სად და რა ვითარებაში დაიღუპა ზურაბ ელიბაშვილი?

ტრაგედია, რომელიც გასულ წელს თბილისში დატრიალდა, დღემდე ბურუსითაა მოცული. გაურკვეველ ვითარებაში თბილისში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, ზურაბ ელიბაშვილი დაიღუპა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულ დამნაშავეს ვერ მიაკვლიეს.
მანანა ელიბაშვილი უწყებიდან უწყებაში დადის, მაგრამ სამართალი ამ დრომდე ვერ იპოვა. კადრები, რომელიც საქმეში დევს, ნათლად აჩვენებს, რომ ზურაბ ელიბაშვილს პატრული მისდევს, შემდგომ კი მისი კვალი იკარგება და მას მოგვიანებით მტკვარში პოულობენ.

ზურა ელიბაშვილის დედა _ მანანა ელიბაშვილი, „ქრონიკა+“-თან დუმილს არღვევს:

_ ქ-ნო მანანა, ძნელია, მაგრამ დავიწყოთ ამ ტრაგედიის დეტალების გახსენება.
_ 31 ივლისს მე და ჩემი ბიჭი საქართველოში გავფრინდით, საფრანგეთიდან ჩავფრინდით და ჩემი მეორე ბიჭი უნდა დამხვედროდა. ორი შვილი მყავს: ერთი პირველი ჯგუფის ინვალიდია და მეორე, რომელიც გარდაიცვალა. აეროპორტში რომ ჩამოვფრინდით, ზურა არ მოვიდა, არ დაგვხვდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. თვითონ ისეთი პიროვნებაა, არ არსებობდა, არ მოსულიყო, ასეთ რამეს ზურასგან არასდროს მოველოდებოდი. გავოცდი, რომ არ მოვიდა. სახლში გადავრეკე და მითხრეს… _ ზურა წამოვიდაო. ყველა გაოცდა, იმიტომ, რომ გაგვიკვირდა, სად უნდა წასულიყო, როცა ინვალიდი შვილი ჩამომყავდა?.. ისედაც არც მე მიღალატებდა, ეგეთი რამე მაგისგან მოულოდნელი იყო, გავგიჟდით… მერე ჩემს მულს გადავურეკე და ჩემმა მულიშვილმა „აიფონის“ ტელეფონით ზურას ტელეფონს მიაგნო. არ ვიცოდი, ზურაც იქ იყო თუ არა. ამ ტელეფონის კვალს მიყვნენ, მე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი, ბარგი დავაწყვე და იმ ადგილას მივედი, სადაც ჩემმა მულიშვილმა მიმითითა. მანქანა საჯარიმოზე აღმოჩნდა, ბელიაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ნაავარიევი გადაუყვანიათ. ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ტელეფონი, საბუთები გვერდზე იდო, სკამზე ამოღებული იყო მანქანის პასპორტი და მართვის მოწმობა. ვთხოვეთ, იქნებ, ეს საბუთები მოგვცეთ, ან ტელეფონი, რომ გავიგოთ, ვის დაუკავშირდა ეს ბიჭი, სად გაქრა და სად წავიდა-მეთქი. ვიკითხეთ, როგორ შეიძლებოდა, ზურას მანქანა საჯარიმოდან გაგვეყვანა. გვითხრეს, რომ თქვით, თითქოს, სხვა იჯდა საჭესთან და გაგატანენო. თვითონ მანქანა ზურაზე იყო გაფორმებული. მერე ორთაჭალაში მე-12 ოთახში წავედით, ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მე ვიჯექი საჭესთანო. მანქანა წამოვიყვანეთ, ტელეფონი ვნახეთ და ბოლო ზარი დარეკილი იყო ღამის 2 საათსა და 24 წუთზე ჩემს მეზობელ ბიჭთან. ეს ბიჭი ციხეში ნაჯდომია, იქ ვიღაც გოგო გაიცნო, ის ჰყავს ცოლად და იმასთან ერთად იყო. თურმე, მანამდეც დაურეკავს ზურასთვის. ზურა ეზოს ასუფთავებდა საჭრელი აპარატით. ამ ბიჭისთვის უთქვამს, _ არ მცალია, დედაჩემი ჩამოდის და ვასუფთავებო. ზურა 13 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და არასდროს ყოფილა საქართველოში 13 წლის მანძილზე, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საქართველოში ყოფნის პერიოდში სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა თვეების განმავლობაში თავისი ძმისთვის: გაზი, წყალი შეიყვანა. ორ დღეში უკან ბრუნდებოდა საფრანგეთში, უბრალოდ, ჩვენ უნდა დაგვხვედროდა. გვითხრა, დაგაბინავებთ, ყველაფერს აგიხსნით, სად რა იღება, გამათბობლები როგორ ირთვება და უკან დავბრუნდებიო.
_ თუ გქონდათ მეზობელთან კომუნიკაცია, რატომ ურეკავდნენ ერთმანეთს?
_ რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ გავიგეთ, არ ვიცოდით, რომ ამ ბიჭის დარეკილი იყო. სანამ გავიგებდით, ნომერი ვნახეთ, ტელეფონს კოდი ედო და ამ ბიჭმა გვითხრა, _ მომეცით ეგ ტელეფონი და კოდს მე მოვახსნევინებო. კიდევ კარგი, არ გავატანეთ. ვიღაცამ იცოდა მოხსნა, ამ წუთას აღარც კი მახსოვს, ვინ იყო, შოკში ვიყავი, მამიდაშვილმა თუ ვიღაცამ. როცა კოდი მოიხსნა, ვნახეთ, რომ ეს იმ დათოს დარეკილი იყო, ბოლო დარეკილი… მერე დაველოდეთ, 24 საათი უნდა გავიდესო. მოვიძიეთ მორგი, კრიმინალურები, ყველგან ვიყავით, _ იქნებ, სადმეა ეს ბიჭი დაჭერილი-მეთქი, აბა, სად გაქრა, ან რა უნდოდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, როცა მტკვრის მარცხენა სანაპიროთი მოდიოდა აეროპორტში?.. როგორც კი 24 საათი გავიდა, პოლიციაში განვაცხადეთ. ჩვენთან სახლში მოვიდნენ, ავუხსენით, რომ ბიჭი გაქრა, მანქანა საჯარიმოზეა, მანქანა არ გვაინტერესებდა, ზურა გვაინტერესებდა. კარგითო და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში დაგვიბარეს. წავედით. იქ, მგონი, შოთა ჟორჟოლიანს შევხვდი. მეორე დილისთვის 11 საათზე დამიბარეს. 11 საათზე დილით წავედით და გამომძიებელი ამჯერად ქალი იყო. იქ დარეკეს, თავის ახლობელს გადაურეკოსო. მართლაც გადავურეკე ჩემს მულს, რომელმაც მითხრა, _ ზურა მტკვარში დამხრჩვალი ვიპოვეთო. ისეთი დასახიჩრებული იყო სახეზე, ისეთი დასახიჩრებული, რომ წარმოუდგენელი იყო ცნობა, ახლობლებმაც ვერ იცნეს. ერთადერთი, საქართველოში გულზე გაუკეთებია ტატუ გიორგის სახელით. მერე კარგა ხანი რომ გასულა, იმ ადგილას მოხვდა და მეგობარი ბიჭი ამბობდა, შემოაბზრიალა მანქანა, უკან მობრუნდა და თქვა, _ საფრანგეთში რომ ჩავალ, მარიამს ეწყინებაო და მეორე მხარეს „მარიამი“ ჰქონდა ამოტვიფრული. ამით იცნეს, რომ ეს ზურა იყო. წამოვიყვანეთ და პოლიციამ შემოგვითვალა, _ რომ დაასაფლავებთ, მერე მოხვალთ, თუ მანამდეო? ჩვენ ვუთხარით, _ დავასაფლავებთ და მერეო. დავასაფლავეთ თუ არა, დიდუბე-ჩუღურეთის გამომძიებელს დავურეკე, წავედით და პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც გვეგონა. შემთხვევითობას აწერდნენ. ჩვენ ჯიქურ ვეუბნებოდით, რომ არაფრით არ შეიძლება, პიროვნება ხომ უნდა იცოდე და ისე დააბრალო რაღაც. ძალიან უნდოდათ დაებრალებინათ, რომ მტკვარში გადახტა და დაიხრჩო…
_ და რას გეუბნებოდნენ, ნაავარიევი მანქანა ბელიაშვილის ქუჩაზე როგორ აღმოჩნდა, თუ, ვთქვათ, ზურამ გადაწყვიტა, თავი დაეხრჩო?
_ ამ საქმეს პოპიაშვილი იძიებდა და მითხრა, _ ეს მარცხნივ მიდიოდა, სავარაუდოდ, მან ბარათაშვილის ხიდი გადმოჭრაო. უკან გამობრუნდა და იქ რა მოხდა, ამას ვერასოდეს გავიგებთ იმიტომ, რომ მარტო შენმა შვილმა იცის და ის კიდევ მკვდარიაო. ალბათ, ფიქრობდა, წადი და ჰკითხეო, რა… მე ვუთხარი, _ არაფრით არ არსებობს, ზურა მობრუნებულიყო და მეორეც, ვერ დაიხრჩობოდა, მუხლებამდე წყალია, ბრწყინვალედ ცურავდა, ატლანტიკის ოკეანეს ცურავს ბიჭი და მუხლებამდე წყალში დაიხრჩო-მეთქი? თან კიდევ ვუთხარი, რომ ინსტიტუტიდან მომავალი, სანამ საფრანგეთში წამოვიდოდა, ნახა, რომ მტკვარში გოგო გადახტა, ავიდა ბორდიურზე, გადახტა და გადაარჩინა, იმის მერე 13 წელი კიდევ აქ ცურავდა და ეს ამბავი რომ გამორიცხა, მერე აღარ მიაწვა ამ ვერსიას. თავი რაზე უნდა მოეკლა და რაზე უნდა გადამხტარიყო, გლდანში ვერ მოიკლავდა თავს, ან საფრანგეთში? მაგას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა, ძალიან კარგად ცხოვრობდა. მთელმა უბანმა იცოდა, დედაჩემი ჩამოდის და დიდი სუფრა უნდა გავშალოო, ყველა დაპატიჟებული ჰყავდა. მერე ვეუბნებოდი, პირადობას, მართვის მოწმობას და მანქანის საბუთს ვის აჩვენებთ? სამართალდამცველს ხომ იმ ადგილას შეხვდა, ვისთანაც კონფლიქტი მოხდა. ზურა ის ბიჭი არ იყო, ვინმეს გაქცეოდა, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა: საბუთები, ქართული მართვის მოწმობა, ფრანგული მართვის მოწმობა, ყველაფრის საბუთები ჰქონდა და რატომ უნდა გაქცეოდა? ეს ის ბიჭი არ იყო, ვიღაცას თავზე გადაევლო. იქ ისეთი რამე მოხდა, რომ ეს მიხვდა, სხვა გამოსავალი არ იყო და უნდა გაქცეულიყო, თორემ რატომ გაიქცეოდა? ეს გამომძიებელი პოპიაშვილი ძალიან განერვიულდა. სამი დღის დამარხული მყავდა შვილი და მიყვირა, _ პოლიცია თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებდაო, იქ გამოიარა, გზაში პოლიცია შეხვდა და იმ პოლიციას გადაასწრო, თუ რამე პრობლემა ჰქონდა, რატომ არ მიმართა პოლიციას დასახმარებლადო? მე ვუთხარი, _ იმიტომ არ მიმართა, იქაც პოლიციელებმა გააჩერეს, იგივე ადამიანებმა გააჩერეს და იმიტომ არ მიმართა, თორემ პრობლემები რომ ჰქონოდა, მართლაც პოლიციას ეტყოდა-მეთქი. გადაასწრო პოლიციას მეორე მხარეზე, უკვე საბურთალოს პოლიციას მარჯვენა მხარეზე და მერე ჩვენ გვაქვს უკვე პოლიციის გარეთა სათვალთვალო კამერით გადაღებული…
_ რა ჩანს ამ კადრებში?
