რა სიახლეები იგეგმება ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში – კრიტერიუმები და სტანდარტები

ქართული განათლების სისტემა თანამედროვე განათლების სტანდარტებს ვერ პასუხობს. განათლებას ძალიან ბევრი ფული სჭირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ფული განათლებისთვის კიდევ დიდი ხანი, ვერ იქნება… სამაგიეროდ, იქნება კანონი

სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. სკოლისთვის და შემდგომი ცხოვრებისთვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი პროცესია და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა შესაძლებელია ერთობლივად, მშობლების, ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და სრულიად საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. როდესაც ბავშვი სათანადოდ არის განვითარებული სასკოლო მზაობის კუთხით, იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ წინსვლას.
საქართველოს მთავრობამ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და ნორმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი _ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმები“.
ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ზოგად მოთხოვნებს კვების უზრუნველსაყოფად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და ტიპისა. მისი მიზანია, კვების ორგანიზების წესებისა და პრინციპების, აგრეთვე, რაციონის კვებითი ღირებულების დადგენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის, ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, კვებითი დეფიციტის, სიმსუქნისა და კვებასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების პრევენციის მიზნით.
ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჯანმრთელობისთვის საჭირო ნუტრიენტების მისაღებად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით; ყოველდღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობით უნდა შედიოდეს მარცვლოვანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ საკვებ ბოჭკოს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ნახშირწყლებსა და მინერალებს; ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად; ბავშვთა კვებისთვის უნდა შეირჩეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლდეს უჯერი ცხიმებით. უნდა შეირჩეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი; მოხმარებული უნდა იყოს მარილის შეზღუდული რაოდენობა (დღეში <1200 მგ ნატრიუმი/3 გ მარილი); არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, უნდა შეირჩეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის, სასმელი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ძალადაკარგულად გამოცხადდება „ტექნიკური რეგლამენტი _ ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #78 დადგენილება.
ასევე მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება “საკანონმდებლო მაცნეში” უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ეს სტანდარტები განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე, განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს.
სტანდარტი სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისთვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა.
სტანდარტის მიზნებია: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისთვის ხელის შეწყობა; სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების მიზნით მისაღწევი შედეგების განსაზღვრა დაბადებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე; აღზრდისა და განათლების შედეგების განსაზღვრა 2 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან; ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების უზრუნველყოფა; ბავშვის კოგნიტური განვითარებისა და სკოლისთვის მომზადების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა; ბავშვის განმავითარებელი უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად სპეციალური კრიტერიუმები დამტკიცდა, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლიდან ბაგა-ბაღების გამგეების სტატუსი უქმდება და მის ნაცვლად დირექტორის სტატუსი შემოდის, რომლის მოსაპოვებლადაც გამგეებს ტესტირება, ან გასაუბრების გავლა მოუწევთ.
გარდა ამისა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, საგანმანათლებლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბაღის აღმზრდელებსაც მოუწევთ. არსებული კანონმდებლობით, საბავშვო ბაღებში მუშაობა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის ნებადართულია. მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იმუშავებენ.
საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, დგინდება მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი, რომელზეც საბავშვო ბაგა-ბაღი უნდა განთავსდეს. კერძოდ:
