება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებზე, ანუ მაღალი რისკის მქონე საწარმოებში ინსპექციის გავრცელება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილად იქნება დაცული ჩვენი მოქალაქეების უფლებები, მით უმეტეს, რომ ჩამონათვალიც არ არსებობს, თუ რომელია ეს მაღალი რისკის მქონე საწარმოები. მაგალითისთვის, მშენებლობა არ გადის ამ ჯგუფში, არადა, ყველაზე მეტად მსგავსი შემთხვევები სწორედ აქ ხდება. ასევე, პრობლემას წარმოადგენს სანქციები, რომელიც ძალიან დაბალია და არ მგონია, ვინმე შეაშინოს. შრომის ინსპექცია ეფექტიანი უნდა იყოს!
მეორეც: ყველა საწარმოს კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ შრომის უფლებებთან დაკავშირებით, საქართველოში, საერთო სასამართლოების გარდა, არ არსებობს სხვა ადგილი და პროფკავშირები ითხოვს, რომ აღნიშნული კანონპროექტი გავრცელდეს შრომით უფლებებთან დაკავშირებითაც. ვთქვათ, ზეგანაკვეთური შრომა, რისთვისაც არ გიხდიან. ბუნებრივია, საჭიროა, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით ინსპექცია უნდა არსებობსდეს და ამ კუთხით პროფკავშირებს სასამართლო პროცესები რაც გვიწევს, 30%-ია მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე და 70% სწორედ შრომით უფლებებს ეხება, რაც შრომის კოდექსით, პროფკავშირების მეშვეობით, მთავრობის პოლიტიკური ნებით, შეიცვლება. ეს მოქალაქეებამდე უნდა დავიდეს, მათზე უნდა აისახოს.
კიდევ ერთი პრობლემაა ცალმხრივობა. ხშირად საუბრობენ, რომ 2006 წლამდე კორუმპირებული უწყება იყო, ამიტომაც გააუქმეს, მაგრამ კორუმპიებული გახლდათ ბევრი სხვა ინსტიტუცია, თუმცა იქ რეფორმის ჩატარებით სიტუაცია გამოსწორდა. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, აქაც გამოსწორდებოდა. თუ მანამდე შრომის ინსპექცია არაქმედითი იყო, ყველაზე მეტად სწორედ პროფკავშირები, ანუ დასაქმებული ადამიანი ზარალდებოდა ამით. უსინდისოდ მიდიოდა გარიგება და ყოველთვის დასაქმებული იყო დამნაშავე, სწორედ აქ ჩნდებოდა ცალმხრივობა. სახელმწიფო _ პროფკავშირები _ დამსაქმებელი, აი, ეს ბოლო ორი ვერასდროს გაურიგდება ერთმანეთს და ამიტომ საზოგადოება ყველაზე კარგ ნაყოფს მიიღებს.
ამ კანონის მიღებასა და ამოქმედებას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, თუმცა მას ამოქმედების ვადა 2019 წლამდე აქვს, მაგრამ ამ დროს კი არ უნდა ველოდებოდეთ, არამედ მის საჭიროებას უნდა ვხედავდეთ და გეუბნებით, რომ თითოეული გადაშორებული დღე გახლავთ უამრავი გამწარებული ოჯახი. გარდაცვალებისა და დაზიანების 1300-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული იმ პერიოდში, როცა შრომის ინპექცია არ იყო.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კვლევა ჩაატარა და არსებული პრაქტიკის მიმოხილვით სწორედ ის მთავარი ხარვეზები გამოყო, რაც კანონპროექტს დღეს აქვს.

ლიკა საჯაია _ ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი:
_ კვლევაში არსებული პრაქტიკის ანალიზიც გვაქვს. სწორედ აქედან გამოვდივართ და ვამბობთ, რომ როცა ის მექანიზმები კარგად არ მოქმედებს, რაც უკვე კანონში დევს, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ თუ წინასწარ ეფექტები კარგად არ გამოვიკვლიეთ, კანონპროექტის რეგულაციის გავლენა ვერ შეფასდება და სასურველ ეფექტს ვერ მივიღებთ. პირველ რიგში, ეს ეხება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განსაზღვრას და სწორედ ესაა მთავარი, რომ ის კრიტერიუმი დადგინეს, თუ რომელი სამუშაო ითვლება ასეთად, დაიწეროს სტანდარტები. საჭიროა, პრინციპების სახელმძღვანელოს სტანდარტების გაწერა.
კანონპროექტის თანახმად, უნდა მოხდეს რეგისტრაცია, თუკი ასეთი საწარმო არსებობს და ფუნქციონირებს, თუმცა აქაც არის გარკვეული პრობლემა, რამდენად ეფექტიანად განხორციელდება შემდეგ ამის მონიტორინგი, ანუ დარეგისტრირდა თუ არა შესაბამისი საწარმო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. კანონი ითვალისწინებს სანქციასაც: თუ არ დარეგისტრირდა და საქმიანობს, 500 ლარით დაჯარიმდება და განმეორებითი შემთხვევისას კი 1000 ლარით, რაც სამართალდარღვევისთვის სანქციის უმაღლეს ზომას წარმოადგენს, თუმცა არარეგისტრირებული საქმიანობის გამოვლენის, ზედამხედველობის მექანიზმების არარსებობისა და ჯარიმის სიმცირის გამოც, ვფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორიც უნდა იყოს და რაც პრობლემის მოგვარებას სჭირდება.
ასევე, ადმინისტრაციული სასჯელების გამოყენების მკაფიო რეგულაციები უნდა არსებობდეს. მაგ.: არის ტერმინები, თუ როგორ გამოიყენება ჯარიმა და საქმიანობის შეჩერებისას თუ არის კრიტიკული შეუსაბამობა ამ საქმიანობის სფეროში, მაგრამ კანონი ბუნდოვანია და თუ მას არ განმარტავენ, ადმინისტრაციულ ორგანოს საკმაოდ ფართო დისკრეცია ექნება სანქციის ფორმის გამოყენებისას.
ეს კანონპროექტი გარკვეულ ფინანსურ ზეგავლენას იწვევს ბიზნესისთვის. იგი უნდა იყოს დათვლილი და ნაფიქრი, თუ რა სახის ეფექტიანობა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგ _ ამით უნდა იყოს გაზომილი დანახარჯები და ეფექტიანობა.
საკითხავია, ხომ არ შეიძლება, სხვა მექანიზმებით მეტ შედეგს მივაღწიოთ?
ფაქტი ერთია, რომ დღეს არსებული რეგულაციის შემდეგ უკეთესად შეიძლება დავიცვათ სიცოცხლე. 2012-დან 2017 წლამდე, დაახლოებით, 200-მდე საქმეა, როცა პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული. ჩვენ ბოლომდე მივყევით ამ საქმეებს. 12 შემთხვევა თავისუფლების აღკვეთით დასრულდა და 26-ში ჯარიმა დაფიქსირდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რაც გვაქვს, ის რეგულაციებიც ამ სახელმწიფოს ფონზე კარგად არ მოქმედებს. სწორედ ამ ფონზე ახალი რეგულაციების შემოღებამ, თუ კარგად არ იქნება მისი ეფექტიანობა გათვლილი, შეიძლება შედეგი არ მოგვცეს და მანკიერი პრაქტიკაც დაამკვიდროს, რადგან ბიზნესისთვისაც ტვირთი გახდეს და ამ მარეგულირებლებით კორუფციისთვის ხელსაყრელი გარემოც მივიღოთ.

კანონპროექტი ერთი მოსმენით უკვე მიიღეს. რა შედეგს გამოიღებს მისი ამოქმედება არსებული სახით, ამ თემასთან დაკავშირებით ყველა სექტორს თავისი მოსაზრება აქვს, _ ზოგიერთი ექსპერტი მას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზედმეტ ტვირთადაც აღიქვამს და კვლავ მის ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს, ამიტომ მთავარია, რომ კანონი მუშაობდეს ხალხისთვის, დასაქმებულებისთვის და მხოლოდ ქაღალდზე არ იყოს გაწერილი.

ნინო ტაბაღუა