1 იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება – დადებითი და უარყოფითი მხარეები

„ტექნიკური ინსპექტირებისგან სწორედ ჰაერის დაბინძურებისა და საგზაო შემთხვევების შემცირებას უნდა ველოდოთ“

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, _ აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა. ამასთან, ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას _ 200 ლარის ოდენობით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტიანი, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან, დღეის მდგომარეობთ, არსებული ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი, მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია.
შესაბამისად, ცვლილებები გამოიწვევს გადასახადის რაოდენობის ზრდას, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ნაცვლად 200 ლარის ოდენობით.
როგორც წინასწარ არის ცნობილი, ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარამდე ეღირება.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე _ დავით მესხიშვილი:
_ გამოცხადებულია, რომ პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საყოველთაოდ დაიწყება, მაგრამ ეს ყველასთვის მაინც არ გამოდის, რამდენადაც ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ამისთვის ეტაპები იქნება გასავლელი. პირველ რიგში შეეხება: სატვირთო ავტომობილებს, სამტონანახევარზე მეტი მასის მქონეებს და ვისაც რვაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. ხალხს რომ მივახვედროთ, აქ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა საუბარი. მათ ისედაც ევალებათ ამის გავლა, მაგრამ ჩვენი ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ შემოწმებას მხოლოდ 14% გადის. ანუ კანონი ფურცელზეა და, ამ ეტაპზე, არ სრულდება. იგეგმება, რომ პირველი იანვრიდან ეს რეალურად შესრულდეს, მეორე საკითხია _ რამდენად მოხდება.
შემდგომში უკვე არის გეგმა, რომ ეს სამთავრობო ავტომობილებს და ასევე კომპანიების ბალანსზე არსებულ ავტომობილებს შეეხება. შესაბამისად, ექვი-რვა თვე ვადა გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი ავტომობილები მოვაწესრიგოთ. ეს ცუდი არ არის და მისასალმებელი ნაბიჯია.
მე პირადად ტექნიკურ ინსპექტირებას ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებით დაბალი სტანდარტით უნდა დაიწყოს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მოდით, ახლა გერმანული სტანდარტი დავნერგოთო, ბუნებრივია, ამას 90% ვერ გაივლის. მაგრამ თუ იმას ვამბობთ, რომ ეს ეტაპობრივად დაინერგოს, ყოველწლიურად რაღაც უფრო გამკაცრდეს და ა. შ., ეს მისაღები პროცესია.
ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, უფრო აქტიური და ინტენსიური კამპანია არის განსახორციელებელი.
_ რა შედეგი ექნება ამ ნაბიჯს, მათ შორის, თბილისის სატრანსპორტო მეურნეობაში?
_ ჯერ ის ვთქვათ, რომ არ ვიცით, დღეს გზებზე რამდენი ავტომობილია. რეგისტრირებული კი არის მილიონ ორასი ათასი, მაგრამ იმის გამო, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის სისტემა არ არსებობს, აქედან რეალურად რამდენია, არ ვიცით. ამიტომ რთულია იმის თქმაც, რამდენი პროცენტი გაივლის და რამდენი _ ვერა.
მაგრამ ვიცით, რომ ავტომობილების 90% 10 წელზე უფრო ასაკოვანია, რაც აპრიორი არ ნიშნავს, რომ ყველა გამოსულია მდგომარეობიდან და ა. შ. საქმე ისეც არ დგას, რომ თუ ძველი ავტომობილი გყავს, შემოწმებას ვერ გაივლი. მაგალითად, ძველ საბჭოთა დროს წარმოებულ ავტომობილებს გამონაბოლქვზე ისეთ სტანდარტს ვერ მოსთხოვ, რასაც იგი ქარხნულად ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, მათ ის სტანდარტი მოეთხოვებათ, რასაც ისინი ქარხნულად უნდა აკმაყოფილებდნენ.
