კაცის კაცების მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს!

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ, უმრავლესობას პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება შესთავაზა.

„გთავაზობთ ერთგვარ პროცედურულ ჟესტს: დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და ინიცირება მოახდინეთ იმის, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ეგეთი ვარიანტი? ხომ გაქვთ უმრავლესობა“, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „თქვენ რომ ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიქნებოდით 116 კაცი და თქვენ _ 21, ასე რომ, ბატონო გიგა, ჭკუაში მოტყუება ცოტა ისეთი მცდელობაა“.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.
არაფორმალურმა მმართველობამ ის შედეგიც მოგვიტანა, რომ „ბრძენკაცის“ მორიგი „ხელის ბიჭი“ ოპოზიციასთან შედარებით სიჭკვიანეზე საუბრობს.
და რაში გამოიხატება „ოცნების“ სიბრძნე, _ გაკოტრებული მაჟორიტარული საარჩევნო წესის დატოვებაში, ვინმე „ხმოსნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევასა და ა. შ.?
ჭკვიანები ერთ რამეში ხართ: პატრონთან მონურ დამოკიდებულებაში, ყველა მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გაშმაგებულად „გაპრავებაში“, დედაქალაქის ისტორიული ცენტრის ერთ ლარად გადაცემაში…
ეს გააფთრება არ გყოფნით ბორჯომის ხეობის (სხვა ადგილების) გადაწვისას, როცა საჭირო რეაგირებას რამდენიმე დღით დაგვიანებით იწყებთ; როცა პატრონის კუთვნილი ვერტმფრენები ავღანეთის ცას სერავენ და ბორჯომში ხე აღარ რჩება ცოცხალი.
ამ დროს „ბრძენკაცი“ უბრალო მოკვდავების წინაშე ერთადერთხელ, ისიც კონცერტზე ჩნდება. ყველა სხვა დროს მისი სახელი ასწლოვანი ხეების ამოგლეჯა-გადატანისას ისმის.
აგვიხსენით, რაში ხართ ჭკვიანები, მმართველობის ხუთი წლისთავზე უამრავ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ წაართვით და პენსია რეალურად ვერ გაზარდეთ იმ ფონზე, როცა ლარის ღირებულება განახევრებულია?
იმაში, რომ ოკუპაციის საკითხში არც ერთი ნაბიჯით წინ არ წაგიწევიათ? პირიქით, საქართველოს პრობლემა ყველა საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსენით და ქვეყანა რუსეთთან პირისპირ დატოვეთ, რომელიც უკვე ყოველდღიურად ქვეყნის სიღრმეში მოიწევს, ხმის ამომღები კი არავინაა.
ელიტურ აღებ-მიცემობაში ჩაფლული სამთავრობო სტრუქტურები დღე და ღამე მეტი ფულის შოვნაზე მუშაობენ და არად დაგიდევენ ხალხის მდგომარეობას; მილიონიანი ტენდერები, რომლებიც კორუფციული ნიშნით ფორმდება, მაშინ, როცა უფასო სასადილოებზე სამარცხვინოდ მიზერული თანხები იხარჯება და იქაც ადამიანები რიგში დგანან.
სამართალდამცველ უწყებაში სისტემური პრობლემები დააბრუნეთ, სადაც ადამიანის უფლებების შელახვა ჩვეულებრივი, რიგითი ამბავია.
საერთოდ, სად გაქვთ წარმატება, ადამიანები რომ გენდონ და გამოგყვნენ? დედაქალაქში, მმართველობის სამი წლისთავზე სად გაქვთ პროგრესი? ბეტონის ჯუნგლებში ჟანგბადი აღარ არის, ცენტრალურ უბნებში უზარმაზარ კორპუსებს ისე აშენებენ, რომ მეზობელი აივანზე ვეღარ გამოდის, შენობა პირდაპირ ზედაა (სხვათა შორის, ასეა ივანიშვილის სასტუმროც თავისუფლების მოედანზე), არაერთი მწვანე ზოლი განადგურდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კატასტროფაა ამ ქალაქში, ერთხელ მაინც იმგზავრეთ „მარშრუტკებით“ და ამაში დარწმუნდებით, ადამიანები ერთმანეთს თავზე ასხედან, სუნთქვა შეუძლებელია, გზებზე მთელი დღე საცობებია, ამ დროს ახალ ხიდებსა და შემოვლით რკინიგზაზე უარი თქვით, მხოლოდ მმართველობის ხუთი წლისთავზე მიხვდით, თქვე „ჭკვიანებო“, რომ ამის გაკეთება აუცილებელია?
რომელი ერთი „სიჭკვიანე“ ჩამოვთვალოთ? ამიტომ ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანია: ნებისმიერ ნორმალურ, განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში თქვენისთანა „ჭკვიანებს“ ისტორიის სანაგვეზე, უფრო კულტურულად, პოლიტიკურ ოპოზიციაში გაუშვებდნენ და ასეთ ყოვლად უუნარო, მხოლოდ ფულის კეთებაზე გადასულ ხელისუფლებას უკან მობრუნების შანსსაც არ დაუტოვებდნენ.
ჩვენში კი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე გაღატაკებული ამომრჩევლებისთვის 10-15 ლარის დარიგება, სამწუხაროდ, ისევ ჭრის.
„ქოციანობასთან“ (ისტორიას სამარცხვინო ფურცლად რომ დარჩება) ამ ადგილობრივ არჩევნებზეც დამშვიდობება ვერ მოხერხდა (რისთვისაც ათასგვარი მაქინაცია გამოიყენეს), მაგრამ ეს გარდაუვალია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე (თუ მანამდე მორიგი რევოლუცია არ მოხდა).
შეუძლებელია, გუნდის რაიმე სიჭკვიანეზე ვისაუბროთ, როცა ეს გუნდი დილიდან საღამომდე ერთი არაფორმალური მმართველის (რომლის პასუხისმგებლობა ნულის ტოლია) დაკრულზე ცეკვავს. „ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არარაობაა, რომელსაც დიდი დღე არ უწერია, ამიტომ კაცის კაცების მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი.
მანამდე პარადი კობახიძეს მიჰყავს, გიხაროდენ!

გიორგი მეფარიძე