ოთარ აბესაძე ბერასთვის ჭკუის სასწავლებლად დაიჭირეს?

ალბათ, ყველას ახსოვს ერთი გახმაურებული საქმის ქეისი _ მკვლელობა რესტორან „მადაში“. ამ საქმეში ორი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს. ერთი _ სტუდენტი ზ.ნ., მეორე _ მისი მეგობარი რ.ა. გამოძიება ორივესგან აღიარებით ჩვენებას მოითხოვდა.

ამ „საქმეში“ არის დაკითხვის ეპიზოდი, როდესაც სასოწარკვეთილი ზ.ნ. გამომძიებელს კანონის მორალურ მხარეზე მიუთითებს და პასუხად იღებს: „ამ კანონს დიდი ზნეობისა და მორალის ადამიანები წერდნენ“.
მოგვიანებით… ნაკაშიძე, „ს ვეშჩამი“.
დიახ, დიახ, ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებზე“ ვაპელირებდი.

***
ახლა კი სხვა ქეისზე _ „ოთარ აბესაძის საქმეზე“ უნდა შევჩერდე _ მის მორალურსა და ზნეობრივ კონტექსტზე, რამეთუ ამჟმად მოქმედი კანონების ავტორებსა თუ კანონის სადარაჯოზე მდგარ ბევრ პიროვნებას ექნება პრეტენზია მორალსა და ზნეობაზე.
აქვე ვიტყვი, რომ ამ პერსონას არ ვიცნობ და მისი დემაგოგია ცალკეულ საკითხებში პირადად ჩემთვის, მეტწილად, მიუღებელი იყო. მიუღებელი იყო ისიც, რომ მას „ოცნების“ პიარ-მამები თუ დედები მუდამ რთულ თემებზე აგზავნიდნენ ტელევიზიებში და იგი, როგორც გუნდის წევრი, მუდამ თავდადებით (რამდენად არგუმენტირებულად, ეს სხვა საკითხია) იცავდა პარტიის პოზიციას.
ნურც იმაზე შევაჩერებთ ყურადღებას, რასაც მავანნი ამბობენ, რომ აბესაძე ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პერსონა იყო, თან იმდენად, რომ ბერა მას თბილისის შემოგარენში საკუთარი სახსრებით უშენებდა სახლს. ამის ძიება და კვლევა, ამ ეტაპზე, არაფრის მომცემია, თუმცა ნიშანდობლივია. რატომ? ერთ-ერთი ვერსიით, ოთარ აბესაძე, სწორედ, ბერა ივანიშვილის ჭკუის სასწავლებლად დაიჭირეს. დაიჭირეს იმის გამო, რომ მან „ბირჟა მაფიის“ საქმე არია.
მესმის, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მხოლოდ იმათთვის, ვინც სისტემა არ იცის და არც სამართალდამცველთა კორპორაციული ინტერესების შესახებ სმენია არაფერი.
მართალია ისიც, რომ „ბირჟა მაფია“ შსს-ს ოპერაცია იყო, ხოლო აბესაძე _ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსი. მაგრამ ესეც ტექნოლოგიის საქმეა. გააჩნია, დაინტერესებული პირი სად შეაგდებს ოპერატიულ ინფორმაციას.
ახლა თავად საქმის მორალურ და იურიდიულ კონტექსტზე:
ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონებისა და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მის მიერ იყო შეთანხმებული და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოების უპრობლემოდ დაწყება შეეძლოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ისინი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს არ დაეჯარიმებიანათ.
მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა გამოართვა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
დავაკვირდეთ ერთ გარემოებას: „ფაქტი“ იწყება 2017 წლის მაისში, დაკავება ხდება 2017 წლის 12 ივლისს, „ბირჟა მაფიის“ წევრები” კი 9 ივნისს დააკავეს.
რამდენად სარწმუნოა, რომ აბესაძეს მაისში მიმართეს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მაინც მივყვეთ ამ ლოგიკას.
ვინ და რატომ მიმართა აბესაძეს დახმარებისთვის? ხომ ცხადია, ამ ადამიანებს არავითარი ტივის მოწყობა არ სჭირდებოდათ, თორემ სად იყო ეს „ტივი“, მთელი ზაფხული მტკვარზე რომ არ გამოჩენილა?
მით უფრო, ამ გახმაურებული საქმის შემდეგ ხომ ცხადია, მათ ვერავინ შეაფერხებდა აღნიშნულ „ბიზნესწამოწყებაში“? თან ამ ყველაფრის მოწყობას ნამდვილად არ სჭირდება მერიის ნებართვა. სხვა რომ არაფერი, ამ ზაფხულს საზოგადოებას ღიად ამცნო დედაქალაქის მერიამ, რომ მდინარე მტკვარი მისი მოსავლელი არ არის. შესაბამისად, არც მერიის განკარგვის ობიექტი იყო და არის, ამდენად, რატომ მიმართავდა ვინმე მას?
თუ საუბარია მისადგომზე, აქაც საკითხი ცოტა გაურკვეველია და, სავარაუდოდ, მიმართვა აუცილებელი იყო საგანგებო სიტუაციათა _ სამაშველო სამსახურისთვის და არა მერიისთვის. რეალურად, აბესაძეს ადამიანები მიუგზავნეს. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, გაჭიანურებული დრო, რადგან იგი ვერც კი გაარკვევდა, რომელი უწყებიდან თუ უწყებაში უნდა გაცემულიყო შესაბამისი ნებართვები.
