ვინ და რა მიზნით ავრცელებს „პროკლამაციებს“ მასწავლებლებში?!

ukete

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, პედაგოგთა ერთ ნაწილში უჩვეულო აქტიურობა შეინიშნება. როგორც გავარკვიეთ, პედაგოგები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით შემოდგომისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. საგაფიცვო მოძრაობის დაწყების მიზნით აქტიურ სააგიტაციო მუშაობას აწარმოებს და პროკლამაციების ტიპის ფურცლებს ავრცელებს პედაგოგთა უფლებების დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ კარგად ნაცნობი პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ლიდერმა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პედაგოგებისთვის ხელფასების მომატების მოთხოვნით, ყოფილ თუ მოქმედ პრემიერ-მინისტრებსა და განათლების მინისტრებს, რამდენჯერმე მიმართა.

ცნობისთვის: წინა ხელისუფლების პირობებში დავით ფერაძე და მისი ორგანიზაცია „ბუნტოვშჩიკობისკენ“ მიდრეკილებაში შემჩნეული არ ყოფილა. სამაგიეროდ, აქტიურად უპირისპირდებოდა იმჟამინდელ განათლების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან ოპონირების რეჟიმში მყოფ და საპროტესტო აქციების მოწყობით ცნობილ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებს. ჩვენთვის უცნობია, რა დივიდენდები მიიღო ფერაძის ორგანიზაციამ ყველაზე მრავალრიცხოვანი, ზემძლავრი პროფკავშირული ორგანიზაციის განადგურებასა და მისი ლიდერის პოლიტიკურ დევნილად ქცევაში შეტანილი წვლილისთვის, მაგრამ ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ფერაძის ორგანიზაციას „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა. ბატონი დავითის ახალ სამიზნედ დღევანდელი ხელისუფლება და მისი განათლების მინისტრები იქცნენ.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პრეზიდენტის, მაია კობახიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც მასწავლებელთა ყურადღების მიქცევას პროვოკაციების მოწყობითა და არარეალური დაპირებებით ცდილობენ, პროფკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს მოწყვეტილები არიან. ახლად გამოჩეკილი პედაგოგთა უფლებების დამცველები და ე. წ. პროფკავშირული ორგანიზაციები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან იმართება, პედაგოგებისთვის სასიკეთოს არაფერს მოიტანს:
„დავით ფერაძისა და მისი მხარდამჭერების შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი წარმოადგენენ ე. წ. პროფკავშირულ ორგანიზაციებსა და ე. წ. პედაგოგთა ინტერესების დამცველებს. სინამდვილეში, ისინი კარგად ცნობილი პიროვნებები არიან, რომლებმაც ბოლო ხუთი-ექვსი წლის მანძილზე პროფკავშირებთან ბრძოლით გამოიჩინეს თავი. ამ ადამიანებს მასწავლებლების მდგომარეობა არც მაშინ აწუხებდათ და არც დღეს აწუხებთ. მათი აქტივობა მხოლოდ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება. ე. წ. მასწავლებელთა უფლებადამცველები, რომლებიც დღეს პროკლამაციებს აფრიალებენ და არეულობასა და პროვოკაციებს გეგმავენ, მოწყვეტილი არიან პროფკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისა და მისი სატელიტი ორგანიზაციებისგან იმართებიან. მაგალითად, ეს არის „ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი“, რომლის აქტივი ტარას შავშიშვილის პროფესიული სინდიკატისა და ჩვენი ორგანიზაციის ყოფილი ლიდერებისგან შედგება. ორგანიზაციასა და მის მიზნებზე მისი დამფუძნებლების, პეტრე წურწუმიასა და გიორგი ლაცაბიძის ვინაობაც მეტყველებს. შეგახსენებთ, რომ პეტრე წურწუმია დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს განათლების სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ, ხოლო გიორგი ლაცაბიძე ტარას შავშიშვილის სახელთან ასოცირებული სინდიკატის პირველი ხელმძღვანელია. ეს ხალხი ცდილობს, დღეს პედაგოგების უფლებების დამცველებად მოგვევლინოს, როცა პეტრე წურწუმიას სახელს უკავშირდება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში პედაგოგთა შრომითი და სამართლებრივი უფლებების გაუარესების მიზნით შეტანილი ცვლილებები. მოგვიანებით, ეს ადამიანი გადაიყვანეს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორად და მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტებისა და საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის შეწყვეტა და ლიკვიდაცია-რეორგანიზაციები. მოგეხსენებათ, რომ დავით ფერაძე ტარას შავშიშვილთან და დიმიტრი შაშკინთან ერთად იბრძოდა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების წინააღმდეგ და დღეს ასეთი საერთო მიზნების მქონე ჯგუფები პედაგოგთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში გაერთიანდნენ და ამით ცდილობენ პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების დასუსტებას“.