_ გვაქვს და გადმოგიგზავნით…
აშკარად ჩანს, რომ პატრული გვერდზე დგას, მერე გადასწრება რომ მიდის, ეს ამ მხრიდან გადაუსწრებს, ე. ი. დანახულიც არ ჰყავდათ, სწრაფი სიჩქარით მოდის, ვიღაცა მოსდევს და აქეთ მოდის, რომ გადაასწრო თუ არა, 200-300 მეტრში დაშვებული ბორბლით გადაასწრო და თან ციმციმები აქვს ჩართული, ავარიულები… და წინა მარჯვენა ბორბალი გადასძვრება. ეს უკვე გადაღებული მასალიდან ჩანს. გადასძვრა ბორბალი და ეს დისკით გააგრძელებს ისევ… ამას ვეუბნებოდი გამომძიებელს, ის დისკით არ წავიდოდა, ხომ იცის, რომ მანქანას გააფუჭებდა, ე. ი. უსაშველო სჭირდა საწყალს და საშველად გარბოდა, ვისთან გარბოდა, რა ვიცი…
_ რამდენი წელია, რაც გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე?
_ ერთი წელია, შარშან 3 აგვისტოს იპოვეს წყალში, წელიწადი და სამი თვეა…
_ რას გეუბნებათ გამოძიება, რა ვერსიებზე მუშაობენ? თქვენი ვარაუდები რა არის?
_ გამოძიება თავიდანვე ამაზე მიდიოდა, რომ გადახტა და წყალმა დაახრჩო. გამომძიებელს ვუთხარი, _ ადგილზე ვნახეთ ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დამალავდნენ კიდევაც ამ ჩანაწერებს, ყველაფერს, უბრალოდ, იმათმა გაიგეს, რომ იქვე მაღაზია არის და ჩვენ იქ უკვე ვიყავით, როცა ვეძებდით. იფიქრეს, ამ ყველაფერს ვუყურეთ და იმიტომ გამოაჩინეს. გამომძიებელმა გვითხრა, ვიდეოჩანაწერები არის, მაგრამ არ მინახავს, ყველაფერს მე ხომ არ ვნახავ, ჩემმა კოლეგებმა ნახეს, რომ გადაასწრებს პატრულს, მიდის და რატომ გარბის, ვერ გავიგე, გაეჩერებინა პოლიციისთვის და მიეხმარებოდაო… ამ ლაპარაკის დროს უკვე მივხვდი, რომ საქმე არ იყო კარგად, ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ. ვუთხარი, _ თუ ზეწოლა გაქვთ ვინმესი, მე ადვოკატს ავიყვან-მეთქი… _ არ არის საჭიროო. რა თქმა უნდა, ადვოკატს მივმართე, რადგან ამათმა ისე დამალეს, საერთოდ გამოუძიებელი იყო ეს საქმე და ვერაფერს გავიგებდი… გაექცა პოლიციას, აგერ წყალში გადახტა და რა მოხდა, რა ვიცი?
_ ქ-ნო მანანა, ამ შემთხვევის თვითმხილველები არსებობენ?
_ თვითმხილველები არსებობენ, ვიდეოჩანაწერშიც ჩანს ვიღაც წითელმაისურიანი ბიჭი, რომელიც მიდის და გააგდებენ, ეუბნებიან, წადიო. დღემდე წელიწადი და სამი თვეა, ეს პიროვნება, რომლის სახეც ძალიან კარგად ჩანს, ვერ აღმოაჩინეს… თუნდაც აღმოეჩინათ, სავარაუდოდ, როგორც უნდოდათ, ისე შეკერავდნენ. ისინი უკვე წინასწარ აწყობენ ამ საქმეს… და სანამ ჩემს შვილს ვიპოვიდით, მეორე დღე რომ გათენდა, ყველა განერვიულებული ვიყავით, ამდენი ხალხი სახლში ვნერვიულობდით, ჩემი მეუღლის ტელეფონზე ზარი დაირეკა. ჩემმა მულმა აიღო და უთხრეს, მანანა გვინდოდა, ელიბაშვილიო. მომაწოდა ტელეფონი და ვიღაც კაცი მეუბნება, _ იცით, რა არის, თქვენი კორპუსის წინ ვდგავართ (ჩვენ გლდანში ვცხოვრობთ, კერძო ბინა გვაქვს და მასივშიც გვაქვს კორპუსის ბინა), რომელ სართულზე და რომელი ბინაა თქვენი, რომ თქვენზე ამანათია მოსული და გვინდა, გადმოგცეთო. ჩემს მულს ვუთხარი, _ ამის ნერვები არ მაქვს, უპასუხე-მეთქი. მართლა არ ვიცოდი ზუსტი მისამართი, რა ნომერი ბინა იყო და რომელი კორპუსი, ამ წუთასაც არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვიცხოვრია იქ, უბრალოდ, ვიყიდეთ… ჩემმა მულმა უთხრა, _ ახლავე დავადგენ მისამართს და გადმოგირეკავთო… სანამ დარეკა, დაახლოებით, 10-12 წუთში, ტელეფონს რომ დახედა, ჩემმა მულმა ნახა, რომ 7-იანები და 1-იანები იყო. ეს ზარი კიდევ შემოვიდა და ჩემმა მულმა სართული და სადარბაზო უთხრა. ამით მორჩა… შეგვეკითხნენ, _ ყველანი სახლში ხართო? იმ საღამოს ჩემმა მულმა დამირეკა და მითხრა, _ ჩემი მაზლი მოვიდა და თქვა, თავიდან გვეგონა, რომ ზურა ვიღაცამ გაიტაცა, რადგან მე ჩამოვდიოდი და იფიქრეს, ფულს გამოვართმევთ, ან რაღაცა და ისეთნაირად წაიყვანეს-მეთქი. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, დაგვირეკეს… როგორ? ბიჭმა, რომელიც ტელეფონს ხელიდან არ უშვებდა, ტელეფონი როგორ დატოვა? რომ გარბიხარ და გიჭირს, კომუნიკაციის საშუალება გინდა პირველ რიგში, ტელეფონი რატომ უნდა დაეტოვებინა?..