დავუშვათ, რომ ბერას მეგობარი აბესაძე დახარბდა სამი ათას დოლარს (მისი თვიური შრომის ანაზღაურება მერიაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც ბევრად აღემატებოდა ამ თანხას), რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უნდა გაეყო ვიღაცისთვის. ამ დროს კი „ტივმშენებლები“ სუს-ში გარბიან, _ არიქა, ფულს გვძალავენო. განა, აქ არ იხსნება კვანძი? პროტექცია რომ სჭირდებოდათ, იმიტომ მივიდნენ აბესაძესათან, არა? სავარაუდოდ, ფულიც თავად შესთავაზეს და, რეალურად, პროვოკაციაზე წამოაგეს. აბესაძემაც, შესაძლოა, ვიღაცას უთხრა, რომ „პატივისცემის“ გარეშე არ დარჩებოდნენ და ასე აიკინძა ეს საქმე. აიკინძა ცუდად, ბინძურად და, რაც მთავარია, ყოველგვარი მორალისგან დაცლილად.
მთელი ამ ოპერაციის ამბავში რატომ იყო თვითმიზანი ახალგაზრდა ადამიანის გაწირვა და სატუსაღოში მისი გამოკეტვა?
რატომ არ შეწყვიტა სუს-მა ოპერაცია, არ დაიბარა აბესაძე, არ დაუდო წინასწარი ინფორმაცია და არ უთხრა, შეშვებოდა უკანონო გარიგებას? განა, ასე უფრო არ მიიღწეოდა მიზანი? განა, ასე არ გადარჩებოდა კიდევ ერთი ახალგაზრდა და მისი ცხოვრება? განა, ეს არ არის მორალი? და თუ დავუშვებთ, რომ კანონებს მართლაც წერენ მაღალი ზნეობისა და მორალის ადამიანები, მას რატომ აღასრულებენ უზნეო და ამორალური ადამიანები, რომელთათვისაც სხვისი სიცოცხლე, ბედი და მომავალი არაფერს ნიშნავს?
რატომ განახლდა ეს სპეცოპერაცია თუ საქმე მნიშვნელოვანი ტემპებით სწორედ მას შემდეგ, რაც „ბირჟა მაფიის“ საქმე ბერა ივანიშვილმა ჩაუფლავა შსს-ს? ხომ არ იყო ეს ჭკუის სასწავლებელი ბერა ივანიშვილისთვის და მინიშნება ბატონი ბიძინასთვის, რომ ბერა ცუდ ადამიანებთან მეგობრობს? და ხომ არ იყო ამის მიზანი თავად ბერას გვერდზე გადგომა და „აბესაძის საქმის“ მხოლოდ ოფიციალური ვერსიით გაცნობა?
კითხვები საქმეზე მართლაც ბევრია, როგორც იურიდიული, ასევე _ მორალური.
ირკვევა, რომ ციხეში მყოფი აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი ადვოკატის განცხადებით, იგი ზოგჯერ არაადეკვატურია და „ითიშება“. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ ციხეს ყველა ერთნაირად ვერ უძლებს. მით უფრო ის, ვინც ხვდება, რომ დანაშაულზე წამოაგეს, პროვოკაცია მოუწყვეს და მომავალი დაუნგრიეს.
აქვე ერთი ფაქტის შესახებაც უნდა ვთქვა: რამდენიმე წლის წინათ საქვეყნოდ ცნობილი „ტიპი“ დააკავეს, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაიფსა. იმდენად საშინელი სტრესი იყო მისთვის ეს დაკავება, რომ ადამიანს ასეთი რამ დაემართა… მაგრამ ჩემთვის, ვისთვისაც ეს ფაქტი ცნობილია, მისი პიროვნება, ვაჟკაცობა, გნებავთ, მაგარი ბიჭობა ამ ფაქტით არ განისაზღვრება. რამდენიმე ხნის წინათ მან იმდენად მოქალაქეობრივი, შინაარსობრივად მამაცი და გაბედული აქტი განახორციელა, რომ ის „ჩაფსმა“ მის ღირსებას ოდნავადაც ვერ მიაყენებს ჩრდილს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ციხე ნამდვილად არ არის გამოსასწორებელი დაწესებულება, განსაკუთრებით უდანაშაულო და პროვოკაციებით დაკავებული ადამიანებისთვის, თორემ მათ, რომელთაც იციან, რა ჩაიდინეს, დანაშაულის ჩადენის პროცესამდე აქვთ გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი და ყველაფრისთვის მზად არიან, მით უფრო, ფსიქოლოგიურად.
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოთარ აბესაძე ჩემი და რამდენიმე ადამიანის დასაცავი გახდებოდა და არა მისი თანაგუნდელების, რომელთა ტყავს კბილებით იცავდა.

***
ბოლოსკენ სხვა ფიქრებიც წამომეშალა და ციხეში მყოფი ყველა უდანაშაულოსა და პროვოკაციებით დაკავებულების ნაცვლად მინდა, ვიყვირო, _ დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!
ეუფ, რამდენი დოქსოპულო გვყავს, ამათ რა მოერევა?
ამიტომ, იქნებ, ღირდეს დაფიქრება და მაღალი მორალისა და ზნეობის კანონმდებლებმა კანონებსაც გადახედონ ჰუმანურობის კუთხით, ამ შემთხვევაში კი აბესაძის თავდებით განთავისუფლების შუამდგომლობასაც მოაწერონ ხელი.
ცუდი არ იქნება, თუ ივანიშვილებიც მიხვდებიან, რა გაუჩალიჩეს „კანონის დამცველებმა“.
გამოუშვით ოთარ აბესაძე, გამოუშვით, ის არსად გაიქცევა!
შესძახეთ ვინმემ, _ აბესაძე, „ს ვეშჩამი“!

არმაზ მეტრეველი