არჩევნები შიდა ქართლში

შიდა ქართლში თვითმმართველობის არჩევნებმა, შეიძლება ითქვას, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რეგიონში ოთხი საარჩევნო ოლქია. „ქართულ ოცნებას“ უკვე მეორე წელია, ქაჯეთის ციხედ ექცა ხაშურის 35-ე ოლქი.

 

რაიონში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატმა, რომელიც, ამავდროულად, ხაშურის მოქმედი გამგებელია, ამომრჩეველთა ხმების 50%-იანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. გიორგი გურასპაშვილმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების მხოლოდ 42,24% მოაგროვა. რაც შეეხება მერობის დამოუკიდებელ კანიდატ რამაზ ნოზაძეს, მას არჩევნებში მისული ელექტორატის ხმათა 18,48% ერგო. მესამე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი მახათაძეა ხმათა 16,38%-ით.

„ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატის მსგავსად პროპორციული მაჩვენებელიც დაბალი აქვს ხაშურში. მმართველმა პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 46% მოაგროვა.

ხაშურში თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართა. როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული მონაცემებით, მმართველ პარტიას ხაშურში ხმების მოგროვება გაუჭირდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კი მეორე ტური „მრეწველების“ კანდიდატ სიმონ ნოზაძესთან წააგო და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა.

რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა ოლქებს: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა პირველივე ტურში კი მოიგო გორში, მაგრამ მაჩვენებლით კონსტანტინე თავზარაშვილი ვერ დაიტრაბახებს. მან 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. რაც შეეხება პროპორციულ შედეგებს, გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ 51% მიიღო.

ქარელში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 33-ე საოლქო კომისიის მონაცემებით, ზაზა გულიაშვილმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 65,97% მიიღო. შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიის მიხედვით. ქარელში მმართველმა პარტიამ  58% მოიპოვა.

კასპი: მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახლდათ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე კასპის მერია, მერებაშვილმა 64,97% მიიღო. 30-ე კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ პროპორციულად 55% მოაგროვა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები საჩივრების დიდი რაოდენობით არ გამოირჩეოდა, რადგან საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორება წილისყრის მეორე დღესაც შესაძლებელია, რაც ხელს უშლის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის შეფასებას. აქედან გამომდინარე, ვერც მესამე სექტორსა და ვერც პარტიებს საჩივრების წერის საშუალება ვერ მიეცა.

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს არსებულ ვითარებას, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, შიდა ქართლშიც საუბნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აქტივისტები იყვნენ მობილიზებული და განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს აკონტროლებდნენ _ მივიდოდნენ თუ არა არჩევნებზე და ვის სასარგებლოდ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას?

შიდა ქართლის რეგიონში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ხაშურში გაიმართება, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25 დღისა.

მალხაზ მიქელაძე