„ნაციონალები“ პატიმრობაშეფარდებულ სააკაშვილზე და „ლეღვის ფოთლობის“ არჩევანზე!

10585636_10203739602945971_1364712019_n

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე  ყოფილი  მაღალი თანამდებობის პირებს –  ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად  შეუფარდა. ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოეხმაურნენ, რომელსაც „ქრონიკა+“ კოლაჟის სახით გთავაზობთ:

გივი თარგამაძე:  „საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ღამის პირველის ნახევარზე, ქურდულად, ფარჩაკებმა პატიმრობა შეუფარდეს. მით უარესი მათთვის…“

გიორგი კანდელაკი: „საქართველოს შევარდნაძის ჭაობიდან გამომყვან, სახელმწიფოს რეალურად შემქნელ და დასავლეთის გზაზე დამაყენებელ პრეზიდენტს წინასწარ პატიმრობას პარასკევს, ღამის 12 საათზე უსჯის დედოფლისწყაროდან რამდენიმე დღის წინ გადმოყვანილი მოსამართლე (პროცესი ჯერ კიდევ მიდის), თავის დროზე გაგდებული და ახლა დაბრუნებული პროკურორის შუამდგომლობით. ალბათ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ივანიშვილის მიერ რესტავრირებული, რევანშის სურვილით დუჟმორეული ნომენკლატურულ-კაგებეშნიკური ნაზავი ბოლომდე უნდა აყროლდეს რომ სახადივით მოვიცილოთ – თუ გვინდა რომ საქართველო გადარჩეს.”

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „პრეზიდენტ სააკაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებასთან რა მოსატანია, მაგრამ შუქი წავიდა. ისე, ეს ორი მოვლენა რაღაცნაირად მაინც კავშირშია, არა, მოღალატე ივანიშვილო?“

ალექსანდრე კახა ლომაია: „აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, დაუსწრებელი პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ისტორიაში პირველად უზრუნველყო ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ოპონენტებისთვის. 2014 წლის 1 აგვისტო საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შევა, როგორც „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი, და ეს ბევრ მათგანს კარგად ესმის. სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილების ავტორებსა და შემსრულებლებს მართლმსაჯულების წინაშე მოუწევთ წარდგენა, მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო. „ლეღვის ფოთლობაც” არჩევანია.“

ზურაბ ჯაფარიძე: „მოწყენილობაა ოფისის მიდამოებში. არჩევნების დამთავრების შემდეგ აღარც დედოფლისწყაროელი ტიტუშკები გამოჩენილან და აღარც „გამწარებული ხალხი“.

დავით საყვარელიძე: „საქართველოს ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს პატიმრობას საქართველოს პროკურატურა და სასამართლო ღამის 12 საათზე უფარდებენ! კომიკური არ არის ეხლა ეს ყველაფერი?“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება  2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.