ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტბელადები კლავენ, ანუ დამარცხდი? – წადი!..

ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის ხარისხზე, მათ მიერ ამ პასუხისმგებლობის გააზრებასა და შესაბამის ქმედებებზე, ანუ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობის თემაზე დავიწყებთ საუბარს, კიდევ ერთხელ სწორად გავიაზროთ თავად სიტყვა _ პასუხისმგებლობა.

პასუხისმგებლობა _ ეს არის ურთიერთობა ადამიანის (ადამიანების, ინსტიტუტების) ქმედებებს, ასევე განზრახულობებს შორის და ამ ქმედებების (განზრახულობების) შეფასება სხვა ადამიანებისა და საზოგადოების მიერ. ადამიანის, როგორც ინტელექტუალური არსების გონებრივი და ფიზიკური მზადყოფნა ქმედებების რეალიზების, ან შუსრულებლობისთვის სათანადოდ ადეკვატური ქმედებების განსახორციელებლად.
მრავალ ევროპულ ენაში „პასუხისმგებლობა“ უკავშირდება ლათინურ ზმნას „რესპონდერე“, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „პირობას“, ხოლო ფართო გაგებით _ „პასუხს“ (პასუხის გაცემა) ჩადენილი ქმედების გამო.
ალბათ, არც იყო საჭირო ამდენი განმარტება. შეგვეძლო, უბრალოდაც გვეთქვა, რომ უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე, იმ სიტყვასა და საქმეზე ქმედებით გაეცი პასუხი, _ ანუ პასუხი აგე.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი არასოდეს ბრწყინავდა დიდი ორატორებითა და განსაკუთრებულად ნიჭიერი, პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანებით, არც ქართული საზოგადოება იყო არასოდეს მოწოდების სიმაღლეზე, რათა უკეთესის სურვილი გასჩენოდა და საკუთარი და ქვეყნის ბედი ბევრად განათლებული და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებისთვის მიენდო.
თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში თითქმის არ მოიძებნება ფაქტი, როდესაც შეგვიძლია აპელირება მოვახდინოთ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობის მაგალითზე, გარდა ერთი შემთხვევისა _ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თანამდებობიდან გადადგა. სხვა ანალოგიური სახის პასუხისმგებლიანი აქტი ქართულ პოლიტიკაში არათუ პრეზიდენტების, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ძნელი მოსაძებნია. თუმცა, სამართლიანობისთვის, შესაძლოა, ამავე კონტექსტში განვიხილოთ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ირინა სარიშვილის მიერ ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადადგომაც.
რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების უმწიფრობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე პოლიტიკურ ავანტიურისტებზე, რომლებიც ბოლო ორ ათეულ წელიწადზე მეტია, ქართული პოლიტიკის ბედს განკარგავენ.
აღნიშნულ საკითხზე დაფიქრება და მსჯელობა განსაკუთრებით ახლა, არჩევნების შემდეგ, არის უმნიშვნელოვანესი.
მსჯელობა დავიწყოთ ფაქტებით: „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო არჩევნები. ოპონენტები შემომეპასუხებიან, რომ გააყალბა, რასაც იმ პირობით დავეთანხმები, რომ ეს სურათს არ ცვლის, რადგან ვერანაირი გაყალბება ვერ სცდება საერთო შედეგის 5-დან 10%-ს. ამ პირობებში მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენით მეტი ადამიანი ეყოლებათ საკრებულოებში, ფაქტი ფაქტად რჩება _ უმრავლესობა მმართველ სახელისუფლებო ძალას წარმოადგენს.
ახლა ცოტა უკან გავიწიოთ _ „ნაციონალური მოძრაობის“ მმრთველობის პერიოდშიც გამარჯვებული მუდამ სახელისუფლებო პარტია იყო და სხვადასხვა დონის წარმომადგენლობით ორგანოებში ცალკეული პარტიების გაელვებაც ვერ ცვლიდა საერთო სურათს. ასე იყო „მოქალაქეთა კავშირის“ ზეობის პერიოდშიც.