სპმთპ-ს ლიდერი მახსენებს დავით ფერაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც საუბარია სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დავით ფერაძე თავის წერილს ახალი ხელისუფლების მიმართ გაკეთებული „რევერანსით“ იწყებს და აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლას პედაგოგებთან ერთად დიდი იმედებით შეხვდა. განსაკუთრებით საინტერესოა პრემიერთან გაგზავნილი წერილის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლები ვეღარ შეეგუებიან რეპრესიებს, დამცირებას და მათ პრესტიჟზე მიტანილ იერიშებს:
„სასაცილოა, როცა დიმიტრი შაშკინის სახელთან ასოცირებული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვერ შეეგუებიან რეპრესიებს და მასწავლებელთა დამცირებას. ყველას გვახსოვს, რომ ბატონი დიმიტრის  მინისტრობის დროს ჩვენთვის არათუ სამინისტროს, სკოლის ეზოს კარიც კი დაკეტილი იყო. უამრავი ფაქტი გვაქვს, როცა სკოლის დირექტორები და მანდატურები ჩვენს წარმომადგენლებს სკოლის ეზოსთან გაჩერებასაც კი უკრძალავდნენ და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას სთხოვდნენ. საინტერესოა, მაშინ რატომ არ იცავდა ასე თავგამოდებით ბატონი ფერაძე პედაგოგთა უფლებებს? არანაირი დიალოგი და თანამშრომლობა იმდროინდელ განათლების სამინისტროსთან არ არსებობდა. სამაგიეროდ, ორგანიზაციაზე ხორციელდებოდა უდიდესი ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა, თორემ ცხადია, რომ ასეთ პირობებში ეფექტურები ვერანაირად ვერ ვიქნებოდით და არც ვიყავით. ჩვენს ხელთ არსებული რესურსით პედაგოგთა უფლებების დაცვა სრულიად შეუძლებელი იყო და პედაგოგი მოგვევლინა მაშინ ყველაზე დაჩაგრულ ფენად“.
პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ლიდერი „ღია კარის მტვრევად“ აფასებს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოთხოვნას პედაგოგთა საბაზო ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდაზე. მაია კობახიძის თქმით, ამ თემაზე განათლების სამინისტროსთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა ეტაპობრივად განხორციელდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში დავით ფერაძე 2014 წლის სექტემბრიდან პედაგოგთა საბაზო ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბრიდან აქციების მოწყობით იმუქრებოდა: „დაუყოვნებლივ გაიზარდოს პედაგოგთა საბაზო ხელფასი 1000 ლარამდე. ასევე გაიზარდოს დირექტორთა და მათი მოადგილეების ხელფასები. ჩვენთან შეთანხმებით გადაისინჯოს პედაგოგთა ხელფასების დაანგარიშების ამჟამად მოქმედი ლომაია-შაშკინისეული მოდელი. ხელფასების შემდგომი ზრდა უნდა განხორციელდეს საბაზრო ფასების ცვალებადობის შესაბამისად. ამ მოთხოვნებზე თუ 5 ოქტომბრისთვის არ გამოიკვეთება არანაირი რეაგირება, თუ უშუალოდ არ გვიპასუხებთ, ორიოდე დღეში განვახორციელებთ პირველ საპროტესტო აქტივობას. შემდგომი ჩვენი მოძრაობაც დამოკიდებული იქნება პირველი პროტესტისადმი თქვენ დამოკიდებულებაზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას ჩვენი სამართლიანი მიზნის მისაღწევად. უვიცის გარდა, ვერაფერს ვუწოდებ ადამიანს, რომელიც ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების გარეშე დააყენებს აბსურდულ მოთხოვნას სექტემბრიდან ხელფასების მომატებაზე. მასწავლებელთა ხელფასების თემა რეალურად აქტუალურია და გადაწყვეტას საჭიროებს, ამიტომ მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენი ორგანიზაცია გამოვიდა ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკრეტული წინადადებებით მიმართა – 2-3 წლის განმავლობაში პედაგოგთა საბაზო ხელფასი ისეთი ინტენსივობით გაიზარდოს, რომ გაუტოლდეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასს. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 700-750 ლარია. პედაგოგთა საშუალო ხელფასი ამ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება. ჩვენი ინიციატივა სრულიად მისაღები გახდა განათლების სამინისტროსთვის და მათ მიერ მომზადდა პროექტი ამ საკითხის გადასაწყვეტად. მშვენიერი იქნებოდა, თუ მასწავლებლის ხელფასს ხვალვე 1500 და 3000 ლარი გახდიან, მაგრამ ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეს შეუსრულებადი მოთხოვნაა. პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და ქვეყნის შესაძლებლობიდან გამომდინარე. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ხელისუფლების შეცვლამდე პედაგოგის საბაზო ხელფასი 245 ლარი გახლდათ. მახსოვს, როცა 2012 წლის 20 ნოემბერს ახალ განათლების მინისტრთან რეკომენდაციების პაკეტით მივედით, ბატონი გიორგი ძალიან დაინტერესდა 2010-2012 წლებში მასწავლებელთა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზებით და საფუძვლებით, რომელსაც დირექტორები ამ განთავისუფლებებს უდებდნენ. განსაკუთრებით დაინტერესდა 18 საათის ზემოთ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით. როგორც იცით, წინა ხელისუფლების დროს 18, 19 და 20-საათიანი დატვირთვა ერთნაირად ნაზღაურდებოდა. შედეგად, 18-საათიანი დატვირთვის მქონე მასწავლებელი 4 გაკვეთილს აუნაზღაურებლად ატარებდა, 20-საათიანი დატვირთვის მქონე – 8 გაკვეთილს, ხოლო 20 საათის ზემოთ 21-საათიანი დატვირთვა იქნებოდა თუ 25-საათიანი, პედაგოგს ხელფასზე მოჭრილი 20 ლარი ემატებოდა. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა აღშფოთება ვერ დამალა აუნაზღაურებელი გაკვეთილების გამო და 2013 წლის 1-ლი იანვრიდან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ყოვლკვირეული 18 საათის მომდევნო ერთი საათი შეფასდა და განისაზღვრა ზეგანაკვეთური დანამატები. იმავე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 2012 წლის დეკემბერში, საბაზო ხელფასი 305 ლარით განისაზღვრა, მაგრამ ამის შემდეგ ხელფასის მატება აღარ განხორციელებულა, რაც საგანგაშოდ მივიჩნიეთ. მოგეხსენებათ, რომ პედაგოგის შრომის ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ერთი მომატება მასწავლებელს რეალურ შვებას ვერ მოუტანდა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საბაზო ხელფასი გაიზარდოს და შემუშავდეს სპეციალური პროგრამა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რა ინტენსივობით და რაოდენობით გაიზრდება პედაგოგის საბაზო ხელფასი ამ ორი-სამი წლის მანძილზე. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასაც ველაპარაკე და მათი მხრიდან სრული მზაობაა. იმედია, რომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებენ. ჩვენ შეუსრულებადს და აბსურდულს არაფერს ვითხოვთ და ამის შესრულება სახელმწიფოს ვალდებულებაა“.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სანიკიძის დაპირება დაპირებად დარჩა და პროფკავშირებთან კონსტრუქციულ რეჟიმში მომუშავე განათლების სამინისტრომ პედაგოგები მოატყუა? სპმთპ ლიდერი ასეთ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობას არ გამორიცხავს, თუმცა განმარტავს, რომ დღეს ამისთვის აუცილებელი არც სუბიექტური და არც ობიექტური გარემოება არ არსებობს:
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გაგვიღეს სამინისტროს კარი და დაიწყო დიალოგი სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. ამ ეტაპზე კონსტრუქციული დიალოგი ნამდვილად შედეგიანია და ვიცით, რომ განათლების მინისტრს უკვე მომზადებული აქვს პედაგოგთა ხელფასების გაზრდის პროექტი, რომელიც უნდა განიხილოს ფინანსთა მინისტრთან ერთად. ამ ეტაპზე საქართველოს ახალი ხელისუფლება თანამშრომლობს პროფკავშირებთან და იზიარებს დასაქმებულთა მოთხოვნებს, ამიტომ ბრძოლის არსენალში არსებული სხვა მეთოდების გამოყენების საჭიროება, ჯერჯერობით, არ დგას, თუმცა დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუცილებლად დავიწყებთ გაფიცვას. მასწავლებლებს მოეხსნათ შიში და სტრესი. პედაგოგებზე აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან სამოქალაქო აქტივობისთვის. პოპულისტური მეთოდებით მომუშავე პროვოკაციულ ჯგუფებს, რომელთა არც ერთი დაპირება არ შესრულებულა, ნამდვილად დიდი დაბნეულობა შემოაქვთ პედაგოგთა საზოგადოებაში. პედაგოგთა საყურადღებოდ ვიტყვი, რომ პროკლამაციების გავრცელება და აქციების დაგეგმვა უკვე გადაწყვეტილ საკითხზე, პედაგოგთა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანის მიზნით განხორციელებული მიზანმიმართული პროვოკაციაა და ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვნენ“.
საუბრის ბოლოს განათლების სისტემიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებულთა საქმეების შემსწავლელი კომისიის მუშაობითაც დავინტერესდით და მაია კობახიძეს სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე ვკითხეთ. პროფლიდერის თქმით, ამ კატეგორიის მასწავლებლების სამსახურში დაბრუნების მიზნით დაიწყება მოლაპარაკება სკოლების დირექტორებთან, სადაც მედიატორის როლს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები შეასრულებს:
„განათლების სამინისტროში შექმნილ კომისიასთან ინტენსიური კონტაქტი გვაქვს და ვიცით, რომ კომისიამ განმცახდებელთა ნაწილს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ნაწილს უკანონოდ განთავისუფლება დაუდგინა, მაგრამ კომისიას არ გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ სკოლის დირექტორს სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლის უკან მიღება დაავალდებულოს. ჩვენ ვიფიქრეთ და ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ დირექტორებსა და პედაგოგებს შორის მედიატორის ფუნქციას პროფკავშირები იკისრებენ. გამოთავისუფლებული საათების მოსაძიებლად სკოლის დირექტორებთან დაიწყება მოლაპარაკებები. ვიცით, რომ წინ ძალიან რთული პროცესები გველის, მაგრამ უსამართლოდ დასჯილი ადამიანების უფლებები უნდა აღდგეს და სკოლის დირექტორები ამ საკითხს გაგებით უნდა მოეკიდონ“.

ნელი თორდია