_ უკაცრავად, ამანათზე რა გაირკვა, ნამდვილად ამანათი იყო?
_ ჩვენ ამ ვერსიაზე ვფიქრობდით და ამიტომ ვთქვი, ჩემი მულისთვის მაზლს უთქვამს, რომ იქნებ, გატაცებულიაო. ეგრეც გვეგონა. ამას რას მოვიფიქრებდი, რომ ზურა მოკვდებოდა?! იციან ხოლმე შეტყობინება, ან წერილს გამოგიგზავნიან, ან ვინმეს ეტყვიან, ან რაღაცაო და ჩემმა მულმა უცბად თქვა, ეს ზარი იმას ხომ არ ნიშნავდა, წერილი ხომ არ მოვიდა რამე იმ ბინაზეო?!. და მითხრა, ეს ტელეფონი მე მომიტანე დილით, რომ ჩამოივლიო და ამას ჩემს ბიჭს გავაშიფრინებ ყველაფერს კარგად, ვინ დარეკაო. დილით მანქანით გავიარე და ჩემს მულს ტელეფონი მივაწოდე, მე გამომძიებელთან წავედი და მაშინ გავიგე, რომ ზურა დაიღუპა. ჩემმა მულმაც ვერ მოასწრო ამ ტელეფონის ნახვა. ჩავედი თუ არა, მეზობელი მეკითხებაო, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება თევზაობდა, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იპოვეს, რა ფერის ბოტასები ეცვა შენს ძმისშვილსო? ყველამ ხომ გაიგო, მთელმა გლდანმა იცოდა, მთელმა ნათესაობამ და მათმა მეზობლებმა, რომ ზურა, რომელიც ვერცხლისწყალივით იყო, დაიკარგა და ორი დღე ვერაფრით ვპოულობთ… ეს ბოტასები რომ მითხრაო, _ ჩემმა მულმა თქვა, _ ეგრევე თავში დამარტყა, იმიტომ, რომ წინა საღამოს ჩემი ძმისშვილი ამოსულა დასამშვიდობებლად, ავსტრიაში მიდიოდა და ზურას უთქვამს, _ ვაა, ნიკა, რა მაგარი ბოტასები გაცვია, არც მინახავს ეგეთებიო. ნიკას მაშინვე გაუხდია და უთქვამს, _ აჰა, ზური და შენი იყოს ეს ბოტასებიო, თვითონ ჩუსტებით წასულა. აი, ამ განსაკუთრებულმა ბოტასებმა, რომელიც თბილისში არავის ეცვა, მიიქცია ყველას ყურადღება. მე არ მინახავს საერთოდ, არ ვიცი, რაღაც ფერები ჰქონია და როგორც კი მითხრაო, ჩემმა მულმა თქვა, თავში შემოიკრა და მთელი ამბავი იყო… ამანაც ვერ მოასწრო ამ ტელეფონის გაშიფვრა. უკვე ზურა ვიპოვეთ, ერთი ამბავი ატყდა, ყველანი შოკში ვიყავით და ვის ახსოვდა. ზურა რომ დაიმარხა, ამანათზე მერე ვიფიქრე, _ რა იქნა ის ამანათი, მე რომ მომიტანეს-მეთქი? გადავატრიალეთ ყველაფერი, მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, ოფიციალური საბუთიც გვაქვს, რომ ჩემს სახელზე არასდროს არ ყოფილა არანაირი ამანათი შემოსული და თვითონ ამ კურიერმა გვითხრა, რომ ეგ კორპუსი ზეპირად ვიცი და მე რატომ დავურეკავდი ვიღაცას, ამნაირი ამანათი არ ყოფილაო…
_ ტელეფონი ვის ეკუთვნოდა, ვერ დაადგინეთ, ვინ დაგირეკათ?
