ვის ამხელს გურულ ლეიბორისტთა ლიდერი?

მართალია, „გუგავა ვერ მოვიდა“, მაგრამ ლეიბორისტთა აზრით, არჩევნები გაყალბდა. გურულ „მშრომელთა“ ლიდერი, ტარიელ კალანდარიშვილი, ბოლო არჩევნებში ადგილობრივ დონეზე არ მონაწილეობდა. მიუხედავად მშობლიურ კუთხეში აღებული ტაიმ-აუტისა (წინა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ლანჩხუთელ ამომრჩეველს აღარ შეაწუხებდა), ის აქტიური პოლიტიკიდან არ წასულა, „მშრომელთა“ პარტიაში რეგიონებს კურირებს და ხშირად ჩანს ლეიბორისტების მიერ ორგანიზებულ ხმაურიან აქციებზე.

„ქრონიკა+“-თან ბატონი ტარიელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა არჩევნების სათავისოდ დასასრულებლად: „ხელისუფლებამ მოსყიდვით, ზეწოლით, ცრუ დაპირებებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ვაიკოორდინატორების „მოღვაწეობით“, ამომრჩეველთა ნაწილის სულგაყიდულობით, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეთა ხმების მოპარვითა და მითვისებით, ე. წ. სომხური კარუსელების დატრიალებითა და მრავალი სხვა საშუალების ეფექტიანად გამოყენებით კიდევ ერთი არჩევნები „ჩააძაღლა“.
ლანჩხუთელი „მშრომელის“ აზრით, მმართველი ძალა ხალხის დიდი ნაწილის სიდუხჭირით სარგებლობს: „სოციალური, ეკონომიკური, იდეური, მენტალური დამოუკიდებლობის არარსებობით ქმნის მისთვის სასარგებლო და სატელიტ ვაიოპოზიციურ ძალებს, რათა რეალური ოპოზიცია დასუსტდეს, დაიქსაქსოს, ოპოზიციური ხმები დაიყოს და ამით შეინარჩუნოს და განიმტკიცოს ხელისუფლება ყველა შტოსა და დონეზე, თუმცა როგორც ნათქვამია: ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, როგორსაც თავად იმსახურებსო. ალბათ ამომრჩეველთა ნაწილი არ არის უკეთესი მთავრობის ღირსი და რაც ჰყავთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“.
იგი ასევე ამბობს, რომ პარტია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ბრძოლას: „ჩვენ ყოველთვის გვყავდა საბაზისო ელექტორატი, 60-70 ათასი გმირი ქართველი და საქართველოს მოქალაქე. ისინი უანგაროდ, ერთგულად და გადაუხრელად დგანან ჩვენ გვერდით, მხარს გვიჭერენ და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მათი და ობიექტურად და პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანების იმედები გავაცრუოთ“.
„ჩვენ ვაცხადებთ და დოკუმენტურადაც ვამტკიცებთ, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და რაც მთავარია, წინასაარჩევნო პერიოდი იყო აბსოლუტურად არაჯანსაღი და არათანაბარ სასტარტო პირობებში გვაყენებდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას „ქართული ოცნება“ და მისი არაფორმალური მმართველი _ ბიძინა ივანიშვილი“, _ გვითხრა საუბრისას რესპონდენტმა.
მისივე თქმით: „წინასაარჩევნოდ ჩვენმა ხელმძღვანელობამ დაახლოებით თვრამეტ კომერციულ ბანკს მიმართა საქართველოში სესხის მისაღებად, რათა წინასაარჩევნო კამპანია შედარებით ნორმალურად ჩაგვეტარებინა, სათავო ოფისსაც ვდებდით გარანტად, რომლის ვალდებულება არც გვქონდა _ მაინც უარი გვითხრეს! შემდეგ უკანასკნელი რესურსების მოძიებით, დაახლოებით, ოცი ათასი ლარით ჩავატარეთ ეს არჩევნები საქართველოში, მაშინ, როცა ხელისუფლებამ და მათმა სატელიტმა პარტიებმა მხოლოდ ოფიციალურად 200-300-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, არაოფიციალურად კი გაცილებით მეტი, მაგრამ არა უშავს, ნუ გებრალებათ! _ მალე ამოიღებენ ხალხის ზურგზე, ხალხის ჯიბეებიდან. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ლარი გაუფასურდა, ფასები იმატებს, მალე გაზზე, შუქსა და წყალზე მიუვათ გაძვირებული გადასახადი“.
