მომავალი წლის ბიუჯეტი: პარამეტრები, პრიორიტეტები და მოლოდინი

გასულ კვირას 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა გაიმართა, სადაც უკვე პირვანდელ ვარიანტს კიდევ 38 მილიონი დაემატა, თუმცა ამით პროექტის განხილვა არ დასრულებულა, მთავრობის მიმართ მთელი რიგი შენიშვნები და რჩევებია, რომელიც სფეროს ექსპერტებსა და პარლამენტის წევრებს აქვთ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით იზრდება შემოსულობები და იგი 12,298,000 ლარს შეადგენს (მიმდინარე წელს 11,457,175 ლარი იყო), პარალელურად, ხარჯები მომავალი წლისთვის უფრო მეტია, ვიდრე მიმდინარე წელს და თუკი 2017 წლის ბიუჯეტით ნაშთი 41,700 ლარი რჩებოდა, მომავალი წლის ბიუჯეტით იგი 66,500 ლარი იქნება. იზრდება ხარჯები და ის 9,504,545.9 ლარს შეადგენს (მიმდინარე წელს 9,121,225.2 9 ლარი გახლდათ).
მომავალი წლისთვის საშინაო ვალი იგივე 400,000 ლარი რჩება, თუმცა იზრდება საგარეო ვალი _ 1,638,000 ლარი (მიმდინარე წელს 1,392,715 ლარი იყო).
მიმდინარე წელთან შედარებით 16 000 ლარით მცირდება იმპორტის გადასახადი და იგი 60,000 ლარს შეადგენს, თუმცა, საერთო ჯამში, 73 000 ლარით იზრდება სხვა გადასახადები და იგი 160 000 ლარს შეადგენს.
იზრდება საავადმყოფოების მომსახურების, განათლების, მცირედით იზრდება სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება (2,564,605.0 იყო და 2,601,311.0 ხდება), თუმცა არ იზრდება პენსია, მეტიც, მომავალი წლიდან ქვეყანა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე გადადის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 3 ნოემბერს ბიუჯეტის კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართა და მის საბოლოო ვარიანტად ჩამოსაყალიბებლად კიდევ ერთი მოსმენა, ამჯერად, მომავალი თვისთვის გველოდება. თითქმის მილიარდით გაზრდილ მომავალი წლის ბიუჯეტს საკუთარ შეფასებას და შენიშვნებს უზიარებენ ექსპერტებიც.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა განწყობებია ამ მიმართულებით სფეროს სპეციალისტებში და რას ფიქრობენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები:

რომან გოცირიძე _ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი:
_ მიუხედავად ბიუჯეტის მოცულობის ზრდისა, იგი, ფაქტობრივად, შარშანდელ არარაციონალურ ხარჯებს იმეორებს. მოსმენისას არ გაითვალისწინეს რჩევები, რაც მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საბჭოს ზოგიერთ წევრს და პარლამენტარებს ჰქონდათ.
ეს არის თვითდინებითი ბიუჯეტი, რომელსაც ეკონომიკისთვის არანაირი სიკეთე არ მოაქვს, მილიარდნახევარი ჩაიყარა სოფლის მეურნეობაში და რეალური მოცულობა პირიქით, შემცირდა, რომ არაფერი ვთქვათ ხვნა-თესვისა და სხვა პროგრამაზე. ეს ბიუჯეტი დაცინვაა პენსიონერებისთვის და 700 000-ზე მეტი ადამიანი გაწირეს შიმშილისთვის. პენსიას ზრდიან მხოლოდ 2019 წელს და ისიც მხოლოდ 20 ლარით. ეს არის პენსიის 11%-ით გაზრდა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ინფლაციის ზრდას იმ სეგმენტში, სადაც პენსიონერები ხარჯავენ ფულს: სურსათი, მედიკამენტები, ელენერგია, გაზი და ა. შ.
გადასახადების გაზრდა, ბუნებრივია, რომ გარდაუვალია. ლარის გაუფასურებაც დაატყობს ამ ყველაფერს ხელს.