ამ საერთო სურათში ჩვენ ვალდებულნი ვართ, დეტალებს დავაკვირდეთ. რა ხდებოდა და ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? _ 1995 წლიდან დღემდე, მხოლოდ, 2012 წელს გაიმარჯვა არჩევნებში ოპოზიციამ. ერთი გამონაკლისიც _ 2002 წელს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა, თუმცა თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ლეიბორისტებმა მოიპოვეს. ალბათ, გახსოვთ, მაშინ შალვა ნათელაშვილმა, ფაქტობრივად, გაშლილი სუფრა დაუთმო მიხეილ სააკაშვილს.
ნურავინ იტყვის, რომ 2003 წელს ტოტალურ გაყალბებაზე იყო საუბარი. ოპოზიცია მაშინ ციფრების ჩასწორებას ითხოვდა და შევარდნაძის ხელისუფლება ამას რომ დასთანხმებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ 2-3 მანდატს დაიმატებდა, ხოლო ჟვანია-ბურჯანაძის ბლოკი, მაქსიმუმ, 5-7 ადამიანით მოხვდებოდა პარლამენტში.
1995 წლის შემდეგ ქართული პოლიტიკის რაობა არ იცვლება და არ იცვლებიან პოლიტიკოსები. ჩვენ გვყავს ოპოზიციური ლიდერები, რომლებისთვისაც ოპოზიციაში ყოფნა ხელობად იქცა და ამ ნიშაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს.
და სწორედ ამ პრიზმაშია საინტერესო პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. სწორედ ოპოზიციურ ლიდერთა პასუხისმგებლობა, ან, უფრო სწორად თუ ვიტყვით, უპასუხისმგებლობა არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
ახლა თემიდან ოდნავ გადავუხვიოთ და იმაზეც გავამახვილით ყურადღება, რომ ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა არა მხოლოდ პოლიტიკურ ანალიზსა და პრაგმატიზმში მოიკოჭლებს, არამედ ისინი ძალიან სუსტები არიან პოლიტიკურ ლოგიკაში, საერთოდ შორს დგანან ორატორული ხელოვნებისგან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცუდი დემაგოგებიც არიან. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ასატანიც ყოფილიყო, რომ არა ერთი ასევე უმნიშვნელოვანესი გარემოება _ ქართული საზოგადოება, მეტწილად, ეპუება ამ ვითარებას და სწორედ ეს განაპირობებს ამ ქვეყნის მოჯადოებულ წრეზე სიარულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ მოგვიწევდა ათეულობით წელიწადი ერთი და იგივე წარუმატებელი პოლიტიკური სახეების ცქერა ქართულ პოლიტიკაში, რომლებიც პოლიტიკას აფუჭებენ და ქვეყანას აზიანებენ.
პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, ამჯერად, კრიტიკის მიღმა ვტოვებ ყველა მმართველ პარტიას, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მართავდა ქვეყანას. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება იმდენად ძალადობს ხალხსა და პოლიტიკურ პროცესებზე, რამდენადაც ამის უფლებას მას ოპოზიცია და ამომრჩეველი აძლევს.
დამოუკიდებლობის პერიოდშივე, უფრო სწორად, 1995 წლის შემდგომ, ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა თუ არჩევნები, როდესაც ხელისუფლებას მოკავშირედ არ ჰყოლოდა ესა თუ ის ოპოზიციური ძალა: „მოქკავშირისთვის“ ასეთი ძალა იყო ედპ და „აღორძინება“; „ნაციონალური მოძრაობისთვის“ _ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია პარლამენტში და უამრავი სატელიტი _ პარლამენტს გარეთ; „ოცნებისთვის“ _ „პატრიოტთა ალიანსი“, რომლის ლიდერებმა, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ უპირისპირდებიან მმართველ პარტიას, ცხადია, რომ მათი დაპირისპირება პერსონიფიცირებული უფროა…

ახლა ისევ პასუხისმგებლობის საკითხს დავუბრუნდეთ და რამდენიმე ლეგიტიმური და პრაგმატული კითხვა დავსვათ: რამდენად აქვთ პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს არათუ ქვეყანაში, არამედ მათსავე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე? დემოკრატიის ლოზუნგით შეიარაღებულ პარტიის ლიდერებს აქვთ საკუთარ პარტიებში დემოკრატიული სისტემები?
მასშტაბურ აზროვნებას გადაჩვეული და ისედაც გადაღლილი ქართული პოლიტიკური გონი კიდევ უფრო რომ არ გადავღალოთ, მხოლოდ ამ ორ კითხვაზე მოვითხოვოთ პასუხი.