არ მგონია, რომ შემოწმებას რაღაც დიდი ნაწილი ვერ გაივლის. რამდენადაც ჩემთვის ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ცნობილია, დასაწყისისთვის ძალიან რბილი მიდგომა იქნება.
ამის მიზანი კი ორი რამ უნდა იყოს: 1. ეკოლოგიური მდგომარეობა და ჰაერის დაბინძურება, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ. ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში იღუპება და ეს ჩემი სიტყვები არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა ამაზე მიუთითებს. რაღაც პერიოდის შემდგომ ახლა პირველიდან მესამე ადგილზე ჩამოვედით, მაგრამ მძიმე მდგომარეობა ნარჩუნდება და ეს უნდა გამოსწორდეს;
2. უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები და მასში დაშავებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა. სამწუხაროდ, ამის რეალური აღრიცხვა არ არსებობს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სულ ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გასულ წელს ტექნიკურად გაუმართაობის გამო, რაც სინამდვილეს არ ასახავს, რადგან ამ სტატისტიკით კომბინირებული პრობლემა არ დგინდება. ანუ ვიღაც სიჩქარეს კი აჭარბებდა, მაგრამ საგზაო შემთხვევა შეიძლება არ მომხდარიყო, საბურავი გამართული რომ ჰქონოდა, ასევე მუხრუჭი და ა.შ.
ასე რომ, პირდაპირ ვთქვათ, ამ მხრივ შესაბამისი სტატისტიკა არ გვაქვს (არ გვივარგა) და ინფორმაციას ვერ ვფლობთ, თუ რამდენით შეამცირეს შემთხვევები. ჩემი, როგორც ამ დარგში კარგად ჩახედული სპეციალისტის პოზიციაა, რომ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების კატასტროფული რაოდენობა შემცირდეს.
_ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენად აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს?
_ ეს კიდევ ძალიან დიდი პრობლემაა. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღესაც გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, _ უფრო ფორმალურად. ან როგორ გადიან ამ პროცესს, ჩემთვის გაუგებარია, ეს ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხება. გულწრფელად გეუბნებით, ვერ ვხვდები, ყვითელი ავტობუსებიც როგორ დადიან, ან თუ დადიან საერთოდ, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ 14% აკითხავს, ვისაც დღესაც ევალება ამ ტექნიკური შემოწმების გავლა. ან როგორ უნდა გაიარონ? _ დავუშვათ და გამკაცრდა კანონის აღსრულება.
ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. მაშინ თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს (ის ფლობს პარკს) და ეს ავტობუსები იმ დონეზე მოაწესრიგოს, რომ ტექნიკური ინსპექტირების გავლა შეძლონ.
ყვითელი მიკროავტობუსების შემთხვევაში კერძო კომპანიაა მფლობელი და მან უნდა იზრუნოს, რომ სატრანსპორტო საშუალებები მოაწესრიგოს, რათა მათაც შეძლონ შემოწმების გავლა. არ მინდა, რომ კერძო კომპანიაში ეს ტვირთი მძღოლებს დააწვეთ. კერძო კომპანიამ შეიძლება მძღოლებს უთხრას, რომ წადით, მოაწესრიგეთ და როგორც გინდათ, შემოწმება ისე გაიარეთო. ასე, ბუნებრივია, პრობლემები შეიქმნება, რადგან ხარჯი იქნება გასაწევი. ვომეორებ, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი იქნება, _ სამწუხაროდ, მათი უმეტესი ნაწილი ჩემი ინფორმაციითაც, სტანდარტებს ვერ შეესაბამება.
_ ქალაქში გახშირებული საცობების მიზეზებს სად ხედავთ და ამას რა ეშველება?
_ ქალაქის მერი სამი წლისთავს აღნიშნავს, ანგარიშს გვაბარებს და ამბობს, რომ სატრანსპორტო სფეროში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ამის პარალელურად კი ქალაქი თითქმის პარალიზებულია. როგორც კი ოდნავ წვიმა წამოვა, ან ნისლია, მთელი ქალაქი გაჩერებულია. ეს ასევე განსაკუთრებით გაცალმხრივებულ პეკინს ეხება, რომელზეც პოზიცია მქონდა, რომ ამას კვლევის გარეშე ნუ გააკეთებთ-მეთქი; ნაკადები მაინც დავთვალოთ, რომელი ქუჩიდან რამდენი ავტომობილი გამოდის და ა. შ. ეს ამის გარეშე გააკეთეს.
თვითონ პეკინს კიდევ რა უჭირს, ყველა მიმდებარე ქუჩა უარეს დღეშია. ახლა წარმოიდგინეთ, გაცალმხრივებულ ქუჩაზე რომ მივდივართ, სადღაც ხომ უნდა მოვბრუნდეთ? ეს ხომ ძალიან მარტივია და ამას რამე დიდი პროფესორობა არ სჭირდება. იქ, სადაც უნდა მოვბრუნდეთ, ეს ხომ უნდა გავთვალოთ, შეძლებს თუ არა ამ ნაკადების მობრუნებას, როდესაც უკან გზით წამოსვლა გვინდა?
ასე რომ, ეს ყველაფერი არ გათვალეს. ზოგადად, ნარმანიას პერიოდში რა მინუსებიც იყო, ძირითადად, განცხადებები გვესმოდა, მერე ქალაქის მერი ამბობდა, რომ საცობები არის, იყო და იქნებაო. რეალურად კი მას არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს (გარდა საუბრებისა), რომ საცობები განმუხტულიყო. მგონია, რომ მას წარმოდგენილიც არ ჰქონდა, ეს როგორ უნდა განხორციელებულიყო.
რატომ იქმნება ეს საცობები? აქ მთავარი მიზეზი მარტო ავტომობილები არ არის (ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი მიზეზია). თუ მოძრაობა სწორად ორგანიზებულია, ამის დალაგება შეიძლება. მაგალითად, ვისაუბროთ იგივე შეჩერებულ პროექტებზე. რიკინგზის გადატანით, მოგეხსენებათ, კეთდებოდა მაგისტრალი. პროექტი ხუთი წელია, დაკონსერვებულია. ეს გზა, რეალურად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქის გვერდის ავლით ისე აკავშირებდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე შემოსვლა ავტომობილებს აღარ დასჭირდებოდათ. ეს ნაკადები დათვლილია, დაახლოებით, 37% შიდა ტრანზიტული გადაადგილება ამ გზაზე გადავიდოდა. ამით სანაპიროები განიტვირთებოდა, ბუნებრივია, ეს საცობებსაც უშველიდა.
ასევე შეჩერებულია პროექტი ვეფხი და მოყმესთან, სადაც დამატებითი ხიდი უნდა გაკეთებულიყო. უნივერსიტეტის ქუჩაზე ესტაკადით უნდა მომხდარიყო თამარაშვილიდან შესვლა და ბევრი ასეთი პროექტია, რომელიც ქალაქის მერიამ პირდაპირ დააკონსერვა და არც ერთი ეს კონკრეტული პროექტი არ განახორციელა.
ევროპული გამოცდილებიდან საცობებთან მიმართებით ასეთი ხედვაა, რომ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. სხვათა შორის, ქალაქის ახალმა მერმა განცხადება გააკეთა და როგორც მივხვდი, მას უფრო წარმოდგენილი აქვს ეს საკითხი, ვიდრე წინა მერს. ანუ ავტობუსების, შემდგომ უკვე ხაზების (ბასლაინების) მოწყობის გარეშე ჩვენ საცობებთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება.
როდესაც მგზავრი თუ ავტომფლობელი დაინახავს, რომ ის 25 წლის ავტომობილში ზის, რომელსაც სულ შენახვა და, მით უმეტეს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა (ანუ გაცილებით მეტი მოვლა და ხარჯი დასჭირდება) და გაიხედავს გვერდზე, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად გადაადგილდება (უფრო კარგი და კომფორტულია), აი, იქიდან დაიწყება საცობების განტვირთვა. ეს მოდელი თუ არ შევქმენით, რადიკალურად არ გვეშველება.