_ ეს ყველაფერი გამომძიებელს ვუთხარით, როგორც კი შევხვდი, _ ეს საეჭვო ზარი იყო და ამონაწერს გავაკეთებ-მეთქი. თქვა, რომ არ არის საჭიროო… გავიდა, დაახლოებით, ერთი კვირა და გვითხრა, _ მომიტანეთ იმ ტელეფონის ამონაწერიო… წარმოიდგინეთ, ამონაწერში ნომრები გაქრა, ორი ერთნაირი ნომერი, 10 წუთის სხვაობით, 15 წუთის სხვაობით, დარეკილი საერთოდ აღარ არის. მაშინვე ვუთხარი, _ ამაში ისეთი პიროვნებაა ჩარეული, ყველგან რომ მიუწვდება ხელი-მეთქი. როგორ შეიძლება, იქ რომ დავილაპარაკეთ, სახლში 20 კაცი მაინც იყო, ყველამ მოისმინა, რომ ტელეფონზე ვილაპარაკე, რა იქნა ეს ნომრები? აღარ არის ეს ნომრები, საერთოდ გაქრა!.. რასაც გამომძიებელს ვეუბნებოდით, ის მერე იმას აკეთებდა, რაც სჭირდებოდა, ამიტომ ავიყვანეთ ადვოკატი და ეს საქმე დღემდე მოდის. ორად-ორი პატრული დაიკითხა. დაზარალებულის სტატუსი, რა თქმა უნდა, არ მქონდა. 115-ე მუხლით აღიძრა საქმე და საბუთებში ვერც ვიხედებოდი, ვერ გავიგეთ, რა იყო, რა ჰქონდათ ამათ და რა _ არა. ვეუბნებოდი, რომ ეს კამერები ხომ არის ქუჩაში, ეს რადარია თუ რაც არის, ეს ყველაფერი ამოიღეთ, ასევე, ბენზინგასამართი სადგურების კამერებიდან, რომ ვნახოთ, რა მოხდა ნიკოლოზის ეკლესიამდე. ვინც იყო, კამერებში ჩანს და ნიკოლოზის ეკლესიასთან ჩემი შვილის კვალი იკარგება. ნიკოლოზის ეკლესიიდან წამოსული და მთელი მარჯვენა სანაპირო არც ერთი კამერა არ არის ამოღებული, ე. ი. ნიკოლოზის ეკლესიასთან რაღაც მოხდა, დაედევნენ და იმ ვიღაცების დახმარების გამო არ ამოიღეს კამერები ბოლომდე, მათ შორის, არც ბენზინგასამართი სადგურების კამერებიდან. როგორც ეტყობა, პატრული დაედევნა, იმათთან შეიკრა და მოკლეს. ეს პატრული რომ მიჰყვება უკან, ერთდროულად, რაღაც ერთი-ორი წუთის განსხვავებით, წუთნახევარში, 7 საპატრულო მანქანა მიდის, პირველი მისული მანქანა, რომელიც უკან მიჰყვებოდა, კუჭაძე და ხაზალია, ეტყობა და ჩანს, არ ეუბნებიან, საით წავიდა. მერე უკვე ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ, „რუსთავი 2“-მა მოიპოვა კასეტა და რომ ჩამოვედით, ამ ზაფხულს გადმოგვცეს. იქ ჩანს, რომ კუჭაძე და ხაზალია ორ წამში მისდევენ, წუთებზე აღარ არის ლაპარაკი, ორ წამში მიჰყვება კუჭაძე, რომელმაც ხელი კრა და ჩემი შვილი გადააგდო.
_ რა ვერსია გაქვთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ თქვენი შვილი ამ დევნის ობიექტი გახდა პატრულის თანამშრომლებისა და ეკიპაჟების მხრიდან?
_ ვერსია არ მაქვს, ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო. პირველივე დღეებიდანვე ვამბობ, რომ აქ ვიღაც მაღალი რანგის პიროვნებაა ჩარეული, რომელმაც ეს ყველაფერი მოაგვარა. ამაშია ჩარეული დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი სულხან თამაზაშვილი, მისი მოადგილე, რომელთანაც ძალიან ახლო ნაცნობობით მივედით და რომელმაც უტიფრად მომატყუა, რომ, სამწუხაროდ, ქალბატონო, ეს კამერები ყველა არ მუშაობს, სარემონტო სამუშაოებია აგვისტოში და, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე არ იმუშავებსო. ამათ მაინც ეშინოდათ, რომ ეს კამერები არ გამოგვეთხოვა. ჩემმა ადვოკატმა ოფიციალურად უთხრა პოპიაშვილს, _ გამოითხოვე ეს კამერები, მოვა დრო და ამას მოგთხოვენ, არ გაჩერდებიან, შვილი მოუკვდა ადამიანს, ხომ? გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს, რატომ გავჩერდები, ხომ? არ მაქვს იმის პრობლემა, რომ ბოლომდე არ მივყვე ამ საქმეს. მაინც არ მოითხოვა.
_ დავასრულოთ: კიდევ ვინ არიან ამ საქმეში ჩართულები და როგორია თქვენი ვარაუდი, რომ მითხრათ ბოლომდე.
_ ოთხი თვის მერე, პროკურატურასთან აქციის შემდეგ, დეკემბერში, ხუთ წუთში მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი და ოთხი თვის მერე დაიკითხა დანარჩენი ყველა პატრული. მერე მოვითხოვე, ჩემი შვილის მანქანის უკან მაჩვენეთ, ვისი მანქანებია. ხუთი მანქანა ამომიწერეთ, იქნებ, იმათ დაინახეს რამე-მეთქი. ამოვიღე ხუთი მანქანა. ვის ეკუთვნოდა ეს ხუთი მანქანა, გამომძიებელს ორი თვე და უფრო მეტი დასჭირდა, გაეგო. ერთ-ერთ დარეკვაზე ვუთხარი, _ რა ქენით, გაარკვიეთ ეს მანქანები-მეთქი? _ ზოგი გავარკვიეთ და ზოგი _ ვერაო… _ როგორ შეიძლება, ვერ გაიგოთ, შედით ქსელში და უცბად გაიგებთ, ვისია ეს მანქანები-მეთქი. ამიტომ ისევ ქართულად, შინაურულად ვთხოვე ახლობელს. კრიმინალურ პოლიციაში მუშაობს, იმან 20 წუთში დაგვიდგინა, რომ პირველივე მანქანა, რომელიც ჩემს შვილს უკან მიჰყვება, არის საპატრულო დეპარტამენტის მანქანა _DD554შშ, შიგნით არიან ლილუაშვილი და გიორგი გორგილაძე. მერე მოვითხოვეთ ამათი დაკითხვა. დეკემბერში დაკითხეს. მაგრამ ბოლოს ჩვენი ვერსია რა არის და რაზე გვაქვს პრეტენზია, რა მოხდა: ეს პიროვნება, ჩვენი მეზობელი, რომელიც ხუთი თვის გამოსული იყო ციხიდან, ინტერნეტით მოვიძიეთ და ვიცით, რომელსაც გავლილი აქვს 236-ე, 179-ე, 181-ე, 184-ე, 224-ე, 353-ე, 343-ე, მე-19, 144-ე, 109-ე მუხლის გასამართლებები… ეს ახლა მოვიძიეთ ამ პიროვნებაზე… ზურასთან სტუმრად მთელი უბანი მიდიოდა, იმიტომ, რომ ამდენი წელი არ ენახათ. ეს პიროვნება ჩვენი უბნელია, იქ გაიზარდა. ის ბოლოს მივიდა, ბოლო ზარიც მისი დაფიქსირდა, დილით თავისი გოგოს, ამ ირინას ტელეფონით არის დაფიქსირებული ეს ზარი…
_ ამ პიროვნების სახელი და გვარი მითხარით.
_ დავით გამხუაშვილი, კრიმინალურ წრეში ცნობილი „კოჭოს“ სახელით. აი, ეს ადამიანი ძალიან ახლო ურთიერთობაშია მას მერე, რაც რუსთავის კოლონიაში იხდიდა სასჯელს და მისი კოლონიის დირექტორი იყო ალექსანდრე ბირთველიშვილი, პოლიციის სამმართველოს უფროსის ამჟამინდელი მოადგილე. ეს არ არის ჩემი ვარაუდი და ეჭვი, ეს არის ასპროცენტიანი, აი, ეს ბირთველიშვილი, რომელიც ამას თავისთვის ამუშავებდა, „კოჭო“ უშვებდა ხალხს, რომლისგანაც ფულს აკეთებდა, იმიტომ რომ მის შვილებს კარგად ეცხოვრათ და ჩემი შვილიშვილები ობლები ყოფილიყვნენ, მისი ინვალიდი ძმაც უპატრონოდ დარჩენილიყო და შეიწირეს კიდეც ჩემი შვილის სიცოცხლე… ეს ყველაფერი ალექსანდრე ბირთველიშვილმა დაგეგმა.
_ ანუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილისთვის ამ კრიმინალის მეშვეობით აპირებდნენ პროვოკაციის მოწყობას, თქვენი შვილი საპატრულო პოლიციას გაექცა და…
_ და აღმოჩნდა სხვა საპატრულო ეკიპაჟის ხელში, იმიტომ, რომ ამან გადასცა და დარეკა. სავარაუდოდ, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს იმისგან, ვინც „რუსთავი 2“-ს მიაწოდა ეს მასალები, რომ აქ ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე ურევია. ყველამ იცოდა, რომ ეს ბიჭი რომელიღაც მაღალჩინოსანთან იყო შეკრული, რომელიც ხალხს უშვებდა და აჭერინებდა, ფულს აკეთებინებდა, მაგრამ უცბად ეს ყველაფერი გასკდა… ჩემი შვილი არ მოკვდა და გადავარდა, ხომ? ამათ გადააგდეს!.. იქ არის ფლატე, ზუსტად სადაც გაიქცა, ვიწრო გასასვლელია, იქ წამოეწივნენ. ესენი უარყოფდნენ, რომ არ დაუნახავთ, სად წავიდა. საბედნიეროდ, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, რომელიც თვითონ არ ჰქონდათ ნანახი, რადგან ამ ჩანაწერზე აბლაბუდა არის. ერთზე გვითხრეს, აბლაბუდაა და მეორე იქით არ იყურებაო. ამ აბლაბუდიანში ძალიან კარგად ჩანს, რომ ორ წამში მიჰყვება პირველივე საპატრულო მანქანა რომ გაჩერდა, მძღოლის გვერდზე მჯდომი და ოთხ-ხუთ წამში მიჰყვება მეორე…
_ ნარკოტიკების ჩადებას უპირებდნენ, თუ რას გაექცა, კონკრეტულად?