და რადგან ოპოზიციის ლიდერები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ცუდი ორატორები და დემაგოგები არიან, რომლებიც თემებიდან სხვა თემაზე შეეცდებიან ჩვენს გადართვას, ჩვენვე ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს ფაქტებით:
არა, არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს არ გააჩნია პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკური პარტიის წინაშე. წლიდან წლამდე სხვადასხვა არჩევნებში დამარცხებული ლიდერები კვლავ ლიდერები არიან, არ ათვითცნობიერებენ, რომ მათი დამარცხება მხოლოდ ხელისუფლებების „ძალადობას“ კი არ უკავშირდება, არამედ მათ სისუსტეს, ცუდ ორგანიზებას, არასათანადო სტრატეგიას, არასაკმარის სანდოობას ამომრჩეველში, პოლიტიკური რეალობის აღქმის უუნარობას, ახალი იდეების დეფიციტს, პარტიის რიგების განახლების შეუძლებლობას და ა. შ. ქვეყანას ოპოზიციურ ფლანგზე ჰყავს დამარცხებების ჩემპიონები და პრიზიორები _ დამარცხებულთა რეიტინგებში უცვლელად მყოფი პოლიტიკური პარტიები. ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ პარტიის ლიდერებს აქვთ ელემენტარული პასუხისმგებლობა საკუთარი პარტიისა და ამომრჩევლის წინაშე?
შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, _ რა უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა? ამ კითხვაზე პასუხიც პირდაპირ უკავშირდება ზემოთ დასმულ მეორე კითხვას, რომლის პასუხიც არ არის ასევე ძნელი ამოსაცნობი _ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ არსებობს შიდა დემოკრატია და, რეალურად, თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას პატარა ბელადები მართავენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ერთადერთი გამონაკლისიც აღვნიშნოთ _ რესპუბლიკური პარტია, სადაც ნამდვილად არის შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესები. ამ ეტაპზე გაურკვეველია, ამ მიმართულებით როგორია „ევროპული საქართველოს“ მომავალი (თავისუფალ დემოკრატებზე და ახალ მემარჯვენეებზე, ამჯერად, არ შევჩერდები, რადგან მათთან ლიდერების ცვლილება სხვა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და არა შიდაპარტიულ დემოკრატიას). სხვა ყველა პარტიაში კი ჩვენ გვყავს ლიდერი ბელადები, რომლებიც, მეტწილად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის იბრძვიან და იმდენსაც ვერ ბედავენ, რომ პარტიული თანამდებობები დათმონ. პოლიტიკურ ნარცისიზმშეყრილ ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეუცვლელები არიან. შესაბამისად, წლებია, ვხედავთ „მებრძოლ“, მაგრამ წარუმატებელ უკვდავ შალვას, უკვდავ ბაჩუკის, უკვდავ ნინოს და სხვა 150-ზე მეტ უკვდავს, რომელთა პოლიტიკური საქმიანობა ქვეყნისთვის არანაირად არ არის სასიკეთო. პირიქით საზიანოა, რადგანაც ისინი მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობენ და წლიდან წლამდე ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას არჩევნებში დამარცხებისთვის.
სწორედ შიდაპარტიული ავტორიტარიზმი, ლიდერთა ენაზე _ მათი მაღალი ავტორიტეტი და, თურმე, შიდაპარტიული, უკიდეგანო რეიტინგი, რომელიც ამ ლიდერ-ბელადებს საკუთარ პოსტებზე აბეტონებს, კლავს პოლიტიკურ ცხოვრებას.
კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ: მეხუთე არჩევნებია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბატალიებიდან დამარცხებული გამოდის. პარტია, რომლის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ქართულ პოლიტიკაში ცივილიზებულ, დასავლურ სტანდარტებს ამკვიდრებენ _ სრულ სტაგნაციაშია. დღეს იმაზე საუბარი, რომ არჩევნები გააყალბეს, მაშინ, როდესაც არჩევნების წინ პარტია „იმუქრებოდა“, არავის მისცემდა გაყალბების უფლებას და საუბარი იყო ქმედით ღონისძიებებზე, ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას უფრო ჰგავს და ლიდერთა თვითგამართლების მცდელობას, ვიდრე პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიის ადეკვატურ ქმედებას. არა, არავინ დაობს იმაზე, რომ ოპოზიციამ სამართლებრივად და, ზოგადად, ყველა მეთოდით უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის. აქ საუბარია პასუხისმგებლობაზე _ დასახული მიზნის მიუღწევლობისა და თუნდაც, მიზნების განსახორციელებლად აუცილებელი ტაქტიკური გადაწყვეტილებების სიმცდარეზე, შეცდომებზე. დამარცხების შემდეგ კი ტრადიციულ გადაბრალების პოლიტიკაზე.