ახლა კიდევ რაღაც ახალი მეთოდი გამოიგონეს და ბიუჯეტიდან ბანკებს ფულს აძლევენ. 635 მილიონი აქვთ გაცემული ბანკებზე. კომერციულ ბანკებში ბიუჯეტის ფული დევს და 2018 წელს ხაზინა შიდა ვალს კვლავ ბანკებისგან ღებულობს, ეს არის აბსურდი(!), მაგრამ მას თავისი ეკონომიკური შინაარსი აქვს, ვინაიდან შემდეგ ბანკები ამ სახაზინო ვალდებულებებს, რომლებიც ნაყიდი აქვთ, ანუ ფულს როცა ასესხებენ ხაზინას, ამ სახაზინო ვალდებულებით კომერციული ბანკი მიდის ეროვნულ ბანკში, იღებს რეფინანსირების სესხებს და, ფაქტობრივად, ე.ბ.-დან ნასესხები ფულით კომერციული ბანკები ბიუჯეტს აფინანსებენ. ეს არის ირიბად ბიუჯეტის ინფლაციური დაფინანსება. თუ ჩავთვლით იმასაც, რომ ამ კომერციული ბანკების მეშვეობით ხდება კურსის ფორმირება ბლუმბერგის სისტემაზე, 3 ხელისუფლებას მივიღებთ: მონეტარულ, კერძო საბანკო და სამთავრობო ხელისუფლებას, ეს არის მათი მოლაპარაკება და მთლიანობაში ბიუჯეტი რისკების შემცველია.
ძალიან დიდია ინფრასტრუქტურის ხარჯები. გასაგებია, რომ კეთდება გზები, გვირაბები, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვის ხარჯზე აკეთებენ ამას, პენსიონერების ხარჯზე?!
საბოლოოდ, ამ ბიუჯეტზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეკონომიკურ რისკებს შეიცავს და არ შეიძლება გამოდგეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის საფუძვლად.
იმ რჩევებიდან და მითითებებიდან, რაც შევთავაზეთ, არაფერი გაუთვალისწინებიათ, ბოლო მოსმენაზე კიდევ 38 მლნ დაუმატეს (დამალული ჰქონდათ პირველად ვარიანტში) ბიუჯეტის პროექტს. იზრდება დაფინანსება გარკვეული, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემაში კონტროლის მიმართულებით, იმის მაგივრად, რომ ეს თანხები ფსიქიატრიაში წასულიყო. ყველამ ვიცით, თუ როგორ ცუდ მდგომარეობაშია ეს დარგი. მინიმუმ, 2 წელიწადია, არც ერთი თეთრით არ გაზრდილა დაფინანსება. 16 მლნ იყო მაშინ, როცა ფასები გაიზარდა მედიკამენტებზე, მომსახურებაზე, კომუნალურ გადასახადებზე და უამრავი არანამკურნალევი ადამიანი დაიარება ქუჩაში. საქართველოში მეტი ინციდენტი ხდება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისგან, ვიდრე 10-ჯერ უფრო დიდ ქვეყანაში. ჩვენთან რა თანხაც ფსიქიატრიის მიმართულებით იხარჯება, ის არ ჰყოფნის ევროპაში 1 კლინიკასაც კი. გაწირეს ყველაზე დაუცველი და სუსტი ადამიანები. როგორც წესი, ფსიქიკურად დაავადებულთა ოჯახის მთელი შემოსავლები მედიკამენტებში იხარჯება, სისტემა გაუმართავია, ასე რომ, ეს არის ყველაზე დაუცველი სოციალური ფენა.
მთავრობამ სწორედ ასეთი ადამიანები გაწირა, წელს გაზრდილი 5 მლნ არ ეყოფა კომუნალურ გადასახადებს, მით უმეტეს, ფასები გაიზრდება ლარის გაუფასურების შემდეგ. პრიორიტეტები არ ჩანს, ხოლო ბიუროკრატული სისტემა ძველებურად რჩება საქართველოში, საჯარო სექტორში ერთი ადამიანის გასაკეთებელს ოთხი აკეთებს. დანარჩენი სამი ნამატი არიან ნათესავები, მეგობრები, პარტიული აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ გამოადგებათ ხმოსნებად.