_ დიახ, ნარკოტიკების… ბირთველიშვილის სამუშაო წესია ეგეთი, როგორც მოვიძიეთ, მაგას მსგავსი მაგალითები ბევრი ჰქონია გურიაში მუშაობის დროს! დიახაც, ეგ გამოვიდა, რომ ფულის გაკეთება და ნარკოტიკების ჩადება უნდოდათ ჩემი შვილისთვის. უბრალოდ, ვერ გათვალეს, რომ ეს ისეთი იყო. იცით, რა არის საშინელება? ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაახრჩეს… ესეც მაგათთვის ცნობილი მეთოდია, ამას აკეთებენ. იყო შემთხვევები, რომ გადააგდეს და საბედნიეროდ, ის ბიჭი გადარჩა. ჩემი შვილი უგრძნობლად იყო, ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, სიკვდილამდე მიყენებული აქვს დაზიანებები სახეზე და ფეხზე, მუხლისა და ტვინის არეში და მერეა წყალში გადაგდებული. ახლა რა ხდება? ეს მანქანები რომ მოგროვდებიან, შვიდი საპატრულო, ეს კუჭაძე და ხაზალია ფეხებში რომ მიყვებიან, ეს ხომ ჩვენ მერე ვნახეთ და ჩვენება შეცვალეს. სამი ჩვენება აქვთ და სამივე სხვადასხვა. პირველ ჩვენებაში უწერიათ, რომ მტკვარი თუ იქ მდებარეობდა, არ იცოდნენ. გაგიგიათ ეგ, კაცი, რომელიც 7 წელი საპატრულოში მუშაობს, არ იცოდა, მტკვარი სად არის?! თავისი ობიექტი არ იცის და თავის კვადრატი სად მდებარეობს?! მერე უწერიათ, _ გაგვექცა და ვეღარ დავინახეთო. დანარჩენი საპატრულო მანქანები რომ მოგროვდა, იმათმა მართლა არ იციან არაფერი. ვიდეოში ჩანს, რომ ეს გაიქცა, ფეხებში მიყვებიან სხვა მხარეს, იმათ მოძებნეს და გაუშვეს, მერე ამათ კუჭაძემ და ხაზალიამ, მოვიდა ბირთველიშვილი (ვისი გულისთვისაც არის ეს ყველაფერი დამალული) და ბირთველიშვილის ხალხი და ჩემი ცოცხალ-მკვდარი შვილი წყალში გადააგდეს და მოკლეს… იფიქრეს, წყალი წაიღებს, სანამ ესენი მანქანას იპოვიანო. გამომძიებელი თვითონვე შემეკითხა, _ რანაირად იპოვე ასე უცბად მანქანაო? იმათ ვერ წარმოედგინათ, რომ ჯიპიესით უცბად ვიპოვიდით მანქანას. იფიქრეს, წაიღებს წყალი, სანამ ესენი მანქანას იპოვიან, აგერ, წავიდა სახლიდან და დაიკარგა, დააბრალებდნენ მერე რაღაცას. ეს ყველაფერი ფაქტია, ჩვენ ვარაუდით არ ვლაპარაკობთ… და ბირთველიშვილი, კიდევ, ამ კრიმინალის ისეთი ახლო მეგობარი რომ არის, ვაიბერშიც კი ჰყავს დამატებული. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პროკურორ რეზო ნადოისთან მოვყევი, ვუთხარი, ჩემი შვილის ზარის მერე შეამოწმეთ, ამ დათო გამხუაშვილმა ვისთან დარეკა-მეთქი. ნადოიმ მითხრა, _ იცით, რა, სამწუხაროდ, მუხლი არ გვაძლევს უფლებას, ეს გავაკეთოთო. მე ვუთხარი, _ ჩემი შვილი მოკვდა, მკვლელობაა, ხომ? როგორ თუ მუხლი არ გაძლევთ საშუალებას?! შეცვალეთ მუხლიც-მეთქი. სამწუხაროდ, ეტყობა, გააფრთხილეს, ეს ამბავი ბირთველიშვილამდე მივიდა და უთხრეს… ეტყოდნენ, რა თქმა უნდა. იმის გამო არის ამდენი ხალხი შარში ჩავარდნილი, მალავენ და მალავენ ამ ყველაფერს, რაც უფრო მალავენ, მით უფრო ბევრი ხალხი ჩაერთო და თავიანთ თავსაც იცავენ ახლა, ფაქტობრივად… გამომძიებელმა პოპიაშვილმა ზუსტად იცის, რა დამალა და რა არ დამალა. იქნებ, კიდევაც აქვს ის ჩანაწერი ნიკოლოზის ეკლესიასთან, მაგრამ დამალეს… ნიკოლოზის ეკლესიასთან 20 საათსა და 50 წუთზეა ჩემი შვილი, 3 საათსა და 03 წუთზე არის მეორე მხარეზე. 13-14 წუთი არის დაკარგული. იქ ჰყავდა გაჩერებული ვიღაცას 14 წუთი, აბა, სად იყო ჩემი შვილი?! ღამე 3 საათზე გზა ცარიელია, რა უნდოდა წასვლას, ხომ? აი, 14 წუთში მოხდა იქ გარჩევა, ხელის შეხებაც და ყველაფერიც. შეიძლება, ეს საბუთები და ტელეფონი არც კი ჰქონდა, წაართვეს… და რომ გაიქცა ჩემი შვილი, სავარაუდოდ, ესროლეს, ჩვენ მანქანის დისკის კერძო ექსპერტიზაც გავაკეთეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ბორბალში აქვს ნასროლი. ბორბალი ამოღებული არ არის, ტანსაცმლის ექსპერტიზა გაკეთებული არ არის, საერთოდ არაფერი არ გააკეთეს. ჩვენ რაღაცას რომ ვეტყვით, ეს რატომ არ გააკეთეთ-მეთქი, მერე ისე გააკეთებენ, როგორც თვითონ აწყობთ… ჯერ ბორბალი არ გაატანეს, სამმართველოში მოიტანეს, ფანჯრიდან იარა ამ ექსპერტიზამ, მართლა უნდა გადამეღო ეს ვიდეო და მეჩვენებინა. ევროპაზე პრეტენზია რომ გაქვს, ასეთი რამე ხდება სადმე?! მერე