1. დაწესებულების შენობა უნდა განთავსდეს ავტომაგისტრალებიდან, ცხოველთა სადგომებიდან და ფერმებიდან, ასევე გარემოს დამაბინძურებელი ნებისმიერი წყაროდან დაშორებულ (ავტომაგისტრალებისა და სამრეწველო საწარმოებისგან _ არანაკლებ 300 მ-ით, ხოლო ცხოველთა სადგომებისა და ფერმებისგან _ არანაკლებ 100 მეტრით) მიწის ნაკვეთზე;
2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ნაკვეთზე გამწვანება უნდა შეადგენდეს ტერიტორიის არანაკლებ 40%-ს;
3. სათამაშო მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, უნდა დამზადდეს გლუვზედაპირიანი, მაღალხარისხიანი რბილი მასალისგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გამოყენებას, მყარად დამაგრებასა და ტრავმატიზმის თავიდან აცილებას;
4. სათამაშო მოედნები გამწვანებით უნდა შემოიფარგლოს, ხმაურისა და სიცხისგან დაცვის მიზნით. გამწვანება ისე უნდა შეირჩეს, რომ სიმწვანე მთელი წლის განმავლობაში იყოს. დაუშვებელია გამწვანებისთვის მომწამლავი ნაყოფის მქონე და ეკლიანი მცენარეების გამოყენება;
5. თუ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ნაკვეთი უშუალოდ აკრავს პარკს ან ტყის მასივს, დასაშვებია მწვანე ნარგავების ფართობის შემცირება 30%-ით;
6. სათამაშო მოედანი უნდა უზრუნველყონ სათანადო რაოდენობის საჩრდილობლებით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ჯგუფებისთვის;
7. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიწის ნაკვეთი უნდა შემოიფარგლოს არანაკლებ 1,6 მ-ის სიმაღლის ღობით (რომელსაც არ გააჩნია ბასრი კიდეები, წვეტიანი, გამოშვერილი ნაწილები) და გამწვანებით პერიმეტრის გასწვრივ;
8. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს გარე ელექტროგანათება.
ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს თავად შენობების მიმართაც. კერძოდ:
შენობას, ტევადობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება ჰქონდეს კომპაქტური, ბლოკური ან პავილიონური სტრუქტურა: შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე კორპუს-პავილიონისგან, რომელიც ან ცალ-ცალკე დგას, ან შეერთებულია ერთმანეთთან გათბობადი გადასასვლელებით.
ადრეული ასაკის (2 წლამდე) ბავშვების ჯგუფური ოთახები აუცილებლად პირველ სართულზე უნდა განლაგდეს და თითოეულს ცალკე შესასვლელი ჰქონდეს. ჯგუფურ ოთახებში შედის: მისაღები ზონა, თამაშების ზონა, საძინებელი და სასადილო ზონები. ისინი მოხერხებულად უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს. ჯგუფური ოთახის მისაღებში უნდა გამოიყოს სივრცე მშობლებისთვის გასახდელად და ჩვილ ბავშვთა კვებისთვის.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯგუფური ოთახები შეიძლება მოთავსდეს როგორც პირველ, ასევე მეორე ან ზედა სართულზე. რამდენიმე ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ერთი შესასვლელი. ამ ჯგუფური ოთახის შემადგენლობაში შედის: გასახდელი, სათამაშო, საძინებელი, სასადილო ზონები და ტუალეტი ხელსაბანით.
შენობის სათავსების გადახურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გათვალისწინება სათამაშო და საძინებელი ოთახების, სამზარეულოსა და სხვა სათავსების ფანჯრებისთვის.
სათამაშო და საძინებელ სათავსებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორპირი ან კუთხური განიავება. ასეთივე განიავება უნდა ჰქონდეს სამზარეულოს, სამრეცხაოს, თეთრეულის სათავსებს.
ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ფრამუგები და სარკმლები და გამოიყენებოდეს მთელი წლის განმავლობაში. ფრამუგებისა და იატაკის ფართობების თანაფარდობა უნდა იყოს _ 1:50. ფრამუგების გარეთა ნაწილი უნდა იღებოდეს ქვემოდან, შიგნითა _ ზემოდან. რეკომენდებულია, ფრამუგის შიდა ნაწილს ჰქონდეს გვერდითი ფარი.
ჯგუფურ ოთახებში კიბეების ზღუდის სიმაღლედ მიღებულია 1,3 მ. კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისთვის 0,5 მ უნდა იყოს, უფროსებისთვის კი _ 0,85 მ.
დაუშვებელია სამზარეულოს, სამრეცხაოს, საპირფარეშოს ფანჯრების განთავსება ჯგუფების სათამაშო და საძილე სათავსების ფანჯრების ქვეშ.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის კედლები და იატაკი უნდა იყოს გლუვი და მოსახერხებელი სველი წესით დასუფთავებისთვის.
შენობის მუსიკისა და სპორტული დარბაზების კედლების ზედაპირები უნდა იყოს ნათელი ფერის, მოსახერხებელი რეცხვა-დეზინფექციისთვის. კვების ბლოკის (სამზარეულო), სამრეცხაო-საუთოებლისა (არსებობის შემთხვევაში) და სანიტარიული კვანძის სათავსები მოპირკეთებული უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ-ის სიმაღლეზე რეცხვისა და დეზინფექციისადმი მედეგი მასალებით. ჯგუფური, სათამაშო, საძინებელი ოთახებისა და სამედიცინო კაბინეტის იატაკი უნდა იყოს გლუვი, ნაპრალების გარეშე და მოსახერხებელი გათბობისთვის, ხოლო კვების ბლოკის, სამრეცხაოს, საუთოებლის, საპირფარეშოს სათავსების იატაკები უნდა იყოს მოხვეწილი კერამიკული ან მოზაიკის ფილებით.
ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია ყველა ტიპის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისთვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

P. s. ჯერ მხოლოდ კანონი გვაქვს, საქმეს კი მომავალი გვიჩვენებს, რამდენად აღასრულებენ კანონს ბავშვთა უფლებებისთვის.

მაკა მოსიაშვილი