ლანჩხუთელი ლეიბორისტი მოსახლეობის ნაადრევ სიხარულზეც საუბრობს: „ტყუილად უხარია მოსახლეობას უწყვეტი ელექტრომომარაგება და ბუნებრივი გაზის მიყვანა მათ საცხოვრებელ სახლამდე სოფლებსა და რაიონებში. მალე დავინახავთ და გავიგებთ, რამდენი შეძლებს მის შეყვანას და რომც შეიყვანონ _ განვადებით, რომელიც გაცილებით მეტი დაუჯდებათ, ვიდრე ნაღდი ფულით, საკითხავია, რამდენი შეძლებს გაზის გაძვირებული გადასახადის გადახდას, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში, როცა ყველაზე უფრო სჭირდება ადამიანს გაზი და შუქი. რაც შეეხება არჩევნების ობიექტურად ჩატარებას, 25-წლიანმა დაკვირვებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ობიექტურობის ნიშანწყალი ეტყობოდეს, ის ყველა დონეზე უნდა ჩაატარონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნების წინა დღეებში კი არ უნდა ჩამოვიდნენ, არამედ რამდენიმე კვირით ადრე, რათა სრული წარმოდგენა შეექმნათ იმ დარღვევებზე, რაც წინასაარჩევნოდ ხდება და აკრძალონ ის მახინჯი პროცესები, რომლითაც არჩევნები, ძირითადად, არჩევნებამდე ყალბდება ქვეყანაში, ხოლო შორეულ პერსპექტივაში მიმაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის საარჩევნო ყუთებთან უნდა მივიდეს მენტალურად, ინტელექტუალურად და ეკონომიკურად, მეტ-ნაკლებად, დამოუკიდებელი სხვა თაობა. ეს სამწუხარო და მტკივნეული, მაგრამ რეალური დასკვნაა ამ ეტაპზე. ამასთანავე, სავალდებულო გახდეს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“.
როგორც ვთქვით, ტარიელ კალანდარიშვილმა, როცა ლანჩხუთში კენჭისყრაზე უარის გადაწყვეტილება მიიღო, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ე. წ. კოორდინატორების თემა დაასახელა. მას ამ ყბადაღებულ კოორდინატორებზე თავისი შეხედულება აქვს:
„მე არაერთგზის მომიწოდებია ამომრჩევლისთვის, რომ თუ სხვა გზა არ გაქვთ, გამოართვით და ხმა არ მისცეთ, თუნდაც ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი, ხმა მიეცით ყველა დანარჩენს, ვისაც ფული არ შემოუთავაზებია-მეთქი, რადგან ვინც მეტს გთავაზობთ, ის მეტად უღირსია და იმ დახარჯულ მილიონებს არჩევის შემდეგ ცხვირიდან ძმრად ამოგვადენს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უკიდურეს შემთხვევაში, თანხის აღება და ხმის არმიცემა შესანიშნავი გაკვეთილი იქნებოდა იმ უღირსი ე. წ. კოორდინატორებისთვის, რომელთა რეალური ფუნქცია უნდა იყოს, რომ მოსახლეობასთან აგიტაცია-პროპაგანდით დაარწმუნოს ისინი იმ პოლიტიკური ძალის უპირატესობაში, რომელთანაც ის თანამშრომლობს და არა ის, რომ ჩუმად, ღამით იარონ მოსახლეობაში, შეადგინონ სიები, დაარიგონ ქრთამები და შემდეგ ამ სიებით ურცხვად დადგნენ საარჩევნო უბნების წინ და მოსყიდული ამომრჩევლებიდან მოინიშნონ, ვინ მოვიდა და ვინ _ არა, რათა მიუსვლელობის შემთხვევაში სახლში მიუვარდნენ, ძალად მოიყვანონ და ხმა მიაცემინონ მათი დამქირავებლის სასარგებლოდ. ის, რაც ზოგიერთმა ქართველმა იკადრა, არც ლოთი რუსი იზამს და არც ავსტრიელი ბომჟი, ძაღლთან ერთად რომ სძინავს ქუჩაში. ასეთ ადამიანებს არც სახე აქვთ და არც სინდისი. მათ არც სამშობლო უყვართ და არც საკუთარი მომავალი. ისინი გუშინწინ შევარდნაძე-აბაშიძეს ემსახურებოდნენ, გუშინ სააკაშვილსა და მის სისხლიან რეჟიმს, დღეს _ ივანიშვილსა და მის ბანდას და ხვალ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველას ლაქია და მოსამსახურე იქნებიან, ოღონდ „ძვალი გადაუგდონ“ და გროშები მისცენ. აი, ასეთ ე. წ. კოორდინატორებს უნდა აქციოს ზურგი მოსახლეობამ თუნდაც ერთხელ და როცა ისინი თანხის აღების სანაცვლოდ 50 თუ 100 ხმაზე აიღებენ პასუხისმგებლობას და 5-10 ხმის მეტს ვერ შეაგროვებენ, ეს იქნება მათთვის გაკვეთილი და მომდევნო არჩევნებზე ეს ვაჟბატონები და ქალბატონები ვეღარ აიღებენ თანხასა და პასუხისმგებლობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალის წინაშე, რომელიც მკაცრად მოსთხოვს მათ პასუხს აღებულ ვალდებულებაზე“, _ აცხადებს ტარიელ კალანდარიშვილი.

მათე გურული