პროკურატურაში ერთ-ერთ მისვლაზე, 2017 წლის 26 ივლისს აღმოვაჩინეთ, რომ ვიდეოკასეტა წყვეტილია, წამები არ არის, სადაც ჩემი შვილი გადის, მერე უკვე გვაჩვენეს, რადგან ასეთი ამბავი ატყდა. ყველას მივწერეთ, ძალიან ბევრს შევხვდი და გვაჩვენეს ეს ყველაფერი, ნაწილი ვიდეოსი კი „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მოვიპოვეთ… იქ, როცა მერვე-მეათედ უყურა ადვოკატმა, აღმოაჩინა, რომ წამები ამოჭრილია. ჩვენ ვუთხარით, რომ სხვა ვიდეოკასეტას ვნახავთ და თუ სხვაგანაც ასე არის, კერძო ექსპერტიზას გავაკეთებ, თქვენ აღარ გენდობით-მეთქი. სამწუხაროდ, მეორე თუ მესამე დღეს მისვლაზე, შაბათ-კვირა იყო, კასეტა უკვე გაგზავნეს ექსპერტიზაზე. ეს მოხდა 31 ივლისს და დღემდე პასუხი არ არის. იცით, რა მიპასუხეს? _ „გაცნობებთ, რომ ლაშა ამბროლაძის წარმოებაშია 200-ზე მეტი საექსპერტო დავალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, შეუძლებელია ექსპერტიზის დასრულების საორიენტაციო ვადის მითითება“. წარმოგიდგენიათ? ე. ი. 45 დღე ხომ ვაცალეთ, იმის მერე ხომ ორი წერილი გავაგზავნეთ, მერე მინისტრის სახელზე დავწერეთ, _ რა ხდება, მოგვეცით, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამას-მეთქი და როგორი პასუხი მივიღეთ, რომ როდის იქნება, ესეც არ ვიცითო…
_ რას აპირებთ ახლა, ამ გამოძიების პირობებში? როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დასჭირდება, ან შეძლებთ თუ არა, საერთოდ, სიმართლის პოვნას?
_ როგორ ვერ ვიპოვით? ვიცი, რომ ეს ბირთველიშვილმა გააკეთა. დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ პროკურორს ვუთხარი, _ გენდობით, უნდა გამოიძიოთ, ეს თქვენი მოვალეობაა-მეთქი. _ გვითხარით, ვინ დავკითხოთ და როგორ დავკითხოთო? რასაც იტყვით, ყველაფერს გავაკეთებთო. მე ვუთხარი და წერილობითაც მივწერე პრემიერ-მინისტრს და ასლი მაგასაც გავუგზავნე, _ ეს თქვენი კომპეტენციაა და თუ არ ხართ კომპეტენტურები, წადით სახლში და შვილიშვილებს ზღაპრები მოუყევით, რატომ ძღებიან ამ ბიუჯეტით და რაღატომ ჭამენ-მეთქი?! ვეუბნები: მკვლელობა მოხდა, 14 პატრულია, პოლიციაა და ჩემი შვილი, სხვა ამ საქმეში არავინ არის და საქმეს ვერ ხსნიან, თუ ეს შეგნებულად არ ხდება. ნუ ამაღებინებთ იარაღს, ნუ მომაკვლევინებთ შედარებით ნაკლებ დამნაშავეს. ამას გავაკეთებ, ოჯახი აღარ მყავს, საერთოდ აღარ ვარსებობთ, აღარც ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ იმიტომ, რომ ზურას მკვლელი ვიპოვოთ. ჩემი ინვალიდი შვილი გაუბედურდა, ცას ხომ არ გამოვეკერები?! ამ ამბის მერე ან როგორ ვარ ცოცხალი?!. შოკში ვართ ისევ, არც კი მჯერა, რომ ზურა აღარ არის! არაფრის გულისთვის მოკლეს! კაცი მშვიდობიან დროს მოდის აეროპორტში და მარტო ჩემი შვილი და პოლიცია არის და ჩემი შვილი მკვდარია. პოლიციას ევალება თუ არა ჩვენი დაცვა? სხვა რომ გიშავებდეს, პოლიციამ უნდა დაგვიცვას, პირიქით _ პოლიციამ შვილი მომიკლა და ვერ იგებენ. არ ვიცი, ამას ასე არ დავტოვებ, გაეროშიც მივწერ, ყველგან მივწერ, ამის პრობლემა არ მაქვს! ველოდები, რას გააკეთებენ. რა თქმა უნდა, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ამას არ შევარჩენ, არ არსებობს!.. მეუბნებიან, _ იცით, რა არის? დაახლოებით, გირგვლიანის დონის საქმეა, უბრალოდ, მართლა არ უნდოდათ თქვენი შვილის მოკვლა, ასე მოხდაო… რა უფლება აქვს ბირთველიშვილს, იმის გამო, რომ კარგად იცხოვროს და ფულებით ვერ გაძღეს, შვილი ასე მომიკლას?!! ცოცხალ-მკვდარი გადაერჩინათ, წელში გადაწყვეტილიც რომ ყოფილიყო, მე მივხედავდი ჩემს შვილს! როგორ გაბედეს და შვილი როგორ მომიკლეს?!! ჩემი შვილი ცოცხალი აღარ აწყობდათ, ამ ყველაფერს მოყვებოდა. კლდესავით არის, ფლატე ადგილია და იქაა გადავარდნილი. წამოეწივნენ, დაარტყეს, გათიშეს და რომ გადავარდა, მერე ჩავიდნენ და გააკეთეს ყველაფერი. რასაც მე ვყვები, ამ ყველაფერზე საბუთები გვაქვს: წყალი რომ გამოშვებული არ იყო კაშხლიდან და მუხლებამდე რომ იყო…
სანამ პირში სული მიდგას, ბოლომდე ვიბრძოლებ მკვლელების დასასჯელად. ტყუილად ნუ აქვს ვინმეს იმედი, რომ ამ საქმეს მოვეშვები.

ელისო კილაძე