პაატა კვიჟინაძე _ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
_ სხვადასხვა პარლამენტარისა და საბჭოს წევრების შენიშვნები და მითითებები ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. ასეულობით შენიშვნაა, რომელიც უკვე გადაგზავნილია და საბოლოო პასუხს ბოლო მოსმენის შემდეგ, დეკემბერში გავიგებთ.
ამ ბიუჯეტის განხილვა არ დამთავრებულა, ეს მეორე ეტაპი იყო და მესამე ეტაპი დეკემბერში იქნება, ამიტომ საბოლოოდ ბიუჯეტის სახე როგორ ჩამოყალიბდება, ამის თქმა ნაადრევია, თუმცა ძირითადი პარამეტრები გამოჩნდა. მთავარი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ბიუჯეტი გამართული იყოს თავისი პარამეტრებით, რადგან ეს ყველაფერი შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი მიმზიდველობა და მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს ინვესტორებისთვის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკიდან მეტი შემოსავალი მივიღოთ და რომ შემდეგ მეტი სოციალური დანახარჯი გავწიოთ.
კონკრეტულად ვერ გეტყვით, ოპოზიციას რა შენიშვნები ჰქონდა, მაგრამ როცა ისინი ამბობენ, რომ პენსია უნდა გავზარდოთ და გადასახადები შევამციროთო, ბუნებრივია, თუ გადასახადებს შევამცირებთ, ვერც პენსიას და სოციალურ დახმარებას გავზრდით. რა თქმა უნდა, ამგვარი საკითხები არ არის გათვალისწინებული და რაღაცები შეიძლება ემთხვეოდეს ერთმანეთს. მომავალ წელს თითქმის მილიარდით მაინც იზრდება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი.

ვახტანგ ჭარაია _ ეკონომისტი:
_ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი იზრდება და იზრდება ცალკეული სამინისტროების დაფინანსება, ვფიქრობ, უმთავრესი უნდა იყოს სულ რამდენიმე საკითხი: პირველ რიგში, კვალიფიციური კადრების ზრდა, რაც წარმოუდგენელია უმაღლესი განათლებისა და გადამზადების მიმართულების გარეშე. სხვადასხვა კვლევის თანახმად, ქართულ ბიზნესს ყველაზე მეტად პრობლემას უქმნის არა ფინანსების სიძვირე ან კრიმინალი, არამედ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და თუ ქვეყანამ ვერ მოაგვარა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, პერსპექტივაც კი არ გვაქვს, რომ განვვითარდეთ. მაქსიმალურად სწორად უნდა გადავანაწილოთ თანხები და მაქსიმალური ფული უნდა ჩაიდოს განათლებაში.
შეიძლება ამან ერთ და ორ წელიწადში ეფექტი ვერ მოგვცეს, მაგრამ 10-15 წლის პერსპექტივაში უფრო ძლიერი თაობა წამოვიდეს, მეტად კონკურენტუნარიანი, ამას მაინც უნდა ვეცადოთ. თუ არადა, მომავალსაც დავკარგავთ.
მეორე, თანამედროვე ტექნოლოგიები: პატარა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც არც გაზი და არც ნავთობი აქვს, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ეკონომიკური პროცესების პირობებში, მაქსიმალური აქცენტი დასვას თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე. იგივე გააკეთა ისრაელმა, ესტონეთმა, სინგაპურმა, კორეამ, ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც სხვა წყარო არ გააჩნია. სხვადასხვა რეიტინგს თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, არსებულს გარეთ ვართ და ეს პოზიცია ჩვენთვის ცუდია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, კვალიფიციური კადრების მიხედვით, მსოფლიოში 90-ე პოზიცია გვიჭირავს, რაც ჩვენთვის უდიდესი პრობლემაა.