დღეს მეტროც არ არის პრესტიჟული ტრანსპორტი. ევროპაში ვიცით, რომ მეტრო პრესტიჟული ტრანსპორტია. იქ ჩადის პროფესორი, ბიზნესმენი, სპორტსმენი, სტუდენტი და ნებისმიერი მოქალაქე. მაპატიეთ, მაგრამ ჟარგონზე რომ ვთქვათ, იქ მეტროთი მგზავრობა არ „ტეხავს“. მაგრამ ჩვენთან უკანასკნელ ტრანსპორტად ითვლება, _ კაი, ხო, მეტროთი წავალო, _ ასეთი დამოკიდებულებაა. არადა, მეტრო ყველაზე კარგი და სწორი ტრანსპორტია.
მერის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორი სადგური აღვადგინეთ და გაიხსნაო (გულწრფელად ვამბობ, რომ მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ ძალიან მაგარია), მაგრამ, მაგალითად, მეტროს ესკალატორები შესაცვლელია, მწყობრიდან გამოსულია, 50-წლიანი ვადა აქვთ გასული. წარმოიდგინეთ, ეს ესკალატორები 50-55 წლის წინათ დამონტაჟდა, ბევრგან წყალი ჩამოდის და ა. შ.
ბევრი შავი სამუშაოა გასაკეთებელი, ვაგონების შემადგენლობა დასამატებელია. იმის თქმა მსურს, რომ თუ ჩვენ რეალურად საცობების განტვირთვა გვინდა, პირველ რიგში, მეტრო საკმარისი უნდა იყოს, სამგზავრო ადგილები მოწესრიგებული და უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს, რითაც მგზავრობა წახალისდება. ამას გამართული ავტობუსები უნდა დაერთოს თან.
ძალიან კარგი იქნება, თუ ნათქვამი განხორციელდა. რამდენადაც ვიცი, ახალი მერის პირობებში 700 ავტობუსზეა საუბარი. ბუნებრივია, ამას მხოლოდ მივესალმები.
კიდევ ერთი ფაქტორი: როდესაც ავტობუსების ხაზები შეიქმნება, მასში არც მიკროავტობუსები უნდა გადავიდნენ. ეს პრინციპული საკითხია. ამის შემდეგ მაინც ვამბობ, რომ საზოგადოებრივი ტანსპორტი მთავარი ამოსავალი წერტილია.
ასევე პარკირება უნდა მოწესრიგდეს, ესეც საცობების საკითხს უკავშირდება.
_ სწორედ ამაზე უნდა გკითხოთ: ახალმა მერმა მერამდენეჯერ „სითი პარკს“ თითი დაუქნია, რასაც საპასუხო თავის მართლება მოყვა…
_ პირდაპირ ვთქვათ, რომ „სითი პარკი“ მარტო პარკირების პრობლემა აღარ არის, ეს უკვე პოლიტიკური თემაა. ქვეყანაში პოლიტიკოსი აღარ დარჩენილა, რომ კომპანიაზე კომენტარი არ გაეკეთებინოს, ეს სატრანსპორტო პოლემიკას დიდი ხანია, გასცდა. ახლა ერთი საკითხია, თვითონ „სითი პარკი“ როგორ იქცევა. ჩემი აზრით, მისი საქციელი გამაღიზიანებელია და როდესაც ეს კომპანია ნამდვილად მართალი იყო, მითქვამს, რომ ის მართალია და არაპოპულარული განცხადებაც გამიკეთებია.
მაგრამ რატომ იქცევა გამაღიზიანებლად? ეს კომპანია დაინტერესებული არ არის დამატებითი ადგილების შექმნით. აი, ასეთი უშნო მოდელია და გეტყვით, რატომ: ნახეთ, დღეს ცოტა გაიზარდა და, დაახლოებით, 34 ათასამდე პარკირების ადგილია. თუ ეს 34 ათასი ადგილი 60 ათასი გახდება, ამით „სითი პარკის“ შემოსავალი არ იმატებს, რადგან ადგილი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც 25-50 ლარს ვიხდით. ანუ ჩვენი გადასახადი ადგილების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. პირიქით, რაც უფრო მეტი ადგილი იქნება, „სითი პარკს“ ნაკლები ხალხის დაჯარიმება მოუწევს და მისი ბიუჯეტი ნაკლებად შეივსება. ანუ ეს ძალიან უშნო და უკუღმა მოდელია და თვითონ კოპანია დამატებით პარკირებაზე არასოდეს იზრუნებს, რადგან ადგილების მატება მის ინტერესებში არ შედის. ამით მისი შემოსავალი არ იზრდება, იკლებს. ასე რომ, თვითონ მოდელია მახინჯი.
რაც შეეხება მერის განცხადებას, ალბათ, გახსოვთ, წინა მერის შემთხვევაშიც, ნარმანიას პირველი განცხადებები ასეთივე შინაარსის იყო და ეს ამბავი, ცოტა არ იყოს, მეორდება. პირდაპირი თავდასხმა იყო, რომ აი, „სითი პარკს“ გავაძევებთ და ა. შ. ქალაქის მაშინდელი მერი იურიდიულად ძალიან მოუმზადებელი იყო, კომპანიას პირდაპირ დაეტაკა, ყველა თანამშრომლობის გზა გადაჭრა და ამით ჩვენ, მძღოლები დავზარალდით. ისინი ამ კონფლიქტით ჩიხში შევიდნენ და რეალურად არაფერი შეიცვალა. სამი წელი „სითი პარკმა“ თავისთვის გააგრძელა ცხოვრება და მერიამ _ თავისთვის. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ნარმანია კომპანიას უაზროდ, მოუმზადებლად დაეტაკა.
რაც შეეხება ახალი მერის პოზიციას, არ ვიცი, ის რა იურიდიულ საფუძველს ეყრდნობა. მესმის, რომ ეს პოლიტიკოსისთვის ჩვეულებრივი, კარგი თემაა, რაც ხალხს გულს უხარებს, მაგრამ რა იურიდიულ ბერკეტებს გამოიყენებს, ჩემთვის რთულად განსაჭვრეტია. „სითი პარკი“ თავის ვალდებულებას ასრულებს (ვიცი მათი პოზიცია) და რატომ? რეალურად, კომპანიას არავითარი ვალდებულება არ აქვს იმის გარდა, რომ მოხაზვას აკეთებს. ქუჩის ჩიხებშიც კი უკვე აჯარიმებენ და, სხვათა შორის, იქ დგომა-გაჩერების საგზაო ნიშნებს მერია აყენებს. ამიტომ იქ, პირველ რიგში, მერიის გამო ვჯარიმდებით და არა _ „სითი პარკის“, რადგან ამა თუ იმ ადგილზე ეს საგზაო ნიშანი მერიას მიაქვს.
მოკლედ, მთელი ეს მოდელი დაჯარიმებაზეა მორგებული.
„სითი პარკი“ რომ დაადანაშაულო, ვალდებულებას არ ასრულებო, რთული იქნება, რადგან ვიმეორებ: რეალურად არაფერი აკისრია. ანუ კალაძე „სითი პარკს“ შარს რაში მოსდებს, ეს ჩემთვის ცოტა რთულად წარმოსადგენია.
ერთადერთი ვარიანტი ეს 25 მილიონი ლარი რჩება, ანუ ხელშეკრულების გაწყვეტა-არგაწყვეტა, რაზეც ყველა საუბრობს. თუ ქალაქის მერი შეტევისთვის მზად არ რის, შეიძლება იგივე შეცდომა დაუშვას, რაც, თავის დროზე, ნარმანიამ დაუშვა, როდესაც დაეტაკა და საბოლოოდ ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. პირიქით, ისევ მძღოლების ცხოვრება გართულდა.

გელა მამულაშვილი