და მაინც, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ განვიხილავთ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, მაშინ მის მიმართაც არსებობს კითხვა, _ სად ჩანს ლიდერების პასუხისმგებლობა საკუთარი თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების წინაშე? სამართლებლივ ბრძოლას სულაც არ სჭირდება კონკრეტული ლიდერის პოსტზე ყოფნა _ პარტიას შესაბამისი სტრუქტურები აქვს. აქ კითხვაა მთავარი, _ ლიდერები რატომ არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას? რატომ არ ამბობს ბატონი მელია, რომ მან ვერ გაამართლა პარტიის ნდობა და არ აკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ? მასთან ერთად, რატომ არიან გამაგრებულნი პარტიულ პოსტებზე ის ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ და წარმართვდნენ არჩევნებს?
მავანი იკითხავს, _ რატომ მოვახდინე ყურადღების კონცენტრაცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე?“… მიზეზი ძალიან მარტივია _ პარტიის რეიტინგი დღითი დღე ეცემა და ის ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობს მოსახლეობას, ამომრჩეველს. ის, რომ ოდესმე ვიღაც სიტუაციით ისარგებლებს და შესაძლოა, 2030 წელს ხელისუფლება შეიცვალოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ, მაინცდამაინც, მელია იქნება ამ ცვლილების გენერატორი და ქვეყნის მომავალი პრემიერი.
პოლიტიკურად კი, როდესაც ოპოზიცია გამუდმებით უკიჟინებს ხელისუფლებას ცალკეული გადაწყვეტილებების შესახებ პასუხისმგებლობაზე, სწორედ მას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში, ამ პასუხისმგებლობის არსი და დგამდეს პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯებს.
და ბოლოს, პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი რეიტინგების მზომავი ხალხია და არა რომელიმე მედიასაშუალება, სადაც მას იწვევენ, ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მათ ხვდება.
მართალია, ხალხი ნაკლებად ფიქრობს პარტიებისა და მათი ლიდერების პასუხისმგებლობაზე, მაგრამ უნებურად ათვითცნობიერებს, რომ „დალპა რაღაც დანიის სამეფოში“. ეს მმართველ პარტიასაც ეხება და ოპოზიციასაც, რომელმაც სწორად უნდა გაიაზროს, თუ რატომ ზის სახლში იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ირჩევს?
და თუ ამ ქვეყანას წინსვლა უწერია, ის მაინც პასუხისმგებლობამ უნდა განსაზღვროს, უნდა დასრულდეს ოპოზიციური ლიდერ-ბელადების ხანა და ყოველი არჩევნების შემდეგ წარუმატებლები სახლებში წავიდნენ. ეს არის პროცესის გაჯანსაღების მარტივი გასაღები. სწორედ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი იდეების დაახლოება, პარტიების გამსხვილება და ახალი გაერთიანებების შექმნა. სწორედ პასუხისმგებლობით არის შესაძლებელი, გნებავთ, საერთო სახალხო-მოძრაობის ჩამოყალიბებაც, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ხმის მომპარავი და გამყალბებელი საარჩევნო კომისიის უგუნური წევრი. ეს პროცესი სჭირდება საქართველოს _ ხელისუფლებას გასაღვიძებლად და ოპოზიციას _ გამარჯვების მისაღწევად. სხვა შემთხვევაში ჩვენ, ისევ და ისევ, იმ წრეზე უნდა ვიაროთ, სადაც პატარა ბელადები დიდ ბელადებად გახდომას ლამობენ, ხოლო ქვეყანა და ჩემი, თქვენი _ ხალხის კეთილდღეობა და წარმატება არავის აინტერესებს.
დიახ, მეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პოლიტბელადები კლავენ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას და დროა, მათ პასუხისმგებლობის სტანდარტების დაცვა მოვთხოვოთ!

კოკა წერეთელი