რა თქმა უნდა, ჯანდაცვას, სოციალურ საკითხებსაც უნდა მივხედოთ, მაგრამ თუ გვინდა, მომავალ პერსპექტივაზე გავაკეთოთ აქცენტი, ვფიქრობ, განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები მაქსიმალურად წახალისებული უნდა იყოს, რომ მან საქართველოს, თუნდაც, 10-12 წლის პერსპექტივაში განვითარების საშუალება მისცეს. თუ ამას დღეს არ დავიწყებთ, მაშინ 15 წლის მერეც იმ პოზიციაზე ვიქნებით, რაზედაც დღეს ვართ და სხვა ქვეყნები ბევრად მეტად გაგვასწრებენ.

აკაკი ცომაია _ ეკონომისტი:
_ მომავალი წლის ბიუჯეტში, მიმდინარესთან შედარებით, არანაირი ნიშანდობლივი ცვლილებები არ შეიმჩნევა, ანუ როგორი მიმართულებითაც ხდებოდა კეთილდღეობის გადანაწილება საზოგადოებისთვის 2017 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, რომ 2018 წლისთვისაც იმავე მიმართულებით გაიხარჯება ეს რესურსები. განსხვავება არის ერთი, რომ იზრდება საგარეო ვალი და შიდა ვალი. როგორც ბიუჯეტის მგეგმავები, ანუ საქართველოს მთავრობა გვარწმუნებს, ეს მოხმარდება ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებას, რაც, პირობითად, შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით, რისკებს ზრდის, რომ ხარჯვა საზოგადოებაში უფრო მეტად არათანაბრად მოხდება, ვიდრე 2017 წელს, ანუ ფისკალური თვალსაზრისით, უფრო მეტი დისბალანსი გვექნება 2018-ში, ვიდრე მიმდინარე წელსაა, რადგან ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება.
ბიუჯეტი 11%-ით ვალის ხარჯზეა გაზრდილი, ეს კი ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდას ნიშნავს, ანუ შემოსავლებთან შედარებით, უფრო მეტი იხარჯება, შემოსავალი გასავალზე ნაკლებია, ეს უნდა დაბალანსდეს შემდეგ წლებში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით, ან ხარჯის შემცირებით, პირობითად, რაც ინფლაციურ და სავალუტო რისკებსაც ზრდის.
რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლება ბიუჯეტის გადანაწილება, რამდენი ადამიანიცაა, ყველას თავისი პრეფერენცია შეიძლება ჰქონდეს იმასთან, თუ საზოგადოებრივი ხარჯები როგორ შეიძლება გადანაწილდეს. პრობლემა ის არის, რომ როცა საზოგადოებრივი შემოსავლების ხარჯვა გვიწევს, საზოგადოებრივი ხარჯებისა და შემოსავლების შეპირისპირება საკმაოდ რთულია. ხარჯი, რომელსაც გავიღებთ, მისგან მიღებულ სარგებელს უნდა შვადაროთ, ამის გაკეთება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ორი განსხვავებული გზიდან შესაძლოა, ორივე სწორი აღმოჩნდეს. მომავალი წლის ბიუჯეტში პრემიებსა და დანამატებზე იგივე სიტუაცია გვაქვს და არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, იზრდება საგარეო და შიდა ვალი. ეკონომიკური ზრდა ოთხი მიმართულებით მიდის: სამომხმარებლო ხარჯები, სახელმწიფო ხარჯები, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი. თუ ექსპორტ-იმპორტის სალდო დადებითად შეიცვალა, ეს გაზრდის მშპ-ს, თუ სამომხმარებლო ფასები გაიზარდა, ეს ვერ გაზრდის შიდა პროდუქტს. მაინცდამაინც არ ფიქსირდება ინვესტიციების ზრდა, ის პირიქით _ იკლებს. საშუალოვადიან პერიოდში ამას თავისი ფასი და შედეგი ექნება, მაგალითად, ფასების დონეზე უარყოფითად იმოქმედებს, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება და საბოლოო ჯამში, უმუშევრობის დონეს ვერ შეამცირებს.

პროექტის საბოლოო სახეს მომდევნო თვეს ვნახავთ, თუმცა მანამდე ძირითადი აქცენტები მაინც გამოკვეთილია. წლევანდელი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროქეტებია და შეიცვლება თუ არა ეს გეზი დეკემბერში, ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ.